ღმერთი

ღმერთი

понедельник, 7 апреля 2014 г.

გილოცავთ ხარების დღესასწაულს!

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს.

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას, იესო ქრისტეს.

რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი.

ხარების დღესასწაულის შესახებ “ამბიონი” წმ. გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზ კონსტანტინე ჯინჭარაძეს ესაუბრა:

“ძველი აღთქმის კაცობრიობა ელოდებოდა მესიის გამოჩენას სწორედ იმ პერიოდისათვის, როდესაც ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე განკაცდა.

უამრავი წინასწარმეტყველება იყო ძველ აღთქმაში. ალბათ, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ისაიას წინასწარმეტყველება, რომ ქალწულისაგან იშვებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა ბუნებრივი გზით, არამედ სულიწმიდის მადლით.

ყოვალდწმიდა ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა და მისი ცხოვრება ლოცვით, მარხვითა და კეთილი საქმით იყო გაჯერებული. ის ყოველთვის ნატრობდა, ღმერთს მიემადლებინა მისთვის იმ ქალწულის მსახურება, რომელიც შობდა მაცხოვარ იესო ქრისტეს. აი, ასეთი თავმდაბლური თხოვნა ჰქონდა მას ღვთის მიმართ.

გაბრიელ მთავარანგელოზის ხარება, რომ ის იქნებოდა ქალწული, რომელიც შობდა მესიას, წმიდა მარიამისათვის გასაოცარი იყო. გასაოცარი არა იმიტომ, რომ ანგელოზი იხილა. ჯერ კიდევ ტაძარში მსახურების დროს ხშირად მოდიოდა მასთან ანგელოზი, რომელთანაც სულიერ კავშირში იყო. მაგრამ ღვთისმშობელს აკვირვებდა მეორე რამ: როგორ შეიძლებოდა ეს მასში მომხდარიყო, როგორც ქალწულში? და როდესაც ანგელოზმა უთხრა, რომ ეს სულიწმიდისგან იქნებოდა, მაშინ მარიამმა მიუგო: “აჰა, მხევალი ღვთისა, იყოს ნება ღვთისა ჩემზედა”.


ქალწული მარიამი მიდის თავის ნათესავებთან – ელისაბედთან და ზაქარიასთან, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის მშობლებთან, რადგან სურს, გაუზიაროს თავისი შინაგანი, სულიერი ხედვა და დამოკიდებულება. ცნობილი სახარებისეული სიტყვები მინდა მოვიყვანო. როდესაც ელისაბედი შეხვდება მას, პირდაპირ ეუბნება: “კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა”.

აქ არის კიდევ ერთი გარემოება გასათვალისწინებელი. იოსები იყო დაწინდული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე და არა – დაქორწინებული. იოსები ასაკოვანი გახლდათ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰქონდა აღთქმა დადებული ღვთის წინაშე, რომ არ გათხოვდებოდა და თავის ცხოვრებას ღმერთს შესწირავდა. როგორც აღთქმის დამდებ ადამიანს, უნდა შეესრულებინა სიტყვა, მაგრამ მეორე გარემოება გახლავთ ის, რომ ძველი რჯული კრძალავდა ქალწულებრივ ცხოვრებას. ქალი აუცილებლად უნდა გათხოვილიყო. ამიტომ ერთიცა და მეორეც რომ დაეცვათ, გადაწყვიტეს, ქალწულებაც შეენარჩუნებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და დაეწინდათ კიდეც მოხუცებულ ადამიანზე, რომელიც, ფაქტობრივად, მისთვის არა – ქმარი, არამედ მზრუნველი და პატრონი იქნებოდა.

თავდაპირველად იოსებმა არ იცოდა, რომ მარიამი სულისაგან წმიდისა იყო მიდგომილი.

ძველი სჯულის თანახმად, თუ ის გაიფიქრებდა, რომ მარიამმა უღალატა, ქალწულს ჩაქოლვის საფრთხე დაემუქრებოდა, მაგრამ იოსები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩეოდა მის მიმართ, ამიტომ ფარულად მისი განტევება განიზრახა, ვინაიდან მას ბრალი არ დასდებოდა ამ ცუდ საქმეში და ამით, პირიქით, დანაშაული თავის თავზე აიღო.

როდესაც გულთამხილავმა ღმერთმა დაინახა ეს ყოველივე, მასაც გაუგზავნა ანგელოზი, რომელმაც აუწყა, რომ მარიამის ფეხმძიმობა სულისაგან წმიდისა იყო და არა – კაცისაგან. მთავარანგელოზმა პირდაპირ დაავალა იოსებს, რომ ეზრუნა მასზე და მიეხედა, როგორც ამას იუწყებოდა წმიდა წერილი.

ამის შემდეგ უკვე იოსებში ყველა ეჭვი გაქარწყლდა და დაიწყო სწორი სულიერი ცხოვრება მასთან ქალაქ ნაზარეთში, მოკრძალებულ სახლში.

იოსები დაკავებული იყო დურგლობით. მაცხოვრის შობის შემდეგ კი ის მზრუნველობით ზრდიდა უფალს ჩვენსას ისეო ქრისტეს, მასაც ასწავლიდა დურგლობასა და ყოფით საქმეებს.

ხარება იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ სწორედ აქ ხდება განახლება, გამოსყიდვა კაცობრიობის ცოდვებისა. ევამ შესცოდა ღვთის წინაშე და საჭირო იყო ახალი ევას დაბადება.

წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ღვთისმშობელი ახალი ევაა.

ადამის პირველქმნილი ცოდვა მთელ კაცობრიობას მოედო და საჭირო იყო გამოსყიდვა. განკაცებულმა ძე ღვთისამ, მეორე იპოსტასმა წმიდა სამებისამ, ინება მოსვლა დედამიწაზე ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის საშოდან და ფაქტობრივად, გამოგვისყიდა თავისი ცხოვრებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით ადამის ცოდვისაგან, რომლის შედეგადაც ძველი აღთქმის მართლებიც კი მიდიოდნენ, სამწუხაროდ, ჯოჯოხეთში.

ხარების დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

ჩვენ არა მარტო ფიზიკურად უნდა ვიყოთ ტაძარში ამ დროს, არამედ სულიერად და გონებრივად გავიაზროთ, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მაშინ მოგვენიჭება ჩვენ სრულფასოვანი აღქმა და ღირსეულადაც სწორედ ამ შემთხვევაში ვადიდებთ ხარების დღესასწაულს.

ღმერთმა დაგლოცოთ, მშვიდობა, კურთხევა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანასა და ყველას, ვისაც ცხონება სურს!”

ქეთი ჭელიძე 




გილოცავთ ხარების დღესასწაულს!



Комментариев нет:

Отправить комментарий