ღმერთი

ღმერთი

вторник, 20 августа 2013 г.

მარიამ დედოფალი.

მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.

მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.

ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.

რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა საზარლობა დატრიალდებოდა იმ საწოლში, საცა მყუდროდ ეძინა სამეფო სახლობას.

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა, იმ დროს საქართველოს მმართველად რომ იყო, მთავრობა დაარწმუნა, საქართველოში წესრიგი არ დამუშავდება, ვიდრე სამეფო სახლობის წევრები აქ იქნებიანო. ამის გამო აქ აღარავის ედგომინებოდა, ბატონი-შვილებიცა და ქვრივი დედოფლებიც უნდა გასცლოდნენ სამშობლოს და წასულიყვნენ რუსეთს, საცა საკმაო საზდო ეძლეოდათ.

მარიამს ძლიერ სურდა დარჩენილიყო საქართველოში და აქ დაელია სული. მაგრამ როგორ? მარტო საკუთარი სურვილი საკმაო არ იყო. რახან გადაწყვეტილი იყო მათი აყრა და გადასახლება, ამასაც დარჩენის ნებას არ მისცემდნენ. საჭირო იყო გაჰქცეოდა პავლე ციციანოვს, მაგრამ სად და როგორ? თავშესაფარად მარიამმა აირჩია ფშავ-ხევსურეთი.

განზრახვის აღმასრულებლად მოიწვია ფშაველი გადილა, კაცი გულადი, წარმოსადეგი. ყოველივე მზათ იყო დედოფლის გასატაცებლად. თვით გადილაც ჩამოვიდა ქალაქს. ცხენები დააბინავა კუკიაში და დედოფალს ეწვია.

მაგრამ რა იცოდა გულუბრყვილო მთიელმა, რომ სწორედ დედოფლის კარზედ მას უყარაულებდა მოღალატე და ხაფანგის დამგები. ეს გახლდათ კალატოზოვი, რომელიც, პოლკოვნიკ როტიერის სიტყვით, იყო ქართველი აზნაური და დედოფლის კარის კაცი, სასახლეში მეტად სანდოდ მიჩნეული.

დედოფალსა და მთიელებ შორის მიწერ-მოწერაში ეს კალატოზოვი დიდ მონაწილეობას იღებდა და ამავე დროს ყველაფერს დაწვრილებით პავლე ციციანოვსაც ატყობინებდა.

გადილა რომ ტფილისში ჩამოვიდა, იგი ეწვია ციციანოვს, რომელსაც სურვილი ჰქონდა ფშაველის პირადად ნახვისა. კალატოზოვი ამ დროს სკამ ქვეშ შემალულიყო.

ციციანოვი თარჯიმანის პირით გადილას შეეკითხა:

-რათ ჩამოსულხარ, გადილ ქალაქში?

-მარილის საყიდლად.

-ჰაა! სიმართლეს ნუ მიმალავ.

-მხოლოდ მარილის საყიდლად ჩამოვსულვარ.

-ფშაველო! შენი სიცოცხლე დამოკიდებულია სიმართლეზე და თუ სიმართლეს დამიმალავ, იცოდე, შემიძლია ახლავე თავი გაგაგდებინო.

-მერე ვისი ხელით გამაგდებინებ თავს? განა თუ ეს თარჯიმანი გაბედავს ამას? – განრისხებულმა იტაცა ხმალზე ხელი და სთქვა გაბრაზებული:,,განა აღარ მაქვს ჩემი ხანჯალი, რომელიც არასოდეს არ მშორდება?”

ციციანოვი დარწმუნდა, რომ მუქარით ვერას გახდებოდა, მიუახლოვდა გადილს, მხარზე ხელი დაადო და დაყვავებით სთხოვა, მართალი ეთქვა. იგი არ ტყდებოდა, ისევ თავისას გაიძახოდა.

ამ დროს სელის ქვეშიდან გამოძვრა კალატოზოვი.

ზიზღით და ბრაზით აივსო გადილა.

კალატოზოვი კი ეუბნებოდა მას:

- გადილა, ნუღარ უარობ, გამოტყდი, აღიარე, რისთვის ჩამოსულხარ, აბა ჩემთან როგორ იტყვი უარს! განა არ გახსოვს, რომ მეც ვიყავი დედოფალთან, როცა შენ მას მოახსენე, ყველაფერი მზად არის ქალაქიდგან თავის დასაღწევადო, და მთებში წასასვლად კუკიაში ცხენები გიცდიანო.

გადილა მაინც უარობდა: "სულ ტყუილია და სიცრუვეო”.

ექვსი გრენადერი შემოვიდა, შებოჭეს, იარაღი ახადეს და ციხისკენ წაიყვანეს. მიმავალს კალატოზოვმა სილა შემოჰკრა. გადილამ ამპარტავნულად მიაძახა: "მქონოდა ხანჯალი, ნახავდით თქვენს ყოფას, ყველას ერთად გაგწყვეტდითო!”

ციციანოვი უშიშარი, გამბედავი, კანონისა და სიტყვა-საქმის კაცი იყო და გენერალ-მაიორს ლაზარევს უბრძანა მეორე დღესვე ქვრივი დედოფალი დიდის პატივით რუსეთისკენ გაესტუმრებინა.

როგორც ვსთქვით, კვირა თენდებოდა, რომ სასახლეში მოვიდა ლაზარევი. მას თან ახლდა თარჯიმანი სომეხი კაპიტანი სოროკინი (კაჭკაჭევი იქნებოდა) და ორი რაზმი ქვეითის ჯარისა.

დედოფალს გამოჰღვიძებოდა და ფეხმოკეცილი ლოგინშივე იჯდა. დანარჩენთ ისევ ეძინათ. ლაზარევი შემოვიდა მისს ოთახში, თარჯიმანის პირით მოახსენა:

,,ადექით! უნდა წახვიდეთ”

დედოფალმა მშვიდის ხმით მიუგო:

- რისთვის უნდა ავსდგე ახლა? ვერ ხედავთ, ჩემს შვილებს ჯერ ისევ ტკბილადა სძინავთ? უცებ რომ გავაღვიძო, აწყენთ, სისხლი გაუფუჭდებათ. ასეთი საჩქარო ბრძანება ვინ მოგცათ?

-ციციანოვმა.

-ციციანოვი ცოფიანია.

პოლკ. როტიერის (როტიერი 1811-1818 წ. განაგებდა მეოცე დივიზიის შტაბს, რომლის უფროსად იყო თავ. ორბელიანი (,,მოამბე” 1894, N VII, გვ. 1), აზრით დედოფალს ამ სიტყვებით იმის თქმა უნდოდა, რომ ციციანოვი თავის გვარის ღირსი არ არისო, რადგან თავის ნათესავებს აგრე სასტიკად ეპყრობაო.

ამასობაში დედოფალმა მუხლებზე დაიდვა მუთაქა, რომლის ქვეშ შეუმჩნევლად დამალა თავის ქმრის მეფე გიორგის ხანჯალი.

ლაზარევი დარწმუნდა, რომ დედოფალი შვილების გაღვიძებამდე გვაცდევინებსო, ამიტომ მიუახლოვდა ტახტს და უნდოდა დედოფლისათვის ფეხში ხელი ეტაცნა და წამოეყენებინა, მაგრამ, ვიდრე ლაზარევი სწვდებოდა, დედოფალი წამოვარდა ელვის სისწრაფით და ისე ძლიერად ჩასცა ლაზარევს ხანჯალი მარცხენა გვერდში, რომ ხანჯლის წვერი მეორე მხარეს გავიდა.

მერე გამოაცალა ხანჯალი, თავში დაარტყა და სრულის გონებით მიაძახა: "ასეთის სიკვდილის ღირსია ის, ვინც გაბედა და ჩემს უბედურებას უპატიურებაც დაურთოო”.



ლაზარევი იქვე უსულოდ დაეცა.

სოროკინმა იძრო ხანჯალი და რამდენიმეჯერ დაჰკრა დედოფალს.

ხმაურობაზე გამოეღვიძა ელენეს, დედოფლის დედას, და გასისხლიანებული შვილი რომ დაინახა, მივარდა და გულში ჩაიკრა.

ოთხმა აფიცერმა გაასვენეს ოთახიდამ ლაზარევი. სასახლე გაივსო ჯარის კაცებით. დედოფალი შვილებითურთ ჩასვეს ეტლში და დარიალისკენ წაიყვანეს.

გზაზე ჯიბრაილი შეეკითხა დედას:

-დედა, რათ მოჰკალი ის აფიცერი?

-თქვენის სიკეთისთვის.

-მაშ, დედა, თქვი, რომ მე მოვკალი ის კაცი და შენ აღარას გავნებენ.

მარიამი ბელგოროდის მონასტერში ჩაამწყვდიეს ცოდვების მოსანანიებლად. დედოფალი დიდხანს დარჩა და მერე კი სასჯელი ეპატია. მარიამი ვეღარ ეღირსა სამშობლოს ნახვას, იგი რუსეთში გარდაიცვალა.

ათას რვაას ორმოცდა თერთმეტ წელს მარიამ დედოფლის ნეშტი დიდის ამბით გადმოასვენეს საქართველოში და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.


http://www.georoyal.ge/?m=1000&id=1651

Комментариев нет:

Отправить комментарий