ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 марта 2014 г.

საპყრობილეში მყოფის ფიქრები.

საპყრობილეში მყოფის ფიქრები(I)

ინტერნეტ-ჟურნალი ,,ამბიონი’’ პერიოდულად, რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ საპატიმროში მარტო დარჩენილი მამაკაცის სულის ამოძახილს, რომელიც უმძიმესი განსაცდელის ჟამს საკუთარ თავში პოულობს შინაგან ძალას და აფასებს განვლილ ცხოვრებას. შევეცდებით, ნათლად წარმოვაჩინოთ, თუ როგორ ებრძვის ერთმანეთს პატიმარ ადამიანში უიმედობა და სასოება, როგორ ჩნდება რწმენის მოთხოვნილება და როგორ მტკიცდება იგი თანდათანობით მასში.

ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გამძაფრებულ ინტერესს ამჟღავნებენ ციხესთან, საპატიმროებთან დაკავშირებულ ისტორიებთან. მნიშვნელოვანი იქნება, თუ პატიმრის ბანალური თავგადასავლის ნაცვლად მკითხველი უფალსმინდობილი ადამიანის მაღალი სულიერებით გაჯერებულ ნაშრომს გაეცნობა, რითაც ხელს შეუწყობს საკუთარი თავის თვითჩაღრმავებასა და თვითგამორკვევას. დააფიქრებს, რა გადაარჩენს და რისკენ უნდა მიილტვოდეს.



***
თავიდან მინდოდა, საპყრობილეში გატარებული დღეების შესახებ დამეწერა, იმ პატიმრებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლობაზე, რომელთა გარემოცვაშიც მე მომიწია ყოფნა. შემდეგ გადავიფიქრე. კარგად რომ დაუკვირდე, მიხვდები, თითქმის დიდი განსხვავება არ არის, საპატიმროში იქნები თუ მის გარეთ. ბევრი საპატიმროს გარეთაც ისე ცხოვრობს, როგორც პატიმარი და ზოგჯერ უფრო უარესადაც, როგორც მონა. ზოგი კი საპატიმროშიც სრულიად თავისუფალია. გადავწყვიტე ჩემ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მეფიქრა: როგორ ვცხოვრობდი, რა არ მომწონდა, რას ვანიჭებდი უპირატესობას, როგორ ვაფასებდი მოვლენებს?!

ჩვენს ქვეყანაში რთული პროცესები ვითარდება და თუ მას გონიერმა და სულიერმა ქართველებმა არ უხელმძღვანელეს, ქვეყანა შეიძლება დაიღუპოს. ვაკეთებ პატარ-პატარა ჩანაწერებს. საკანში ამისთვის დროც მაქვს და იქ შექმნილი პირობებიც გონებას, ნერვებს უფრო მგრძნობიარესა და აქტიურს ხდის. ნათქვამია: ,,არ არსებობს ცუდი და უღიმღამო დღეები, არიან ცუდი და უღიმღამო ადამიანები.’’

ეს წერილი არ არის არც საჩივარი, არც – თხოვნა, ვფიქრობ, არც აღსარებად ჩაითვლება. არ ვიცი, რა დავარქვა მას… ალბათ, ისევ – ფიქრები. ეს არის მოკრძალებული მცდელობა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართველ და არა მარტო ქართველ წმიდან, მოაზროვნეთა და რიგით მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული აზრები, წინადადებები და დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ ისინი. ალბათ, არაფერს ახალს არ აღმოაჩენთ, თუ ვიტყვით, რომ წმიდა მამათა მოწოდებები, ჭკვიან ადამიანთა შეფასებები როგორი მნიშვნელოვანიც, ჭეშმარიტებისა და სიბრძნის შემცველიც იყვნენ მრავალი ათეული საუკუნის წინ, ასევე დარჩნენ ჩვენს დროშიც.

***
2005 წლის 2 იანვარს ჩემი სულიერი დაბადების დღედ ვთვლი. ამ დღიდან ვცდილობ, ჩემს სულსა და გულში შემოვიდეს რწმენა, შევიყვარო ღმერთი და მოყვასი, რადგან ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ვითხოვთ, მივიღებთ.

სამწუხაროდ, ამ დღემდე ჩემი ცხოვრება მძიმე ცოდვებით იყო დამძიმებული. არ ვიცოდი, არ მესმოდა, რომ მთავარი იყო არ შემეცოდა, თუ შევცოდავდი – მომენანიებინა, ხოლო თუ თავმდაბლობით არ მოვინანიებდი, მაშინ განსაცდელი უნდა დამეთმინა, რადგან ეს ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობაა. რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, არ ვთვლიდი სიკეთედ. ასევე, სამწუხაროდ, არ მჯეროდა, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება. შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა – აი, ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული ყოველი დღის საუკეთესო და სასარგებლო გამოყენება. უფლით დაიწყე და უფლით დაამთავრე დღე. შეცოდება ადამიანური საქმეა, სასოწარკვეთა – სატანური. არ წარიკვეთო სასო, უფალი მოწყალეა, მაგრამ არ იყო უდარდელიც. აღიარე, რომ სცოდე და აღიხოცება შენი ცოდვები. თუ ცოდვას არ აღიარებ, კიდევ უფრო ამძიმებ მას.

ყოველივე ის, რაც არ გსურს, რომ შენ დაგემართოს, არც შენ დამართო სხვას. არ უნდა მძულდეს არც ერთი კაცი, არამედ ერთნი – სიყვარულით ვამხილო, მეორეთათვის – ვილოცო, სხვანი კი – შევიყვარო ჩემს სულზე მეტად. არ უნდა განვრისხდე, არ ვიყო შურიანი, მოკამათე, გულმწყრალი, რადგან ყოველივე ეს შობს მარადიულ სიკვდილს. მე კი, ამპარტავნებით შეპყრობილს, მეგონა, სხვაზე უკეთესი ვიყავი. განუწყვეტლივ ვცოდავდი, ვუქმეტყველებდი, არასრულყოფილად და თითქმის არ ვლოცულობდი. არ ვთხოვდი უფალს შეწევნას, რათა მესწავლა სინანული. ანგარებამ ჩემი გული მიწას მიაჯაჭვა. ხშირად საკუთარი აზრი მიმაჩნდა მართებულად; თვითგანდიდებითა და პატივმოყვარეობით ვიყავი დაავადებული.

***
სწორედ ამ ჭეშმარიტების დამვიწყებელნი ხდებიან პირფერები, ფარისევლები და მცოდავები. ყოველდღე ვესწრაფოდი ახალს და ვერ ვგრძნობდი, რომ მთავარი იყო, მიმეღწია ღვთის სიყვარულისთვის, მორჩილებისთვის, უარმეყო ჩემი მე და შევდგომოდი ქრისტეს. თუმცა არავინაა დაზღვეული, ზოგადად, რომ არ დაუშვებს შეცდომას, მაგრამ არ მჯეროდა, რომ უარყოფითი გამოცდილება იძლეოდა მონანიების შესაძლებლობას. ზიარება – ღვთის ყოვლადძლიერების, სიბრძნისა და ჩვენდამი სიყვარულის მწვერვალს წარმოადგენს. ახლა მივხვდი, რომ ბედნიერება არ არის ყველა სურვილის ასრულება, ან ვინმესგან მისი მონიჭება. ბედნიერება გარედან არ მოდის, ის – ჩვენშია. ვერ ვგრძნობდი, რომ მთავარია საკუთარ თავში ხორციელი ვნებების დაძლევა და სულიერი სრულყოფილებისაკენ ლტოლვა, რაც არის ადამიანური ცხოვრების საფუძველი, რადგან ვინც დაითმენს ამგვარ სურვილებს, მიაღწევს იმ ზღვარს, რის შედეგადაც აღარ აღიძვრიან ისინი. უბედურება იყო, რომ ჩემი მრისხანება თითქმის ყოველთვის სამართლიანი მეგონა. სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე ჩვენს გულებში იწყება. ვინც ბოროტს თესავს, მისი ადგილი ჯოჯოხეთშია, ხოლო ვინც პატიობს, ვისაც უყვარს ადამიანი, მისთვის სასუფეველი უკვე აქ, დედამიწაზევეა დაწყებული. უნდა გეშინოდეს ღმერთის და იმ ადამიანის, რომელსაც ღმერთის არ ეშინია.

როდესაც ვაანალიზებ საპყრობილეში გატარებულ დროს – რა დავკარგე და რა მოვიგე, რადგან ბუნებაში აბსოლუტური არაფერია:

ცუდშიც არის რაღაც გარკვეული კარგი;
კარგშიც არის რაღაც გარკვეული ცუდი,

- და როდესაც ღვთის მიერ მოვლინებულ განსაცდელს, გულისტკივილსა თუ სხვადასხვა შეჭირვებებს ცხოვრების სასწორის ერთ თეფშზე ვდებ, ხოლო მეორე თეფშზე იმას, რაც მე აქამდე შევიცანი, – რომ რწმენის გარეშე ცხოვრება, გარდა იმისა, რომ ფუჭად გატარებული დღეებია, ასევე, რაც მთავარია, დიდი ცოდვაა, – მე ვამბობ: უფალო, მადლობა, რადგან შენ დამანახე, როგორ გარემოცვაში ვცხოვრობდი და როგორ უნდა ვიცხოვრო და როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: ,,ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ, განერიდე ბოროტსა, ქმენი კეთილი; მოიძიე მშვიდობა და მისდიე მას.’’

ჩემს თავსა და ოჯახზე მოწეულმა განსაცდელმა მიმახვედრა, რომ ამ სოფლად უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება; განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს არ ამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს, ამიტომ შევეცდები, რომ ეს განსაცდელი ისე გადავიტანო, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველ კაცს ეკადრება. დიდი უბედურებანი დიდხანს არ გასტანს, წვრილმანნი ხომ ყურადღების ღირსნიც არ არიან. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ან აწმყოზე. იმას კი ნუ უყურებ, რამდენი გაიარე, არამედ იმას შეხედე, რამდენი დაგრჩა გასავლელი. ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე.

რატომ განიცდიან კარგი ადამიანები ისეთ მძიმე მდგომარეობას, როგორიცაა დევნა, სიღატაკე? იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა მათგან ტანჯვა ისწავლონ. კეთილი ადამიანები იმისთვის არიან შექმნილნი, რათა მაგალითნი იყვნენ. მიწაზე უნდა იარო, მაგრამ ზეცის მოქალაქე უნდა იყო. ნეტარება და ნუგეში მაშინ ეძლევა კაცს, თუ ის იმის გამო ტირის, რომ არასრულყოფილად და უღირსად ემსახურება უფალს და იმსახურებს მის რისხვას. სიცილისა და მხიარულების ჟამი დადგება ცოდვათა გამო ცრემლისა და მოთქმის შემდეგ, როდესაც მოვა დრო ცოდვებზე გამარჯვებისა. არც თუ იშვიათად მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან არა უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ – მართალთა გამოსაცდელად. მწუხარებაში სასოს ნუ წარიკვეთ, ბედნიერებაში კი ნუ განდიდდები. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. ყოველგვარი ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო დასასრული ყველა ბოროტებისა – ვერცხლისმოყვარეობა. უგუნურება და სისულელეა თავი აიმაღლო და სხვებზე უკეთესი გეგონოს მხოლოდ წარმომავლობის გამო, რომელიც ცნობილი მშობლებისგან, ან წინაპრებისგან გადმოგეცა. ფუჭია თავის ქება იმით, რომ კეთილშობილი წინაპრები გყავდა, თუკი მათ საქმეებს არ ბაძავ. კეთილშობილება არა წინაპართა წარჩინებულობაა, არამედ – ზნეობრივი უბიწოება.

არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე იცოდე საკუთარი უძლურება და უცოდინრობა, და არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე არ იცოდე ეს. მანამ არ დაიძინო, ვიდრე არ გააანალიზებ ცოდვებს, რომლებიც დღის განმავლობაში ჩაიდინე. არაფერია სახელოვანი იმ გამარჯვებაზე, საკუთარ თავზე რომ მოიპოვებ. ადამიანი მოყვასს ისე ვერ ავნებს, საკუთარ თავს რომ არ ავნოს. უგუნურს ასჯერ უფრო მეტად ეზიზღება ჭკვიანი, ვიდრე ჭკვიანს – უგუნური. ბოროტ და გარყვნილ ადამიანებს მუდამ სძაგდათ მართალნი, კეთილნი და წესიერნი, სდევნიდნენ მათ და ყოველთვის გააგრძელებენ მათ დევნას. ამ დევნის საფუძველია სიმართლის სიძულვილი. არა ზოგადად სიმართლისა, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სიმართლისა, სამსახურეობრივი და სხვა, არამედ ყველაზე ნამდვილი და არსებითი სიმართლის სიძულვილი, რომელიცაა ქრისტესმიერი სიმართლე…


საპყრობილეში მყოფის ფიქრები(II)


ადამიანს ადგილი კი არ აცხოვნებს, არამედ – საქციელი. მოერიდეთ უდანაშაულოთათვის პატივის აყრას, მტერიც რომ იყოს იგი შენი. გეშინოდეთ ამ ზნეობრივი მკვლელობის ჩადენისა, ვინაიდან ამის გამო არანაკლებ დაისჯებით, ვიდრე ხორციელი მკვლელობისას. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა ამოაკლო.

თავს ძალიან ნუ აიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე. თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი. იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძენად, როდესაც უგუნური ხარ. საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა, მეტისმეტად კმაყოფილება კი – სისულელე. დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა – დასცინო. ვიყოთ მიუკერძოებელნი საკუთარი თავის მიმართ, რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს. ნურასოდეს იტყვი ცუდს მასზე, ვინც იმ წუთს იქ არ არის. ნურასოდეს იტყვი სხვაზე იმას, რისი მოსმენაც საკუთარ თავზე არ გსურს. თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ. მიაჩვიე ენამ ის ილაპარაკოს, რაც გულში გაქვს. რაც გინდა, რომ სხვებმა გაგიკეთონ, ის ჯერ თვითონ გაუკეთე სხვას, – ესაა სათნოება, რომ ისინი გიყვარდეს. თავმდაბლობა ერთ-ერთი ნიშანია ჭეშმარიტი გონიერებისა. სრულებით ნუ დაივიწყებ, ვინ იყავი და არც ძალიან იფიქრო იმაზე, ვინ ხარ ახლა.

სიმშვიდე სიფრთხილესთან შერწყმა, ისეთი განწყობილებაა სულისა, როდესაც არ ხდება გაღიზიანება არაფრით და არავისით, როდესაც ადამიანი დამცირებასა და პატივს თანაბარი უშფოთველობით ხვდება და წრფელად ლოცულობს კეთილისმყოფელთა და შეურაცხმყოფელთათვის. მშვიდი ადამიანი არც კამათობს, არც ყვირის, მის ხმას ვერავინ გაიგონებს, მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მდუმარე არ არის მშვიდი. უფრო მძიმეა გულჩათხრობილი, ბოღმიანი კაცის დანაშაული, რომელსაც არა აქვს სულიერი სიმშვიდე. სულის მშვიდი განწყობილების დროს იოლია ყველა საქმის შესრულება, ხოლო წყრომისა და ბოღმის შემთხვევაში – ძნელი. ბოღმიანი გულით ლოცვა ძნელია და ცოდვად ითვლება. ჯერ ჩვენ სხვათა სიბრალული უნდა ვისწავლოთ. მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობის მყოფელნი. სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად სული ვერაფერმა ვერ უნდა შეგვიშფოთოს, უნდა განვდევნოთ დარდი, თავი უნდა ავარიდოთ სხვის განკითხვას. ეს არ არის გულგრილობა, ანუ ეგოიზმი. სულის სიმშვიდე არის შედეგი წმიდა სიყვარულისა და გვირგვინი ყოველგვარი ღვაწლისა და ვნებებთან ბრძოლისა – ვინც ჭეშმარიტ მშვიდობას მოიხვეჭს, გულის ტკივილს აპატიებს და მიუტევებს არა გულგრილობის გამო, არამედ ქრისტეს სახელით. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩააქროს გულში სიძულვილის კოცონი, შეწყვიტოს მტრობა, სამაგიეროს მიგება, განდევნოს პირფერობა და სანაცვლოდ დაიმკვიდროს სიყვარული, მშვიდობა, მადლიერება, დიდსულოვნება.

ჩვენი სიცოცხლე ნისლია, რომელიც გამოჩნდება და გაქრება. მომავალზე მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით. საკმარისია ყოველი დღისათვის თავისი საზრუნავი. გახსოვდეს წარსული; მიენდე უფალს. ცოდოა კაცი მოიმედე კაცისა და არა – ღვთისა. მრავალი ჩვენგანი სცოდავს იმით, რომ რომელიღაც ადამიანი ღმერთზე მეტად უყვარს. ხშირად მოგვისმენია: ის თუ მოკვდება, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებაო. ამას ამბობენ ადამიანზე და არა ღმერთზე, რომელმაც ჩვენთვის დაითმინა ენით უთქმელი ტკივილი და ჯვარცმა. უნდა ვიქონიოთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს. მანამადე, ვიდრე ცოცხლები ვართ, ჩვენი ცხონება ჩვენს ხელთაა.

გახსოვდეთ საშინელი სამსჯავრო, გააღვიძეთ თქვენი სინდისი, რათა მან განკითხვის დღემდე გამხილოთ და მკაცრად დაგსაჯოთ. გახსოვდეთ ღვთის უზენაესი მსაჯულება, რათა უკანასკნელი დღე თქვენთვის საუკუნო ცხოვრების კარიბჭედ იქცეს.

აკეთე სიკეთე, ეძიებდეთ მშვიდობას. ნეტარი ხართ თქვენ, როდესაც სიმართლისათვის იტანჯებით. ჯობს კარგი საქმისთვის იტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო. წმიდაყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდითა და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ. ყოველი ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ სრულყოფილი იყოს, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ღმერთთან. ამისთვის აუცილებელია სულიერი განწმედა, რომელიც მხოლოდ სინანულით მიიღწევა.

გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს. ყველა კეთილი საბოძვარი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისგან. მან თავისი სურვილით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტი სიტყვით, ამიტომ ყოველი ადამიანი სმენაში უნდა იყოს მარდი, სიტყვასა და რისხვაში – ნელი, ვინაიდან ადამიანის რისხვა ქმნის ღვთის სიმართლეს. წყალობა აღემატება სამსჯავროს. თუ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ფეთქდება, თქვენ კი შეგნებულად მოახდინეთ მასზე გავლენა და მისი მრისხანება წარმართეთ ვინმეს წინააღმდეგ, დამნაშავე ხართ. ნუ გგონია, რომ მკვლელი არ ხარ, თუ შენი ახლობელი ცოდვის გზაზე შეაყენე, რამეთუ შენ ხრწნი სულს შენ მიერ ცდუნებული ადამიანისას და ართმევ იმას, რაც მარადისობას ეკუთვნის. ცილისწამება ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფაა მოყვასისა. იგი მკვლელობის ტოლფასია.

თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმავეს სჩადიხარ. ღმერთი ყველას თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს. წმიდა კაცის კანონი მხოლოდ კაცთმოყვარეობა, სამართლიანობა და გულწრფელობაა. ყველაზე ძლიერი შემოქმედება სულიერი სრულყოფაა. საშინელებაა დაჩაგრო სუსტი, ვაი იმას, ვინც ამას ჩადის, ასეთი ადამიანები საუკუნო სატანჯველში წავლენ…

ცერებზე აწეულს არ ძალუძს დიდხანს დგომა, სწრაფად მავალს – დიდხანს სვლა. ვინც ფიქრობს, ყოველივე ვუწყიო, არა იცის რა. არსებობს სამი საგანძური: სიყვარული – ვინც მას ფლობს, ძლიერია; ზომიერება – ვინც მას ფლობს, გულუხვია; მორჩილება – ვინც მას ფლობს, მეუფეა.
არავისი არაფერი დაგედოთ ვალი, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილსა თუ ბოროტს.
***
ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი. თუ ყოველდღე რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობ, ეს უდიდესი ბედნიერებაა – მე ვცდილობ, რომ დავიწყო ასეთი ცხოვრება.
ღვთის ნებითა და წყალობით ჩემს ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ქრისტიანულია. მთავარია შენდობა. გაუცხოებაა ყველაფრის დამღუპველი. უნდა შეინანონ მათ, ვინც გაბედა და დაიფიცა თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შვილები – ეს უდიდესი საჩუქარი უფლისა. ვინც ჩემი ზეციური მამის ნება-სურვილს შეასრუებს, ის არის ჩემი ძმაც, დაცა და დედაც. თუ შენმა ძმამ დღეში შვიდჯერ შეგცოდა და შვიდჯერვე მოიქცა და გითხრა – ვინანიებო, მიუტევე. მე ოჯახის სიწმიდეს ჩემს თავზე მაღლა ვაყენებდი ყოველთვის. ყოველ კაცს ღმერთმა ცოლი მისცა და კანონები დაუდგინა, ამიტომ სხვასთან კავშირი ყოველგვარ ავაზაკობაზე მეტია, რადგან ჩვენ ქონების დაკარგვას ნაკლებად განვიცდით, ვიდრე _ ქორწინების დარღვევას. თავისუფლება, რომელიც აქვს ქალს, მართებულად უნდა იყოს გაგებული. ეს თავისუფლება არ ნიშნავს მაღალზნეობრივი ცხოვრებისაგან თავისუფლებას. პირიქით, არ უნდა იყოს ძალადობა ქალის მიმართ ოჯახში, არც საზოგადოებაში. ქალი ბედნიერი უნდა იყოს. ქმრები გონივრულად უნდა მოეპყრონ ცოლებს, პატივი უნდა მიაგონ, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაუბრკოლდეთ. დედაკაცი ცხონდება შვილების აღზრდით. აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, არც – სიმკაცრე. მხოლოდ გონიერებაა საჭირო. არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. ,,მოგვეცით საუკეთესო დედები და საუკეთესო შვილები გვეყოლება.’’

,,ჩემო შვილნო და შვილთა შვილნო,
მოყვასთა შორის ყველაზე ტკბილნო,
მე ყოველ დილით ლოცვას ვავედრებ
წმიდა ღვთისმშობელს და ქრისტე ღმერთსო,
რათა ცხოვრება, სიცოცხლე თქვენი,
მთის ჩანჩქერივით წმიდა რომ იყოს.’’

ყველაზე დიდი სიმდიდრის მფლობელი სიყვარულით შეკავშირებული ოჯახია. სახლია პირველი სასამართლო, დედაა პირველი მსაჯული, მამაა პირველი მოსამართლე – პირველნი, ვინც რჯულზე გვარჯულებენ.

მოერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ. მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან. ბოროტება ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა. ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ იმსახურებს, არა მარტო წყალობას არ წარმოადგენს მისდამი, არამედ – უსამართლობას სხვათა მიმართ. უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს. სიკეთე უნდა გაკეთდეს ჩუმად. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკრავ შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვის აშკარად ბოროტებად გადაიქცევა. გიჯობს, მადლი ისე აღასრულო, რომ მაშინვე დაივიწყო იმის შესახებ და სხვა კეთილი საქმის აღსრულებას შეუდგეთ. გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი. ცხოვრებაში ბედნიერია ის, ვისაც სხვების გაბედნიერება შეუძლია. სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე – ბევრის გაცემა.



საპყრობილეში მყოფის ფიქრები (III)


არანაირი ბოროტება და უბედურება ცოდვაზე დამღუპველი არ არის. ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება. საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინეთ. შური ცოდვაა. შეინანეთ, თუ ვინმეს გშურთ მოყვასის სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, სილამაზე, წარმატება; ნუ იქნებით ამპარტავანი, თვითდაჯერებული, განმკითხველი, პატივმოყვარე. სულმდაბალი ბუნების კაცს ცნობ იმ სულმდაბალი თვისებებით, რომლითაც ის სარგებლობს. მოუთმენლობა, მრისხანება, უნდობლობა და უსიყვარულობა მოყვასის მიმართ წარმოშობს სულის აღშფოთებას, გონების დაბნელებას. ვკარგავთ საღი მსჯელობის უნარს, მივდივართ სასოწარკვეთილებამდე – სულიერ სიკვდილამდე. შური არის მწუხარება სხვის სიხარულზე. მრავალი ჩვენგანი ტირის მტირალთან ერთად, მაგრამ სხვისი სიხარული არ უხარია. ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე – თვით უდიდესი მეგობარიც კი. იმაზე საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს. ერიდე უფრო მეგობრების შურს, ვიდრე – მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი – ფარულად.

არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისათვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე. შენს მტერზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს, ამიტომ მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და იგი ბევრ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს. ამ შემთხვევაში შენი მტერი შენი მეგობარია. არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.

მლიქვნელობა ცოდვაა. მლიქვნელი – ცბიერი და ვერაგია; ვინც გვეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის. უპატიოსნო ადამიანი გამუდმებით საუბრობს პატიოსნებაზე. მშიშარა და მხდალი უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს. ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი – უტყვია. არ ილაპარაკო მაშინ, როდესაც არ იცი. ენა არის ადამიანის ყველაზე კეთილისმყოფელი და ყველაზე მავნე ორგანო. ენა არის უსამართლობის მთელი სამყარო. მისი მოთვინიერება თითქმის შეუძლებელია, დაუკავებელია ეს ბოროტება. მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. არ არსებობს ერთნაირი სიტყვა და ერთნაირი დრო: ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთ დროს ხმალზე უარესია. უკეთესად საუბრობენ ისინი, ვინც ნაკლებს ლაპარაკობენ. საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება.


უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი, იყო სამართლიანი, – აი, რა არის ძნელი. იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, უნდა იყო კეთილზნეობრივი. ბედნიერებას ყოველთვის არ ნიშნავს ის, რომ შენ დიდებული, ცნობილი, მდიდარი და ძლიერი ხარ, ხშირად ეს მხოლოდ გამოცდაა შენი ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის. ვაი, იმ მხიარულ ადამიანებს, ვის გამოც სხვები ტირიან. უსიამოვნოა, როცა საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად სხვათა უბედურებით ხარ დავალებული. არიან მდიდარი ღარიბებიც. ის კი არაა მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც კარგად სარგებლობს იმით, რაც აქვს. ყველა კითხულობს: მდიდარია თუ არა ესა და ეს? თითქმის არავინ კითხულობს: კეთილი თუ ჭკვიანი თუ არის იგი. ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი. ის კი არ არის მდიდარი, ვისაც შენზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია. რაც ნაკლები გსურს, მით უფრო მეტს ფლობ. ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება. ის კი არ არის ღატაკი, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც მეტი უნდა; ასევე მდიდარი ის კი არაა, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც არაფერს ითხოვს.
სიცოცხლე ღვთის საჩუქარია. მისი განკარგვა საკუთარი და არა ღვთის ნების მიხედვით, დანაშაულია. დიდი ღვთისმოსაობითა და სიწმინდით უნდა ცხოვრობდე ყოველდღე, თითქოს ყოველდღე სიკვდილს აპირებდე. წმინდად იცხოვრე, რომ წმინდად მოკვდე.

არსებობს ერთი უეჭველი და გარდაუვალი შეხვედრა, ესაა შეხვედრა სიკვდილთან. არაფერია ისეთი ნამდვილი, როგორც სიკვდილი, მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული კაცთათვის, როგორც მისი მოსვლის დრო. იგი იქ წამოგეწევა, სადაც სულ ვერ იფიქრებ, მაშინ, როდესაც არ ელი, ისე, როგორც არანაირად არ წარმოიდგენდი. არ არსებობს არც ერთი წამი, რომელიც შესაძლებელია ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი წამი არ იყოს. სიცოცხლე გარდაცვალების დასაწყისია. რაც უფრო მეტ ხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მცირდება ჩვენი ცხოვრება. ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო. თავს ნუ ჩავთვლით იმის მფლობელად, რის წაღებასაც სიკვდილის შემდეგ ვერაფრით მოვახერხებთ. მიწიერი სიამოვნებები მხიარულებით იწყება, მაგრამ მწუხარებით მთავრდება. ჩვენ მალე დავიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით.

რატომ გვეშინია სიკვდილის, როდესაც მაინც უნდა მოვკვდეთ… ჩვენ არ გვეშინია სიყვარულის, ძილის, სამსახურის? როგორ შეიძლება გეშინოდეს იმის, რაც შენი ჩვეულებრივი ყოფაა. ჩვენ ვკვდებით იმიტომ, რომ ვცოცხლობდით.

ზნეკეთილი ადამიანისთვის მთავარია: დაე, ყველა გლანძღავდეს, – სინდისი კი გაქებდეს. ადამიანების უბედურება იმდენად მათ მატერიალურ გასაჭირში კი არ არის, რამდენადაც მათ სულიერ სიღატაკესა და სიდუხჭირეში. ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს სინდისს. სინდისი სულ პირველი წმიდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს – მარადიულსა და ნამდვილს. რაც უფრო მეტს იშრომებ ქრისტესთვის, მით უფრო თბილი და ნათელი გახდები. ადამიანი მარტო თავს კი არ უნდა იკავებდეს ცოდვებისგან, არამედ სულიერად უნდა გაიზარდოს. დროდადრო უნდა იმარხულო საზრდელისათვის, ხოლო თავშეუკავებლობისგან – გამუდმებით. ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა. თუ არ გამოიცადა ადამიანი, ვერ გადარჩება. სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სადაც სიმდაბლეა, იქ განსაცდელი არ არის. ვევედროთ ღმერთს, რომ მან მისცეს ქვეყანას სინანული და ჩვენ მის სამართლიან რისხვას გადავურჩებით. ღვთის რისხვას, რომელიც ჩვენზე მოწევნულია, სხვანაირად ვერ გავექცევით, თუ არა სინანულითა და სინანულის ნაყოფის გამოღებით, მისი მცნებების დაცვით. გონიერი ადამიანი _ ეს განწმენდილი ადამიანია და ჭეშმარიტად გონიერია იგი, ვინც საკუთარი გონება განანათლა და თავის გონიერებას საღმრთო საქმეზე ხარჯავს. თუ საღმრთო განათლება არ აქვს ადამიანს, მის ნათქვამსა და დაწერილს არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ ისეთი ადამიანები გადაგვარჩენენ, რომლებსაც რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ეკავოთ, მაინც სიმდაბლით სიბრძნისმეტყველებას შეძლებენ და როდესაც ხელისუფალთ ეცოდინებათ, რომ მეფის ძალა ხალხისა და განძის სიმრავლეა.
კეთილია ხელმწიფე, ვისაც სიყვარულსა და დიდებას მიაგებს ხალხი; შლეგია ხელმწიფე, ვის წინაშეც ძრწის ხალხი; გულბოროტია ხელმწიფე, რომელიც ეზიზღებათ. ქველი მხედართმთავარი იმარჯვებს და ჩერდება, არ მედიდურობს, არ იმონებს. ლაშქრობს მხოლოდ მაშინ, ოდეს საომრად აიძულებენ. მშვიდობა და სიქველე, – აი, მისი უზენაესი საფუძველი. იგი ჭმუნავს გამარჯვების ჟამს. ვინც ზეიმობს გამარჯვებას, ზეიმობს კაცთა კვლას, ხოლო ვინც ზეიმობს კაცთა კვლას, ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს. ვინც ჭეშმარიტად მოწყალეა, დამარცხებულს არ იმონებს. ვინც ჭეშმარიტად ხელმწიფეა, გულუხვია და არ ხელმწიფობს.

ქვეყანაში მრავალი სირთულეა დასაძლევი და გადასაწყვეტი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გულწრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც ,,სიმართლეს პირდაპირ მიახლის’’ და ქვეყნის გასაგონად გაჰყვირის, არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს, სიმართლით ცხოვრობს და გონივრულად ამბობს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა – რაღაც ჟამისთვის შესაფერისი და აუცილებელი. ადამაინი უნდა ეცადოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნამდვილი ქრისტიანი იყოს. ჩვენ უფლება არ გვაქვს გავაბნიოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც ქრისტესაგან მოგვეცა.



საპყრობილეში მყოფის ფიქრები (IV)


მართლმადიდებლობით ჩვენ დავალებულნი ვართ თვით ქრისტესაგან, ასევე წმ. მოწამეებისა და წმიდა მამებისაგან, ხოლო თავისუფლებით – ჩვენი მამულის გმირებისაგან, რომელთაც სისხლი დაღვარეს ქრისტიანული სამშობლოს მომავლისათვის. ეს წმიდათაწმიდა მოვალეობაა, რომ დავაფასოთ და მომავალს ღირსეულად გადავცეთ ჩვენი მემკვიდრეობა, რომ შევინახოთ იგი და არ გავაბნიოთ. ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც ადამიანურად შესაძლებელია, ხოლო რასაც ადამიანური ძალით ვერ ვაკეთებთ, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი შეწევნა მოგვივლინოს. უნდა მივიდეთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ მისი მცნებებით და ვილოცოთ, რათა შევძლოთ სიძნელეების მოგვარება. დავიცხროთ ვნებები, რათა მოვიდეს საღვთო მადლი, ვიცხოვროთ უფრო სულიერად, დავეხმაროთ გაჭირვებულებს, ვილოცოთ, რათა გამოჩდნენ კეთილი ადამიანები.

