ღმერთი

ღმერთი

понедельник, 30 июня 2014 г.

ხსენება წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა.


17 ივნისი ძვ.სტ./30 ივნისი ახ.სტ.


წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.


უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.


წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანა ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები, ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“ დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაჲ შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი ეგე არად საჴმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მჴედრად ქრისტესა“, - მხნედ უპასუხა წმიდანმა.

დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცათა ძუელსა კაცსა აღიძარცჳ და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.

მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც „აღასრულა ჰსრბაჲ მარტჳლებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცუალა თჳსთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მჴედარი თჳსი, გვირგვინოსანი გჳრგჳნითა სიმართლისათა“ (+1227).


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий