ღმერთი

ღმერთი

понедельник, 7 апреля 2014 г.

ფარნავაზ I

ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანესდა იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა დაახლ. ძვ. წ. 320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ. წ. 264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.

ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით - სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90–80–იან წლებში უნდა დაეკავებინა.

ძვ. წ. 334 წელს მცირე აზიაში ალექსანდრე მაკედონელის კარგად ორგანიზებული არმია გამოჩნდა. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლში ციხე–ქალაქები დაიკავა და თავად ნასტაკისში გამაგრდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ კი აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს თან ახლდა აზო, არიან ქართლის მეფის ძე. ალექსანდრემ მას უბოძა სატახტო ქალაქი მცხეთა და სამეფოს საზღვრად ჰერეთი და ეგრისის წყალნი დაადგინა. ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზომ მოკლა ქართლის მამასახლისი სამარა, ხოლო მისი ძმისწული ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელს სინამდვილეში ქართლი არ დაულაშქრავს, მაგრამ მისი მხარდაჭერით კავკასია ერთ–ერთი ქართველური გაერთიანების , არიან–ქართლის ხელმძღვანელმა, აზონმა მართლაც დალაშქრა და მას შემდეგ, რაც ციხე–ქალაქი სარკინე აიღო, ქართველური მოდგმის გაერთიანებებს შორის ქიშპობა დასრულდა. ქართლში მაკედონელთა მიერ აღზევებულმა აზონმა ხელთ იგდო ძალაუფლება, ცალკეულ წარჩინებულთა მიმართ უმკაცრესი ღონისძიებები გაატარა და მმართველობის ახალი ფორმები შემოიღო. აზონის ხელისუფლებას ასი ათასი კაცი იცავდა.

აზონს დაუპირისპირდა მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა დიღმის ტყეში ნადირობისას განძი იპოვა. ამ განძს დებთან ერთად ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა და საიმედო ადგილზე შეინახა. ნაპოვნი განძით იგი აზონთან ბრძოლისათვის მოემზადა: აღჭურვა ლაშქარი და დაიქირავა ჩრდილოკავკასიელი მთიელები, თუმცა ძალები მაინც არათანაბარი იყო, ამიტომ ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის და მათ ერთობლივად შეუტიეს აზონს. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ბოლოს, დამარცხებულმა აზონმა კლარჯეთში, მდ. ჭოროხისა და მტკვრის სათავეებისკენ დაიხია და იქ თავის სამემკვიდრეო მამულში გამაგრდა. „ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ არტაანთან. ფარნავაზმა სძლია აზოს, რომელიც ბრძოლის დროს დაიღუპა.

გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავროებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო. მათ რიცხვში შედიოდა ეგრისიც, რომელსაც ქუჯი განაგებდა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ქუჯის, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რომელიც მას მიუძღოდა ფარნავაზის წინაშე და ალბათ, ეგრისის მტკიცედ შემოერთების მიზნითაც, ქართლის მეფე ფარნავაზმა ცოლად მიათხოვა თავისი და. მეორე და ოვსთა ხელმწიფემ ითხოვა, თავად კი ცოლად ჩრდილოკავკასიელი (დურძუკი) ქალი მოიყვანა.

ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა. გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე. მემატიანე შემდეგი სიტყვებით აღწერს მის მოღვაწეობას: „მეფობდა ნებიერ, და ყოველნი დღენი მისნი რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავსო ქართლი... იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა...მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“ ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ქართლში სამეფო დინასტია მისმა შვილმა საურმაგმა გააგრძელა.


საურმაგ I


საურმაგი — ქართლის (იბერიის) მესამე მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს თანახმად, "მეფეთა ცხოვრების" თანახმად – მეორე; ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებლის, ფარნავაზ I-ის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. მეფობდა ძვ. წ. III საუკუნეში, დაახლ. ძვ. წ. 240 წლიდან.

საურმაგის შესახებ "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოკლედ შენიშნავს, რომ მან გზის პირას აღმართა აინინას კერპი და დაიწყო არმაზის შენება.

"მეფეთა ცხოვრება" შედარებით ვრცლად გადმოგვცემს, რომ საურმაგის წინააღმდეგ ქართლის ერისთავებს შეთქმულება მოუწყვიათ და საურმაგის მოკვლა გადაუწყვეტიათ. თუმცა საურმაგს შეუტყვია შეთქმულების შესახებ და დედულეთში, დურძუკეთს გადახვეწილა (თანამედროვე ვაინახთა მხარე). დურძუკთა და ოსთა დახმარებით, საურმაგმა შეძლო შეთქმულების ჩახშობა და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომლებიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდნენ. ამავე წყაროს თანახმად საურმაგს მცხეთის გზაზე აღუმართავს ორი კერპი – აინინა და დანანა. მას მიეწერება ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. მას ცოლად მოუყვანია სპარსი ცოლი, ბარდაველი ერისთავის ასული, რომელთანაც ჰყოლია ორი ასული. ამის გამო სპარსეთიდან უშვილებია თავისი ცოლი ნათესავი (დედის დისწული), სახელად მირვანი, ნებროთიანი. მისთვის მიუთხოვებია ერთი ასული და მიუცია ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული მიუთხოვებია ეგრისის ერისთავ ქუჯის ძისთვის, თავისი მამის დისწულისთვის. მემატიანეს თქმით, საურმაგს უმეფია ბედნიერად მრავალი წელი.



არმაზი (ღვთაება)

არმაზი — ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება.

„ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...“


არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის.




გაცი და გაიმი.


ისტორია

გაცის და გას კერპები, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, არიან-ქართლიდან მცხეთაში მოუტანია აზოს, არიან-ქართლის მეფის ძეს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მეფედ იქნა დასმული ძვ. წ. IV საუკუნეში. სწორედ ამიტომ მატიანეში მათ „კერპნი სამეფონი“ და „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ ეწოდებათ.

„ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ს მიხედვით, ამ ღმერთებს ეწოდებათ „გაცი და გაიმი“ და მათი კერპები აზონს (იგივე აზო) მცხეთაში შეუქმნია, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ.

წმ. ნინოს „ცხოვრების“ ყველა ვერსია ადასტურებს, რომ გაცის და გას (გაიმის) კერპები მცხეთაში, ახ. წ. IV საუკუნეში, ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევამდე მდგარან.

გაცის და გაიმის კერპები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.


აღწერილობა და რიტუალური მხარე

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-დან ვიგებთ, რომ გაცის და გას კერპები მდგარან არმაზის მთაზე, ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ – მარჯვნივ გაცი, ხოლო მარცხნივ – გა. ამასთან გაცის კერპი ოქროსგან ყოფილა დამზადებული, გასი კი – ვერცხლისგან. რაც შეეხება გაცისა და გას კულტის რიტუალურ მხარეს, ამავე წყაროს თანახმად, მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“.


სამეცნიერო მოსაზრებანი

გასული საუკუნის დასაწყისში ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში გაცის და გას კულტს რეალურად არ უარსებია და მათი სახელები ქართულ მწერლობაში მწიგნობრული გზით დამკვიდრებულა. როგორც იგი ფიქრობდა, ღვთაება გას ქართველები შეიძლებოდა გასცნობოდნენ რომელიღაც ქრისტიანულ სირიულ ტექსტში.

ბოლო დრომდე პოპულარობით სარგებლობდა გრიგოლ გიორგაძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არმაზი, გაცი და გა წარმოადგენდნენ ხეთურ–ხურიტული პანთეონიდან მომდინარე ღვთაებრივ ტრიადას.

ბოლო დროს, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა უარყო როგორც ნ. მარის, ასევე გ. გიორგაძის აღნიშნული მოსაზრებები. მისი აზრით, მიუხედავად სამი კერპის (არმაზი, გაცი, გა) ერთ მთაზე გვერდიგვერდ დგომისა, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთების კლასიკური ტრიადა. სამი კერპის ერთად დგომა ან გამოსახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთაებრივი ტრიადისადმი მათ კუთვნილებას. გაცი და გა წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა–ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ–გე და Γᾶ–გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი–გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა–ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.




აინინა და დანანა.


აინინა და დანინა, აჲნინა და დანანა, წარმართული ღვთაება-კერპი ან კერპები ძველ ქართლში. „ქართლის ცხოვრება“ აინინასა და დანინას კულტის შემოღებას და მცხეთაში კერპების აღმართვას ქართლის მეორე მეფეს — საურმაგს მიაწერს; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ აინინას კულტის შემომტანად საურმაგს, დანანასას კი — მის მემკვიდრე მირიანს ასახელებს.

მეცნიერთა ვარაუდით აინინა და დანინა ერთი და იგივე ღვთაების ორი სახელის დამახინჯებული ფორმებია. ნ. მარი მასში ძველ ირანულ ქალღმერთ ანაჰიტას და არა-ირანულ ნან-ასს ხედავდა. მ. წერეთელს კი კულტის საწყის სახელად მიაჩნდა აინინა და ნინა (ნანა), რომელსაც შუმერთა იშთარს უკავშირებდა.


wikipedia.org

Комментариев нет:

Отправить комментарий