ღმერთი

ღმერთი

четверг, 4 июля 2013 г.

ღმრთის შეწევნისა და მადლის გარეშე კაცთაგან არავის ხელეწიფება წინ აღუდგეს უხილავ ბრძოლებს,

გულში რომ იბადება და სულიერ ქარტეხილებს იწვევს. ლოცვა და წმ. წერილის კითხვა გვეხმარება სულიერი ბრძოლების გადატანაში, მაგრამ ამ შეწევნის მიუხედავად ადამიანი მაინც ძნელად უმკლავდება საკუთარ თავს, ძნელად აღწევს აუმღვრეველი სიმშვიდის ნავსაყუდელს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი დაცემული ბუნება დიდი გაჭირვებით ითვისებს ღმრთეებრივ აზრებსა და გრძნობებს, სარწმუნოება კი ძლივსძლივობით ხდება ცხოველი, თითქოს პირისპირ მჭვრეტელი ღმერთისა. ცხოველი სარწმუნოებისაგან იშვება ღმერთის სრული მორჩილება, ღმერთის მორჩილებისაგან კი - გულისსიტყვათა დაყუდება და სულის მშვიდობა.
აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ გული ღმერთის რწმენას, ღმერთის მორჩილებას. ამის გემოს რომ გაიგებთ, მერე ადვილად მოიპოვებთ სიმშვიდესა და სულიერ ნუგეშს მწუხარების ჟამს. მწუხარების გულისსიტყვებთან ბრძოლა უბრალო უნდა იყოს, ისევე უბრალო, როგორიცაა მთელი ქრისტიანული სარწმუნოება - ყველასთვის მისაწვდომი თავისი უბრალოებით და ყველასთვის დამაჯერებელი თავისი ძალით. მოწყინებას ამ სიტყვებით ებრძოლეთ: "უფალო, იყავნ ნება შენი! კურთხეულ და წმიდა არს ღმერთი ყოველთა შინა საქმეთა მისთა!" გულში წარმოთქვით ეს სიტყვები, ხოლო თუ მარტო ხართ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ხმამაღლა, აუჩქარებლად, დიდი ყურადღებითა და მოწიწებით, და მანმადე ნუ გაჩერდებით, ვიდრე მოწყინება არ დაცხრება. როდესაც ისინი კვლავ წამოსწევენ თავს, თქვენც კვლავ იმავე იარაღს მიმართეთ. საკუთარი გამოცდილებით შეიტყობთ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო იარაღის ძალას. ამ ბრძოლას კაცი სხვანაირად ვერ დააღწევს თავს და ვერც სიმშვიდეს მოიპოვებს, თუ არა გამარჯვებით. მოწყინებას დამონება კი მეტისმეტად სახიფათოა - თუ ის გაბატონდა კაცზე, სხეულის მოკვლაც ძალუძს და სულისაც. სიკვდილს ნუ იჩქარებთ: ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლეც კი წამია მხოლოდ მარადისობასთან შედარებით. საკუთარი თავიც და თქვენი ამსოფლიური მგზავრობის ჟამიც უფალს მიანდეთ, თვითონ კი ეს დრო იმისთვის გამოიყენეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წარუვალი სიკეთეE შეიკრიბოთ.
ნუ გაოცდებით რომ სუსტი ხართ სულიერ მოღვაწეობაში - ამის მიზეზი თქვენი გამოუცდელობაა. დრო გამოცდილებასაც შეგძენთ და ძალასაც. თანაგრძნობით ვუმზერ თქვენს სულიერ მდგომარეობას: ახლა ხდება თქვენი გამოწრთობა საშინელ განსაცდელში, როგორც ფოლადისა - ცეცხლში. დაითმინეთ ამ მდგომარეობის სიმძიმე და, როცა ის გადაივლის, იგრძნობთ, რომ ახლად დაიბადეთ, თან ისეთი სულიერი საგანძურიც შეიძინეთ, რომლის არსებობა აზრადაც არ მოსდით მათ, ვისი ამქვეყნიური ცხოვრება განცხრომაა მხოლოდ. მაშინ დაინახავთ, რომ სახიერია უფალი თვით მის მიერ მოვლენილ მწუხარებებშიც, რამეთუ წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი.


წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)






Комментариев нет:

Отправить комментарий