ღმერთი

ღმერთი

понедельник, 12 августа 2013 г.

მღვდელმსახური და აღსარება.

ცოდვილის აღსარება, ანუ სულიერ მოძღვართან დიალოგი არსებითად განსხვავდება ნებისმიერი სხვა საუბრისაგან: უწინარეს ყოვლისა, ადამიანი აღსარებისას სრულიად საპირისპიროდ იქცევა, ვიდრე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუკი ყოველთვის და ყველგან ადამიანი ცდილობს თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და გულმოდგინედ ფარავს ნაკლოვანებებს, რათა ვინმეს უფრო ცუდი არ ეგონოს, ვიდრე სინადვილეშია, აღსარებაზე იგი ყველა თავის უარყოფით მხარეს ამჟღავნებს, ცდილობს, გაიხსენოს ყოველი ჩადენილი ცოდვა, არ რცხვენია, რომ საკუთარი თავი დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩინოს. ეს არის პირველი და უმთავრესი პირობა მართებული და სულისათვის მარგებელი აღსარებისათვის, რასაც მღვდელმსახურმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს. ამით უნდა იწყებოდეს ყოველი აღსარება. ეს უნდა ისწავლოს მღვდელმა. ადამიანი, რომელსაც აღსარებისას საკუთარ ცოდვებზე საუბარი ეშინია, „რომელიც ნანობს თავისი ახლობლების ცოდვებს, მაგრამ არა საკუთარს“, აღსარებას საზოგადო საგნებზე საუბრად აქცევს ხოლმე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას წარმოდენა არა აქვს საერთოდ აღსარების შესახებ, ამგვარი „აღსარებით“ კი თავისი სულისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. აღსარება შლის ყველა ზღვარს და სულიერ მოძღვარსა და ცოდვილს შორის ურთიერთობას აბსოლუტური თანასწორობის ხასიათს ანიჭებს. მღვდელს უხდება აღსარების მიღება ბავშვებისა და მოზრდილებისგან, ქალებისა და კაცებისგან, უბრალო ადამინებისა და ბრძენი მეცნიერებისაგან; ობივატელებისგან, გლეხებისგან, ღატაკებისგან, თავის თანამოძმემღვდელმსახურებისაგან, იერარქებისგან, მეფეებისა და ქვეყნის მმართველებისგან. მაგრამ ამ კატეგორიათა შორის არსებული განსხვავება სრულებით იშლება ერთი საერთო სახელის მიღმა - „მონანული“, ანუ ეს ადამიანები ისინი არიან, ვისაც სულის ხელახალი შობა სურთ. ამიტომაც, სულიერი მოძღვრის სინდისი კრისტალურად გამჭვირვალე უნდა იყოს ყოველი ადამიანის მოსასმენად, მისი მოთმინება - ყოველთვის უსაზღვრო, სიმართლის საზომი კი - უმწიკვლოდ სწორი.

აქედან იშვება სწორედ განსაკუთრებული ურთიერთობა „სულიერ მამასა“ და „სულიერ შვილს“ შორის. ეს არც ფრაზეოლოგიაა და არც პირობითი ნათქვამი. მოძღვრის თანაგრძნობით სავსე სიყვარული სწორედ ასეთ სულიერ ნათესაობას წარმოქმნის. ამ ნათესაობაში სულაც არ არის საჭირო რაიმე სენტიმენტალობა. სულიერი მამობა არის სიყვარული და არა ძალაუფლება. მოძღვრის ხელთ ბალზამიცაა და მტკიცე, სიმართლის კვერთხიც. სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას სულიერი დიქტატურის ელფერი არ უნდა დაჰკრავდეს, სულიერი მოძღვარი სულაც არ არის „სულიერი დირექტორი“, როგორც ასე ხშირად მოიხსენიება ლათინებთან. მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს მოძღვრის ძალაუფლება და მისდამი მორჩილების მომენტიც.


როდესაც მღვდელმსახური აღსარებისათვის ემზადება, ანუ როცა საკუთარ თავს განუწყვეტლივ სულიერი მოძღვრობის მაღალი მსახურებისათვის განამზადებს, ასევე ყოველი კონკრეტული აღსარების მიღების წინ უნდა ახსოვდეს, რომ მასზე ბევრადაა დამოკიდებული ცოდვილის ცხონება. ადამიანს, რა თქმა უნდა, ღვთის მადლი აცხოვნებს და ხელახლა შობს, მაგრამ იგი მღვდელმსახურის მეშვეობით გადაეცემა. მღვდელმსახური უნდა ესწრაფოს, რომ მოიხვეჭოს სულიერი გამოცდილება, რომელიც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან მიეცემა და თანაც არა ერთბაშად, არამედ ლოცვის ღვაწლით, ღვთის სიტყვაში და წმიდა მამათა აზრებში ჩაღრმავებით და სულიერ მასწავლებლებთან ურთიერთობით მოიპოვება. ეს გამოცდილება მოძღვარს საკუთარ თავზე მუშაობით მიეცემა. როგორც მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) ასწავლის, მღვდელმსახურთ: უნდა ეცადო, რომ „შეიყვარო ადამიანები, შეიყვარო ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, იმ წუთებში მაინც, როდესაც მან თავი შენ მოგანდო, მიანდო უფალს“ (აღსარება, გვ. 7).

მღვდელმსახურმა უნდა გააცნობიეროს თავისი მსახურების განსაკუთრებულობა, როგორც სულიერი მოძღვრისა. საკუთარ თავში უნდა აღზარდოს ზნეობრივი ნიჭი თანაგრძნობით აღსავსე სიყვარულისა, რომელიც დაეხმარება, ხელახლა შვას მონანული, შეეწიოს მას და გახდეს ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლის თანამონაწილე.

მღვდელმსახური ცოდვას უნდა აღიქვამდეს უფრო მეტად როგორც ავადმყოფობას, ვიდრე როგორც დანაშაულს. უნდა ეცადოს, დაეხმაროს ცოდვილს, განკურნოს იგი და აბობოქრებული სინდისი დაუმშვიდოს. ეცადოს, შეიყვაროს ცოდვილი, ებრალებოდეს იგი. არ ითაკილოს, ნაკლებად ამხილოს და განიკითხოს იგი.

მღვდელმსახურს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ აღსარება აბსოლუტური საიდუმლოა, რომ ის, რასაც აღსარებაში მოისმენს, არასდროს და არანაირ გარემოებაში არ უნდა გაუზიაროს არავის. მღვდელმსახური ამ საიდუმლოს ყოველთვის უნდა იცავდეს, არასდროს გაამხილოს იგი პირად საუბრებში, პოლიციის დაკითხვაზე, ან სასამართლო გამოძიებაზე, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს და ფრთხილად იყოს. არც მინიშნებით, არც გამომეტყველებით, არც ქადაგებაში, არც მოძღვრულ საუბრებში მღვდელმსახურმა არ უნდა მოყვეს ის, რაც მას სინანულის საიდუმლოს დროს გაუზიარეს.

მღვდელი უნდა ეცადოს, საკუთარ თავში განავითაროს გულისხმიერი და გონივრული ყურადღება, ჩაწვდეს მოსმენილს, ეცადოს გაერკვეს მონანულის რთულ და დახლართულ სულიერ ცხოვრებაში. მან უნდა მაშინვე აღასრულოს განსაკუთრებული მოძღვრული ფსიქოანალიზის ამოცანა, საფუძვლამდე ჩაეძიოს, გამოარკვიოს, თუ რა არის ამა თუ იმ ადამიანის სულიერი ავადმყოფობისა და გამოუვალი მდგომარეობის მიზეზი. მან საკუთარ თავში უნდა განავითაროს განსაკუთრებული ნიჭი „სულიერი განსჯისა“.

მღვდელმსახური უნდა ეცადოს, რომ უსაზღვრო მოთმინება და სიმდაბლე მოიხვეჭოს. პირველი განსაკუთრებით აუცილებელია ხანგრძლივი და ხალხმრავალი აღსარებების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია აღსარების თქმა, ისეთ რამეზე საუბარს იწყებს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს აღსარებასთან, ყოველგვარ საყოფაცხოვრებო წვრილმანს იხსენებს, ან სულაც „თავისი ახლობლების ცოდვებს ინანიებს“, საკუთარ თავზე კი სინანულის ერთი სიტყვაც კი არ წარმოსცდება. ხანდახან ისეც ხდება (თანაც საკმაოდ ხშირად), რომ ზოგიერთი პიროვნება აღსარების დროს თავად იწყებს მოძღვრის განსწავლას, მიუთითებს მის ნაკლოვანებებს, რასაც ზოგჯერ საკუთარი თავის დამნაშავედ აღიარების დახვეწილი ფორმით ნიღბავს და მოძღვარს განიკითხავს „ამა და ამაში“ და „ამისა და ამის გამო“ და ა.შ.

ზემოთ ვახსენეთ მოძღვრის განსაკუთრებული ნიჭი მონანული ცოდვილის მიმართ თანაგრძნობით აღსავსე სიყვარულის შესახებ. ანუ იმ უნარზე, რომ მონანულთან ერთად თანაგანიცადოს მისი სულიერი ტანჯვა. მღვდელმა საკუთარ თავში უნდა მოიპოვოს ყველაფრის გაგების უნარი, რათა ყველაფერი აპატიოს. მაგრამ ამასთან ერთად, მოძღვარმა არ უნდა დაივიწყოს ისიც, რომ ასეთი ყოვლისშენდობა მორწმუნეთა ზნეობრივი პრინციპების შესუსტების საბაბად არ უნდა იქცეს. მოძღვარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს წმიდა მამათა საზომი: „გიყვარდეს მონანული, მაგრამ შეიძულე თავად ცოდვა“. ამიტომაც მან უნდა იცოდეს თავისი თანაგრძნობის საზღვარი, რათა მცოდველს საბაბი არ მისცეს, რომ ისევ განაგრძოს თავისი დამღუპველი ჩვევები. „ქრისტე არავის განიკითხავდა, ქრისტემ მრუშსაც კი აპატია“ - ხშირად ამბობენ „ფართო გაგების“ ადამიანები. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქრისტემ, როდესაც მეძავს შეუნდო, ისიც უთხრა: „წადი და მეტად ნუ სცოდავ“. მოძღვარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი მამობრივი ძალაუფლება, ძალაუფლება გახსნისა, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაავიწყდეს შეკვრის ძალაუფლებაც, როცა ეს საჭირო იქნება. როდესაც ცოდვილის სისუსტეს შეწყნარებით მოეკიდება, არ უნდა დაამახინჯოს სახარებისეული სწავლება ცოდვის შესახებ. მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი წერს: „შემწყნარებლობა დაცემულის მიმართ უნდა გვქონდეს, მაგრამ შემწყნარებლობა ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც დაუდევარია და დაცემისას ადგომის სურვილი არა აქვს, საზოგადოებისათვის არასასურველი ზემოქმედება გააჩნია, იგი აგრილებს მოშურნეობას და ავრცელებს დაუდევრობას. ყოველ ადამიანს უნდა მოვუფრ- თხილდეთ: მაგრამ უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ მთელი საზოგადოების სულს. უფალი გვასწავლის, რომ შევაერთოთ წყალობა და ჭეშმარიტება“.


თარგმნა ნათია თარაშვილმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 2004 წ


shemoqmedi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий