ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 марта 2014 г.

უმაღლესი თავისუფლების შესახებ.

უმაღლესი თავისუფლების შესახებ. 



უმაღლესი, დედამიწის ზურგზე შესაძლებელი თავისუფლების მატარებელია მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც შეეჩვია, დაუმორჩილოს თავისი ნება ზნეობრივ კანონს და ცხოვრობს ქრისტიანულ მითითებათა შესატყვისად. ამის მიზეზი შემდეგია: არავინ დაიწყებს დავას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანად იწოდება მხოლოდ ის, ვისაც შეიძლება სურდეს ყველაფერი ყოველგვარი შინაგანი თუ გარეგანი იძულების გარეშე და ისრულებს კიდეც თავის სურვილებს არა მხოლოდ იძულების გარეშე, არამედ სიხარულით, სიყვარულით, შინაგანი ტკბობითაც კი.


ჭეშმარიტი ქრისტიანის სურვილები სრულიად ძალდაუტანებელია: არც შიშს, არც სირცხვილს, არც რაიმე გარეშე ძალაუფლებას არ შეუძლია განსაზღვროს მისი სურვილები. მას ებადება სურვილი მხოლოდ გონების თავისუფალი მრწამსის საფუძველზე, იმის საფუძველზე, რომ თავისი მისწრაფების საგნის უპირატესობაშია დარწმუნებული. ის ირჩევს სიკეთეს და განუდგება ბოროტებას ბუნებრივად, გულის კარნახით. სავსებით მართებულია, რომ კეთილი სურვილები არასოდეს არ იბადებიან ძალმომრეობითი მოტივებით. შეიძლება აიძულო ადამიანი იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად, მაგრამ შეუძლებელია აიძულო - ისურვოს ასე და არა სხვაგვარად. ამდენად, თუ ადამიანს გულწრფელად, პირუთვნელად სურს სიკეთე, მაშინ მას იგი სურს სრულიად თავისუფლად. მაგრამ თუ ქრისტიანი თავისუფალია თავის სურვილებში, მით უმეტეს თავისუფალია იგი მოქმედებაშიც. ქრისტიანული ზნეობრივი კანონი იმით გამოირჩევა სხვა ადამიანური კანონებისაგან, რომ იგი გადაჭრით გამორიცხავს ყოველგვარ იძულებასა და ძალდატანებას. ჭეშმარიტად ქრისტიანად ყოფნა უნდა ნიშნავდეს სიკეთისაკენ შინაგანად მიდრეკილებას. ჭეშმარიტი ქრისტიანია ის, ვინც კმაყოფილებას პოულობს სათნოებაში, აღასრულებს თავის კანონს შინაგანი ლტოლვის შედეგად, იმის შედეგად, რომ მას ამის გაკეთება სიამოვნებს. დიდი ბრძოლა და ძალისხმევაა საჭირო, რომ მიიყვანო თავი ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ვინც კი მიაღწია აქამდე, მოიპოვა ჭეშმარიტი ქრისტიანული თავისუფლება.


შეიძლება გვითხრან - იმ ადამიანთა მდგომარეობაც, ვინც ვნებებსაა აყოლილი, ხომ ისეთივეა, როგორც აღწერილი მდგომარეობაო: აქაც ადამიანი მოქმედებს შინაგანი ლტოლვების მიხედვით და მოქმედებს სიამოვნებით და სიყვარულით. ნამდვილად, აქ გვაქვს მსგავსება კეთილმოქმედ ადამიანთან, აქაც მოქმედება თავისუფალია (იმიტომაც ისჯება ცოდვა), მაგრამ რაოდენ დიდია განსხვავებაც! გრძნობადობის ბრმა ლტოლვებისა და ვნებების დაკმაყოფილებას ყველაზე უმძიმესი გავლენა აქვს სულის შინაგან ცხოვრებაზე. ვნება იმონებს ნებას, იწვევს შინაგან განხეთქილებას, ბრძოლას და ხშირად უკმაყოფილებასაც, სასოწარკვეთას და მოყირჭებას. ვნების ყოველი დაკმაყოფილება კი არ აწყნარებს, აღელვებს ადამიანს. ერთი სიტყვით, უზნეო ცხოვრება წარმოადგენს სულის არანორმალურ მდგომარეობას, მის მოშლილობას. მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი ატარებს თავის სულში ღვთიურ სამყაროს. 





წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)










Комментариев нет:

Отправить комментарий