ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

კლაივ სტეიპლზ ლუისი.

ერთმა შესანიშნავმა რუსმა მანდილოსანმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კომუნისტურ-ათეისტურ წყვდიადში სინათლის შეტანას ანუ ევროპული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმნას, კომენტირებასა და გავრცელებას ცდილობდა, ახლახან ნახევრადხუმრობით თქვა, საბჭოთა ადამიანის ქრისტიანული განათლების, ქრისტიანული მოქცევის საქმეში კლაივ სტეიპლზ ლუისის მნიშვნელობა ეკლესიის მამათა სიტყვის წონასა და გავლენას უტოლდებაო. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ არა მარტო კომუნისტურ გვალვაში, - ალბათ, მსოფლიოს ყველა კუთხეში მოიძებნება ისეთი ქრისტიანი, რომელსაც რწმენის არცთუ ადვილ გზაზე სწორედ ლუისის წიგნები ამოსდგომია მხარში გარდაუვალი მერყეობისას, შეყოვნებისას, დაეჭვებისას.

ბრიტანელი მწერალი და მეცნიერი კლაივ სთეიფლზ ლუისი ასი წლის წინ, 1898 წლის 29 ნოემბერს, დაიბადა ირლანდიულ ბელფასტში, სადაც მამამისი ადვოკატად მუშაობდა. შინაური განათლებისა და რამდენიმე კერძო სკოლაში სწავლის შემდეგ, ჭაბუკი ლუისი 1917 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება, მაგრამ სულ მალე მას სამხედრო სამსახურში და პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე გაიწვევენ. ახალგაზრდა ლეიტენანტი საფრანგეთში იბრძვის, მაგრამ ცოტა ხანში იგი ჰოსპიტალში აღმოჩნდება. ამ დროს ომიც დამთავრდება და დემობილიზაციის შემდეგ ლუისი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ სტუდენტის მერხს მიუჯდება. შუა საუკუნეებისა და რენესანსის ლიტერატურის მომავალი სახელმოხვეჭილი მკვლევარი ბაკალავრისა და მაგისტრის წოდებას სწორედ ოქსფორდში მოიპოვებს. სწავლების გასრულების შემდეგ მას იქვე მიიწვევენ პედაგოგად და იგი, გამორჩეული და გულისხმიერი მასწავლებელი, 30 წლის განმავლობაში მარიამ მაგდალინელის კოლეჯში სტუდენტებს ინგლისურ ლიტერატურას ასწავლის. მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომმა, „სიყვარულის ალეგორია: შუასაუკუნეობრივი ტრადიციის ნარკვევი“, რომელიც პირველად 1936 წელს დაიბეჭდა, ლუისს შეურყეველი ავტორიტეტი მოუპოვა შუა საუკუნეებისა და აღორძინების ლიტერატურის მკვლევართა შორის. 1954 წელს კი იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში გადადის, სადაც მისი გახმაურებული და აღიარებული პედაგოგიური მოღვაწეობა კიდევ ცხრა წელს, 1963 წლამდე, - მის სიკვდილამდე გასტანს.

კემბრიჯში ყოფნისას მის ცხოვრებაში ახალი სიო შემოიჭრება, - 57 წლის ლუისი იქ გაცნობილ ახალგაზრდა ამერიკელ ქალზე დაქორწინდება, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მისი სათაყვანო მეუღლის გარდაცვალება ძლიერ გავლენას მოახდენს მწერლისა და მოაზროვნის უკანასკნელი წლების ცხოვრებასა თუ შემოქმედებაზე. შემთხვევითი არაა, რომ მისი ბოლო წიგნები თეოლოგიურ არგუმენტებზე უფრო მეტად პირად, ბიოგრაფიულ, ყოფით გამოცდილებას ემყარება, რითაც იგი არანაირად არ სწყდება ინგლისური ქრისტიანული ლიტერატურის ტრადიციებს, - მათ შორის ჩესტერტონის ნაწერების სტილსა და სულისკვეთებას.

კემბრიჯში გადასვლის შემდეგაც ლუისი კავშირს არ კარგავს ჯერ კიდევ ოქსფორდში ყოფნისას ჩამოყალიბებულ მეგობართა იმ მჭიდრო ჯგუფთან, რომელსაც თავად წევრებმა „Inklings“ - „მინიშნებანი“ დაარქვეს და რომელიც, ლუისის გარდა, აერთიანებდა სახელგანთქმულ მწერალს, ჯონ ტოლკიენს, მის ძმას უორენს, პროზაიკოს ჩარლზ უილიამს, პროფესორ ჰუგო დაისონს და რამდენიმე სხვას. სხვათა შორის, სწორედ ამ წრეში მიიღო საბოლოო სახე ტოლკიენის მსოფლიოში აღიარებულმა ტრილოგიამ, „ბეჭედთა მბრძანებელმა“, რადგან ჯგუფის წევრები თითქმის არაფერს ბეჭდავდნენ ერთმანეთთან მოთათბირების, ერთმანეთისათვის საკუთარი ნაწერების წაკითხვისა და ურთიერთგანსჯის გარეშე.

ინგლისელ ინტელექტუალთა ეს საძმო მიზნად ისახავდა ქრისტიანული ფასეულობების, - ქრისტიანული დოგმატიკის, ეთიკისა თუ ესთეტიკის გავრცელება-გაფართოებას მხატვრული ლიტერატურის და, მათ შორის, ფანტასტიკურ-საზღაპრო ნაწარმოებების გზით. ისიც სათქმელია, რომ კლაივ სთეიფლზ ლუისი ათეისტური განსაცდელიდან პირველი მსოფლიო ომის დამთავრების, ომის საშინელებათა განცდის შემდეგ სწორედ ტოლკიენმა გამოიყვანა და მას ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტება და განუმეორებლობა დაანახა.

კლაივ სთეიფლზ ლუისი ტრადიციულ ანგლიკანურ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში, პიროვნული თუ ფილოსოფიური მიზეზების გამო, მან ზურგი შეაქცია სარწმუნოებას და მისი ადრეული წიგნები - განსაკუთრებით ლექსების პირველი ორი კრებული - ათეისტური სულისკვეთებითაა განმსჭვალული. მხოლოდ ოცდაათ წელს გადაცილებული პროფესორი დაუბრუნდა ქრისტიანობას, - ამ გაცისკროვნებული, ბედნიერი მონაპოვრის შესახებ ყველაზე უკეთ, ყველაზე ამაღელვებლად და ყველაზე მგზნებარედ თავად ლუისი მოგვითხრობს წიგნში „სიხარულით გაოცებული“, წიგნში, რომელსაც რელიგიურ ავტობიოგრაფიათა მრავალსაუკუნოვან წყებაში უთუოდ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

ლუისის სარწმუნოებრივ მოქცევას მოჰყვება ახალი წიგნები, გამოკვლევები, რადიოგამოსვლები (სხვათა შორის, „ბი-ბი-სის“ რადიოარხებით გადაცემულ მის საუბრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დღეებში). ომის დამთავრების წელს, 1945 წელს, იბეჭდება „დიდი განხეთქილება“, რომელსაც ბევრმა შემფასებელმა თანამედროვეობის „ღმრთაებრივი კომედია“ უწოდა; გამოდის ჩვენი საუკუნის საყმაწვილო ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში - შვიდნაწილიანი „ნარნიას ქრონიკები“; მრავალჯერ გამოიცემა ლუისის ყველაზე ცნობილი წიგნი „მაცდურის წერილები“, რომელშიაც გამოცდილი ეშმაკი თავის დისშვილს რჩევა-დარიგებებს აძლევს, თუ როგორ მოახერხოს ახალგაზრდა ქრისტიანის ცდუნება.

წლების განმავლობაში კლაივ სტეიპლზ ლუისი თუ მისი თანამოაზრენი ქრისტიანული სულისკვეთების დამკვიდრებასა და გაღვივებას ცდილობენ, - მათი შეხედულებები მკვეთრად კონსერვატიული და ანტილიბერალურია, მძაფრად კრიტიკულადაა განწყობილი ეგრეთ წოდებული მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თუ ათასნაირი მოდერნიზმის ან, უფრო ზუსტად, ფსევდომოდერნიზმის მიმართ. თავის წიგნებში ლუისი ყმაწვილებსა თუ ზრდასრულებს იმ ფასეულობათა მნიშვნელობის შესახებ ესაუბრება, იმ ფასეულობათა ერთგულებასა და დაცვას ასწავლის, რაც დღევანდელ სამყაროში მეტისმეტად მოძველებულადაა მიჩნეული, - იქნება ეს პატიოსნება, ღირსება, სიმართლე, ნდობა თუ რწმენა.

დასასრულ, ერთი შენიშვნა, რომელსაც კლაივ სტეიპლზ ლუისის დაბადების ასი წლისთავთან, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებს: ამ დღეებში შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმში, ისევ შეიკრიბებიან პატივცემული და პატივსაცემი ადამიანები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გადასაცემად. პრემიის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის, სურვილის თანახმად, ჯილდო ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად უნდა მიენიჭოს იმას, ვინც კეთილშობილ იდეებს სიტყვიერად შეასხამს ხორცს და ლიტერატურაში იდეალისტურ ანუ იდეალურ ღირებულებებს დაამკვიდრებს. არცთუ ადვილია ითქვას, რა საერთო აქვს ნობელის ანდერძთან მისი სახელობის პრემიის ბევრზე ბევრ ლაურეატს, უღიმღამო მწერლებს და სახიფათო პოლიტიკური არჩევანის წარმომადგენლებს, თუნდაც შარშანდელს, - მგზნებარე იტალიელ კომუნისტ ჯამბაზს, თუნდაც წლევანდელს, - კიდევ უფრო მგზნებარე კომუნისტს, ევროპის ყველაზე უფრო პროსაბჭოთა კომპარტიის ერთგულ წევრს, რომელმაც თავისი სამშობლოს, პორტუგალიის, ფარგლებს გარეთ სახელი იმით გაითქვა, რომ პაროდია თუ პამფლეტი დაწერა სახარებაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ეპიგონური წიგნის მეტად საეჭვო ლიტერატურულ ღირებულებებზე, ის უკანმოუხედავად შეურაცხყოფს ნებისმიერი ქრისტიანის გრძნობებსა და შეხედულებებს. მართალია, ქრისტიანები დღევანდელ სეკულარიზებულ ევროპაში უმცირესობას განეკუთვნებიან, მაგრამ მათი რიცხვი დედამიწაზე სულ მცირე მილიარდნახევარი მაინცაა. წესიერ საზოგადოებაში ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, დაცინვა, აბუჩად აგდება მთლად მისაღებ საქციელად არაა მიჩნეული, მილიარდნახევარი ქრისტიანის შეურაცხყოფისათვის კი თურმე ნობელის პრემიის მოპოვებაც შეიძლება.

კლაივ სტეიპლზ ლუისი, რა თქმა უნდა, კომუნისტი არასოდეს ყოფილა, მას, ალბათ, არც ნობელის პრემიაზე უფიქრია როდისმე, იგი ქრისტიანული უმცირესობისათვის წერდა ან, უფრო ზუსტად, იმათთვის, ვინც ურწმუნო უმრავლესობიდან მორწმუნე უმცირესობისაკენ თავის პირველ ნაბიჯებს დგამს, იმ უმცირესობისთვის, რომელსაც ქვეყნად მოსულმა მაცხოვარმა „მარილი სოფლისაჲ“ უწოდა.


რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან


http://tornikeeristavi.blogspot.com/2013/08/blog-post_8648.html


Комментариев нет:

Отправить комментарий