ღმერთი

ღმერთი

пятница, 5 июля 2013 г.

ნაკურთხი წყალი

“აიაზმა არის უდიდეს სასწაული ღვთისა. ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ უზმოზე. ეცადეთ, ხშირად აკურთხოთ თქვენი საცხოვრისი, რომ მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს თქვენს ოჯახში!”

უწმიდესი და უნეტარესი ილია II


ნაკურთხ წყალთან დაკავშირებული კითხვების შესახებ გვესაუბრება წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე: “ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენი სამყაროს ოთხი სტიქიიდან წყალს, ალბათ, უმთავრესი ადგილი უჭირავს როგორც რაოდენობრივად, ასევე მნიშვნელობითად. ადამიანის სხეულის უმეტესი ნაწილი (70%) წყლისგან შედგება.

რაც შეეხება წყლის თვისებას, მან სხვა დატვირთვა მიიღო მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩავიდა წყალში მოსანათლად. მოგეხსენებათ, უფალმა თავმდაბლობით ნათელ იღო იოანე ნათლისმცემლის მიერ, თუმცა მას ეს ნათლობა არ ესაჭიროებოდა, პირიქით, მაცხოვარი კი არ მონათლა იოანემ, არამედ მაცხოვრის წყალში ჩასვლით განიწმინდა და განინათლა ყოველივე ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ზუსტად ამ დროს ჩაინერგა წყალში ღვთიური მადლი, რის შედეგადაც ამდენ ხანს ეშმაკებით გავსებული წყალი სრულიად განიწმინდა. ასეთი განწმენდილი წყალი დაედო ზღვარად ძველსა და ახალ აღთქმას და სწორედ ამ წყლით მოხდა ძველი კაცის ბუნების განახლება – პირველქმნილი ადამის ცოდვისგან გამოხსნა.


სახარებაში ვკითხულობთ: “უკეთუ ვინმე არ იშვეს წყლისგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლა სასუფეველსა ღვთისასა”. ანუ ვინც არ ინათლება ისე, როგორც ეს მაცხოვარმა დააწესა, წყლითა და მირონით, რომელიც სულიწმიდის მადლის მატარებელია, ვერ შევა ცათა სასუფეველში. არსებობს ნათლობის მეორე სახეც, რომელსაც სისხლით ნათლობა ეწოდება (ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოუნათლავი ადამიანი ქრისტეს გულისთვის კვდება, ანუ სისხლს ღვრის. ასეთი სისხლის დაღვრა მას ნათლობად ერაცხება. სწორედ ნათლობის ორი სახის ნიშანია მაცხოვრის გვერდიდან გადმოდენილი სისხლი და წყალი, როცა მას ასისთავმა შუბი უგმირა)”.


როგორ ხდება და რა თვისებებს იძენს წყალი კურთხევისას?

წყლის კურთხევის ორი ფორმა არსებობს: დიდი და მცირე. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა: ნათლისღებისა (19 იანვარი) და მის წინა დღეს, 18 იანვარს. ხოლო მცირე აიაზმის კურთხევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ დიდი აიაზმის წყალს, რომელიც მრავლდება მისი სხვა წყალში ზემოდან ჩამატებით.

ნაკურთხ წყალს აქვს ადამიანის განახლების, ცოდვების მიტევების, ბოროტთა განსხმისა და კურნების ძალა, რაც მან უფლის მადლის ჩანერგვის შემდეგ მიიღო. ეს არის წყლის სულიერი თვისებები. ნაკურთხი წყლის ფიზიკური სტრუქტურაც იცვლება, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია სამეცნიერო კვლევებს და აუხსნელია ნებისმიერი დიდი მეცნიერებისათვის.

აუცილებელია თუ არა, ყველა ქრისტიანს სახლში ჰქონდეს ნაკურთხი წყალი?

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სახლში უნდა ჰქონდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც მას ნათლისღების დღესასწაულზე სახლში ეკლესიიდან მოაქვს. იგი ოჯახის დაცვის განუყოფელი ატრიბუტია. სახლი სასულიერო პირის მიერ უნდა გახლდეთ ნაკურთხი, მაგრამ წყლის სხურება სავალდებულოა ოჯახის წევრებისგანაც, სასურველია ყოველდღეც. ძველ დროში მართლმადიდებელ მშობიარე დედას ნაკურთხი წყალი მშობიარობისას თან ჰქონდა ხოლმე იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვი მომაკვდავი დაიბადებოდა, რომ თავად მოენათლა თავისი პირმშო, რათა იგი სასუფეველს არ მოკლებოდა.

გვესაუბრეთ ნაკურთხი წყლის მოხმარებისა და შენახვის წესებზე…

ნაკურთხი წყლის მიღებას განსაკუთრებული მორიდება სჭირდება. ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. ნაკურთხი წყალი უნდა მივიღოთ, როგორც წამალი, საკურნებელი და არა როგორც წყურვილის მოსაკლავი. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს, ძილში დაცემის, ან სხვა შებილწვისას.
ნაკურთხი წყლით აპკურებდნენ საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს და ა.შ. დღესაც ნაკურთხი წყალი ყველაფერსა და ყველა ადგილს უნდა ვაპკუროთ: ახალ ნაყიდ ნივთებს, საკვებს და სხვ.

ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ ადგილზე, ანუ სამლოცველო კუთხეში უნდა ინახებოდეს, სუფთად და კრძალულებით.

როგორ მოვიქცეთ, თუ ნაკურთხი წყალი გაგვიფუჭდა?

ადამიანის ურწმუნოებისა და უდიერად მოპყრობის გამო წყალი შეიძლება გაფუჭდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ თვით ადამიანი განაშორებს ამ წყლიდან მადლს თავისი სიბინძურით და როდესაც წყალი ფუჭდება, ანუ ის კარგავს მადლს, ასეთი წყალი უვარგისია გამოსაყენებლად და უმჯობესია, ყვავილებს დავუსხათ. დაუშვებელია მისი უწმინდურ ადგილას გადაღვრა.

რა სასწაულებია დაკავშირებული ნაკურთხ წყალთან?

ქრისტეს ნათლისღებიდან მოყოლებული ნაკურთხი წყალი უამრავ სასწაულს ახდენს. ამის მაგალითი ბევრია… დღესაც შეიძლება ვიხილოთ სასწაული, როდესაც სულიერ თუ ხორციელ ავადმყოფს ასხურებენ ნაკურთხ წყალს და ისინი იკურნებიან. ეს გასაგებიცაა, რადგან ესაა უფლის უდიდესი, ჩვენთვის აუხსნელი საიდუმლო.

თეონა ნოზაძე

ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий