ღმერთი

ღმერთი

суббота, 13 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი მეოთხე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა

თავი მეოთხე


1. ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.

2. რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.

3. რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.

4. მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.

5. შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.

6. არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.

7. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.

8. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.

9. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.

10. ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.

11. სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.

12. გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.

13. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.

14. ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.

15. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.

16. რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.

17. რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.

18. მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.

19. ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.

20. შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.

21. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.

22. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,

23. შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.

24. განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.

25. პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.

26. გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.

27. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.





Комментариев нет:

Отправить комментарий