ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

ჩვენთან არს ღმერთი!

მეორე ნაწილი


1. ღმერთი უფალი

„ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებლი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად“.

(იოანე 5, 24)

ღმერთი უზენაესი სულია. იგი არავის უნახავს, რადგან მიუწვდომელ ნათელშია. ზოგს ღმერთი იმ მოხუც ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი, ღრუბლებიდან რომ განაგებს ქვეყნიერებას. ზოგს იგი სამყაროში გაბნეული ჰაერი ჰგონია. მაგრამ ეს ასე როდია. უფალი განსაკუთრებული არსებაა და იგი ბუნებისაგან, სამყაროსაგან დამოუკიდებლად არსებობს.

ღმერთი უკვდავია. იგი სამყაროს, დედამიწის, ადამიანის გაჩენამდე არსებობდა. ღმერთისთვის არ არსებობს დრო, არც წარსული, არც მომავალი. ათასი წელი მისთვის ისეა, როგორც ერთი დღე, ერთი დღე კი ისე, როგორც ათასი წელი. ღმერთი ეს არის უსაზღვრო სიყვარული, სიცოცხლე, სიმდიდრე, სილამაზე, უსაზღვრო კეთილი ძალა, ე.ი. ყველაფერი კეთილი თვით ღმერთშია. ღმერთმა ადამიანიც სიკეთისთვის შექმნა. და საერთოდ, ღმერთს მთელი სამყარო მის შექმნამდე ჰქონდა გააზრებული. ადამიანს მან გაჩენისთანავე თავისუფლება უბოძა. მაგრამ ჩვენ, ადამიანებს, სიამაყემ დაგვაკარგვინა ეს თავისუფლება, უფლისაგან ბოძებული ეს უდიდესი წყალობა. უფალი ამბობს:

„ - შეიცანი ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებს შენ“.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნდა შევიცნოთ ღმერთი, მივუახლოვდეთ მას, რადგან სწორედ ღმერთია ჭეშმარიტება. წმიდა სამება ეს უდიდესი საიდუმლოებაა. მამა შობს ძეს და სული წმიდა, რომელიც მამისაგან გამოდის, ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების.

ცოტა მაინც რომ ჩავწვდეთ სამების არსს, შევადაროთ მამა ღმერთი მზეს, რომელიც გამოსცემს სხივებს (ძეს) და სითბოს (სული წმიდის მადლს). ანდა წარმოვიდგინოთ მამა ღმერთი გონების სახით. გონება შობს აზრს (ძეს), ხოლო უკვე განხორციელებული აზრი წარმოვიდგინოთ სული წმიდის მადლად.

ღმერთმა შექმნა სამყარო და ამ სამყაროში, ყველაფერში მისი ხატება გამოიხატება სამების სახით. შედარებისათვის ისევ მაგალითები მოვიშველიოთ: ადამიანი შედგება სულის, სამშვინველისა და სხეულისაგან. ანდა დავაკვირდეთ ცეცხლს: იგი ხომ გამოყოფს სინათლეს, სითბოს და კვამლს. წყალიც შეიძლება სამ მდგომარეობაში იყოს: წყალი თხევადი, წყალი ორთქლი და წყალი ყინული. დაახლოებით ასე შეიძლება სამების წარმოდგენა.


2. ვინ შექმნა სამყარო

ათეისტთა რწმენა ფანატიკურობით გამოირჩევა. მსოფლიოში ვერ შეხვდებით ასეთ მტკიცე ფანატიზმს. მორწმუნესაც კი შეშურდება მათი სიმტკიცე. ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს საკვირველი, ულამაზესი, ნაირფერი სამყარო, რომელიც ასე ხიბლავს და აკვირვებს ადამიანს, არარაობისაგან შემთხვევით წარმოიშვა. მაგრამ როცა საქმე არგუმენტებს ეხება, ისინი ჩიხში ემწყვდევიან. ერთხელ ერთ უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა ასტრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი. მან ცარცით დაფაზე წერტილი დასვა და განაცხადა:

- ეს არის დედამიწა. იგი მრავალი მილიონი წლის წინ წარმოიშვა და ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა.

მერე მან წრე შემოხაზა დაფაზე და თქვა:

- აი, ამ მიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ.

შემდგე იგი მოყვა, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწაზე ცხოვრება, რომ იყო ვულკანური ამოფრქვევები, მიწისქვეშა აფეთქებები, მიწისძვრები. და ლექცია ასეთი ირონიული ტონით დაამთავრა:

- ბიბლიაში კი წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა!

- თქვენ ბევრი გვიამბეთ დედამიწის წარმოშობაზე. - წამოდგა ერთი სტუდენტი. - და დაასკვენით, რომ ღმერთს არ შეუქმნია სამყარო, არც დედამიწა. მე მინდა გკითხოთ: ვინ დასვა დაფაზე ეს წერტილი?

- როგორ თუ ვინ? მე! - უპასუხა ლექტორმა.

- თქვენ შეგიძლიათ დედამიწა ასე წარმოგეედგინათ დაფაზე. ახლა კი მიპასუხეთ: ვინ შექმნა სამყაროში ასეთ წერტილად დედამიწა?

დაბნეულმა ლექტორმა ფილოსოფიური ტერმინები მოიშველია. მისდა საბედნიეროდ ზარიც დაირეკა.

ბევრს  ჰგონია, რომ ჩვენი დროის მეცნიერული მიღწევები საკმარისია ყველაფრის ასახსნელად. სინამდვილეში კი სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნაში მეცნიერება ისეთივე უსუსურია, როგორც თავიდან იყო. თავიანთი თეორიებისა და დებულებების ჩამოყალიბებისას ისინი უმეტესად აბსურდამდეც კი მიდიან. საფუძველს როდია მოკლებული ეს საანეგდოტო ამბავი, რომელსაც მეცნიერებაზე ჰყვებიან:

მივიდა ერთი მეცნიერი ოკეანესთან, რომ დაედგინა ბინადრობენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზი ჩაჰყო მასში. კოვზს მხოლოდ წყალი ამოჰყვა და მანაც დაასკვნა:

- ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო.

ერთმა ფრანგა ათეისტმა კითხვაზე საიდან წარმოიშვა ატმოსფერო, გულახდილად აღიარა:

- არ ვიცით და არც არასდროს გვეცოდინება!

მეცნიერებამ ხილული სამყაროს ახსნა რომ შესძლოს, უხილავი მაინც გამოუცნობი დარჩება.

ჭკვიანი ადამიანისთვის დაუჯერებელია სამყაროს თავისთავად, ბრმა შემთხვევით წარმოშობის ვერსია. ამის დაჯერება ნიშნავს სასწაულების უარყოფას, რომელსაც რატომღაც ასე უგულებელყოფენ მეცნიერები. თუმცა ზოჯერ იძულებულნი არიან აღიარონ იგი. ცნობილ ასტრონომ ვერშელს ეკუთვნის სიტყვები:

- ყველა აღმოჩენა, რასაც კი მეცნიერებამ „მიაღწია“ თვითონ უფლისგან იყო დაშვებული იმ ჭეშმარიტებების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი და რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა ყოველი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას. მეცნიერება ბევრჯერ დარწმუნდა იმაში, რომ სამყაროს შექმნიდან მასში არც არაფერი მიმატებულა და არც არაფერი მოკლებულა. ბუნების შეცნობით ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის ძალა და სიბრძნე. მეცნიერთაგან ზოგიერთნი კი ბუნების ნაირფეროვნებას არაფრით აღიარებენ ღვთის მიერ განხორციელებულ სასწაულად.

სიცოცხლე გამოუცნობი საიდუმლოა. აკადემიკოსი დეროხვალოვი ამბობს:

- მეცნიერება დიდი ხანია დარწმუნდა, მატერია თავისთავად რომ მკვდარია.

მართლაც, მატერია პასიურია და თავისთავად არ შეუძლია სიცოცხლის ჩასახვა.

გამოჩენილი მეცნიერის პასტელის აზრით, სიცოცხლე ცოცხალი არსებისაგან წარმოიშვა და არა მკვდარი მატერიისაგან.

მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში ჩაისახა, ხოლო თუ ვინ ჩასახა იგი, ამ კითხვას ვერ პასუხობენ და იგნორირებენ კიდევაც. სამყაროში ადამიანი ვერსად ვერ გადააწყდა სიცოცხლის თავისთავად ჩასახვის კვალს. დღემდე ვერცერთმა მეცნიერმა ვერ გადალახა და ამოიცნო ის ზღვარი, რაც ღმერთმა სულიერ და უსულო ბუნებას შორის დაადგინა.

მეცნიერებას ერთი მაგალითი მაინც რომ ეპოვა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, ათეიზმი გამარჯვებას იზეიმებდა. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე, სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.

ასევე მეცნიერებას ვერა და ვერ გადაულახავს ის ზღვარი, რაც ღმერთმა გასდო მცენარეებსა და ცხოველებს შორის.

ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასდროს დათესილ ხორბალს მუხა არ აღმოუცენებია, არც ძროხას მოუგია გოჭი, ხბოს ნაცვლად. სამყაროში მინიშნებაც კი არ არსებობს იმისა, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გადაქცეულიყო. ათეისტი მეცნიერები კი თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა.


3. როგორ გაჩნდა ადამიანი

თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. გათხრებისას იპოვეს რაღაც გაურკვეველი არსების თავის ქალის ნაწილი, რისგანაც შეადგინეს „პითენკანტროპის“, ვითომცდა უძველესი ადამიანის, მოდელი, რომელიც წააგავდა მაიმუნს. ეს მოდელები მერე გამოფინეს მუზეუმში. მაგრამ დაჯერება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვს თუ შეუძლია.

ადამიანისა და მაიმუნის სისხლის შემადგენლობისა და თავის ტვინის წონის მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ფიზიოლოგიური შემადგენლობით ისინი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ სხვა ყველაფერში ისინი განსხვავდებიან. ადამიანს აქვს გონება და უკვდავი სული, რაც ღმერთმა არ მისცა არც ერთ ცხოველს. ადამიანს აქვს მეტყველების უნარი, შეუძლია ლაპარაკი, ცხოველები კი ვერ მეტყველებენ. ვერც ერთმა მომთვინიერებელმა და მწვრთნელმა ვერ შესძლო აელაპარაკებინა ცხოველები. ისტორიაში ასეთი შემთხვევა ერთხელ მოხდა და ისიც ბიბლიაშია დასახელებული. ლაპარაკია ვალაამის ვირზე, რომელიც ღვთის ნებისაებრ, ადამიანივით დაელაპარაკა ვალაამს და შეაჩერა, რომ არ წასულიყო ისრაელთა დასაწყევლად.

მტკიცება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ცოტა არ იყოს საშიშიცაა. თუ ასე გულუბრყვილოდ მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რახან ყველა ადამიანის ჩასახვა და ზრდა ერთნაირად მიმდინარეობს, ყველაც ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ ჭეშმარიტება ღაღადებს, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამას ისიც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ თითის ერთნაირ ანაბეჭდს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე სულ ცდილობს გაერკვეს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში, მაგრამ ამაოდ! ყველა მეცნიერულ და გააზრებულ მტკიცებას საბოლოოდ ისევ შემოქმედისკენ მივყავართ. იგი ყოველთვის გვანცვიფრებს თავისი სიბრძნითა და შესაძლებლობებით.

ადამიანი ჩასახვიდან განვითარების სამ საფეხურს გაივლის:

1. დედის მუცელში, სადაც ხდება მისი ჩამოყალიბება;

2. ამქვეყნად, სადაც იგი აგრძელებს ჩამოყალიბებას ფიზიკურად და სულიერიად (ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სულიერი ცხოვრების მიხედვით ხდება მისი ადგილის განსაზღვრა მარადისობაში).

3. ზეცაში.

განვითარების ეს სამი საფეხური შესაძლოა წარმოვიდგინოთ პეპლის ცხოვრების მაგალითზე. პეპელაც განვითარების სამ საფეხურს გადის. ჩნდება შეუმჩნევლად, უბრალო ჭუპრად, შემდეგ გარდაიქმნება ჭიად და ბოლო იქცევა მშვენიერ არსებად - პეპლად.

განა შეედრება პირველი-მეორე საფეხური მესამეს?!

აქედან გამომდინარე, ადამიანსაც ყველაზე სასურველი ცხოვრება სწორედ ზეციურ სამყოფელში აქვს.



4. სული და სამშვინველი

მატერიალისტები ხშირად იშველიებენ კითხვას:

- თუკი ღმერთმა თავიდანვე გაიაზრა ყველაფერი, მაშინ რატომღა დააწესა სიკვდილი?! რატომ ისპობა სილამაზე?!

და თვითონვე ასკვნიან:

- თუკი სიკვდილი გარდაუვალია, გამოდის რომ სამყარო უაზრო და უმიზნო ყოფილა, ადამიანის სიცოცხლეს არავითარი აზრი არ ჰქონია!

მაგრამ ასეთ დასკვნებს უნდა ვერიდოთ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი თავდაპირველად უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა. მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, სამოთხიდან განდევნა ისინი. აქ მიწაზე დაუწესა მას დროებითი საცხოვრებელი, აქვე უნდა მოხდეს მისი სულიერად განწმენდა და მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის.

ღმერთმა ადამიანი მიწისაგან შექმნა და სული შთაბერა, „სული ცხოველი“ და გონიერი. ეს სული შეიძლება შევადაროთ სანთელს, რომლითაც შეიძლება ავანთოთ მეორე, მესამე და ასე დაუსრულებლივ - უამრავი სანთელი.

ბავშვი, რომელივ ღვთის ნებით ჩაისახა, მშობლებისაგან იღებს სამშვინველსა და ცხოველ სულს, რომლის შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა განავითაროს იგი. და როცა ეს სული ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს თავისუფლდება სხეულისაგან, მის წინაშე იშლება უცნობი, ულამაზესი და არნახული სამყარო... მაგრამ ამის დაჯერება ყველას როდი შეუძლია. როგორც წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა და არ იცის, რომ ნაჭუჭს იქითაც არსებობს სამყარო და ამას იგებს მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ, ადამიანის სულიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ ცხოვრებას, წიწილას მსგავსად, იგიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ თავისუფლდება სხეულისაგან (ნაჭუჭისაგან) და მის წინაშე იშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და იდუმალი სამყარო.

ათეისტებს არ სწამთ მარადიული სიცოცხლისა. ამით ისინი ემსგავსებიან იმ ტყუპებს, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. ერთი ეუბნება მეორეს:

- მალე დავიბადებით და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ.

მეორე კი პასუხობს:

- რას ამბობ! რომელი ახალი ცხოვრება!როგორც კი ამ ადგილს მოვშორდებით, მაშინვე მოვკვდებით! გადაგვიჭრიან ამ საარსებო წყაროს (ჭიპს). არაფერიც არ არსებობს ამ სამყაროს გარდა, სადაც ახლა ვიმყოფებით. აქედან გასული ბევრი უნახავთ, უკან დაბრუნებული კი არავინ.

დაახლოებით ასეთი დიალოგის დონეზეა ათეისტთა მსჯელობა მარადიული სულის უარყოფისას.

ახლა დავაკვირდეთ ადამიანის სხეულს, მის ნაწილებს, სხვადასხვა ორგანოებს - თავს, ხელებს, ფეხებს, ყველაფერს რისგანაც ჩვენი სხეული შედგება. სხეულში ყველა მათგანზე მაღლა იმყოფება უკვდავი სული.

მატერიალისტების აზრით, ადამიანს სული საერთოდ არ გააჩნია და ყველა მის მოქმედებას - ხედვას, შეგრძნებას, აზროვნებას, ნებისყოფას რაღაც რეფლექსები განაპირობებს, რეფლექსები, რომელთაც ადამიანს ცხოვრება გამოუმუშავებს. მათი აზრით ერთი თაობა მეორეს გადასცემს სიხარულს, მწუხარებას, და საერთოდ სხვადასხვა განცდებს. თუ ასე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გლოვობს, თავის გრძნობებს კი არ გამოხატავს, არამედ წინაპრებისას, რომელთაც საერთოდ არ უნახავთ მისი შვილი. ამაზე მეტი უგუნურება რაღა იქნება?!
მატერიალისტთა ამ თეორიას თუ გავიაზრებთ, მაშინ ვერ ვირწმუნებთ, რომ დედის განცდები კონკრეტულად მისი გულიდან მოდის.

მატერიალისტებს არა სწამთ სულის არსებობა, და ეს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თვალნათლივ ვერ ხედავენ მას. მაგრამ ადამიანი ასევე ვერ ხედავს ელექტო, მაგნიტურ და რადიოაქტიურ ტალღებს, მათ არსებობას კი აღიარებს. მატერიალისტებს სურთ ღვთის თვალით დანახვა. მართალია, თვალი უაღრესად რთული ორგანოა, მაგრამ იგი ფიზიკური სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს. სულიერზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია! თუმცა ადამიანს ხორციელი თვალის გარდა გააჩნია სულიერი თვალიც, რომელიც მარხვით, ლოცვით, სახარების კითხვითა და ეკლესიური ცხოვრებით აღეხილება. თუ ადამიანი ყოველივე ამას მოკლებულია, მაშინ მისი სულიერი თვალი ბრმაა და ღმერთს კი არა, სხვა რამესაც ვერ ხედავს.

მიკროსკოპებმა თვალთახედვის არე ძალიან გაზარდა და ადამიანის თვალწინ მიკროორგანიზმების განსაცვიფრებელი სამყარი გადაიშალა. მან ერთ წვეთ წყალში, რომელშიც ადრე ვერაფერს ამჩნევდა, რამდენიმე ათასი მიკრობი დაინახა.

გამოიგონეს ტელესკოპიც, რომლითაც თვალხილული გახდა ორ მილიონამდე ვარსკვლავი, ექვსი ათასის ნაცვლად.მაგრამ ყველაფერი ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არსებობს, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აქედან გამომდინარე, განა ადამიანს შეუძლია ღმერთის დანახვა მაშინ, როცა ღვთის შექმნილი ხილული სამყაროც ბოლომდე ვერ შეუცვნია?!

თუმცა არსებობს უხილავი, სულიერი სამყაროს ნაწილი, რომელსაც მატერიალისტებიც არ უარყოფენ, მაგალითად: სიყვარული, სიხარული. მათი არსებობა არანაირად არ აიხსნება მატერიალისტური ფილოსოფიით. ამის კარგი მაგალითია ეს დიალოგი:

- იცით, რატომ არ მწამს სულის არსებობა?! - განაცხადა საოპერაციო მაგიდასთან მყოფმა ექიმმა, - რამდენი ადამიანიც გამიკვეთავს, სული არასდროს მინახავს მათში.

- თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ გონებაც არ უნდა ვაღიაროთ. - შეეკამათა მეორე. - რამდენჯერ ამიხდია თავის ქალა, მაგრამ ტვინში აზრი და გონება არ დამინახავს.

- მე კი არც ერთი ჩემი ავადმყოფის გულში სიყვარული არ მინახავს, მაგრამ ეს გრძნობა ხომ ყველას გამოუცდია?!

ასევეა სულიც. ჩვენ ვერ ვხედავთ მას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

ჩვენ ვერ შევიგრძნობთ იმ ზღვარს, რომელიც ღმერთმა გადო უხილავ და ხილულ გრძნობებს შორის. აი, ამის კიდევ ერთი მარტივი მაგალითი: შენ დაბრუნებული ადამიანი როცა იცვლის დამტვერილ ტანსაცმელს, აღნიშნავს, როგორ გავიმტვერეო, ამით კი სამოსელთან ერთად თავის მდგომარეობასაც წარმოგვიდგენს. ასევეა, როცა დაღლილი ამბობს, რომ დაიღალა და ისვენებს. ორივე შემთხვევაში მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რადგან მატერიასთან აქვს საქმე. მაგრამ როდესაც იგი ისმენს სასიამოვნო მელოდიას, ანდა დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვით ხარობს, ამ სიხარულს ასე გამოხატავს:

- ჩემი ბედნიერების გამდმოცემაც კი მიჭირსო.

ანდა ხომ შეგინიშნავთ, როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებთ, როგორი სიხარული ისადგურებს გულში! ასევე გვემართება, როცა ჩვენს გარშემო ნაირფერ სამყაროს ვხედავთ. ყოველივე ამის შეგრძნება მატერიალურად კი არა, სულიერად ხდება. და რამდენად აღემატება ეს განცდა ხორციელ განცდებს! სწორედ ამიტომ სულიერ ცხოვრებას მეტი მნიშვნელობით უნდა მოვეკიდოთ, ვიდრე ხორციელს. სულიერი ცხოვრებაში ჩაღრმავებით ვიმტკიცებთ რწმენას, ვიწყებთ ღვთის მცნებებით ცხოვრებას. ამ დროს მოგვიცავს არა მარტო ახლობლების, მტრების სიყვარულიც, და ისადგურებს ჩვენში სიმშვიდე. ყოველივე ამის უარყოფა კი უკარგავს ადამიანს ცხოვრების აზრს.

წმინდა ბასილი დიდი ამბობს:

- ადამიანს მთელი მსოფლიო რომ მისცე, კიდევ მეტს მოინდომებს. იგი იმდენად გაუმაძღარია, ყველაფერი ეცოტავება.

ღმერთმა ისე შექმნა ადამიანი, რომ ის ამ ქვეყნად ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე.

ადამიანი შეიძლება შევადაროთ წიგნს - მისი სხეული, უფრო სწორად გარეგნობა, წიგნის ლამაზად გაფორმებულ ყდას, გული - იმ იდეას და აზრს, რომელიც ჩადებულია წიგნში. ცეცხლში რომ ჩავაგდოთ ეს წიგნი დაიწვება, მაგრამ იდეა და აზრი, რომლებიც ამ ფურცლებზე იყო, დარჩება და არ განადგურდება.

თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს მას ის გრძნობები, როგორიცაა:

1. გონება - აზროვნების, განჭვრეტის უნარი.

2. ინფორმაციის წყარო - ანუ ლაპარაკის უნარი, ზეპირიცა და წერილობითიც.

3. ნებისიყოფა - რომლითაც ირჩევს თავისთვის საჭირო გზას და რითაც განსაზღვრავს მთელ თავის ცხოვრებას.

4. სინდისი - ეს უმაღლესი მსაჯული, რომელიც არსებობს ჩვენს სულში და რომელიც წარმოადგენს ღვთის ხმას. ეს ხმა იმასაც კი ესმის, ვინც ღმერთს უარყოფს. (ყური სასმენად გვაქვს, თვალი - დასანახად, სინდისი კი - გასაფრთხილებლად, - ამბობს იოანე ოქროპირი).

5. ინტიუცია - წინასწარი შეგრძნება, ანუ მეექვსე გრძნობა.

6. წარმოსახვა - ეს საოცარი უნარი გონებისა სხვადსხვა საგნებისა და მოვლენების, ჩვენგან დიდი მანძილითა და დროით დაშორებული საგნების წარმოსახვისა.

7. მეხსიერება - რაიმეს გონებაში ჩაბეჭდვის უნარი და წარსულის შემონახვა.

როგორც ადამიანის სხეულს აქვს სხვადასხვა ორგანოები, - ამბობს წმინდა მაკარი ეგვიპტელი, - და ყველას ერთად მთლიანობაში ჰქვია ადამიანი, ასევე სულსაც გააჩნია თავისი წახნაგები და ხარისხები: გონება, სინდისი, ნებისყოფა, აზრები. ყველაფერი ეს კი წარმოადგენს ადამიანის შინაგან სამყაროს.

ერთმა მეცნიერმა ისიც კი გამოიანგარიშა, ადამიანის სხეულს თუ დავშლით ელემენტებად, მისი ღირებულება დაახლოებით 6 ბილიონ დოლარად შეფასდება, იმდენ ქიმიურ ელემენტს შეიცავს იგი. მაგრამ იგივე ამ ელემენტებისაგან ისევ რომ მივიღოთ ადამიანის სხეული, საჭირო იქნება 6 ტრილიონი დოლარი. გაცოცხლება რომ მოვინდომოთ, მისთვის სულის ჩასადგმელად მთელი დედამიწის სიმდიდრე და განძეულობა არ გვეყოფა. სწორედ ამიტომ ამბობს უფალი - ადამიანის სული მთელს მსოფლიოზე ძვირფასიაო.

„რამეთუ რაჲ წარგებელ არს კაცისა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს, ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მათე 16, 26).



5. სარწმუნოება


მაკარი დიდი ამბობს, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა სიკეთეა.

- სული თვითონაა სიკეთე. - ამბობს ტერტულიანი.

ღმერთი ყველა სიკეთის საწყისია. ის ყველა მატერიალურ ფასეულობაზე მაღლა დგას. ამიტომაცაა, რომ ყველა სულიერი მისკენ ისწრაფის. ეს სწრაფვა შეიძლება შევადაროთ მცენარეს, რომელიც სადაც არ უნდა დადგათ, ყოველთვის მზისკენ შემობრუნდება. მზის გარეშე მას არ შეუძლია სიცოცხლე.

უფალს ყველა ადამიანის სულის ცხონება უნდა, რაც კეთილი საქმეების გარეშე შეუძლებელია. კეთილი საქმეების საკეთებლად კი აუცილებელია გვწამდეს ღმერთი.

ღმერთს ადამიანები სხვადასხვაგვარად შეიცნობენ. იგი, როგორც ვიცით, თვალით უხილავი არსებაა, მაგრამ მისი ქმედება ყველაფერში ვლინდება. ღვთის არსის შეგრძნება ისეთი სიხარულის მომცველია, რომ ადამიანი მზადაა ათასი ჭირი და უბედურება აიტანოს ღვთის გულისათვის. ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა დედა ღვთის სიყვარულს შვილსაც სწირავდა. კონკრეტულად შეგვიძლია ასეთი ამბის გახსენება:

ქრისტიანთა დევნის პერიოდში ერთ-ერთ ასისთავს დაავალეს თავს დასხმოდა სალოცავში თავშეყრილ მლოცველებს და ამოეწყვიტა ისინი. ასისთავი თვითონაც მორწმუნე იყო და მალულად წინასწარ გაგზავნა მსახური, რომ გაეფრთხილებინა მლოცველები და გასცლოდნენ იქაურობას. მაგრამ ადგილზე მისულს მაინც დახვდა სალოცავში ერთი ქალი ბავშვით.

- კი მაგრამ, ხომ გაგაფრთხილეს, რომ აქაურობას უნდა გასცლოდი?- ჰკითხა ასისთავმა.

- გამაფრთხილეს, მაგრამ მსურს შევეწირო ქრისტეს.

- ბავშვი?! ბავშვი მაინც რატომ არ განარიდე?

- ბავშვიც მინდა ქრისტეს შეეწიროს!

ასისთავი, როგორც გითხარით, თვითონაც მორწმუნე იყო, მაგრამ ქალის ასეთმა რწმენამ ისეთი ძალა შემატა, თვითონაც ხმამაღლა, დაუფარავად განაცხადა უარი დავალების შესრულებაზე.რაღა თქმა უნდა, ამის გამო არც მას დაადგა კარგი დღე.

ღმერთი ზოგჯერ, ადამიანებმა რომ ირწმუნონ, ცხადად უვლენს მათ სასწაულებს.

1958 წლის 8 ოქტომბერს, დილით 5 საათზე ერთი სასტუმროს დარაჯმა ზეცაზე ღვთისმშობლის გამოსახულება დაინახა და სასტუმროში შევარდნილმა ხალხს უხმო ამის სანახავად. 15 წუთის განმავლობაში არ გამქრალა ციდან ღვთისმშობლის გამოსახულება და ამ ხნის მანძილზე ადამიანები მუხლმოდრეკილნი სთხოვდნენ შეწყალებას მას. გამოსახულების გაქრობის შემდეგ ნათელი გათენებამდე იყო იმ ადგილზე.

ქალაქ კემეროვოში ერთი მსახიობი ქალი ორი წელი იყო მიჯაჭვული საწოლს, ფეხები ისე ტკიოდა, ვერ დგებოდა. ერთმა ღვთისნიერმა ურჩია მონასტერში წასულიყო და იქ ელოცა. სამი თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და ყოველდღიური ლოცვებით ღმერთს სთხოვდა შველას. ერთხელაც, წვიმის შემდეგ, ძლივს რომ მიფორთხდა სალოცავ ადგილამდე და ხატს ემთხვია, უცებ იგრძნო ძალა. წამოდგა და გაიარა. სულ მალე კი სრულად გამოჯანმრთელდა.

ერთ გაუქმებულ ტაძარში მემონტაჟეთა ბრიგადას ელექტრო ხაზები გაჰყავდა. ერთგან ზედ მაცხოვრის ფეხებზე უნდა გაეტარებინათ ხაზი. ვერავინ გაბედა ამ ადგილს რომ შეხებოდა, ერთის გარდა, რომელიც ძალიან გაამხიარულა მუშების შიშმა. მან დაიწყო კედლის გახვრეტა, თან სხვებს დასცინოდა:

- ახლაც გჯერათ, რომ ამ ხატს შეუძლია ვინმეს დასჯა?!

დილით ლოგინიდან წამოდგომა რომ დააპირა, ფეხების საშინელმა ტკივილმა არ მისცა ამის საშუალება. ახლა კი შეიგრძნო ხატის ძალა, მაგრამ რაღა დროს! ცოდვები მოინანია, ეზიარა და უფალმაც მიიბარა მისი სული.

უფლის არსებობამ არ უნდა დაგვაეჭვოს. განა მან არ მოგვანიჭა სინდისის, ნამუსის ხმა?! ეს იგივე ღვთის ხმაა, ხმა, რომელსაც ადამიანები ასე ხშირად ყურსაც არ უგდებენ და უარყოფენ. განა სამყაროს ასეთი მრავალფეროვნების შემყურე ჭკუათმყოფელმა კაცმა არ უნდა იწამოს ღმერთი?! უფლის ჯვარცმა ლეგენდა რომ ყოფილიყო, როგორც ამას ათეისტები ამტკიცებენ, განა მოაღწევდა ჩვენამდე?! მან კი საუკუნეებს გაუძლო და ასე მოაღწია. განა შეიძლება ამდენი ხანი ილაპარაკონ პიროვნებაზე, რომელიც არ არსებობს?! მართლაც რომ არ არსებობდეს ჯოჯხეთი და სამოთხე, ბოტორი და კეთილი, სიკვდილი და უკვდავება, და ბოლოს და ბოლოს რომ არ არსებობდეს ღმერთი, არც ამდენი ლიტერატურა შეიქმნებოდა მის უარსაყოფად.

ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა მთელი კლასისაგან მოითხოვა უარეყოთ ღმერთი. მან ხატი იატაკზე დააგდო და ბავშვებს სათითაოდ აიძულებდა შეურაცხეყოთ იგი. მხოლოდ ერთმა განაცხადა ამაზე უარი.

- შენ რა?! - გაუბრაზდა მასწავლებელი. - გწამს ღმერთი?!

- თქვენ ამბობთ ღმერთი არ არსებობსო. მაშ ვიღას მივაფურთხო? და თუკი არსებობს, მაშინ არა სჯობს თაყვანი ვსცე მას?!

მასწავლებელი გააოგნა ბიჭის ასეთმა საზრიანობამ. ათეისტები ხშირად ვარდებიან მსგავს უხერხულ სიტუაციებში. და მართლაც, ნუთუ ადამიანს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ უნდა აძლევდეს იმის შეგნების უნარს, რომ ამ ხილულ სამყაროს აუცილებლად უნდა ახლდეს უხილავიც?! განა ამის დასტური არ არის ნათლისა და ბნელის არსებობა?! თუ არსებობს ხორციელი ცხოვრება, უნდა არსებობდეს სულიერიც. თუ არსებობს დროებითი, უნდა არსებობდეს მარადიულიც! და ასე დაუსრულებლივ... ერთი სიტყვით, თუ არსებობს სააქაო ცხოვრება, უნდა არსებობდეს საიქიოც! განა ადამიანები ივლიან სათევზაოდ, სადაც დარწმუნებულნი არიან, რომ თევზი არ არის?! ასევე, განა ამდენი მლოცველი ეყოლებოდა ტაძრებს, ღმერთი რომ არ არსებობდეს?! აუქმებენ და მერე მისკენ მიმავალი ბილიკიც ხომ იფარება ბალახით, რადგან მასზე აღარავინ აღარ დადის. ეკლესიაში რომ ღვთის მადლი არ არსებობდეს, რისთვისღა ივლიდა ამდენი ხალხი?! განა არ გაგიგიათ, როგორ მადლიერებას გამოთქვამენ ხშირად ავადმყოფები, როცა გრძნობენ ღვთის შემწეობით რომ ეძლევათ ძალა და თუ სხვაგან არაფრით არ შეუძლიათ დგომა, ტაძარში საათობით რომ დგანან დაღლასაც რომ არ გრძნობენ?!

ღმერთი რომ არ არსებობდეს, რისთვის დასჭირდებოდა მის წინააღმდეგ ათეისტებს ასე თავგამოდებით ბრძოლა?! ისინი კი არამცთუ ებრძვიან მას, საოცარ ფანატიზმსაც იჩენენ ამის მტკცებისას. რა არის ეს, თუ არა ეშმაკისა და უფლის ბრძოლა, რომელიც იქიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა განდევნა ზეციდან სატანა, გამუდმებით ცდილობს აცდუნოს ადამიანი?! სწორედ ამიტომ ირჩევს ამ ბრძოლის ველად ადამიანის გულს.

მოაზროვნე ადამიანთა უმეტესობა, მათ შორის ბევრი გამოჩენილი მეცნიერი, აღიარებს ღმერთს, მაგრამ უგუნურ ადამიანთა აზრიც ღვთის არსებობის შესახებ, მაინც გავრცელდა ხალხში. რატომ მოხდა ასე? ამის ახსნა არ გაგვიჭირდება, თუ დავაკვირდებით, რომ კეთილი საქმეების კეთებას უფრო მეტი წინააღმდეგობა რომ ხვდება, ვიდრე ბოროტების კეთებას. ღმერთი კი სულ სიკეთის ქმედებისკენ მოგვიწოდებს, უცოდველ ცხოვრებას გვირჩევს. ეს კი ნიშნავს ბევრ ისეთ რამეზე უარის თქმას, რის დათმობასაც ადამიანი ამჯობინებს ღმერთის უარყოფას. ადამიანთა უმეტესობა ვერ ელევა მიწიერ სიამეებს, ცოდვებს, მოსწონს იგი. აქედან გამომდინარე კი მათთვის ხელსაყრელია არ დაიჯერონ ღვთის არსებობა, უარყონ იგი. როცა ღმერთს უარყოფ, ყველაფერი უზნეო დასაშვები გახდება. ადამიანს კი მოსწონს, როცა უზნეობას სჩადის, იმიტომ რომ იგი ცოდვის შვილია. ასეთი ადამიანები როცა სჭირდებათ ღმერთის სახელს მხოლოდ მაშინ ახსენებენ და ახსენებენ უმეტესად მაშინ, როცა მისი დადანაშაულება უნდათ.

არსებობს გადმოცემა ადამიანმა რომ მოსთხოვა პასუხი ღმერთს იმ ომებისათვის, რაც დედამიწაზე ხდებოდა. გამოეცხადა მას ღმერთი და უთხრა:

- მე ყველაფერი მოგეცი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის. შენ კი არ იკმარე იგი და ერთმანეთს ართმევთ. განა მე გაიძულებ ამის კეთებას?



6. არჩევანის თავისუფლება

ათეისტები ხშირად სვამენ, მათი აზრით, ვითომცდა ასეთ პარადოქსულ კითხვას:

- თუ ღმერთი არსებობს, რატომ აძლევს ადამიანს ბოროტების ჩადენის უფლებას?

ამ კითხვაზე ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება:

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ჰიპნოზის გაკეთების უნარი. განა რომელიმე თქვენგანი მოინდომებს დააჰიპნოზოს საკუთარი შვილი და ისე ამოქმედოს?! ასე ხომ მათ წაართმევთ თავისუფლი ქმედების უნარს და ისინი მხოლოდ თქვენი ბრძანებების მიხედვით იმოქმედებენ?! თქვენ ეტყვით:

- დაჯექი!

ისიც დაჯდება და იჯდება მანამ, სანამ არ უბრძანებ:

- ადექი!

ისიც ადგება. მერე მოისურვებთ:

- მისურვე ძილი ნებისა! და ისიც გისურვებთ.

განა სასიამოვნო იქნება ასეთი ურთიერთობა?!

განა სასიამოვნოა, როცა სიყვარულის გარეშე გემორჩილებიან?! ალბათ, არცერთ თქვენგან არ მოეწონებოდა ასეთი იძულებითი სიყვარული. ხომ თითოეულ თქვენგანს სურს შვილები საკუთარი ნება-სურვილით გექცეოდნენ ასე. ჰქონდეთ საკუთარი ორიენტაცია სიკეთისკენ?! არც მოისურვებთ წაართვათ მათ ის თავისუფლება, რომელიც ყველა ადამიანს ღვთისაგან აქვს ნაბოძები, ისინი თვითონ უნდა წარმართქვდნენ თავიანთ ცხოვრებას. სწორედ ასეთი შვილები სურს უფალს. ამიტომაც მოგვცა არჩევანი ორ გზას - სიკეთისა და ბოროტების გზას შორის. ადამიანთა უმეტესობამ რატომღაც ბოროტების გზა ამჯობინა. ადამიანები ვერ შელევიან ბნელს და არ სურთ შევიდნენ ნათელში:

„რამეთუ ყოველს, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა ასე ემხილენ საქმენნი მისნი“ (იოანე 3, 20).

ღმერთს ადამიანის გონება კი არა, ეშმაკის ბუდედ ქცეული გული უარყოფს:„თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი...“ (ფს. 13, 1).

სწორედ ამიტომაა ძნელი ღვთის არსებობაში დაარწმუნო ასეთი გულის ადამიანი.

„შეგიძლია კი შენ გამოძიებით შეისწავლო ღმერთი? შეგიძლია სრულყოფილად ჩატიო გონებაში ყოვლის მპყრობელი?“ (იობი 11, 7).

ღმერთის შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია.ადამიანის ყველა გრძნობა ერთად უნდა გრძნობდეს და ითავსებდეს ღმერთს.

ცოდვებით დამძიმებული ადამიანი უარყოფს ღმერთს. მაგრამ ვინმეს სურვილით როდი განისაზღვრება ღვთის არსებობა. მის არსებობაზე მეტყველებს გარშემო ყველაფერი. ასეთი ნაირფერი სამყაროს შექმნა მხოლოდ უძლეველი და უსასრულო ძალის მქონე არსებას შეეძლო. ცოდვებით დამძიმებული ადამიანი თავს იმით იმშვიდებს, რომ ვერავინ ხედავს მის შეცოდებებს. იმას კი არ უფიქრდება, ბრმას რომ არ შეეძლო ასეთი მრავალფეროვნების შექმნა. არც ყრუს არ შეეძლო ასეთი მრავალხმიანობის შექმნა! ათეისტებს არ სურთ დაიჯერონ ღვთის არსებობა. მათაც თვალები, ბუს მსგავსად, ტყუილად აქვთ. ისინი ამ ფრინველივით ნათელს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ კი არა, ლამის მზის ჩასვლასაც კი უარყოფენ. ისინი ჰგვანან კაცს, რომელიც სარდაფში მყოფთ არწმუნებს მზის არარსებობაში. სარდაფში მყოფთ კი მართლაც არადროს უნახავთ მზე და ბრმად სწამთ ამ კაცისა. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მზე მართლაც არ არსებობს?! ასევე არ არსებობს ღმერთი მათთვის, ვინც ბნელ საქმეებს სჩადის. მათთვის სწორედ ღვთის უარმყოფელნი არიან მაამებელნი. პავლე მოციქული ამბობს:

„- რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლის ამ მოძღვრებასა არა თავს იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებენ, მოძღვართა ქავილითა ყურთაჲთა ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისი გარე მიიქციეს და ზღაპრებსა მიექცნენ“ (ტიმ. 4, 3-4).

მაგრამ, როგორც ნათელში მყოფთათვის არსებობს მზე. ასევე კეთილი ადამიანის გულში არსებობს ღმერთი (სწორედ ასეთ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი ღმერთთან).

ცოდვის ჩადენით ადამიანი კარგავს იმ მადლს, რაც ღვთისაგან აქვს მინიჭებული. რაც უფრო იზრდება ცოდვათა რიცხვი, მით უფრო ეშვება ადამიანი ქვემოთ, იფიტება და სულიერად ცარიელდება. ასეთი სიცარიელე კი მას სურვილებიდანაც აცარიელებს და ასე კარგავს იგი სიხარულის შეგრძნების უნარს. ასეთ ადამიანს არაფერი ახარებს. და რადგან ისინი სულიერებას მოკლებულნი არიან, ხორციელი სიამეები კი აღარ ახარებთ, სხვა რაღა დარჩენიათ, თუ არა იცხოვრონ მირაჟებით. ამიტომ ზოგი ოპიუმს ეტანება, ზოგი - მორფს, ზოგიც - გარყვნილებას ეძლევა და გადაგვარდება, ზოგიც თავს იკლავს. აი, საით მიჰყავს ღვთის უარყოფას ადამიანი. იგი თავისი ხელით ისპობს ღვთისაგან ბოძებულ უდიდეს ჯილოს - სიცოცხლეს.

ათეისტები შეიძლება „უღმერთოების სექტას“ მივაკუთვნოთ. ეს სექტა აღმერთებს მატერიას. ადრე წარმართები აღმერთებდნენ ციურ მნათობებს, ქვებს, ხეებს და ა.შ. ათეისტემა კი ეს ყველაფერი ერთად გააღმერთეს. და ეს მათთვის ძალიან ხელსაყრელი გამოდგა, რადგან უსულო მატერიას არ სჭირდება არც სიყვარული, არც გული. იგი არავის მოუწოდებს სიკეთისკენ, არავის უკრძალავს ბოროტების ჩადენას. უფალი კი, თავისი მცნებებით, გავსწავლის ცხოვრების ჭეშმარიტ გზას, ამხელს ბოროტებას, ქადაგებს სიყვარულს. მატერია არ მიუთითებს არავის ცხოვრების მიზანზე. არც იმას იკვლევს, თუ რას წარმოადგენს ადამიანი და რისკენ უნდა ისწრაფოდეს იგი. ასე რომ, ერთი ჩვენი გამონათქვამისა არ იყოს: „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო!“. ეს ყველაფერი ხელს აძლევთ ცოდვილთ. მათთვის სწორედაც რომ ხელსაყრელია ასეთი ღმერთი.

თ. დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს:

- თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისათვის ყველაფერი დასაშვებიაო.

ათეისტებმა ადამიანებს წაართვეს რწმენა და სანაცვლოდ კი არაფერი მისცეს. მათი მცნებებითა და მოძღვრებით დაავადებული თაობა დაემგვანა იმ სახედარს, რომელიც თავდაუზოგავად გარბის, რათა იმ ტომარას მისწვდეს ცხვირწინ რომ დაუკიდეს. მაგრამ პატრონი მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლისას აძლევს ამის ნებას. ოღონდ სახედრისაგან განსხვავებით, ეს თაობა, ცხოვრების ბოლოში გასული აღმოაჩენს, რომ ეს ტომარა თივით კი არა, ტყუილებითაა სავსე.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს: ადამიანის გონება სანაგვე ყუთი როდია, რომელშიც გაუთავებლივ შეიძლება ყარო ნაგავი. ადამიანმა თავისი გონება ჭეშმარიტების შეცნობას უნდა მოახმაროს და არ უნდა დაივიწყოს, რომ მარადიული ცხოვრებისათვის არის შექმნილი, რომ მას უკვდავი სული გააჩნია.



7. სიკვდილი და უკვდავება

დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა არც ისე დიდია. საშუალოდ თუ ავიღებთ 70 წელს, აქედან ადამიანი 23 წელს ძილს ანდომებს, 10 წელი იგი იმ ასაკშია, როცა დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. 10 წელსაც სწავლას ანდომებს. ე.ი. ამ 70 წლიდან მას დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების მხოლოდ 27 წელი რჩება. და ამ წლებსაც უმეტესად უაზროდ ვფლანგავთ. ისე ვმოქმედებთ თითქოს დაუსრულებლად ვიცხოვრებთ ამქვეყნად. თუმცა ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი აუცილებლად გვეწვევა, სიკვდილი, რომელიც გაანადგურებს ყვალაფერ ამქვეყნიურს: გონებას, ნიჭს, სიმდიდრეს, თანამდებობას...

ყოველწლიურად დედამიწაზე 60 მილიონი ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს, ყოველ წამში 100-მდე ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას და უბრუნდება მიწას, რისგანაც შექმნა ღმერთმა. ჭირისუფალთ ამ დროს გაოგნება და იმედგაცრუება იპყრობთ: სად მიდის ამ ქვეყნიდან წასული კაცის გონება და აზრი? რისთვის ისწავლა მან? თუკი ღმერთი თვითონ უკვდავია, რატომ დაანათლა თავის ქმნილებასაც ეს უკვდავება? რა საჭირო იყო ადამიანის შექმნა, თუკი იგი უნდა მომკვდარიყო? რისთვის მისცა მას ღმერთმა სიბრძნე, სიყვარული, რწმენა, თუკი ყველაფერ ამას მიწა ჩაყლაპავდა? - აი, კითხვები, რომლებიც ეუფლება ჭირისუფალს. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კითხვებისაგან! უფალი ასე არ იმეტებს ადამიანს. განა გაიმეტებს რომელიმე მამა თავის პირმშოს სასიკვდილოდ?! ღმერთმა ადამიანის სულს უკვდავება მიანიჭა და იგი არც არასდროს არ კვდება. არ კვდება იმიტომ, რომ სული მატერია არაა და მიწა ვერც მიიღებს მას. იგი ზეცისკენ ისწრაფის, ზეცისკენ, სადაც ადამიანს თან მიაქვს მთელი ის სულიერი საგანძური, რაც დედამიწაზე მოუხვეჭია.

ადამიანის სულის სამუდამო სამყოფელი ზეცაა. ამიტომ ისწრაფის იგი მისკენ. მაგრამ ასეთი სწრაფვა მხოლოდ იმ ადამიანთა სულებს გააჩნიათ, ვისაც სწამს თავისი შემქმნელისა და ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ხოლო იმათთვის, რომლებსაც არ სწამთ ღმერთი და ცდილობენ დაეპატრონონ ყოველივე ამქვეყნიურს, იხვეჭენ სიმდიდრეს, იძენენ აუარება ნივთებს, ტკბებიან თავიანთი შესაძლებლობებით და თავი მოაქვთ იმით, რომ ღვთის დაუხმარებლად მოიპოვებენ „მიწიერ სამოთხეს“, მართლაც საშინელია გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება, რადგან მათი სული ვერ შეაღწევს ცის სასუფეველში. აქ მიწაზე ეძლევიან ისინი გულუბრყვილო ოცნებას, რომ ასე იცხოვრებენ მარადიულად. მაგრამ ეს ფუჭი ოცნებაა. ღმერთს ადამიანისთვის მიწაზევე რომ მიენიჭებინა უკვდავება, სიკვდილი არ იარსებებდა. მაგრამ განა ჩვენს თვალწილ არ კვდება უამრავი ადამიანი?! ჩვენს თვალწინვე ხდება დღე-ღამის მონაცვლეობა, ზაფხულს შემოდგომა მოჰყვება, შემოდგომას - ზამთარი, ზამთარს - გაზაფხული და ასე დაუსრულებლივ. წელიწადის დროთა ეს მონაცვლეობა ხომ ბევრის მთქმელია, უპირველეს ყოვლისა კი იმის დადასტურებაა, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება...



8. მკვდრეთით აღდგომა

„ღმერთმა ორი სამყარო შექმნა: სააქაო და საიქიო, მატერიალური და სულიერი, მიწიური და ზეციური. მიწიური - გამოცდილების შესაძენად, ზეციური - ჩვენი მოთმინების გამოცდის ჯილდოდ. ამქვეყნიური ცხოვრება ძირითადად ჭიდილია, ზეციური კი უკვე მიღწეული ნაპირი“ (წმ. იოანე ოქროპირი).

დადგება საშინელი სამსჯავროს წუთი და ყველა ადამიანი, ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე, წარსდგება ამ სამსჯავროს წინაშე. აღდგებიან მიცვალებულები მკვდრეთით. მათთვის, ვინც სამსჯავროზე გამართლდებიან, დადგება მუდმივი ზაფხული, სრულიად სხვაგვარი, საუცხოო და სიტკბოებით აღსავსე ცხოვრება. მკვდრეთით აღდგომა ეს ღვთის საიდუმლოებაა. თუმცა საღმრთო წერილი ერთგან მიგვანიშნებს ამაზე: „აჰა, შევუყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით... და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; წამოდგა ფეხზე დიდძალი ჯარი“ (ეზეკ. 37, 5, 6,10).

წმიდა იოანეს გამოცხადებაში მკვდრეთით აღდგომას ანგელოზის ბუკი და თვით უფლის ხმა გვამცნობს ზეციდან. ეს ხმა გაისმება ყველგან, შეიძვრება მიწა, დაინგრევა საფლავებზე დადგმული ქვები, გაიხსნება სამარხები, ძვლები შეიმოსებიან ხორცით, მიცვალებულები ისეთივენი გახდებიან, როგორებიც იყვნენ გარდაცვალებამდე. ამის შემდეგ სული შეუერთდება ხორცს, ჯოჯოხეთიდანაც დაუბრუნდებიან სულები თავიანთ სხეულებს, ამოვლენ საფლავიდან და ამ დროს იქნება ღრმა ძილიდან გამოფხიზლების შეგრძნება. ამის წარმოდგენა ასე შეიძლება: ბრძოლის შემდეგ დაღლილ ჯარს მინდორში ჩაეძინა. ღამით მათ დაათოვა და მთვარის შუქზე ეს ადგილი სასაფლაოს დაემსგავსა. დილით საგანგაშო ხმაზე წამოიშალა ჯარი და შეიქმნა სრული შთაბეჭდილება იმისა, რომ მკვდრები აღსდგნენ.

თუმცა ასეთ სურათს ჩვენს გარშემო ყოველთვის ვხვდებით. განა გარდაცვალების მოწმენი არა ვართ შემოდგომით, როცა სიმწვანე სიყვითლეში გადადის, ხეებს როცა ნელ-ნელა ეცლებათ სამოსელი?! ზამთარში კი ბუნების სიმყუდროვე განა სამარისებულ მდუმარების შთაბეჭდილებას არა ჰქმნის?! მაგრამ აი, დადგება გაზაფხული და ცოცხლდება ბუნება. მცენარეები თავიდან იმოსებიან ახალი სამოსით, ნაირფერად ყვავილობს გარემო. მოკლედ ასე უნდა წარმოვიდგინოთ მკვდრეთით აღდგომა. აღსდგება ყველა - კეთილიც და ბოროტიც, ციდვილიც და უბიწოც, ისინი კი, ვინც ამ დროს ცოცხალნი იქნებიან, ფერს იცვლიან იმისდა მიხედვით, როგორი ცხოვრებითაც იცოცხლეს. ვინც ღვთის მცნებებით ცხოვრობდა, აღდგომის დროს მას ღმერთი საუკუნოდ დაუმკვიდრებს ადგილს სასუფეველში.

„- აღდგომის დროს ქრისტიანი განათდება თავისი სულის სიწმინდის მიხედვით“. - ამბობს მაკარი დიდი.

ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ხორციელ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა, არ ჰქონდა ღმერთთან დაახლოების სურვილი, არ აკეთებდა კეთილ საქმეებს, არ ლოცულობდა და მოუნანიებელი ცოდვებით გარდაიცვალა, აღსსდგება, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ საუკუნოდ დაიმკვიდროს ჯოჯოხეთში თავისი ადგილი. ასეა იგი განწირული მუდმივად სატანჯველად.

საერთოდ საშინელი სამსჯავროს დროს ყველა ადამიანის ადგილი განისაზღვრება დედამიწაზე გატარებული ცხოვრების შესაბამისად. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ეს სამსჯავრო და ვიცხოვროთ ღვთის მცნებებით.

ადამიანს არ უნდა ეშინოდეს საფლავისა, რადგან იგია მისი მომავალი აღდგომის ადგილი. მას უნდა ჰქონდეს შიში იმისა, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა, რის გამოც იგი საუკუნო სატანჯველში ხვდება. ამ ცოდვებისაგან კი ადამიანს იფარავს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ღვთის მცნებების დაცვა. ადამიანის სულს, რომელიც ამ მცნებებით ცხოვრობს, არც შეეშინდება მკვდრეთით აღდგომისას თავის სხეულში დაბრუნება, თავისთავად შეუერთდება, გააბრწყინებს და გააცისკროვნებს მას. ხოლო ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, რომელმაც არ მოინანია ცოდვები, შავი იქნება და საშინლად მყრალი. სულსაც ამიტომ შეეშინდება მასში ჩაბრუნება, მაგრამ ღმერთი აიძულებს მას იქ შესვლას. ზოგს არ სჯერა მკვდრეთით აღდგომა და ცინიკურად კითხულობს, როგორ მოახერხებს ღმერთი უკვე გახრწნილი და მტვრად ქცეული გვამის აღდგენას.

ასეთი კითხვა ერთხელ გამოჩენილ მეცნიერს, ნიუტონსაც დაუსვეს. მაშინ ნიუტონმა მათ თვალწინ აიღო მიწა, შეურია მას რკინის ფხვნილი, მერე მაგნიტი მიუახლოვა მიწას და მაგნიტმა მაშინვე აიტაცა რკინა, მაგიდაზე კი დარჩა მხოლოდ მიწა. მაშინ ნიუტონმა მიმართა ამ ცდის მხილველთ:

- თუკი ჩვენ ადამიანებმა ვიცით, როგორ გამოვყოთ მიწისაგან სხვა შენაერთი, ღმერთს, რომელმაც არაფრისგან შექმნა ეს სამყარო, სიცოცხლე და ყველაფერი, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება გვამების აღდგენა?!

ადამიანი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკვდავი იქნება. მაშინ მას გაუმძაფრდება მახსოვრობის უნარი. ამიტომ ცოდვებით დამძიმებული ვერასდროს მოისვენებს, მას ყოველ წამს შეახსენებს თავს თავისი ცოდვა, ავი საქმე, ბილწი სიტყვა, უკეთური აზრი, ე.ი. ურიცხვი გულისხმისყოფაც, რაც კი ოდესმე გაუფიქრებია. უფრო მეტიც, აღდგომის შემდეგ ადამიანს მიეცემა ყველაფრის შეცნობის უნარიც და საერთოდ მათ ისე გაუმახვილდებათ შეგრძნების უნარი, რომ თავისი ცოდვებით შეწუხებულნი, მთებს შეღაღადებენ:

- მთებო, დაგვიფარე ღვთის რისხვისაგან!

და სიკვდილიც კი სანატრელი გაუხდებათ. ღმერთი თითოეულს თავის საქმეებისაებრ მიუზღავს: მართალს სამუდამო ნეტარებაში დაამკვიდრებს, ცოდვილს კი მარადიულად ცეცხლში ჩააგდებს. თუ ადამიანი ცოდვებით დამძიმდა დედამიწაზე, მისი ადგილი ჯოჯოხეთშია. აკი ნათქვამია:

- რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

თუ დედამიწაზე ღვთის სიყვარულით იცხოვრე, ზეცაშიც ღვთისგან სიყვარულს მიიღებ, ხოლო თუ ბოროტს დამორჩილდი, მაშინ ცაშიც არ არის შენი ადგილი. ჯოჯოხეთში დაემკვიდრები. ეს კი საშინელი ადგილია. ეს ისეთი სატანჯველია, რომელსაც დასასრული არა აქვს. ზღვა უფრო დაილევა კოვზით, ჯოჯოხეთურ ტანჯვას კი არა აქვს დასასრული. მთის დაშლაც უფრო ადვილად შეიძლება კენჭების სათითაოდ გამოცლით, ვიდრე ამ სატანჯველის გაქრობა.

წარმოიდგინეთ ბროლის უზარმაზარი მთა, რომლის მწვერვალი ცას სწვდება. აი, ამ მწვერვალზე ნისკარტს ილესავს მერცხალი და ამით თანდათან აცლის მწვერვალს შეუმჩნევლად რაღაც ნაწილაკებს. თუ ამ მერცხლის მთელი შემდეგი თაობები ზუსტად ამ ადგილზე გააგრძელებენ ნისკარტის ლესვას, ოდესღაც ალბათ ეს მთაც გაქრება. წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო დასჭირდება ამას?! მაგრამ მაინც აქვს მას დასასრული. ჯოჯოხეთური ტანჯვა კი არასდროს არ თავდება.

აი, ყველაფერი ის, რისი თქმაც გვინდოდა ცხონების გზაზე, ადამიანის სულზე, სიცოცხლის დანიშნულებასა და არსზე. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენმა ამ ნაამბობმა უნაყოფოდ ჩაიაროს.

ძვირფასო მკითხველო! რწმენის ის მარცვალი, რომელიც შენს გულს მოხვდა, დაე, ნაყოფით დახუნძლულ ხედ გადაიქცეს. მოვა დრო და ღმერთი მოგვთხოვს პასუხს ყველა ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვაზე. ამიტომ ამიერიდან მაინც შევეცადოთ არ ჩავიდინოთ იგი. ასე მოვემზადოთ საიქიო ცხოვრებისათვის. ჩვენ ხომ დედამიწაზე ამისთვის ვართ მოვლენილნი. ვიცხოვროთ ისე, რომ არ შეგვეშინდეს სამსჯავროზე წარდგომის. ასეთი ცხოვრება კი ნიშნავს ყოველ წამს, ყოველ წუთს გვახსოვდეს ღმერთი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ავარიდებთ თავს ცოდვებს, მხოლოდ ასე ვიქნებით საიქიო ცხოვრებისთვის მზად.

orthodoxy.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий