ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 29 июня 2014 г.

საღვთო სჯულისა და მცნებათა შესახებ.

კითხვა: რა საშუალებები არსებობს კეთილი საქმის ბოროტისგან გამოსარჩევად?
პასუხი: საღვთო სჯული შინაგანი, ანუ სინდისის მოწმობა, და საღვთო სჯული გარეგანი, ანუ ღვთის მცნებანი.

კითხვა: თუ არის შინაგანი სჯული ნახსენები წმიდა წერილში?



პასუხი: პავლე მოციქული წარმართებზე ამბობს: "რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ" (რომ. 2,15).


კითხვა: თუ ადამიანებში შინაგანი სჯული არსებობს, მაშინ რისთვის მიეცათ გარეგანიც?

პასუხი: იგი იმიტომ მიეცათ, რომ ადამიანები შინაგან სჯულს არ ემორჩილებოდნენ, მისდევდნენ ხორციელ და ცოდვილ ცხოვრებას, საკუთარ თავში ახშობდნენ სულიერი სჯულის ხმას; ამიტომაც იყო საჭირო მათთვის ამ სჯულის გარეგნულად, მცნებათა საშუალებით შეხსენება.


კითხვა: როდის და როგორ მიეცათ ადამიანებს ღვთის გარეგანი სჯული?
პასუხი: როდესაც აბრაამის მოდგმამ – ებრაელმა ერმა სასწაულებრივად დააღწია თავი ეგვიპტეში მონობას და მისთვის აღთქმული მიწისკენ გზას დაადგა, ღმერთმა უდაბნოში, სინას მთაზე, ისრაიტელთა წინამძღოლის – მოსეს ხელით სჯული მისცა მათ.
კითხვა: რომელია ამ სჯულის მთავარი და საყოველთაო მცნებები?
პასუხი: ქვის ორ ფიქალზე ანუ სჯულისფიცარზე დაწერილი შემდეგი ათი მცნება:



1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.



2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.



3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.



4. მოიხსენე დღე იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავ იგი: ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა.



5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა.



6. არა კაც-კლა.



7. არა იმრუშო.



8. არა იპარო.



9. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა.



10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა. (გამოსლვ. 20,1-17).

კითხვა: თუ ეს მცნებანი მიეცა ისრაელის ერს, ჩვენც გვმართებს მათი დაცვა?

პასუხი: გვმართებს – თავისი არსით ეს მცნებები იგივე სჯულია, რაც, პავლე მოციქულის სიტყვით, ყველა ადამიანის გულშია დაწერილი, რათა მის თანახმად იქცეოდნენ.



კითხვა: იესო ქრისტე გვასწავლიდა ათი მცნების თანახმად მოქცევას?



პასუხი: იესო ქრისტე გვიბრძანებდა მცნებათა დამარხვას მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისთვის და გვასწავლიდა, რათა უფრო სრულყოფილად შეგვეცნო და აღგვესრულებინა ისინი, ვიდრე მაცხოვრის მოვლინებამდე ესმოდათ და ასრულებდნენ (იხ. მათ. 19,17; თ. 5).





martlmadidebloba.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий