ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 июня 2014 г.

გრიშა ონიანი: საქართველო აუცილებლად გახდება ევრაზიის კავშირის წევრი

  ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საერთაშორისო საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარე გრიშა ონიანი.

_ ბატონო გრიშა, სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სახელისუფლო პროპაგანდამ იმდენი გააკეთა, რომ საზოგადოების ცნობიერება გარკვეულ პოლიტიკურ კლიშეებში მოაქცია. დღეს კი შედეგი ასეთია: პროდასავლური ხარ, _ ყველასთვის მისაღები ხარ; აკრიტიკებ დასავლეთს, _ კრემლის აგენტის იარლიყი გარანტირებული გაქვს. თქვენი აზრით, საიდან იღებს სათავეს ეს პროპაგანდა და რა არის მისი საბოლოო მიზანი?


_ თუ ხალხი მაძღარია, მისი მართვა შეუძლებელია, მას დამოუკიდებელი აზროვნება აქვს და საკუთარი ნებით მოქმედებს, მაგრამ, როდესაც საზოგადოება ღატაკდება, ის იქცევა ცხვრის ფარად, რომელიც ან საკვებს მიჰყვება, ან ხმაურს. ეს ძალიან კარგად იციან იმ პროპაგანდის ავტორებმა და ამიტომ ჩვენი გამდიდრება არ დევს პროგრამაში. არავის სჭირდება ახლა აქ, ამ ცივილიზაციების გზაგასაყარზე, ქართველი კაცი იდგეს ჩოხა-ახალუხით ხანჯალზე ხელებდაწყობილი და მღეროდეს «ქართველო, ხელი ხმალს იკარ». ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, გაწერილია გეგმის სახით. ამდენად, ახლა მთავარი მუშაობა მიმართულია იქით, რომ ქალს როგორმე ფუნქცია შეუცვალონ, გახადონ კაცი და კაცს რამენაირად ქალი დაარქვან. აი, ასე აპირებენ ესენი ახალი ადამიანის შექმნას და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ამ მახინჯმა იდეოლოგიამ უკვე დაატყო გარკვეული კვალი საზოგადოებას.


_ ახალი ადამიანის შექმნის მცდელობას ხშირად სტალინსაც აბრალებენ.


_ ახალი ადამიანის შექმნა როგორ უნდოდა სტალინს, როდესაც პატრიოტიზმს ნერგავდა და შრომის გმირობისთვის აჯილდოებდა ადამიანებს?! აშენებდა ფაბრიკებს, ქარხნებს, ხალხს უზნეობასა და გარყვნილებას კი არ ასწავლიდა. ახალ ადამიანს ახლა იგონებენ ესენი, როდესაც ქალს უნერგავენ მამაკაცის ჰორმონებს და პირიქით. ანდა ამათმა როგორ უნდა აკრიტიკონ სტალინი, შეხედეთ რა ხდება _ ერთეულებს აქვთ მილიარდები, ფული სად წაიღონ, არ იციან და ამ დროს ნახევარი პლანეტა მშიერია...


_ ბატონო გრიშა, როგორ შეაფასებთ ევრაზიული კავშირის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პერიოდულ გამოსვლებს თბილისის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში?


_ ცუდად დადგმული სპექტაკლია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს არც სინამდვილესთან და არც საქმესთან. ამდენი ფერუმარილით შეფეთქილი უსახური ქალების წიოკი იმ საქმის გამო, რომელიც მათ საერთოდ არ ეხებათ და არც გაეგებათ, ამაზრზენი და მისაფურთხებელია. როგორც მე, ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად რუსული პოლიტიკის მხარდამჭერები ვართ, წარმოდგენა არ გვაქვს, თუ საიდან მოვიდნენ, ვინ მართავს ან საით წასვლას აპირებენ ეს ერთი მუჭა პროვოკატორები.


_ პირადად თქვენ რა შეხედულების ხართ ევრაზიის კავშირზე?


_ მივესალმები ევრაზიულ კავშირს.


_ როგორ აფასებთ საქართველოში ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას?


_ უარყოფითად. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეკლესია მისი ქვემდებარეა და მართავს მას ისე, როგორც უნდა. იყენებს რა მის მაღალ რეიტინგს, არჩევნების დროს ავალებს ცსკ-ის მოვალეობის შესრულებას, შედეგებიც სახეზე გვაქვს. რაც შეეხება ეკლესიას, ის უფრო მიიწევს ხელისუფლებისკენ და საერო მმართველობისკენ, ვიდრე ახორციელებს ეკლესიის შინაგანაწესს.


მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს არჩევანი დემოკრატიასა და ტოტალიზმს შორის, ის თავისი სტრუქტურითა და შინაარსით ცენტრალიზირებული მართვის სისტემაზეა აგებული და საქმიანობას აწესრიგებს საღმრთო რჯულის კანონით, რომელიც არ ექვემდებარება შესწორებას, აქედან გამომდინარე:


მეუფე გრიგოლის ამასწინანდელი გამოსვლა ტელევიზიით, როდესაც მან მრევლს მიმართა, რომ როგორ შეიძლება კედელზე გვეკიდოს კირიონისა და ამბროსი ხელაიას სურათები და თან რუსეთისკენ ვიყურებოდეთო, სრული ნონსესია. თუ ლგბტ-ს წინააღმდეგ მას შეუძლია მხოლოდ აზრი გამოთქვას, პატრიარქს პირადად და სინოდს საერთოდ უფლება აქვთ, განკვეთონ ეკლესიიდან ასეთი მღვდელმსახურები. თუ ეკლესია შიგნით განიწმინდება პოსტნაციონალური ნარჩენებისგან და ანტიქრისტეებისგან, სახელმწიფოსაც ნაკლები სურვილი და შესაძლებლობები ექნება ეკლესიის საქმეებში ჩარევის.


_ რას იტყვით სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე? ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა თუ ესეც ხაფანგია?

_ ხელისუფლებაც და ექსპერტთა ჯგუფიც სისტემატურად გაიძახიან, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენით. ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ნიღბის ჩამოხსნა: ნუთუ აქამდეც არ ვიცოდით, რომ რუსეთი ძლიერია, რომ რუსეთს კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიით, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. რა გავიგეთ ახალი მას შემდეგ, რაც ნიღაბი მოვაშორეთ? გვინდოდა ნატოში შესვლა და რუსეთმა გვითხრა, ვერ შეხვალთო. დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი, ვერ შევედით ნატოში.


ირაკლი ალასანიას განცხადება საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების თაობაზე სიზმრადაც რომ ნახო, დილაუთენია გამდინარე წყალთან უნდა მიხვიდე და სიზმარი წყალს უნდა გაატანო, არათუ იგი მსჯელობის საგანი გახადო.


ქართულ პოლიტიკურ მოედანზე, აქ, ძირითადად, ოთხი ძალა თამაშობს: ხელისუფლება, ეკლესია, «ნაციონალური» ოპოზიცია და ამერიკა.


ხელისუფლებას ამერიკის მიერ ოფიციალურად ჩამორთმეული აქვს ქვეყნის მართვის ძირითადი საშუალება _ ადმინისტრირება, რომლითაც წესრიგდება სახელმწიფოს მართვის ორგანოები. ოპოზიციურ «ნაციონალისტებს» კი დაუტოვეს და გაუძლიერეს კიდეც ჩასაფრებული კაცის პოზიცია, რომელიც ყოველგვარი საშუალებით მზადყოფნაშია, ზურგში ჩასცეს ხელისუფლებას მახვილი. სახელმწიფო მანქანას, რომელიც ოთხ ბორბალზე უნდა იდგეს, ამერიკის ადმინისტრაციამ მიუყენა მეხუთე ბორბალი, რომლითაც უნდა დამუხრუჭდეს ხელისუფლების მოძრაობა, თუ ის «ნაციონალების» მიერ გაყვანილი გზიდან გადაუხვევს.


მეუფეები, მცირე გამონაკლისის გარდა, საკვირაო ქადაგებებში გუბერნატორების რუპორებად გადაიქცნენ.


ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში იყო ცნობილი მეხაშე იონა გრძელიშვილი. ის ნამდვილად ყველაზე სუფთა და გემრიელ ხაშს ამზადებდა. თვითონ პიროვნებაც ღირსეული იყო. შესანიშნავი წითელი აგურის სახლი ჰქონდა ვაკეში და აგარაკი _ ოქროყანაში. ფული კი ბევრად მეტი გააჩნდა, ვიდრე ვინმე მაღალანაზღაურებად მეცნიერს ან ხელმძღვანელს. მაშინ რომ ვინმეს იონა დეპუტატობის კანდიდატად დაესახელებინა, ის შეურაცხყოფად მიიღებდა და ხალხსაც სასაცილოდ არ ეყოფოდა. იონა კარგი მეხაშე იყო და არა კარგი პოლიტიკოსი. დღევანდელი საარჩევნო პროცესი, თავისი დეპუტატობის კანდიდატებითა და მხარდამჭერებით, ძველად ავლაბრის შავ ბაზარზე კინტოების ჩხუბს წააგავს, რომლებიც გამვლელების ყურადღებას იქცევდნენ, რათა ჯიბგირებს ხალხისთვის ჯიბიდან ფული ამოეცალათ.


ასეთ პირობებში და ასეთ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ, არც არჩევნები ღირს და არც ცხოვრება. წარსულში ათეული წლები გარკვეულ საწარმოებს ვხელმძღვანელობდი და ვიცი, თუ რას ნიშნავს ქვეყნის განვითარება და აყვავება, რა რთული და ძნელი გზაა გასავლელი, მაგრამ იმ დანაპირების შეუსრულებლობა, რომელსაც მხოლოდ ნება სჭირდება და არ აკეთებ, ნიშნავს, რომ ან შემთხვევით ხარ არჩეული ხელისუფლად, ანდა ვიღაც ბოროტი ძალა გბოჭავს და არ გამუშავებს. მითხარი: _ მოვალ თუ არა, რიყეს რიყეს დავამსგავსებ და იმ უსახურ საყვირებს ჯართში ჩავაბარებო. ის სიმახინჯეები ისევ იქ დგას. სიონისა და მეტეხის მრავალსაუკუნოვან არქიტექტურას შუშის ხიდს მოვაშორებო და მტკვარს გავატანო. ხიდი ისევ იმ ადგილზეა გადებული. ველოსიპედს ავიღებ და იქ დავით აღმაშენებლის ძეგლს დავაბრუნებო... აბა, მითხარი, ვის გაახსენდა ან ველოსიპედი, ან დიდი მეფე?! თქვი, თუ კაცი ხარ, რომელია ამ ოთხთაგან შეუძლებელი, ხალხს რომ დაჰპირდი და არ შეასრულე?! მე არ ვამბობ იმ რთულ და ძნელად მისაღებ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც რამით და რამდენადმე ხალხს და სახელმწიფოს იმიჯს დააზიანებს; და თქვენ გგონიათ, რომ დანაპირების შესრულება ჩვენს ხელისუფლებას არ უნდოდა? არა, ბატონო, არ დაანებეს. არ დაანებეს აღება, არ დაანებეს დანგრევა, არ დაანებეს დაჭერა, არ დაანებეს გაკეთება... და თქვენ გგონიათ, რომ დისკრიმინაციის კანონი ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო? არა, ბატონო, ეს კანონი ევროკავშირმა მიიღო რესპუბლიკელების ინიციატივით. და თქვენ გგონიათ, რომ ეს მთელმა საქართველომ არ იცის?


ვთქვათ და, ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, გარწმუნებთ, დეპუტატების სიას ბრიუსელი და ვაშინგტონი ჩამოწერს და იმ სიიდან ერთი კაციც კი არ იქნება შეცვლილი. გამომდინარე აქედან, ჩვენ რიგგარეშე არჩევნები არ უნდა ჩავატაროთ. საქართველომ ჯერ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა და, დამოუკიდებლად როცა ჩაატარებს არჩევნებს, მერე დაიწყება ქვეყნის აღმშენებლობაც.


_ დასასრულ, როგორ ფიქრობთ, გახდება საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი?


_ ამის პერსპექტივა დღეს, ფაქტობრივად, ნულია.


_ გახდება თუ არა საქართველო ევრაზიის კავშირის წევრი?


_ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ევრაზიის კავშირს თუ სიცოცხლე უწერია, მისი ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის საქართველო უნდა იყოს.


ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო აუცილებლად გახდება ევრაზიის კავშირის წევრი.


ესაუბრა ჯაბა ჟვანია


13 06 2014 


geworld.net


Комментариев нет:

Отправить комментарий