ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

როდის ვერ გვიცავს მფარველი ანგელოზი და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ადამიანს უსხეულო ძალებთან

ანგელოზები, თავიანთი ბუნებით, გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უსხეულონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას. მფარველი ანგელოზების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):


– „ანგელოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: მაცნეს, მაუწყებელს, მახარებელს, თავიდან ყველა ანგელოზი იყო კეთილად შექმნილი, ერთ-ერთი ანგელოზი კი, დაცემის შემდეგ, გახდა სატანა. დაცემა ჯერ ხდება ზეცაში – გამოძევება ზეციური წიაღიდან და შემდეგ იგივე მეორდება დედამიწაზე, ადამიანებს შორის. დღეს, უფლის წყალობით, ანგელოზები ისე არიან განმტკიცებულნი თავიანთ მდგომარეობაში, რომ დაცემა ანგელოზთა შორის აღარ ხდება. მხოლოდ ერთხელ მოხდა დაცემა: ერთმა ანგელოზმა, რომელიც წარმატებული იყო და ლუციფერი ერქვა, ზეციდან გამოიყოლა მესამედი რიცხვი ანგელოზებისა. ამის შემდეგ ანგელოზები ისე განმტკიცდნენ უფლის დიდებაში, რომ მათი დაცემა აღარ ხდება. იოანეს გამოცხადებაში, ესაიას წინასწარმეტყველებაში წერია, რომ ანგელოზები უფალს განუწყვეტლივ ადიდებენ და დედამიწაზე ამა თუ იმ კეთილ ამბავს აუწყებენ. ისინი მოვლენილნი არიან უფლისგან, უფლის კურთხევის გარეშე არაფერს აღასრულებენ და უფლისგან შედარებით გარეშემოწირულნი არიან. უფალი აბსოლუტური სულია, მას არც მარცხენა და არც მარჯვენა არ გააჩნია, არანაირი გარეშემოწერილობა. ანგელოზი კი, როდესაც ზეცაშია – დედამიწაზე არ არის და, როდესაც დედამიწაზეა – ზეცაში აღარ არის. მას გააჩნია მარჯვენა და მარცხენა და ხატად და მსგავსად არიან შექმნილი ღვთისგან. უფლის განსაკუთრებული მზრუნველობით, ამა თუ იმ ერს, ოჯახს, ქვეყანას, პიროვნებას, მოევლინება მფარველი ანგელოზი, რათა დაიცვას ეს ერი, ქვეყანა, ოჯახი, პიროვნება. როდესაც ადამიანი ინათლება ეკლესიაში წმიდა სამების სახელით, მას უფალი მოუვლენს მფარველ ანგელოზს. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ადამიანებს ხშირად მფარველი ანგელოზი და მფარველი წმიდანი ერთმანეთში ეშლებათ. ყველა ადამიანი ატარებს სხვადასხვა წმიდანის სახელს, მაგალითად, წმიდა გიორგის, წმიდა ნინოს, წმიდა თამარის და ასე შემდეგ. ანუ, მფარველი წმიდანი არის ის, ვის სახელსაც ჩვენ ვატარებთ, მაგრამ, მფარველი ანგელოზი ღმერთმა ადამიანს მოუვლინა ნათლისღების აღსრულების ჟამს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მას ნათლისღების შემდეგ ჰყავს მფარველი წმიდანი და მფარველი ანგელოზი.


– რას აკეთებს მფარველი ანგელოზი ადამიანის ცხოვრებაში?



– მფარველი ანგელოზი ყოველთვის თან ახლავს ადამიანს და ეხმარება მას კეთილ საქმეში, კეთილ ცხოვრებაში, უფალთან ურთიერთობაში, ყოველივე კეთილის აღსრულებაში და იცავს ადამიანს, რომ მან გარკვეული ბოროტება არ აღასრულოს; ეხმარება სულიერი ძალების მოკრებაში, რათა მას სწორი დამოკიდებულება და სიახლოვე ჰქონდეს უფალთან. რომ არა მფარველი ანგელოზი, ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა ეკლესიური ცხოვრება, სიკეთის აღსრულება, მოყვასის, უფლის სიყვარული. აქედან, შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნა: თუ არა მფარველი ანგელოზი, ადამიანი იქნებოდა მიტოვებული და სულიერ დისკომფორტში.


– როდის ტოვებს მფარველი ანგელოზი ადამიანს?


– თუ ადამიანი ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, აქვს სწორი სარწმუნოება, არ სჩადის ხილულ ბოროტებას, არ აპირებს სულიწმიდის გმობას, ეკლესიიდან გასვლას, რამე მკრეხელობის ჩადენას, მანამდე მას იცავს მფარველი ანგელოზი. თუ ადამიანი საკუთარი ნების უგუნური გამოყენებით მიატოვებს ეკლესიას, გმობს საღვთო სწავლებას, მიდის რომელიმე სექტაში ან უსჯულოებას სჩადის, მაშინ უფლის კურთხევითა და ადამიანის არასწორი გადაწყვეტილებით, მფარველი ანგელოზი მიატოვებს მას, მაგრამ, არა სამუდამოდ. თუ ადამიანი მოეგება გონს, კვლავ აღდგება მისი ურთიერთობა უფალთან, შეინანებს, მფარველი ანგელოზი კვლავ დაუბრუნდება. მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა დიდი საეკლესიო მოღვაწე, ანდრია სალოსი. ის მიდის ეკლესიასთან და ქვებს უშენს; შემდეგ მიდის საროსკიპოს სახლთან და მის კედლებს ეამბორება, ტირის და გოდებს. ამ დროს ეკითხებიან ამ საკვირველ მამას, რატომ დაუშინა ქვები ეკლესიის გალავანს და რატომ ეამბორება საროსკიპოს კედლებს. ეს მამა აცხადებს საინტერესო ამბავს: როდესაც იხილა ეკლესიის კარიბჭე და გალავანი, იხილა უამრავი დასი ბოროტი ანგელოზების, რომლებიც უხილავად აბრკოლებდნენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ეკლესიაში შესვლას და ამიტომ მან ქვები ესროლა იქ უხილავად მყოფ ბოროტ ანგელოზებს. შემდეგ, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ეამბორებოდა საროსკიპოს კედლებს, ასეთი რამ ბრძანა: მან იხილა უამრავი მფარველი ანგელოზი, მოტირალი იმ ადამიანების გამო, რომლებსაც ისინი იფარავდნენ, რომლებიც საროსკიპოს კედლებში მრუშობდნენ და ათასგვარ უწესობას სჩადიოდნენ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის ჩვენი, ჩვენი ქვეყნის ან სხვა ქვეყნის მფარველი ანგელოზი. დიონისე არეოპაგელი საინტერესოდ აგვიწერს შემდეგ სწავლებას, რომ, ყველა ერს, ქვეყანას, ღმერთმა თავისი მფარველი ანგელოზი მოუვლინა. ანგელოზის დანიშნულება არის ის, რომ, ესა თუ ის ერი ჭეშმარიტებაში განასწავლოს და მიაახლოვოს ეს ხალხი უფალს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მფარველ წმიდანად მიიჩნევა ღვთისმშობელი, ასევე, წმიდა გიორგი, წმიდა ნინო, წმიდა ნიკოლოზი. მაგრამ ჩვენ მფარველი ანგელოზის ნაცვლად გვყავს ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებული არსება – დედაღვთისმშობელი. ანგელოზის მფარველობა და მოვლინება უფლის დიდი წყალობაა, მაგრამ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამაზე, თუ როგორ ვაცნობიერებთ ამ წყალობას ერი, პიროვნებები. ეს დიდი წყალობა და სიკეთე უნდა გავიაზროთ და უნდა გვახსოვდეს სწავლება: ვისაც მეტი მიეცა, მას უფრო მეტი მოეკითხება, ღვთის წყალობა ჩვენ თავმდაბლობით უნდა მივიღოთ და ისეთი ცხოვრების წესი უნდა გვქონდეს, რომ არ დაგვტოვოს მფარველმა ანგელოზმა. ხშირად სუფრასთან სიამაყით ვლოცავთ მფარველს, ფუძის ანგელოზებს, მაგრამ, ბუნდოვანი წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რას ითხოვენ ისინი ჩვენგან. ისინი ჩვენგან მოითხოვენ: როცა სუფრასთან ზიხარ, ბევრი არ დალიო. როცა მანქანით მგზავრობ, მფარველი ანგელოზი კი გიცავს, მაგრამ, თუ შენ ნასვამი ხარ, გადააჭარბებ სიჩქარეს, უგუნურად მოიქცევი, ვერ დაგიცავს მფარველი ანგელოზი. უნდა დაიცვა სწავლება, რომ, არ დათვრე ღვინით, არამედ აღივსო სულით; უნდა იყო მორჩილი, მლოცველი, ნაკლები დალიო, ბევრი ილოცო, მეტად იშრომო, რწმენა და სიყვარული გაგაჩნდეს. მხოლოდ ის, რომ მფარველი ანგელოზი მაინც დამიცავს და მე როგორც მინდა, ისე უნდა მოვიქცე – ეს უკვე უგუნურებაა. ჩვენ ხშირად ვარღვევთ ამ სწავლებას, უგუნურ საქციელს ჩავდივართ და მფარველ ანგელოზებსაც ხშირად გადავურჩენივართ. მაგრამ, შეიძლება, დადგეს დრო და მათ აღარ გადაგვარჩინონ, რადგან, უგუნურებაში განვაგრძობთ ცხოვრებას და არასწორი ცხოვრებით გადავეყრებით საფრთხეს, მერე კი ამას ეშმაკს ან სხვა ანგელოზს ვაბრალებთ. ნუ ვეხუმრებით უსხეულო ძალებთან ურთიერთობას – როგორც ბოროტებასთან, ასევე სიკეთესთანაც. თუ ბოროტი ჩვენ გვავნებს, ცდილობს, რამე უკეთურებას გადაგვყაროს, ცუდი შეგვამთხვიოს, ასევე, მფარველი ანგელოზები დაუღალავად შრომობენ უფლის წინაშე, ევედრებიან უფალს ჩვენს გადარჩენას, ცხონებას. ასეთი სწავლებაც არსებობს: როდესაც ადამიანი ლოცულობს, ხანდახან ეტირება, ამ დროს მისი მფარველი ანგელოზი ლოცულობს უფლის წინაშე და ეს ცრემლი მომდინარეობს ამისგან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, მას ვერც უფალი დაეხმარება – ამ დროს მფარველი ანგელოზის ხელები და ქმედება შებოჭილია, რადგან მთავარი ადამიანის თავისუფალი ნებაა.


– ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ მათ სიზმარში ანგელოზები ნახეს. ეს რეალურია?


– ადამიანმა ანგელოზი რომ ნახოს, მისი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ძალიან ბევრ ადამიანს უნახავს გამოცხადება, ხილვა და შემდეგ თამამად ყვებიან: ჩემი ანგელოზი გამომეცხადა, ეს ვნახე, ის ვნახეო. ფრთხილად უნდა ვიყოთ სიზმართან, ხილვასთან დამოკიდებულებაში, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ხშირად უკეთური ანგელოზი იღებს ნათლის ანგელოზის სახეს და შეიძლება, ბოროტი კეთილად მოგვეჩვენოს, ვერ განვასხვავოთ, ეშმაკი იყოს ეს თუ ნათლის ანგელოზი.


– ყველა ოჯახს ჰყავს თავისი ანგელოზი, რომელსაც ფუძის ანგელოზს ეძახიან?


– როდესაც ორივე ადამიანი მონათლული, ღვთისმოშიშია და ისინი განაცხადებენ, რომ ჯვრისწერა სურთ, მათ ანგელოზებს უხარიათ. წარმოიდგინეთ, სად ერთი ანგელოზი რომ ილოცებს და სად – ორი?! მათი შვილი რომ დაიბადება, ნათელღებული გახდება, კიდევ ერთი ანგელოზი შეემატება ოჯახს. ასე რომ, რაც უფრო ბევრი მფარველი ანგელოზი იქნება ოჯახში, რაც მეტად კეთილგონიერად იცხოვრებენ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს ოჯახი.


– ადამიანს მფარველ ანგელოზთან ერთად ყოველთვის დაჰყვება ბოროტი ანგელოზი?


– საეკლესიო სწავლებაა, რომ ადამიანს ჰყავს როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ანგელოზიც. თუ კეთილი ანგელოზი კეთილი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს, ბოროტი ცდილობს, გვაცდუნოს, ამიტომაც, მას ძველქართულად ჰქვია მაცდური, მხდომი, მოწინააღმდეგე. დაცემული ანგელოზი ისეთ რამეს გვეუბნება, რაც ჩვენ გვინდა – ხორციელ სიამოვნებას; მფარველი ანგელოზი კი უფრო სიკეთისკენ, მარხვისკენ, თავმდაბლობისკენ, სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ადამიანს კი ის უფრო მოსწონს, რაც მის გუნებასთან არის ახლოს, რაც უფრო აშორებს უფალს, არადა, ამ დროს ემსახურება დაცემულ, ბოროტ ანგელოზს. ვინც უჯერებს თავის დაცემულ ბუნებას, ის ემსახურება დაცემულ ანგელოზს; ვინც აღიღებს ჯვარს, შეუდგება მას, ის ცხოვრობს მფარველი ანგელოზის ზედამხედველობის ქვეშ. ასეთი ადამიანი არ წარწყმდება, მივა უფალთან და იხილავს ზეციურ იერუსალიმს.


tbiliselebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий