ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 июня 2014 г.

იოსებ შტროსმაიერი და მისი სიტყვა 1870 წლის ვატიკანის კრებაზე რომის პაპების მეთაურობისა და უცდომელობის შესახებ

  იოსებ შტროსმაიერი და მისი სიტყვა 1870 წლის ვატიკანის კრებაზე რომის პაპების მეთაურობისა და უცდომელობის შესახებ.
იშვიათი იერარქი რომის კათოლიკური ეკლესიისა ბოსნია-დიაკოვისა და სრემის მთავარეპისკოპოსი, იოსებ იური შტროსმაიერი – შესანიშნავი ადამიანი, დიდი სლავი პატრიოტი და მოღვაწე. მან ბევრი სარგებელი მოუტანა მთელ სლავურ სამყაროს, განსაკუთრენით უხვად დათესა სიკეთე თავის სამშობლოში, ეგრეთ წოდებულ სამერთიან სამეფოში (ხორვატია, სლავონია და დალმაცია). აქ იგი ისეთი სახელითა და პატივისცემით სარგებლობდა, როგორც ცოტა ვინმეს თუ ხვდომია წილად. სამერთიანი სამეფოს სამხრეთ სლავუს მხარეებში ვერ ნახავთ სახლს, რომელსაც არ ამშვენებს დიაკოვის ეპისკოპოსის პორტრეტი. თითქმის ყოველ ქალაქში არის მისი სახელობის გიმნაზია, სკოლა, მუზეუმი, საზოგადოება თუ სამკითხველო. მან გაიღო და მოიძია დიდი ფულადი სახსრები სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო დაწესებულებების მოსაწყობად თავისი სამშობლოსა და ხორვატი ხალხისათვის.

დიდი სიყვარულით იყო გამსჭვალული ამ რომაელ-კათოლიკე მწყემსის ურთიერთობები რუსეთთან. რუსეთს იგი უყურებდა, როგორც კერას ცოცხალი რწმენისა და უზარმაზარი ძალებისა, რომლებიც განაახლებენ დასავლეთს და გააერთიენებენ ყველა ქრისტიანულ ეკლესიას.

1870 წელს შტროსმაიერი დაესწრო რომში ე.წ. ვატიკანის კრებას რომელსაც რომის ეკლესია მსოფლიო კრებად აღიარებდა. კრებაზე ჩამოვიდა უამრავი პრელატი ყველა რომაულ-კათოლიკური ქვეყნიდან (700-ზე მეტი ეპისკოპოსი). პაპ პიუს IX სურდა, რაც შეიძლება დიდი ზეიმით გამოეცხადებინა ამ კრებაზე თავისი უცდომელობა. იმყოფებოდა რა რომში და მონაწილეობდა კრების სხდომებში, შტროსმაიერი შეუპოვრად იბრძოდა პაპების "უცდომელად” გამოცხადების წინააღმდეგ და გადაჭრით თქვა უარი პაპის უცდომელობის აღიარებაზე.

კრებაზე მან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც გაბედულად და დამაჯერებლად განმარტა ქრისტეს ეკლესიაში მეთაურობასა და პირად უცდომელობაზე პაპის პრეტენზიების მცდარობა და უსაფუძვლობა.

აი, რა სიტყვით მიმართა შტროსმაიერმა კრებაზე დამსწრე რომაელ-კათოლიკე "ეკლესიის მთავართ” და თავად პაპ პიუს IX.

თავიდანვე, რაც თქვენთან ერთად სხდომაში მონაწილეობის უფლება მივიღე, ყურადღებით ვისმენდი ამ კრებაზე წარმოთქმულ სიტყვებს და დიდი გულისწადილით ვიმედოვნებდი, რომ ზეგარდმო ჩემზეც გადმოვიდოდა ღვთაებრივი ნათლის სხივი და განანათლებდა ჩემი გონების თვალებს, რათა საქმეში სრულიად გარკვეული დავთანხმებოდი ამ წმიდა მსოფლიო კრების დადგენილებას. ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული, მე უაღრესად დიდი ყურადღებით შევუდექი ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის შესწავლას და ჭეშმარიტების ამ შეუფასებელ საუნჯეში ვეძიებდი პასუხს კითხვაზე, არის თუ არა წმიდა მღვდელმთავარი, რომელიც აქ თავჯდომარეობს, წმიდა პეტრეს მემკვიდრე, იესო ქრისტეს ნაცვალი და ეკლესიის უცდომელი მოძღვარი?

ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად მე იძულებული ვიყავი სახარების ლამპრით იმ დროში წავსულიყავი, როცა არ იყო არც ულტრამონტანიზმი, არც გალიკანიზმი*, და როცა ეკლესიის მოძღვარნი იყვნენ წმ. პავლე, პეტრე, იაკობი და იოანე, ისეთი მოძღვარნი, რომელთა ღვთაებრივ ავტორიტეტსაც ვერავინ უარყობს. მაშ ასე, მე გადავშალე ეს წმიდა ფურცლები (ბიბლიისა). და რა! როგორ გავბედო ამის თქმა? მე მათში ვერაფერი ვიპოვე, რაც ულტრამონტანე-ბის აზრებს დაადასტურებდა. უფრო მეტიც, დიდად გაოცებული დავრჩი, როცა სამოციქულო დროის მიმოხილვისას ვერ ვიპოვე სულ მცირე გადაკრული მითითებაც კი პაპზე, როგორც წმიდა პატრეს მემკვიდრეზე და იესო ქრისტეს ნაცვალზე, ზუსტად ისევე, როგორც ვერ ვიპოვე ვერავითარი გადაკრული მითითება მუჰამედზე, რომელიც იმ დროს არ არსებობდა...

*ულტრამონტანებს იმ რომაელ კათოლიკებს უწოდებენ, რომლებიც კანონიერად აღიარებენ და იცავენ პაპების ყველა პრეტენზიას ეკლესიაში მეთაურობაზე, მიწაზე ღვთის ნაცვლობაზე, უცდომელობაზე, მათ უფლებასაც კი საერო ძალაუფლებაზე, ეთანხმებიან პაპების ყველა მონაგონს სარწმუნოების სწავლებაში. გალიკანობა კი არ აღიარებს პაპების ესოდენ ფართო პრეტენზიების კანონიერებას. ის კრებას პაპზე ზემდგომად მიიჩნევს და კრებას ანდობს პაპების განსჯის ძალაუფლებას, რაც ულტრამონტანებს დაუშვებლად მიაჩნიათ.

ამრიგად, წავიკითხე რა წმიდა წიგნები იმგვარი ყურადღებით, როგორითაც უფალმა შემამკო, ვერ ვიპოვე ვერცერთი თავი და ვერცერთი მუხლი, რომელშიც იესო ქრისტე წმიდა პეტრეს ანიჭებდეს პირველობას მოციქულებზე. თუ სიმონი, ძე იონასი, იყო ის, ვინც ჩვენი რწმენით ამჟამად არის მისი უწმინდესობა პიუს IX, საოცარია, როგორ არ უთხრა მას უფალმა: "როდესაც მე აღვალ ჩემს მამასთან, ყველა მოციქული შენ უნდა დაგემორჩილოს, როგორც მემორჩილებიან მე; მე შენ დაგადგენ ჩემს ნაცვლად მიწაზე”. იესო ქრისტეს კი არათუ არფერი უთქვამს ამის შესახებ, არამედ როდესაც მან აღუთქვა საყდარნი თავის მოციქულებს ისრაელის თორმეტი ტომის განსასჯელად, მან ყველას თანაბრად აღუთქვა და არ უხსენებია, რომ ამ საყდართა შორის წმიდა პეტრეს კუთვნილი საყდარი სხვებზე მაღალი იქნებოდა (მათ. 19,28). ეს მისთვის სათნო რომ ყოფილიყო, ალბათ ასეც ეტყოდა. რა უნდა დავასკვნათ ამ დუმილიდან? ის, რომ ქრისტეს არ სურდა, პეტრე მოციქულთა თავად დაედგინა. როდესაც ქრისტე მოციქულებს სახარების საქადაგებლად აგზავნიდა, მან ყველა მათგანს მიანიჭა თანაბარი ძალაუფლება შეკვრისა და განხსნისა, და ყველას აღუთქვა სულიწმიდა (იოვან. 20,21-23). ნება მომეცით, გავიმეორო: მას რომ ენება, დაედგინა პეტრე თავის ნაცვლად, იგი მას თავისი სულიერი მხედრობის მეთაურობას ჩააბარებდა.

ქრისტემ, როგორც საღვთო წერილი ამბობს, პეტრეს და სხვა მოციქულებს აუკრძალა ბატონობა და ბატონობისკენ სწრაფვა, ან მორწმუნეებზე ძალაუფლება წარმართი მეფეების მსგავსად (ლუკ. 22,25). წმიდა პეტრე პაპად რომ აერჩიათ, უფალი იესო არ იტყოდა ასე, რადგანაც, ჩვენი გადმოცემით, პაპობას ხელთ უპყრია ორი მახვილი – სასულიერო და საერო ძალაუფლების სიმბოლოები.

ერთმა გარემოებამ დიდად განმაცვიფრა. როცა ამაზე ვფიქრობდი, ჩემს თავს ვუთხარი: პეტრე მოციქული პაპად რომ ყოფილიყო არჩეული, განა ექნებოდათ სხვა მოციქულებს იოანესთან ერთად მისი სამარიაში გაგზავნის უფლება ღვთის ძის სახარების საქადაგებლად? (საქ. 8,14). რას იფიქრებდით თქვენ, ღრმად პატივცემულნო ძმანო, ამ წუთს ჩენ რომ გვქონდეს უფლება, გავგზავნოთ მისი უწმინდესობა პიუს IX და მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მონსინიორ პლანტიე კონს-ტანტინოპოლის პატრიარქთან თხოვნით, ბოლო მოუღოს აღმოსავლურ სქიზმას?

მაგრამ ჩვენ ხელთ გვაქვს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი. იერუსალიმში შეიკრიბა მსოფლიო კრება, მორწმუნეთა შორის უთანხმოების გამომწვევი საკითხის გადასაწყვეტად. ვინ მოიწვევდა ამ კრებას, წმიდა პეტრე რომ პაპი ყოფილიყო? წმიდა პეტრე. ვინ იქნებოდა მასზე თავჯდომარე? წმიდა პეტრე ან მისი ლეგატები. ვინ შეადგენდა და გამოაცხადებდა კრების დადგენილებებს? წმიდა პეტრე. აი, ასე; სინამდვილეში კი მსგავსი არაფერი ყოფილა. პეტრე მოციქული სხვების მსგავსად ესწრებოდა კრებას, რომელიც მას კი არ მოუწვევია, არამედ – წმიდა იაკობმა; ხოლო დადგენილებანი გამოაცხადეს მოციქულების, უხუცესი ძმების სახელით (საქ. 15). განა ჩვენ ასე ვიქცევით ჩვენს ეკლესიაში? რაც უფრო მეტად ვიკვლევ წმიდა წერილს, ღრმად პატივცემულო ძმანო, მით უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ წმიდა წერილში იონას ძე არ არის წარმოდგენილი პირველად. ახლა, როცა ჩვენ ვასწავლით, რომ ეკლესია დაფუძნებულია წმიდა პეტრეზე, წმიდა პავლე, რომლის ავტორიტეტშიც არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს (ეფ. 2,20), რომ იგი დაშენებულია მოციქულთა და წინასწრმეტყველთა საფუძველზე, სადაც თავად იესო ქრისტე ქვაკუთხედია. და იმავე მოციქულს ისე მცირედ სწამს წმიდა პეტრეს მეთაურობისა, რომ დაუფარავად კიცხავს მათ, ვინც ამბობს: ჩვენ პავლესი ვართ, ჩვენ კი აპოლოსი (I კორ. 1,12); ისევე როგორც მათ, ვინც იტყვის: ჩვენ პეტრესი ვართ. რადგან ეს უკანასკნელი მოციქული უფალ იესო ქრისტეს ნაცვალი რომ ყოფილიყო, წმიდა პავლე ვერ გაბედავდა საკუთრივ მის მიმდევართა ასეთ ძლიერ გაკიცხვას; იგივე მოციქული ეკლესიაში მსახურებათა ჩამოთვლისას ახსენებს მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, მახარებლებს, მოძღვრებსა და მწყემსებს. ნუთუ უნდა ვიფიქროთ, ღრმად პატივცემულო ძმანო, რომ წმიდა პავლეს, წარმართთა ამ დიდ მოციქულს, დაავიწყდა ამ მსახურებათა შორის პირველის – პაპობის მოხსენიება, იგი რომ ღვთაებრივი დადგენილება ყოფილიყო? ალბათ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დაწერდა გრძელ ეპისტოლეს.

მე წმიდა პავლეს, იოანესა და იაკობის ვერცერთ ეპისტოლეში ვერ ვიპოვე უმცირესი კვალი ან გადაკრული მითითება პაპის ძალაუფლევაზე. წმიდა ლუკა, მოციქულთა მისიონერულ ღვაწლთა ისტორიკოსი, ასევე დუმს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამ წმიდა მოღვაწეთა დუმილი მე მუდამ საეჭვოდ და შეუძლებლად მეჩვენებოდა, პეტრე რომ პაპი ყოფილიყო. მაგრამ რამაც მე გამოუთქმელად გამაოცა, იყო თავად წმიდა პეტრეს დუმილი. მოციქული რომ ყოფილიყო ის, რასაც მას დღეს ჩვენ ვუწოდებთ, ანუ იესო ქრისტეს ნაცვალი მიწაზე, მას ეს ალბათ ეცოდინებოდა; და თუ მან ეს იცოდა, რატომ ერთხელაც არ უმოქმედია, როგორც პაპს? მას შეეძლო ემოქმედა, როგორც სულთმოფენობის დღეს, როდესაც წარმოთქვა თავისი პირველი სიტყვა, – და არ მოქმედებდა; ზუსტად ასევე მას არ გამოყავს თავი პაპად ეკლესიის მიმართ მიწერილ თავის არც პირველ და არც მეორე ეპისტოლეში.

მივუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ. მე ვამბობ: მოციქულთა სიცოცხლეში ეკლესია არასოდეს ფიქრობდა, რომ უნდა იყოს რაღაც პაპი. თუ გვსურს, დავამტკიცოთ საპირისპირო, მაშინ ცეცხლში უნდა ჩავყაროთ მთელი წმიდა წერილი, ან სრულიად უგულებელვყოთ იგი. მაგრამ მე მესმის ყოველი მხრიდან: განა წმიდა პეტრე არ იყო რომში? განა იგი აქ არ აცვეს თავქვე ჯვარს? განა ამ მარადიულ ქალაქში არ მდებარეობს კათედრა, საიდანაც იგი ასწავლიდა და საკურთხეველნი, რომლებზეც იგი აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას?

ღრმად პატივცემულო ძმანო! წმიდა პეტრე რომ რომში იყო – ეს მხოლოდ გადმოცემას ეფუძნება; მაგრამ იგი მართლაც რომის ეპისკოპოსი რომ ყოფილიყო, ამ ეპისკოპოსობიდან როგორ შეგიძლიათ დაასკვნათ მისი მეთაურობა?

როცა მოციქულთა ხანაში პაპობის ვერავითარ კვალს ვერ მივაგენი, ჩემს თავს ვუთხარი: რასაც ვეძებ, ვიპოვი ეკლესიის მატიანეებში. დიახ, გულწრფელად ვამბობ, მე ვეძებდი პაპს პირველ ოთხ საუკუნეში, და ვერ ვიპოვე იგი. იმედი მაქვს, თქვენს შორის არავის ეპარება ეჭვი იაპონიის წმიდა ეპისკოპოსის, დიდი და ნეტარი ავგუსტინეს დიდ ავტორიტეტში. ეს კეთილმასხუ-რი, მასწავლებელი, კათოლიკური ეკლესიის პატივი და დიდება, იყო მელივიის კრების მდივანი. ამ ფრიად პატივცემული კრების დადგენილებაში შევხვდებით შემდეგ შესანიშნავ სიტყვებს: "ვინც მოისურვებს საჩივრით მიმართოს ზღვის გადაღმა მყოფთ მას აფრიკაში არსად მიიღებენ თანა-ზიარებაში”. აფრიკელი ეპისკოპოსები რომის ეპისკოპოსს იმდენად უმნიშვნელოდ თვლიდნენ, რომ განკვეთითაც კი სჯიდნენ მათ, ვინც მასთან ჩივილს მოინდომებდა. კართაგენის მეექვსე კრებაზე, რომელიც ამ ქალაქის ეპისკოპოსის, ავრელიუსის თავჯდომარეობით გაიმართა, იგივე ეპისკოპოსები წერდნენ ცელესტინს, რომის ეპისკოპოსს, რათა გაეფრთხილებინათ, არ მიეღო საჩივრები არც აფრიკელი ეპისკოპოსებისგან, და არც მღვდლებისგან ან კლირიკოსებისგან; და რომ მას მეტად აღარ გამოეგზავნა თავისი ლეგატები ან რწმუნებულები, და რომ იგი ეკლესიაში არ უნდა ამკვიდრებდეს კაცობრივ ამპარტავნებას.

რომის პატრიარქი სულ პირველი ხანიდანვე რომ ყოველგვარი ძალაუფლების საკუთარ თავში თავმოყრას ლამობდა, ეს აშკარა ფაქტია; ისევე როგორც აშკარა ფაქტია, რომ მას არ ჰქონდა ის მეთაურობა, რომელსაც მიაწერენ მას ულტრამონტანები. მას რომ იგი ჰქონოდა, მაშინ აფრიკელი ეპისკოპოსები და ნეტარი ავგუსტინე – პირველი მათ შორის, როგორ გაბედავდნენ მისი უმაღლესი ტრიბუნალის წინაშე მათი განჩინებების გასაჩივრების აკრძალვას? მე არ მიჭირს, აღვიარო, რომ რომის პატრიარქს ეკავა პირველი ადგილი. იუსტინიანეს ერთ-ერთ კანონში ნათქვამია: "ოთხი კრების განჩინების თანახმად ჩვენ ვადგენთ, რომ ძველი რომის წმიდა პაპი იყოს პირველი ეპისკოპოსთა შორის, ხოლო კონსტანტინოპოლის, ახალი რომის უჭმინდესი მთავარეპიკოპოსი – მეორე”. ამრიგად, დაემორჩილე პაპის მეთაურობას – მეტყვით თქვენ. ნუ იჩქარებთ, დაასკვნათ, ღრმად პატივცემულნო ძმანო, რომ თითქოს იუსტინიანეს კანონი თქვენს მიერ დაცული სწავლების სასარგებლოდ დაიწერა. პირველობა ერთია, იურისდიქციის ძალაუფლება კი სულ სხვა. მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ, რომ ფლორენციაში შეიქმნა სამეფოს ყველა ეპისკოპოსის კრება, – პირველობას, რასაკვირველია, მიანიჭებდნენ ფლორენციის პრიმასს, ისევე როგორც აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა შორის – კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ინგლისში კი – კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს. მაგრამ არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს მათ მიერ დაკავებული თანამდებობიდან არ შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ თავიანთი თანამოძმეების მიმართ იურისდიქციაზე. რომის ეპისკოპოსების დიდი მნიშვნელობა მომდინარეობდა არა რაიმე ღვთაებრივი ძალიდან, არამედ ქალაქის მნიშვნელობიდან, სადაც იმყოფებოდა მისი კათედრა.

მე ვთქვი, რომ პირველივე საუკუნეებიდან რომის პატრიარქი ეკლესიაზე მსოფლიო ბატონობისაკენ მიისწრაფვოდა. საუბედუროდ, მან თითქმის მიაღწია ამას, მაგრამ სრული წარმატება ვერ მოიპოვა, რადგან იმპერატორმა თეოდოსი II კანონით დაადგინა, რომ კონსტანტინოპოლისა და რომის პატრიარქებს ჰქონოდათ თანაბარი ძალაუფლება. ქალკედონიის კრების მამებმა ახალი და ძველი რომის ეპისკოპოსები ერთსა და იმავე მდგომარეობაში ჩააყენეს ყოველგვარ, თვით საეკლესიო საქმეებთან დამოკიდებულებაში (თავ. 28). კართაგენის მეექვსე კრებამ აუკრძალა ყველა ეპისკოპოსს, მიეღო ეპისკოპოსთა მთავრის ან უმაღლესი ეპისკოპოსის ტიტული.

რაც შეეხება მსოფლიო ეპისკოპოსის ტიტულს, რომელიც პაპებმა მოგვიანებით მიიღეს – წმიდა გრიგოლ I, რომელსაც ეგონა, რომ მისი მემკვიდრენი არასოდეს იფიქრებენ ამ ტიტულით თავის შემკობას, შემდეგი სიტყვები დაწერა: "დაე, ჩემს მემკვიდრეთაგან არავინ ისურვოს ამ უკეთური სახელის მიღება, რადგან, როდესაც რომელიმე პატრიარქი მსოფლიო პატრიარქის სახელს ითვისებს, პატრიარქის ტიტული ნდობას აღარ იმსახურებს. ამიტომ დაე, ქრისტიანებმა განაგდონ ამგვარი ტიტულების მითვისების სურვილი, რადგან იგი უნდობლობას აღძრავს მათ თანამოძმეებში”. ეს ავტორიტეტული მოწმობები, – მე კი შემიძლია ასეულობით მსგავსი მოწმობა წარმოგიდგინოთ, – განა შუადღის მზის სინათლეზე უფრო ცხადად არ ამტკიცებენ, რომ რომის პირველ ეპისკოპოსებს არასოდეს აღიარებდნენ მსოფლიო ეპისკოპოსებად და ეკლესიის თავებად?

ვინ არ იცის, რომ მსოფლიო კრებებს ისე იწვევდნენ იმპერატორები, რომ არც კი ატყობინებდნენ რომის ეპისკოპოსს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი სურვილის წინააღმდეგაც?

ახლა კი გადავდივარ იმ ძლიერ მტკიცებულებებზე, რომელზეც თქვენ რომის ეპისკოპოსის მეთაურობის დასადასტურებლად მიუთითეთ.

ქვაში (პეტრა), რომელზეც დაარსებულია წმიდა ეკლესია, თქვენ გულისხმობთ პეტრეს (პეტრა). ეს რომ ჭეშმარიტება ყოფილიყო, კამათი შეწყდებოდა; მაგრამ ჩვენი წინაპრები, – მათ კი, რასაკვირველია, რადგანაც იციდნენ, – ჩვენსავით არ ფიქრობდნენ. წმიდა კირილე (IV წიგნში წმ. სამებაზე) ამბობს: "მე ვფიქრობ, რომ ქვაში ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ მოციქულების ურყევი რწმენა”. წმიდა ილარი, პუატიეს ეპისკოპოსი (II წიგნში წმ. სამებაზე) ამბობს: "ქვა (პეტრა) არის კურთხეული და ერთადერთი ქვა წმიდა პეტრეს ბაგეებით აღსაარებული რწმენისა; სარწმუნოების აღსარების ამ ქვაზე არის დაარსებული ეკლესია” (IV წიგნი). "ღმერთმა, – წმ. იერონიმეს თქმით (VI წიგნში მათეს სახარებაზე), – თავისი ეკლესია დააარსა ამ ქვაზე, და ამ ქვისგან მიიღო პეტრე მოციქულმა თავისი სახელი”. მის შემდეგ წმ. ოქროპირი (53-ე საუბარში მათეს სახარებაზე) ამბობს: "ამ ქვაზე მე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას, ე.ი. აღსარების რწმენაზე”. ახლა კი როგორი იყო მოციქულის აღსარება? აი ისიც: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისაჲ”. ამბროსი, მედიოლანის წმიდა მთავარეპისკოპოსი(ეფეს. მიმართ ეპისტ. II თავის განმარტებაში), წმიდა ბასილი სელევკიელი და ქალკედონიის კრების მამებიც ზუსტად ასევე ასწავლიან.

ძველი დროის ქრისტიან მასწავლებელთა შორის წმიდა ავგუსტინეს განსწავლულობითა და სიწმინდით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს; მაშ ასე, ყური დაუგდეთ, თუ რას წერს იგი თავის მეორე ტრაქტატში წმიდა იოანეს პირველ ეპისტოლეზე: "რას ნიშნავს სიტყვები: ამ ქვაზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას? ეს ნიშნავს: ამ რწმენაზე, – სიტყვებზე: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისაჲ” მის 124-ე საუბარში წმიდა იოანეზე ჩვენ ვხვდებით დიდად მნიშვნელოვან სიტყვებს: "შენი აღსარების ამ ქვაზე მე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას. ხოლო ქვა იყო ქრისტე”. დიდ ეპისკოპოსს ისე ნაკლებად სწამდა, რომ ეკლესია წმიდა პეტრეზე იყო დაარსებული, რომ თავის 13-ე საუბარში სამწყსოსადმი თქვა შემდეგი: "შენ ხარ პეტრე, და ამ ქვაზე (პეტრა) შენი აღსარებისა, ამ ქვაზე შენი სიტყვებისა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისაჲ”, მე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას...”

ავგუსტინეს აზრი ამ ცნობილი ადგილის შესახებ იყო მთელი ქრისტიანული სამყაროს აზრი მის დროში. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვა, მე ჩამოვაყალიბებ შემდეგ დებულებებს:

1. იესო ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა იგივე ძალაუფლება, რაც წმიდა პეტრეს;

2. მოციქულები წმიდა პეტრეში არასოდეს აღიარებდნენ იესო ქრისტეს ნაცვალს და ეკლესიის უცდომელ მასწავლებელს;

3. წმიდა პეტრეს არასოდეს უფიქრია, ყოფილიყო პაპი და არასოდეს უმოქმედია ისე, როგორც მოქმედებენ პაპები;

4. პირველი ოთხი საუკუნის კრებები, აღიარებდნენ რა რომის ეპისკოპოსების მიერ ეკლესიაში დაკავებლ მაღალ მდგომარეობას რომის დიდი მნიშვნელობის გამო, მიაკუთვნებდნენ მათ მხოლოდ ღირსების, და არასოდეს ძალაუფლების ან იურისდიქციის პირველობას;

5. წმიდა მამებს არასოდეს უფიქრიათ, რომ ცნობილი ადგილი:"შენ ხარ პეტრე, და ამ ქვაზე მე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას”, გაეგოთ იმ აზრით, რომ ეკლესია დაარსებულია პეტრეზე (სუპერ პეტრუმ), არამედ ქვაზე (სუპერ პეტრუმ), ანუ მოციქულის რწმენის აღსარებაზე.

მე საზეიმოდ ვასკვნი ცნობების, გონების, ლოგიკის, საღი აზრისა და ქრისტიანული სინდისის საფუძველზე, რომ იესო ქრისტეს წმიდა პეტრესთვის არ მიუცია არანაირი მეთაურობა, და რომ რომის ეპისკოპოსები შეიქნენ ეკლესიის მეუფენი ეპისკოპოსობის ყველა უფლების თანდათან, ერთიმეორეზე დათრგუნვის გზით.


თუ ჩვენ პიუს IX უცდომელად ვაღიარებთ, მაშინ ვალდებული ვართ თანაბრად უცდომელად ვაღიაროთ ყველა მისი წინამორბედი. კეთილი! მაგრამ აქ, ღრმად პატივცემულო ძმანო, ისტორია აღიმაღლებს თავის ავტორიტეტულ ხმას იმის დასამტკიცებლად, რომ ზოგიერთი პაპი სცოდავდა. ჩვენ შეგვიძლია პროტესტი გამოვთქვათ ამის წინააღმდეგ, ან უარყოთ ეს, როგორც გნებავთ, მაგრამ მე ამას დავამტკიცებ. პაპმა ვიქტორმა (192 წ.) ჯერ მოიწონა მონტანიზმი (II ს. ერესი), შემდეგ კი დაგმო იგი. მარცელინი (296-303 წწ.) იყო კერპთაყვანისმცემელი: იგი შევიდა ვესტას ტაძარში და მსხვერპლი შეწირა ქალღმერთს. თქვენ იტყვით, რომ ეს მოხდა უძლურების გამო, მაგრამ მე გიპასუხებთ: იესო ქრისტეს ნაცვალი კვდება, მაგრამ არასოდეს შეიქნება განდგომილი. ლიბერიუსი (358) დათანხმდა ათანასეს დაგმობას და გადაწყვიტა არიოზის სწავლების მიღება იმის ნაცვლად, რომ მას გაათავისუფლებდნენ გადასახლებიდან და დაუბრუნებდნენ უწინდელ კათედრას. ჰონორიუსი (625) მისდევდა მონოთელიტობას, მამა გრატრიმ ეს საფუძვლიანად დაამტკიცა. გრიგოლ I (578-590) ანტიქრისტეს უწოდებს მას, ვინც მიიღებს მსოფლიო ეპისკოპოსის ტიტულს, და ამის მიუხედავად, ბონიფაციუს III (607-608) აიძულა მამის მკვლელი იმპერატორი ფოკა, მიეცა მისთვის ეს ტიტული. პასქალიუს II (1088-1099) და ევგენი III (1145) იწონწბდნენ დუელს; იულიუს II (1609) და პიუს IV (1560) კი კრძალავდნენ მას. ევგენი IV (1431-1439) აღიარებდა ბაზელის კრებას ბოჰემურ ეკლესიაში წმიდა ბარძიმის ხმარების აღდგენას. პიუს II (1800-1823) კი გმობდა მას. სიქსტე V (1585-1590)გამოაქვეყნა ბიბლიის გამოცემა და ცნობილი ბულით მოიწონა მისი კითხვა, პიუს VII კი გმობდა მის მკითხველთ. კლიმენტი XIV (1769-1774) გააუქმა იეზუიტთა ორდენი, ნაბადართული პავლე III მიერ; პიუს VII კი აღადგინა იგი.

მაგრამ რად გვინდა ასე შორეული მტკიცებულებების მოყვანა? აქ დამსწრე ჩვენმა უწმინდესმა მამამ ამ კრების წესების შემცველ ბულაში განა არ გააუქმა კრების მიმდინარეობისას თავისი სიკვდილის შემთხვევაში ის, რაც წარსულში შესაძლოა, მისი საწინააღმდეგო ყოფილიყო, – თავის წინამორბედთა გადაწყვეტილებებიც კი? მე არასოდეს დავასრულებდი, ღრმად პატივცემულო ძმანო, თქვენთვის პაპების სწავლებაში არსებული ყველა წინააღმდეგობის წარმოდგენა რომ მნდომოდა. ამრიგად, თუ თქვენ გამოაცხადებთ ამჟამინდელი პაპის უცდომელობას, თქვენ უნდა დაამტკიცოთ შეუძლებელი რამ, ანუ ის, რომ პაპები არასოდეს ეწიმააღმდეგებოდნენ ერთიმეორეს, ან სხვა შემთხვევაში უნდა განაცხადოთ, რომ სულიწმიდის გამოცხადებით, რომელიც თქვენ მოგეცათ, პაპობის უხდომელობა მხოლოდ 1870 წლიდან იღებს სათავეს. გაბედავთ ამის გაკეთებას?

უბრალო ადამიანებს ძალზე იოლად შეუძლიათ გულგრილად მოეკიდონ და ყურადღების მიღმა დატოვონ ის საღვთისმეტყველო საკითხები, რომლებიც არ ესმით და ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევენ; მაგრამ როგორი გულგრილობითაც უნდა ეკიდებოდნენ ისინი რელიგიურ საკითხებს, ფაქტებთან დამოკიდებულებაში მათ თავი სხვაგვარად უჭირავთ. ახლა თავს ნუ იცდუნებთ. თუ თქვენ პაპის უცდომელობის დოგმატს ხელს მოაწერთ, ჩვენი მტრები – პროტესტანტები მით უფრო თამამად განაცხადებენ პროტესტს, რადგან მათ მხარეზეა ისტორია, მაშინ, როცა ჩვენ მათ წინააღმდეგ გვაქვს მხოლოდ ჩვენი საკუთარი უარყოფა. რას ვეტყვით მათ, როდესაც ისინი ჩვენს წინაშე გამოიყვანენ რომის ყველა ეპისკოპოსს – მისი უწმინდესობის პიუს IX ჩათვლით?

პაპმა ვიგილიუსმა (538) პაპობა იყიდა ბელიაზარისაგან, რომელიც იმპერატორ იუსტინიანეს სარდალი იყო. რა თქმა უნდა, მართალია ისიც, რომ მან დაარღვია თავისი პირობა და ამ ტიტულისთვის არაფერი გადაუხდია. ეთანხმება ეს მოციქულთა დადგენილებებს ტიარის ყიდვის შესახებ? ქალკედონიის მეორე კრებამ ეს გადაჭრით აკრძალა. ერთ-ერთ დადგენილებაში ვკითხულობთ: "ეპისკოპოსს, რომელიც ფულით მიიღებს თავის წოდებას, ჩამოერთვას იგი და განკვეთილ იქნეს”. პაპი ევგენი III (1145) ბაძავდა ვიგილიუსს. წმიდა ბერნარდი, თავისი დროის ბრწყინვალე ვარსკვლავი, პაპს შემდეგი სიტყვებით კიცხავდა: "შეგიძლია ამ დიდ ქალაქ რომში მიჩვენო ვინმე, ვინც შენ პაპად გცნობს, თუ იგი ოქროთი და ვერცხლით არ იქნებოდა მოსყიდული?”

ღრმად პატივცემულო ძმანო! ნუთუ სულიწმიდის მიერ შთაგონებულ იქნება ის პაპი, რომელიც ვაჭრობს ტაძრის კართან? აქვს კი მას რაიმე უფლება, უცდომელად ასწავლოს ეკლესიას?

თქვენ ძალიან კარგად იცით ფორმოზის ისტორია, მას რომ რაიმე მივუმატოთ. პაპმა სტეფანემ ბრძანა, ამოეთხარათ მისი სხეული, ჩაეცვათ მისთვის პაპის შესამოსელი და მოეკვეთათ მაკურთხეველი თითები, რის შემდეგაც იგი ტიბრში გადააგდო და ფიცის გამტეხად და უსჯულოდ გამოაცხადა. ამის გამო შემდგომში სტეფანე საპყრობილეში ჩააგდეს, მოწამლეს და დაახრჩვეს. მაგრამ შეხედეთ საქმის შემდგომ მსვლელობას?! რომანოზმა, სტეფანეს მემკვიდრემ, და მის შემდეგ იოანე X აღადგინეს ფორმოზის ხსოვნა.

მაგრამ თქვენ მეტყვით?! – ეს ზღაპრებია და არა ისტორია. ზღაპრები! მიბრძანდით, მონსინიორებო, ვატიკანის ბიბლიოთეკაში და წაიკითხეთ პლატინი, პაპობის ისტორიკოსი და ბარონიუსის (897) მატიანეები. ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც პაპის საყდრის ღირსებისათვის საჯაროდ არ უნდა გამოვიტანოთ. მაგრამ როდესაც საქმე ისეთი დოგმატის შემოღებაზე მიდგა, რომელსაც ჩვენში დიდი განხეთქილების გამოწვევა შეუძლია, ნუთუ წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო და რომის ეკლესიისადმი სიყვარულმა ჩვენს ბაგეებს დუმილის ბეჭედი უნდა დაასვას?1 (რომის ეკლესია

1 მართალია იოსებ შტროსმაიერი. არ იქნებოდა პაპების სამარცხვინო და დანაშაულებრივ საქმეებზე საუბარი, ისინი ანათემის მუქარით რომ არ ავალდებულებდნენ პაპების აღიარებას ღვთისა და ქრისტეს უცდომელ ნაცვლებად მიწაზე. მაგრამ თუ კი ისინი ასეთ მკრეხელურ სიცრუეს საღვტო ჭეშმარიტებად ასაღებენ, ეს სიცრუე (დოქტრინა) მხილებულ უნდა იქნეს, და მხილებულ ყველაზე სწორი გზით – პაპების შესახებ ისტორიული სიმართლის მითითებით, რასაც აკეთებს კიდევაც შტროსმაიერი.

მას შემდეგ აღარ იწოდება წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიად, რაც ჩამოშორდა ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიას – მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც დღემდე უბიწოდ იმარხავს უფალ იესო ქრისტესა და მის წმიდა მოციქულთა სწავლებას – მთარგმნ.). მე გავაგრძელებ: სწავლული კარდინალი ბარონიუსი პაპის კარის შესახებ საუბრისას შენიშნავს (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს), თუ რად მოგვევლინა რომის ეკლესია ამ ხანაში, როგორ უსახელოა იგი, რომში მას მართავენ ყოვლისშემძლე კარისკაცები. ისინი ყიდიან, ცვლიან და ყიდულობენ ეპისკოპოსობას, და, სათქმელადაც საშინელია, ისინი ბედავენ, აღიყვანონ წმიდა პეტრეს ტახტზე თავიანთი ფავორიტები (ბარონიუსი, 912).

ნუთუ იტყვით, რომ ეს ცრუ-პაპები არ არიან ჭეშმარიტნი? აგრე იყოს; მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუკი ასორმოცდაათი წლის მანძილზე რომის საყდარი ანტი-პაპებს ეკავათ, როგორ შეინარჩუნებთ საეპისკოპოსო მემკვიდრეობის ჯაჭვს? შეეძლო ეკლესიას სულ მცირე საუკუნენახევრის განმავლობაში თავის გარეშე ეარსება და წინამძღოლის გარეშე დარჩენილიყო? ახლა შეხედეთ: ამ ანტი-პაპების დიდ ნაწილს პაპობის გენეალოგიურ ხეზე უკავია ადგილი და ალბათ სწორედ მათ ვინც ბარონიუსმა აღწერა. შეიძლება გავიგოთ, როგორ იწვოდა სირცხვილით ბარონიუსი, როდესაც რომის ამ ეპისკოპოსთა საქციელს შთამომავლობას გადასცემდა2.

 იოანე XI (936), პაპ სერგისა და მაროციას კანონიერ შვილზე საუბრისას მან თავის მატიანეში ჩაწერა შემდეგი სიტყვები: "წმიდა ეკლესია, ე.ი. რომისა, თავხედურად დათრგუნა ამ ურჩხულმა”; იოანე XII (955), რომელიც პაპად თვრამეტი წლის ასაკში აირჩიეს, კარისკაცთა გავლენით არაფრით სჯობდა თავის წინამორბედს. მე მრცხვენია ღრმად პატივცემულო ძმანო, ამგვარი საზიზღრობებით შევბილწო თქვენი სმენა3.

 მე გავჩუმდები ალექსანდრე IV, ლუკრეციას მამასა და საყვარელზე; მე პირს ვიბრუნებ იოანე XXII (1316), რომელიც უარყოფდა სულის უკვდავებას და გადაყენებულ იქნა კონსტანცის წმიდა კრების მიერ.

 მე აღარ ვსაუბრობ შფოთსა და განხეთქილებებზე, რომლებიც მაშინ სახელს უტეხდნე ეკლესიას. ამ უბედურ დროში რომის საყდარი ორ, ზოგჯერ კი სამ მოცილეს ეკავა. ვინ იყო მათგან ჭეშმარიტი პაპი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ თქვენ განაჩინებთ რომის ამჟამინდელი ეპისკოპოსის უცდომელობას, მაშინ უნდა აღიაროთ ყველა მისი წინამორბედის უცდომელობაც, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მაგრამ შეძლებთ კი ამას, როცა ისტორია მზის სინათლის სიცხადით ადასტურებს, რომ პაპები ცდებოდნენ თავიანთ სწავლებაში? შეძლებთ კი დაამტკიცოთ, რომ ანგარებისმოყვარე, სისხლის აღმრევი, მკვლელი და სიწმინდეებით მოვაჭრე პაპები იესო ქრისტეს ნაცვალნი იყვნენ?

2 ბარონიუსი, რომაელი კარდინალი, წერს, რომ 150 წლის მანძილზე პაპის საყდარი ეკავათ "უსაძაგლესი ცხოვრებისა და უგარყვნილესი ზნეობის ურჩხულებს, საერთოდ – ყოველმხრივ უბილწეს ადამიანებს”. მაშინ პაპებს თავის ჭკუაზე ატარებდნენ "ყოვლადურცხვი, როსკიპი და გარყვნილი ქალები, რომელთა სურვილითაც გამოიცემოდა პაპის ბულები...”

3 იოანე XII შესახებ პ. ლანფრე წიგნში "პაპების პოლიტიკური ისტორია” შემდეგ ცნობებს გვაწვდის: იოანე XII, მაროციას შვილიშვილი, სისხლის აღრევითა და მრუშობებით სახელგატეხილი ადამიანი მღვდლებს საჯინიბოში აკურთხებდა და მოუწოდებდა ვენერასა და ბახუსს, როგორც სრულყოფილი წარმართი, რისთვისაც მას ერთ-ერთ წერილში სასტიკად კიცხავდა ოტტონ I. იოანე XII ჩაქუჩით მოკლა ერთმა კაცმა.

4 პაპი ლეონ მედიჩი (XVI ს.) ქრისტეს მთელ სახარებას უწოდებდა "შემოსავლიან ზღაპარს ქრისტეზე”.

მონსინიორებო! ჭეშმარიტად მორწმუნენი ჩვენ მოგვაპყრობენ მზერას და ჩვენგან მოელიან ეკლესიის სახელის გამტეხი უთვალავი ბოროტების საკურნებელ თუნდაც რაიმე წამლობას; ნუთუ თქვენ მათ იმედს გაუცრუებთ? როგორი იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, თუკი ჩვენ ყოველგვარი ყურადღების გარეშე დავტოვებთ ჭეშმარიტი სარწმუნოების განსაკუთრებულად ღვთისგან ბოძებულ ამ საზეიმო შემთხვევას? ვისარგებლოთ ამ შემთხვევით, ჩემო ძმანო; აღვიჭურვოთ წმიდა სიმამაცით; გადავდგათ ძლიერი და კეთილშობილური ნაბიჯი: დაუბრუნდეთ მოციქულთა სწავლებას, რადგან მის გარეშე ჩვენ მარტოოდენ ცდომილებები, სიბნელე და ცრუ გადმოცემანი გვაქვს. ვისარგებლოთ ჩვენი გონებით და გონებრივი ჩალებით, რათა ერთადერთ უცდომელ მასწავლებლად ჩვენი ცხონების საქმეში მოციქულნი და წინასწარმეტყველნი ვაღიაროთ.

ღვთივშთაგონებული წმიდა წერილის ქვაზე მტკიცედ და ურყევად მდგომნი, ჩვენ, სრული რწმენით წარვალთ მსოფლიოს წინაშე და პავლე მოციქულის მსგავსად თავისუფლად მოაზროვნეების გარემოცვაში ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ იესო ქრისტე და ისიც ჯვარცმული (I კორ. 2,2).ჩვენ გავიმარჯვებთ ჯვრის სიგიჟის ქადაგებით, როგორც პავლემ დაამარცხა საბერძნეთისა და რომის სწავლულნი, – და რომის ეკლესია იზეიმებს თავისი დიდების წელიწადს”.

საჭირო აღარ არის, რაიმე დავამატოთ ავტორიტეტული რომაელ-კათოლიკე ეპისკოპოსის მართალ და გაბედულ სიტყვას პაპიზმის – ლათინიზმის უმთავრესი ერესის შესახებ. მხოლოდ ამ ერესის უარყოფის გზით შეძლებენ რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის ქრისტიანები დაბრუნდნენ შვიდი მსოფლიო კრების ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში, რომელსაც რომის ეკლესია თავისი "უცდომელი” პაპების მიზეზით ჩამოშორდა.



orthodox.do.am





Комментариев нет:

Отправить комментарий