ღმერთი

ღმერთი

понедельник, 23 июня 2014 г.

"გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვინც გვაქებს და გვეპირფერება''

პატივმოყვარეობის ვნებას წმინდა მამები ამპარტავნების ცოდვასთან აიგივებენ. ამ ვნებამ შექმნა ბოროტება, ანუ დასცა ანგელოზი და ღვთის მოწინააღმდეგე ძალად აქცია. პატივმოყვარეობას შეუძლია ნებისმიერ ადგილას თუ სიტუაციაში სძლიოს მორწმუნეს, ამიტომ მასთან ბრძოლა დიდ ძალისხმევას და სულიერ ფხიზლობას საჭიროებს. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი (სხირტლაძე) საფუძვლიანდ გვიხსნის ამ ცოდვის არსს.


– მამაო, რა არის პატივმოყვარეობა და რა საფრთხეს უქმნის სულს ეს ვნება?




– პატივმოყვარეობის შესახებ მრავალი წმინდა მამის სწავლება არსებობს. მათი შეხედულებით, ამპარტავნება და პატივმოყვარეობა ერთი და იგივე ცოდვაა. ეს ვნება იმდენად მრავალსახიანი, მრავალგვარი და დახვეწილია, რომ თვით ყველაზე მახვილ თვალსაც კი უჭირს მისი დანახვა. პატივმოყვარეობა ადამიანებს აგდებს არამარტო ხორციელ, არამედ სულიერ ცოდვებშიც, უფრო დიდ ზიანს აყენებს სულიერ მიღწევათა გამო, რადგან დაფარულია მისი აცილების მსურველთა თვალთაგან.

პატივმოყვარეობას მრავალი სახე აქვს. ყველა სხვა ვნება საკმაოდ ერთგვაროვანია და მარტივი, პატივმოყვარეობა კი რთული, მრავალსახიანი ვნებაა. იგი ყველგან და ყოველი მხრიდან ხვდება მორწმუნეს. ეს ვნება ცდილობს, სამოსელით, გარეგნობით, სიარულით, ხმით, საქმით, სიფხიზლით, მარხვით, ლოცვით, განდეგილობით, წიგნიერებით, ცოდნით, დუმილით, მორჩილებით, მოთმინებით აღუძრას სიამაყე ადამიანს და გააამპარტავნოს.

ეშმაკი ვისშიც ვერ აღძრავს პატივმოყვარეობას მოხდენილი ტანისამოსით, ცდილობს, მოუვლელი, შეუხედავი, უბრალო სამოსით აცდუნოს იგი; ვინც ვერ დასცა პატივით, დაბრკოლებად უხდის მორჩილებას; ვინც ვერ აიძულა, თავი აემაღლებინა ცოდნითა და მჭევრმეტყველებით, დუმილით ჩააგდო ცოდვაში; ვინც აშკარად მარხულობს, ბოროტი მას ამქვეყნიური დიდებით აცდუნებს, ხოლო ვინც გაურბის სახელს და ფარულად ცდილობს მარხვის შენახვას, სწორედ ამ კრძალვას უდებს ხაფანგად; ის, ვინც შეურაცხყოფს წუთისოფლის დიდებას და ძმათა თვალწინ ხანგრძლივ ლოცვას ერიდება, განმარტოებული სიმდაბლით ეძლევა პატივმოყვარეობას.


– მაშ როგორ დავაღწიოთ ამ ხაფანგს თავი, თუკი ის გარშემო ყველგან არის დაგებული?


– ამ ცოდვას ბერები ადარებენ ხახვს, რადგან ხახვის ერთი ფენის ქვემოთ მეორე ფენაა, მეორის ქვემოთ მესამე და ა.შ. რომ განვიკურნოთ, ყველა ამგვარი "ფენა" უნდა ჩამოვიშოროთ.

პატივმოყვარეობის მთლიანად ამოძირკვა უდაბნოშიც შეუძლებელია, მარტოობაშიც სდევს მას, ვინც დიდებისაგან განსარიდებლად ადამიანებთან ურთიერთობას გაურბის. რაც უფრო ეკრძალება ადამიანი სოფელს, მით უფრო ძალუმად უტევს მას პატივმოყვარეობა. ზოგიერთს პატივმოყვარეობა იმით იპყრობს, რომ გამრჯეა შრომასა და საქმეში, ზოგს იმით, რომ სწრაფად აღწევს მორჩილებას, სხვებს იგი გამორჩეული მოთმინების გამო ეუფლება, ან დიდი ცოდნისა და წიგნიერების თუ მღვიძარების გამო. იგი ცდილობს, ადამიანს ვნება თავისივე სათნოებით მიაყენოს.

პატივმოყვარეობა იარაღად იყენებს იმას, რითიც, ჩვეულებისამებრ, ცხონებას ეძიებს ადამიანი. სრულყოფისათვის მოღვაწეს მტერი ცდუნების ბადეს სხვაგან კი არ უგებს სადმე, არამედ იმ გზაზე, რომელსაც იგი შესდგომია. ხშირად ადამიანი, რომელიც სძლევს წინააღმდეგობას და იმარჯვებს, ადვილად ეცემა საკუთარი ტრიუმფის განცდის მიზეზით. ხშირად მარცხდება მაშინაც, როდესაც აჭარბებს თავშეკავებაში, ანდა ზედმეტად ხარჯავს საკუთარ ძალებს და, სხეულის სისუსტის გამო, ბუნებრივი მდგომარეობიდან ვარდება.

ყველა დამარცხებული ცოდვა თანდათანობით უძლურდება და ცხრება, ხოლო პატივმოყვარეობა პირიქით, უმეტესი ძალით აღდგება ხოლმე საბრძოლველად. რაც უფრო მეტადაა ძლეული, უმეტესი სიძლიერით აღდგება ადამიანის წინააღმდეგ. პატივმოყვარეობა მტრის ყველაზე დახვეწილი ცბიერებაა, რომელიც ქრისტეს მეომარს აიძულებს, საკუთარი ისრების გამო დაეცეს ძირს. ეს სენი არ ცხრება ასაკის მატებით. ზოგიერთი ვნება უძლურდება და მცირდება ადგილის ცვლილებითა თუ შესაბამისი ობიექტიდან მოცილებით. პატივმოყვარეობა კი არ სცილდება უდაბნოში გასულსაც კი. ადგილის შეცვლა არ მოქმედებს მასზე, რამეთუ ის სათნოების გზაზე ადამიანის წარმატებით სულდგმულობს. თუკი ადამიანი არ გამოიჩენს დიდ მონდომებასა და გონიერებას, ეს ვნება არათუ დასუსტდება, უმეტესი სიძლიერით აღდგება.


– რა არის პირველ ნაბიჯი მისი დაძლევისთვის?


– ქრისტეს მოღვაწე, ჭეშმარიტი სულიერი თავგანწირვის მოსურნე ყოველი საშუალებით უნდა ეცადოს ამ მრავალსახიანი, მრავალგვაროვანი მხეცის ძლევას. უნდა გვახსოვდეს, რომ მოკვდავნი ვართ და ჩვენი შემქმნელი ღმერთია.

პატივმოყვარეობას ასაზრდოებს ქების სიყვარულიც. ქებას წმინდანები, როგორც შემწველ ცეცხლს, ყოველთვის გაურბოდნენ. ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ ხელსაქმეს კარგად ასრულებდა. მესამედ კი წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ მოხვედი, კაცო, ღმერთი განაგდე ჩემგან".

მართლმადიდებლობა ადამიანის პირში ქებას საძრახის საქმედ მიიჩნევს. ის შედარებულია სწრაფად მოსიარულე ადამიანისათვის წასაქცევად დადებულ ფეხთან. ქებას, როგორც ძაგებას, ქრისტიანმა ფხიზლად უნდა უყუროს, რადგან ერთიცა და მეორეც, როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებს, რადგან ამით ჩვენ შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. როდესაც ჩვენზე საქებარ სიტყვებს გავიგონებთ, ამან საკუთარი ნაკლოვანებები უნდა გაგვახსენოს, რომ პატივმოყვარეობის ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ. უნდა ვეცადოთ, ავიცილოთ ქება, ვერიდოთ და გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვინც გვაქებს და გვეპირფერება, ხოლო ვინც გვამხელს, გულით უნდა შევიყვაროთ, როგორც ჩვენი კეთილისმყოფელი, რადგან ისინი სიმდაბლის შეძენაში, ჩვენი ხსნისა და გადარჩენის საქმეში გვეხმარებიან.

ქების მაძიებელ ადამიანს ვნება ეუფლება. დავუკვირდეთ, როცა ვინმე გვაქებს, თითქოს მოდუნებული და მოშვებულია ჩვენი გონება, ჩვენი გულიც გაორებულია. ზოგადად ქება ყველას სიამოვნებს, მაგრამ მათგან ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ქებისმოყვარულ პიროვნებას რა დროსაც აკლდება მაქებარი, ღიზიანდება, სიმშვიდეს კარგავს, ადვილად სწყინს ყველაფერი, საკუთარი თავის ამაღლების წყურვილით აღვსილი შურით შესცქერის სხვების ღირსებებს. ეს თვისებები უყალიბდებათ იმ მიზეზით, როცა ქებას, პირში ფერებას შეაჩვევენ.

წმინდანები ქებას აღიქვამენ, როგორც უმეცრებას ან კიდევ, როგორც აშკარა ტყუილს და გვაფრთხილებენ: "გავფრთხილდეთ, პირში არ შევაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება ღირსეულებსაც კი ვნებთ". წმინდანების გარდა არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისთვის უვნებლად, ამიტომაც ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენგან კეთილგანწყობასა და მადლიერებას საჭიროებენ მათი თვისებებისა და საქმეების გამო და არა – ქებასა და დიდებას.


– რა შემთხვევაში შეიძლება, პატივი და დიდება მიაგო ადამიანს?


– თუ პატივსა და დაფასებას დავიმსახურებთ ადამიანებისგან, ეს მხოლოდ იმისთვის უნდა გვსურდეს, რომ მოყვასს სარგებლობა მოვუტანოთ, დავიცვათ კაცთა შორის მშვიდობა და სიმართლე, ობოლი და ქვრივი შევიბრალოთ და მადლიანი, კეთილი საქმეების ძიებაში ვიყოთ მუდამ. ასეთი დამოკიდებულებით მეტ სარგებელს მოვუტანთ ჩვენს სულსაც და საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და გაჯანსაღებასაც ხელს შევუწყობთ. ამ გზით პატივმოყვარეობის დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან დიდ ღვაწლს მოითხოვს და ხშირი ლოცვისა და ფარულად გაკეთებული სიკეთის მადლიც შეგვეწევა.


– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ პატივმოყვარეობისგან გათავისუფლდა?


– ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ამ საშინელი ვნებისაგან გათავისუფლდება, როგორც წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ავის მთქმელზე ურისხველობაა, ანუ ვინც ჩვენზე ცუდს ამბობს, არ უნდა გავუნაწყენდეთ და განვურისხდეთ. უკეთესია ადამიანმა კეთილი საქმე არ აღასრულოს, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდეს თავს. ღვთის სასუფეველში უპირველესი ის იქნება, რომელმაც ამქვეყნად უმეტესი სარგებლობა მოუტანა მოყვასს და არა ის, რომელმაც მაღალ თანამდებობას მიაღწია და სხვათაგან პატივის ღირსი შეიქნა ან კიდევ მრავალი სხვა ადამიანი გაიჩინა მსახურად. ზოგი ამას საკუთარ ღირსებად მიიჩნევს, რაც დიდი შეცდომაა და უფრო და უფრო მეტი პატივმოყვარეობის ცოდვაში ვარდება. ასეთი ადამიანის გაკეთებული სიკეთე ფასს კარგავს. ასეთ შემთხვევაში მასთან კვლავ ბრუნდება ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი გულიდან განდევნა.

 თუმცა ერთია დაძლევა მტრის წინააღმდეგობისა და მეორე ის, თუ როგორ შემოზღუდავს საზღვრებს საიმისოდ, რომ მომავალშიც არ გაუჩნდეს მტერს ცდუნება, ისევ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს ეს პიროვნება.

ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ისწრაფოდეს პატივის, ჯილდოებისა და მაღალი თანამდებობისკენ. პირიქით, უნდა გაექცეს მას, რადგან პატივი – ეს არის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, როდესაც მას სამღვდელო ხარისხი შესთავაზეს, უპასუხა: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის". ანუ თავმდაბალი ადამიანი პატივის ძიებაში არ უნდა იყოს და თუ მისგან თავისუფალია, უნდა უხაროდეს კიდეც. ამქვეყნიური პატივის მძებნელი ღვთის საუკუნო დიდებასა და თაყვანისცემას დაკარგავს.


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე


sana.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий