ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი პირველი.

1. იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.

2. სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;

3. ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.

4. ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.

5. გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.

6. რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.

7. უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.

8. ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.

9. რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.

10. შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.

11. თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,

12. შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,

13. მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,

14. წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -

15. შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,

16. რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.

17. ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:

18. თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.

19. ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.

20. სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;

21. ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას:

22. როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?

23. მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.

24. ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო.

25. უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.

26. და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;

27. როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.

28. მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,

29. რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს,

30. არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,

31. იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.

32. რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.

33. ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.


Комментариев нет:

Отправить комментарий