ღმერთი

ღმერთი

среда, 5 июня 2013 г.

განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად.

ყოველი ოჯახი, მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.

ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.

უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.

ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.


ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.

ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:

1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.

2. გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.

3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს.

4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.

5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.

6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.

7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.

8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები.

9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.

10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.

11. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.

თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო.

12. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.

13. გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.

14. მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს, ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნის სავანეში.

წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სული საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში – სახსნილო.

15. ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.

16. მეტად კარგია თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.

საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი, ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).

17. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად.

18. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ.

19. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენების დღეებში.

20. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.

21. თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.

22. თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო კანონის თანახმად, საკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.

23. გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის, ან მეტად ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II


გაზეთი „მადლი“, №16 (58), 1992 წ.
www.orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий