ღმერთი

ღმერთი

понедельник, 23 июня 2014 г.

მოძღვარი გვირჩევს.

კითხვა: როდესაც მშობლები, გარკვეული მიზეზების გამო, შვილების დაქორწინების წინააღმდეგნი არიან, აქვს თუ არა უფლება ასეთ დროს მოძღვარს ჯვარი დასწეროს მათ?


პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით არიან მშობლები შვილების დაქორწინების წინააღმდეგნი. როდესაც მშობლები გაუმართლებელი მიზეზებით უკრძალავენ შვილებს დაქორწინებას (მაგალითად, თუ არ მოსწონთ სარძლოს ან სასიძოს ფინანსური მდგომარეობა) და უხეშად ერევიან მათი ბედის გადაწყვეტაში, ასეთ დროს მოძღვარი ვერ გაიზიარებს მშობლების აზრს და მის მიერ ჩატარებული ჯვრისწერის რიტუალიც აბსოლუტურად გამართლებულია.


კითხვა: მინდა, ჩემი ჯვრისწერის ბეჭედი გადავადნო და ჩემს შვილს ვაჩუქო ქორწინებისას. შესაძლებელია თუ არა ამგვარი ქმედება?


პასუხი: ჯვრისწერის ბეჭედი მას ეკუთვნის, ვისზეც აღსრულდა ჯვრისწერის საიდუმლო, ამიტომ, მანვე უნდა ატაროს ცხოვრების ბოლომდე. ეს არის ქრისტიანული წესის პატივისცემა და არა ნივთზე მიჯაჭვულობა. ასევე, დაუშვებელია ნათლობის ჯვრის გადადნობა და სხვისთვის გადაცემა. ამიტომ, აჯობებს, შვილს სხვა ბეჭედი აჩუქოთ.


კითხვა: როდესაც პირველად მივედი აღსარებაზე მოძღვართან, რაღაცამ დამაბრკოლა და ვერ შევძელი, მასთან გულახდილი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ძალიან მიჭირს მოძღვართან კვლავ მისვლა. ეს ძალიან მაწუხებს. როგორ მოვიქცე?


პასუხი: აუცილებლად უნდა გადალახოთ ეს ბარიერი. შეარჩიეთ სხვა მოძღვარი, ისეთი, ვისთანაც გაგიადვილდებათ თქვენი აღსარების თქმა და მიდით მასთან. ჩვენს ეკლესიებში არაერთი ღირსეული მოძღვარია, რომლებიც გულდასმით მოგისმენთ და რჩევა-დარიგებებსაც მოგცემთ.



კითხვა: ეჭვი მაქვს, რომ მეზობელმა შვილებზე ჯადო გამიკეთა. ბავშვები ეკლესიაში ზიარებაზე დამყავს. კიდევ რა ძალით შეიძლება, ვებრძოლო ამ ბოროტებას?


პასუხი: შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ეს სიავე უკვე დაგიძლევიათ. ეკლესია არის ერთადერთი საშუალება ამ ბოროტების წინააღმდეგ. თქვენს შვილებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, თუკი ისინი მომავალში ეკლესიურად იცხოვრებენ და თქვენი ქრისტიანული ცხოვრება ექნებათ მაგალითად.



კითხვა: გამიგია, რომ ნალს ბედნიერება მოაქვს. კარზე დამაგრებული მაქვს ნალი. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?


პასუხი: ბედნიერება ნალს კი არ მოაქვს, არამედ, უფლის სიახლოვეს და მისი მცნებების აღსრულებას. ნალის გაფეტიშება წარმართული ჩვეულებაა. თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახი დაცული იყოს, ნალის ნაცვლად ჯვარი იქონიეთ.



კითხვა: შეიძლება თუ არა, ჯვართან ერთად გულზე ჩამოვიკიდო რაიმე თილისმა?


პასუხი: ჯვართან ერთად შეგიძლიათ ატაროთ მხოლოდ ხატი ან ფსალმუნი. ჯვართან ერთად სხვა რამის ტარება მცირედმორწმუნეობას ნიშნავს, რადგან, ჯვრის ძალას ვერაფერი გადაწონის და, რაღა მნიშვნელობა აქვს თილისმის ტარებას? ზოგადად, თილისმები და ავგაროზები არაქრისტიანულია და მათი ტარება მორწმუნე ქრისტიანისთვის დაუშვებელია.


კითხვა: როგორ ვევედრო უფალს ჩემი სანუკვარი სურვილის ასრულებაზე?



პასუხი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვით სურვილს, თუ რას შესთხოვთ უფალს. ხშირად ჩვენი სურვილები ჩვენივე ცხონების საწინააღმდეგოა. ხოლო, თუ თქვენი თხოვნა სათნოა უფლისთვის, მთელი გულით სთხოვეთ მას და აუცილებლად მიიღებთ ღვთის შეწევნას.



კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?


პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და, არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.


კითხვა: როდის ეთვლება ადამიანს ცოდვად პირჯვრის გამოსახვა?


პასუხი: პირჯვრის გადაწერა ცოდვად ჩაითვლება, თუ ადამიანი პირჯვრის გამოსახვით ცდილობს დაგვიდასტუროს სიცრუე, ფლიდობა, ყალთაბანდობა და სხვა არაწმინდა საქმე. ამით ის საკუთარ თავზე მსჯავრს მოიწევს.



კითხვა: რა ვუყოთ მიცვალებულის დანატოვარ ნივთებს, რომლებიც მოწყალების სახით გასაცემადაც არ არის ვარგისი?


პასუხი: ასეთი ნივთები მიწაში დაფალით ან შესაფერის ადგილზე დაწვით. ამით მიცვალებულის ხსოვნას არავითარი ზიანი არ მიადგება.

კითხვა: რატომ ხდება, რომ ღვთივსულიერი საუბარი ძნელად განგვაწყობს სასმენად, ხოლო გასართობი – იოლად?



პასუხი: იმიტომ, რომ ეშმაკი უწყობს ხელს უქმადმეტყველებას და ის არის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერი. ერთ-ერთი წმინდა მამა ყვებოდა: როცა მე ზოგიერთ ძმას სულიერ სარგებლობაზე ვესაუბრებოდი, მათ ისეთი ძილქუში აწვებოდათ ხოლმე, რომ ქუთუთოებს ვეღარ სძრავდნენ.



tbiliselebi.ge







Комментариев нет:

Отправить комментарий