ყველას და ყველაფერს უფალი განაგებს, უფალივეა მფარველი და თითოეულის განმსჯელ-განმკითხველიც, იმის და მიხედვით, თუ ვინ როგორ იცხოვრა, – დაჯილდოვდებიან სიკეთის მქნელნი და დაისჯებიან ბოროტების ჩამდენნი. უფალი ბოლოსდაბოლოს ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ მძიმე წლებში ჩვენი ლოცვებითა და სიკეთით. უფალს უყვარს ადამიანი, – თავისი ქმნილება და იზრუნებს მასზე, მისცემს ყველაფერს თავის დროზე, რაც მას სჭირდება, ოღონდაც თავად ადამიანს სწამდეს და იცავდეს მის მცნებებს.

ყოველმა ქრისტიანმა მიზნად უნდა დაისახოს, რომ აკეთოს არა ის, რაც მას აწყობს, არამედ დაეხმაროს სხვებს და არასრულოს ღვთის ნება.


სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკივილშია. მას სტკივა ხალხის გამო, მაგრამ ამ ტკივილის სამაგიეროდ მას მიეცემა საღვთო ნუგეში და ადამიანიც საღვთო სიხარულისგან ხარობს. აი, რა არის სულიერი სიხარული, გამოუთქმელი და გულის წამლეკი. დღეს უფალი ითმენს იმას, რაც ხდება. იგი ელის ადამიანებისგან თავის დამდაბლებას, ლოცვას, ბრძოლას. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსებით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ, რათა ხალხზე დადებითი ზეგავლენა მოახდინონ. ქრისტიანი ფანატიკოსი არ უნდა იყოს, ის ყოველი ადამიანისათვის მაგალითს მიცემი უნდა იყოს და ყველასადმი სიყვარულს უნდა განიცდიდეს: მისთვის მსხვერპლის გაღება სიხარულის მომნიჭებელი იყოს. სიმშვიდეს სხვისთვის სიმშვიდის მინიჭება უნდა ჰგვრიდეს. რამდენადაც ადამიანი თავს ივიწყებს და იმდაბლებს, იმდენად უფრო მეტ საღვთო ძალას მიიღებს ღვთისაგან. მორწმუნე ადამიანი მამაცია, ვინც გმირულად იღუპება არ კვდება. და თუ გმირობა აღარ არსებობს, მაშინ კარგს ნურაფერს ელი. საგმირო საქმეებს აღასრულებენ ისინი, ვისაც სიმამცე და დიდი გული აქვთ და ვისაც თავის გაწირვა გადაუწყვეტიათ. სიმამაცეში ბარბაროსობა არ არის. კეთილი ადამიანი მტერს კი არ კლავს, არამედ აიძულებს, დანებდეს. ამგვარად განწყობილი ადამიანი საღმრთო ძალას ღებულობს. მოკლედ, სიმამაცე და გაბედულება ერთია და ბოროტება, სისასტიკე და კრიმინალი სრულებით სხვაა. დამნაშავის ლიკვიდაცია სიმამაცე არ არის. ნამდვილი ვაჟკაცობა და დიდსულოვნებაა დამნაშავე დააკავო და გაასამართლო, შეძლებისდაგვარად შეიწყალო კიდეც.

კეთილზნეობითა და თავგანწირვით მოღვაწე ადამიანებს არასოდეს ეშინიათ სიკვდილის, რადგან ისინი ყოველდღე ფიქრობენ მასზე, მუდამ თვალწინ აქვთ სიკვდილი, რითაც ისინი სულიერად ემზადებიან და დიდი მოშურნეობით მოღვაწეობენ. ასე ამაცხებენ ამაოებას და უკვე აქვე იწყებენ ცხოვრებას მარადიულობისა და სამოთხისეულ სიხარულში. თავი უნდა ვაიძულოთ ღვთივსათნოებით, რომ ვაკეთოთ სიკეთე, მაგრამ უნდა მივენდოთ უფალს და არა საკუთარ თავს. ადამიანში უნდა იყოს თავგანწირვის სული, რათა სიმამაცეს გულში საიმედო საფუძველი ჰქონდეს. ასეთ კაცს სიძნელეების ჟამს ღმერთი ეხმარება. მაგრამ იმისათვის, რომ უფალმა მოგვცეს საღვთო ძალა, საჭიროა ადამიანმა მისცეს მას ის მცირედი, რისი მიცემაც თავად შეუძლია. დღეს, იმისათვის, რომ სიძნელეებს საკადრისი პასუხი გაეცეს, ადამიანს საკუთარ თავში უნდა ჰყავდეს ქრისტე, რათა თვითგანწირვისთვის მიიღოს ღვთაებრივი ნუგეში.

მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს ჭეშმარიტად. ჯერ არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის, – ადამიანისადმი. ადამიანი რაღაც გარკვეულ ზღვრამდე ადამიანური ძალით უნდა მოქმედებდეს. შემდეგ ყველაფერი ღმერთს უნდა მიანდოს. დახმარების მცდელობა იქ, სადაც ეს ადამიანური ძალით შეუძლებელია, ეგოიზმია. თუ ადამიანს არ სურს, მაშინ ღმერთი მის სურვილს პატივს სცემს. ამგვარად, იმისათვის, რომ ღმერთი ადამიანს დაეხმაროს, ადამიანმა უნდა ითხოვოს. მხოლოდ საკუთარი თავისადმი რწმენა ეს ჩვენი უდიდესი და უბოროტესი მტერია. მხოლოდ საკუთარ მე-ს მოაქვს ყველა სულიერი უბედურება. თვითონ უფალი გვეუბნება – ,,თუ გწამს ღვთის ძალა განიკურნებიო.’’ თუ ვინმე წუხს იმის გამო, რაც ამაჟად ქვეყანაზეა გემეფებული, თუკი ვინმე ლოცულობს ამისათვის, მაშინ ადამიანები ღებულობენ შეწევნას და ამასთან, მათი თავისუფალი ნება არ ირღვევა. შეწევნა მხოლოდ ტკივილიანი ლოცვით მიეცემა ადამიანს – მას უნდა ტკიოდეს ის, რისთვისაც ლოცულობს. ხოლო თუ ამ ტკივილს სულიერად მიუდგება, მას მწუხარება აღარ ექნება. სიკეთე, სინანული და აღსარება, აი, რა არის დღეს საჭირო. თუ ჩვენი გული შეწუხდება იმის გამო, რაც ამჟამად ქვეყანაშია გამეფებული, თუკი ჩვენ ტკივილით ვილოცებთ, მაშინ საღვთო ნუგეში მოგვეცემა. მთავარია სინანული ცოდვათა გამო და სიყვარული, რაც ყველას ცხოვრების წესად უნდა იქცეს. მთელი ქვეყნიერებაც კი არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან სოფელი წარმავალია, სული კი უკვდავი. თუ უსამართლობას სულიერად მიუდგები და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას არ შეეცდები, სულიერ სიხარულს მიიღებ. არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ის, რომელსაც უსამართლობის დათმენისას იღებ. სულიერ ადამიანს მწუხარება არ ეკარება, მას უსამართლოდ ტკივილს აყენებენ, იგი კი ქრისტესადმი უდიდესი სიყვარულით ითმენს და ამარცხებს მას. როდესაც უსამართლოდ მოეპყრობიან, ამ უსამარლობის მიღებით არსობრივად ჩვენ სიკეთეს ვიღებთ. ამიტომ ადამიანზე, იმის მიხედვით, ნუ შევიქმნით აზრს, რაც გარედან ჩანს, რადგან მიხვედრა იმისა, თუ რა იმალება მასში, ჩვენს ძალებს აღემატება. ნამდვილი სინანული ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდვების გაცნობიერებისას თავდაპირველად ტკივილს განიცდის, შეინანებს, ღმერთს შენდობას სთხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ ამბობს აღსარებას. მხოლოდ ასე მოდის საღვთო ნუგეშისცემა. ადამიანი, რომელიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, როდესაც ცოდავს, გულს უნდა იმუსრავდეს და თავს იმდაბლებდეს.

ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია, ახლა აღარ იქნება? მართლაც, ასე რომ არ მოხდეს – მეცნიერებო, მწერლებო, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებო, ექიმებო, მასწავლებლებო, სპორტსმენებო, სტუდენტებო, საქართველოს მოქალაქეებო, თბილისელებო, ქართველებო, ვისაც ჯერ კიდევ ,,შავლეგოზე’’ გულისცემა გიჩქარდებათ, გაიხსენეთ ვახტანგ გორგასალი, დავით მეფე, პატარა კახი, მიბრძანდით პატრიარქთან, დაუჩოქეთ, რათა ერთად გვიჩვენოს გზა და კვალი, რათა

,,შენი ივერი აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერთად სხვა ერთა შორის.’’

თუ ვინმეს შეუძლია ადამიანებს დახმარება გაუწიოს ამ ქეყანაზე, ეს ეკლესიური ადამიანებია. მძიმე წლებია… ვილოცოთ იმისათვის, რომ ღმერთმა განანათლოს სამყარო.

ტყვეობაში ყოფნისას გავაკეთე ეს პატარა ჩანაწერები, დავწერე ათიოდე ლექსი და რაც მთავარია, სულით არ დავეცი. ყველაფერი ღმერთისგან მოდის. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ქრისტიანული ცხოვრება რომ დამეწყო. რასაკვირველია, ჯერ კიდევ შორს ვარ მიზნისგან. მაგრამ პირველი ნაბიჯები უკვე გაკეთებულია. მთავარია, ღმერთის წინაშე იყო მართალი. ღვთის შემწეობით ალბათ მომეცემა საშუალება, რათა რწმენა უფრო განმიმტკიცდეს, რადგან ბედნიერება ეს არის

რწმენა
სიყვარული
თავისუფლება


,,შენ მას არ ცნობდი, არ აფასებდი,
ამპარტავანი, არად აგდებდი
რად გინდა ჭკუა, გონება, აზრი
თუ არ აფასებ განძს უძვირფასესს.

რა არის შენი ყოფა-ცხოვრება,
შენი ქონება, თანამდებობა,
ეს ყველაფერი მტვერია მხოლოდ
სულს რომ გიხუთავს და სუნთქვას გიშლის.

მაგრამ არ შედრკე, არ შეუშინდე
და არ დაკარგო ღირსება შენი,
რწმენით განმტკიცდი, გიყვარდეს ღმერთი
და ამ განძის ფასს მაშინ მიხვდები
როცა გახდები – თავისუფალი.’’


ეს წერილი დაიწერა ორთაჭალაში, N5 საპყრობილეში.,,წერა უკანასკნელი თავშესაფარია ღალატის შემდეგ.’’ აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავარი ის კი არ არის, რაზე ხარ ნასამართლევი, არამედ ის, რაზე არ ხარ ნასამართლევი.’’ ახლა გაჩუმება ღალატის ტოლფასია, თუ გვინდა თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება, მთელი ერი უნდა მივიდეს ეკლესიებში, დაიჩოქოს და თხოვნით მიმართოს პატრიარქს.


,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ – უფალო, დიდება შენდა.’’



მოამზადა თეონა ნოზაძემ


2011.

ambioni.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий