ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 апреля 2014 г.

"ეკლესიის გაჩუმების მცდელობა არ გამოვა"

როგორც კი საქართველოს პატრიარქი რომელიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამს, თანამედროვე ფსევდო-ლიბერალების ფუთფუთი შესამჩნევად მატულობს. ასე მოხდა ამჯერადაც, პატრიარქის პოზიცია, რომ ახალი თვითმმართველობის კანონის მიღება საქართველოს დაშლის პირას მიიყვანს, მათ მიერ მაშინვე გაკიცხვის და შეურაცხყოფის საბაბი გახდა.

"პატრიარქი ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება!" "ეკლესია საერო სფეროში იჭრება !" " ნაკურთხი კანონები უნდა მივიღოთ!" "ერთი დეპუტატის მანდატი პატრიარქისთვისაც ხომ არ მიგვენიჭებინა?" "ავტორიტეტები" შემოგვიტევენ, მაგრად უნდა დავდგეთ!“-ასეთია მათი გზავნილი საზოგადოებისთვის.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ საშიშ სექტას "დემოკრატიასა " და "სიტყვის თავისუფლებაზე " მონოპოლია აქვს გამოცხადებული და საწინააღმდეგო აზრს, მით უფრო, თუ ის ავტორიტეტულ პიროვნებას ეკუთვნის, სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან. თურმე ყველას, შინაურს და გარეულს, აღმოსავლელს და დასავლელს შეუძლია ამ ქვეყნის ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოს, დაგვტუქსოს, ყური აგვიწიოს, მხოლოდ ეკლესიას არა აქვს უფლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ხმა ამოიღოს და აზრი გაგვიზიაროს. ამ იდეოლოგიის მატარებელ ჯგუფს ქართული ეკლესიის უპრეცედენტოდ დიდი ავტორიტეტი მოსვენებას უკარგავს. "უკანასკნელი ასაღები ბასტიონი", როგორც რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა ქართულ ეკლესიას უწოდა, ძნელად შესამუსრი გამოდგა. მათ ავიწყდებათ, რომ სამოციქულო ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. მეუფე იაკობის არ იყოს, არაფერი შეგეშალოთ!

რატომ უნდა ერეოდეს ეკლესია საერო საქმეებში და ვის ინტერესებშია ეკლესიის საზოგადოებისგან გამიჯვნა? ამ საკითზე sazogadoeba. ge-ს ჯვრის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრა:

-მამაო, პატრიარქის განცხადებას თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფის მიერ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებს იშვიათად აკეთებს, მას ხშირად სახელმწიფო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. სად გადის ზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და განვმარტოთ, რატომ და რა შემთხვევაში ერევა ეკლესია პოლიტიკაში? როგორია ამ მხრივ საქართველოს ისტორიული გამოცდილება?

-მე რეგიონალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. მაგრამ ამ საკითხზე ისტორიკოსების აზრი ორ ნაწილად იყოფა. საქართველო, როგორც ერთი ეთნოსი, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კუთხეებისაგან ყალიბდება. მათ აერთიანებთ ერთი კულტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი საღვთისმსახურო და სალიტერატურო ენა. მიუხედავად იმისა, რომ კუთხეები, რომელთა დიალექტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა, ღმერთს ერთ ენაზე ელაპარაკებოდნენ. ეკლესია ყოველთვის მათი გამაერთიანებელი იყო .

საქართველო თავისი ისტორიის ზეობისას ოქროს ხანაში ერთიანი ქვეყანა იყო. გიორგი ბრწყინვალის შემდეგ ვიცით, რაც ხდებოდა და როგორი ძლიერი იყო სეპარატისტული სული. მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიონები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, ქვეყნის გაერთიანება ვერა და ვერ მოახდინეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა ჩრდილოეთ მეზობლის მიერ ქვეყნის შემოერთება ჩვენი ჭკუის სასწავლებლად დაუშვა. თავისუფლების პერიოდში ერთობა არ ვისურვეთ და გალიაში გავერთიანდით. ეს პრობლემა ჩვენთან ყოველთვის იდგა. საქართველოს ფედერაციული დაყოფამ სეპარატისტული სული შეიძლება გააძლიეროს. მით უმეტეს, მეფის რუსეთიდან მოყოლებული დღემდე არიან გარკვეული ძალები, რომლებიც სეპარატიზმს ქადაგებენ. ამიტომ, ბუნებრივია, არსებობს შიში და პატრიარქი, როგორც მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა, სავსებით უფლებამოსილია, თავისი პოზიცია გამოთქვას. თავი რომ დავანებოთ მის იერარქიულობას, პატრიარქს დიპლომატიური და პოლიტიკური თვალსაზრისით უზარმაზარი გამოცდილება აქვს. წარმოგიდგენიათ, რამდენ და რა სასტიკ ეპოქაში მოუწია მას მოღვაწეობა, რა სასტიკ დევნილობას უძლებდა ეკლესია?! ეკლესია ყოველთვის იდევნებოდა- კომუნისტების, მხედრიონის, თუ სააკაშვილის პერიოდში. პატრიარქმა მოახერხა ის, რომ ეკლესია არათუ დაკნინდა, არამედ უფრო გაძლიერდა. ტაძრები შენდებოდა, ეპარქიები, საღვთისმეტყველო სკოლები მრავლდებოდა. ამ კუთხითაც რომ შეხედო პატრიარქს, როგორც პოლიტიკოსს, ვინ შეიძლება შეედაროს მას? მას არა ფურცელზე დაწერილი გამოცდილება, არამედ რეალურად საქმეში გამოჩენილი გამოცდილება აქვს. ასეთი ადამიანი რაღაცას რომ ამბობს, ის მაინც არ უნდა თქვან- რატომ ერევა? რატომ ერევა კი არა, მოუსმინე, რას ამბობს.

-ისტორიულად საქართველოში ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. დღეს არის ტენდენცია, რომ ეკლესია საზოგადოებისგან ხელოვნურად გამიჯნონ. რა ძალების ინტერესებშია შედის ეს პროცესი და რეალურად რა არის მათი მოტივაცია?

-ეს ის ძალებია, რომლებსაც ქრისტე არ უყვართ. საერთოდ ეკლესიისადმი სიძულვილი იგივე ქრისტესადმი სიძულვილია. ეკლესიის არსი ის არის, რომ ქრისტეს მისტიური სხეულია. როგორც ქრისტე არ უყვარდათ, ისე არ უყვართ მისი ეკლესია. ეს არის რეალობა. აღიზიანებთ ხოლმე, როცა ამას ვამბობთ. ისინი ერთმანეთისაგან ეკლესიას და ქრისტეს ყოველთვის გაყოფენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთია. რატომ მოკვეთეს იოანე ნათლისმცემელს თავი? იმიტომ, რომ უზნეობაში ამხილა ხელისუფალი! თუ ეკლესია უზნეობის წინააღმდეგ ხმას იღებს, ებრძვიან, თუ მიანიშნებს, სახელმწიფოსთვის რა არის კარგი, თავს ესხმიან. საქმე ძალიან მარტივად იყო, პატრიარქმა გამოხატა თავისი პოზიცია, შეიძლებოდა განეხილათ, რატომ თქვა. რა საჭირო იყო თავდასხმები?! ჩემი აზრით, აქ მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიისადმი, ანუ ქრისტესადმი სიძულვილია.

-და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ნებისმიერი მათგანი საკუთარ აზრს ყოველთვის თავისუფლად გამოხატავს...

-რა თქმა უნდა, დემოკრატია ხომ თავისთვის უნდათ, აბა ეკლესიას რად უნდა დემოკრატია?! სხვათაშორის, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობენ, უდა ვთქვათ, რომ ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და ლიბერალური ინსტიტუტია. ამის დანახვა მათ არ უნდათ. თუ რაიმე ღირებულება არსებობს ლიბერალიზმში და დემოკრატიაში, ეს ეკლესიაში მთელი სისავსით არის წარმოდგენილი. საერთოდაც სამყაროში თუ რაიმე ღირებული ყოფილა, ქრისტიანობამ ყველაფერ ამის რეალიზება სრულად მოახდინა. როდესაც ხედავენ, მოდი ასე ვთქვათ, კონკრეტულად ცუდ მღვდლებს, ეს იგივეა, ცუდი ექიმი დაინახო და მედიცინა უარყო.

-მათი არგუმენტი ხშირად ისაა, რომ ეკლესია წირვა-ლოცვით უნდა შემოიფარგლოს...

- იოანე ნათლისმცემელი, იოანე ოქროპრი და ევდემოზ კათალიკოსი და მრავალი სხვა არც ღვთისმსახურებისთვის და არც ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის არ უწამებიათ. უზნეობას რომ ებრძოდნენ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავდნენ, მხოლოდ ამიტომ იქნენ მოკვეთილი და მოკლული. ისინი უდიდესი წმინდანები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკლესია უზნეობაზე და ეროვნულ საშიშროებაზე ვერ გაჩუმდება.

-იგივე შეიძლება ითქვას ამბროსი ხელიაზე, გრიგოლ ხანძთელზე...

-რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელი პირდაპირ ჩაერია მეფის პირად ცხოვრებაში. რა მეფე გვყავდა, წარმოგიდგენიათ? ამას ვინ მოითმენდა ან მაშინ. ან დღეს?!

მცდელობა ეკლესიის გაჩუმებისა, იმ მოტივით, რომ პოლიტიკაში ჩარევა მისი საქმე არ არის, არ გამოვა. როდესაც ჩვენი ზნეობრივი და ეროვნული ფასეულობები პრობლემის წინაშე დგას, ეკლესია არასოდეს გაჩუმდება. ქრისტიანობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ გავჩერდეთ. ქრისტიანობა ვალდებულია. იქადაგოს არამარტო დოგმატური მოძღვრება, არამედ ზნეობრივი საკითხები. იოანე ოქროპირი, ევდემოზ კათალიკოსი, იოანე ნათლისმცემლი და სხვა მრავალი წმინდანი ამის მაგალითია. ისინი ქვეყნის ცხოვრებაში, საჭიროების შემთხვევაში, დიახაც. სერიოზულად ერეოდნენ. ის, რომ სასულიერო პირების ადგილი მხოლოდ ტაძარშია, ამას წითელი ტერორის დროს მებრძოლი ბოლშევიკები და ათეისტები ამბობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ეკლესია თავისი არსით უძლეველია. ჩვენი მარგინალიზაცია აბსოლუტურად შეუძლებელია, იმიტომ კი არა, რომ მაგრები ვართ, - არა, რა სისულელეა! ეკლესია არ არის ადამიანური ორგანიზმი, რომ უბრალოდ გვერდზე გადასწიო , ის ქრისტეს მისტიური სხეულია. რადგან სამყარო ღმერთის შექმნილია, ეკლესიას ყოველთვის თავისი ადგილი ექნება. საქართველომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე თავისი არჩევანი მრავალგზის გააკეთა. მისი არჩევანი არის ადამიანად მოსული ღმერთი- იესო ქრისტე.

ვინმეს წარმოუდგენია რომ ეკლესია არ ჩაერიოს საქართველოს საქმეებში?! აქ ასე არასოდეს იქნება. კომუნისტების პერიოდშიც კი ეკლესია პოლიტიკაში აქტიურად ერეოდა. მონღოლების თუ სპარსელების ბატონობის დროსაც ერეოდა. რატომ? -იმიტომ, რომ საქართველო ეკლესიის ტკივილია. ეს ჩვენი პირდაპირი ვალია!


 2013


sazogadoeba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий