ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 15 июня 2014 г.

"ფარისეველი ჩვენზე მეტს მარხულობდა და ლოცულობდა, მაგრამ სიმდაბლის გარეშე მთელი შრომა წყალში ჩაეყარა"

ფარისევლობა - ორგულობაა, როცა ღალატობ ღმერთსა და მოყვასს; როცა გარეგნულად ლამაზი სავსე ხარ არაწმიდებით; როცა სიტყვა ერთი გაქვს და საქმე - მეორე; როცა სხვის თვალში ბეწვსა ხედავ და საკუთარში მორსაც ვერა; როცა განგრძობით ლოცულობ და ამ დროს მოყვასის ტირილი არ გეყურება... ფარისევლობა დიდი ცოდვაა და მის დაძლევაში იქნებ ქვემოთ მოთხრობილი ამბები დაგვეხმაროს.


* ცნობილმა რუსოფილმა დიმიტრი აბაშიძემ ქართველთმოძულე რუს ჩინოსნებთან ლაქუცით ეპისკოპოსობა ახალგაზრდამ მიიღო. წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძემ დაიბარა და გვარიანად დატუქსა მეუფე დიმიტრი: "კაცი თავისი ქვეყნის და ერის წინაშე სიყალბეს არ უნდა ემსახურებოდეს, ხარისხის მიღების გულისთვის ორენა არ უნდა იყოს. შენ ბუნებითაც ნიჭიერი კაცი ხარ და რად ყალბობდი, ჩვენს წინააღმდეგ რად ლაპარაკობდი ცუდად, უამისოდაც ხომ მიიღებდი ეპისკოპოსობას. დაე, ღმერთმა გაპატიოს და დღეის შემდეგ ერიდე ორენაობას და სიყალბესო". წმინდა ალექსანდრეს აბაშიძემ შეჰფიცა, - მე რაც მინდოდა, ეპისკოპოსობა, მივიღე. დღეის შემდეგ არაფერს ვიქმ წინანდებურს, ვიქნები ერთგული და ჭეშმარიტი ადამიანიო. წმინდა ალექსანდრემ იფიქრა, - იქნებ დიმიტრიმ ხასიათი გამოიცვალოს, გაიხსენოს მშობლის რძე და ძუძუ, საქართველო და მისი ძველი ისტორია, იყოს კეთილი და ერთგული მღვდელმთავარი სამშობლო ეკლესიისაო. მაგრამ, სამწუხაროდ, იქ, სადაც საფუძვლად ფარისევლობა და ორგულობა ჩაიყარა, მასზე სახლი ვერ აშენდა - ეპისკოპოსი შემდგომში მტერი შეიქმნა მშობელი ერისა და ეკლესიისა.

* იმერეთში, XIX საუკუნეში, ერთი ბლაღოჩინი იყო, ოქროპირ წერეთელი, კაცი მელია, გაიძვერა, გაქნილი, თვალი მუდამ საჩივრებისა და ქრთამისკენ ეჭირა. რომ გაიგო, ახალი ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ ქიქოძე, დანიშნესო, გაექანა სურამისაკენ და საზღვარზე მიეგება მღვდელმთავარს. დაიწყო თუ არა შესახვედრი სიტყვის წარმოთქმა, მოსდგა იმერლებს და სულ მიწასთან გაასწორა, - ბატონო, ახალ სამწყსოში თქვენ მრავალი ეკალი და კუროსთავი დაგხვდებათ, მაგრამ იმედია, ყველას ძირიანად აღმოფხვრით, როგორც განათლებული პირიო, - მიმართა წმინდა გაბრიელს. ვგონებ პირველი ეკალი და კუროსთავი შენ უნდა იყო იქ, ბლაღოჩინოო, - მიუგო მწარე ღიმილით გაბრიელმა. გაიძვერა ოქროპირი დაიბნა. ჩამოვიდა თუ არა ქუთაისში, თავის ძმას ცრუ საჩივარი გააგზავნინა წმინდა გაბრიელზე კანტორაში - გაბრიელი თ. კანდელაკის ცოლს ჰყვარობსო, თუმცა გაბრიელი სულ ერთი-ორი დღის ჩამოსული იყო!

* სოფელ კულაშში, დუქნის წინ, ხალხში, ერთი მღვდელი ყალიონს ეწეოდა. ფაიტონიდან შეამჩნია წმინდა გაბრიელმა და იხმო. ვიღაცამ მოასწრო და მღვდელს ურჩია, - კბილის ტკივილი მოიგონეო. მანაც ამით დაიწყო თავის მართლება. წმინდა გაბრიელმა უთხრა: - შე საწყალო, თუ კბილი გტკივა, რაღა აქ, შარაზე, ეწევი, შინ ვერ მოსწიეო?

* ერთ ზამთრის დილასისხამზე წმინდა გაბრიელს ვიღაც მთიული მღვდელი მიადგა კარზე და ხელზე ემთხვია.

- რისთვის მოსულხარ, შე საწყალო? - ეკითხება ეპისკოპოსი.

- მე, შენი ჭირიმე, მთებში მყავს მრევლი. დიდი ყინვები და თოვლი იცის, ბატონო, ჩვენში.

- მერე რა გინდა?

- სნეული გახლავარ და ხშირად ვცივდები ხოლმე.

- ბარში გინდა გადმოგიყვანო?

- არა, თქვენი ჭირიმე, ჩემ სამშობლოს როგორ დავტოვებ...

- აბა, რასა მთხოვ?

- ბელატი (მელოტი, - კ.კ.) ვარ, ბატონო, და თავი მიცივდება ხშირად ყინვაში.

- ქუდს ვერ დაიხურავ?

- ეკლესიაში და მიცვალებულის გასვენებაზე ვცივდები ხოლმე, ბატონო!

- მერე მე რა გიყო?

- შენი ჭირიმე, ჩემო დიდო ბატონო, ნუ გამიწყრებით, იქნებ სკუფიაზე წარმადგინოთ (მეფის რუსეთში მღვდელს ჯვრისა და სკუფიის ტარების უფლებას თავიდანვე არ აძლევდნენ, - კ.კ.).

ეპისკოპოსი თოფნაკრავივით გატრიალდა და შევარდა საძინებელ ოთახში, გამოიტანა ძველი, დამჩიჩული, გაქონილი შავი საბერო სკუფია, რომელსაც თვითონ ატარებდა ხოლმე ხშირად, ჩამოაცვა მღვდელს შიშველ თავზე და უთხრა: - თუ გცივა თავზე, მაგის წამალი ეს არის, ძლიერ თბილია, როცა გინდა, მაშინ დაიხურე. სხვა სკუფია რად გინდა, აგრე ის როგორ მოგათბობს. წადი ახლა და ტყუილა სიარულს ნუ დაიწყებო. საქციელწამხდარი მღვდელი შინისკენ წავიდა.

* წმინდა გაბრიელის მღვდელმთავრობისას რაჭის ერთ სოფელში ეკლესიას აშენებდნენ. ეკლესიის ამშენებელი კომიტეტი მეტად შეუბრალებელი იყო. ვისაც მუშაობა ან ფულის გადახდა არ შეეძლო, უღელ ხარს უყიდდა და ახმარდა უფლის ტაძარს. ამ სოფელში ერთი ნამეტანი გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობდა. რვა წვრილშვილის მამა ლოგინად ჩავარდნილიყო. საბრალო ოჯახის დედას გიშერა ხარის იმედიღა ჰქონდა. მაგრამ ვაი, რომ კალოში შებმული გიშერა კომიტეტის წევრებმა გამოუშვეს და წაიყვანეს. საცოდავი ბავშვები ატირდნენ, თუმცა მათმა უბედურებამ ტაძრის მაშენებლებს გული ვერ მოულბო. ოჯახს კალო გაულეწავი დარჩა, საჭმელი ერთი პეშვიც არ ჰქონდათ. აშენდა ტაძარი და მის საკურთხებლად წმინდა გაბრიელი მიბრძანდა. გიშერას პატრონი ცოლ-ქმარი და მათი ბავშვები შემაღლებულზე დადგნენ და მორთეს ტირილი. მღვდელმთავარმა მიიხმო ისინი. როცა გაიგო მათი ამბავი, საშინლად განრისხდა და წამოიძახა: "ავაზაკები, ავაზაკები, ავაზაკები". შემდეგ ფიცხელი წერილი მისწერა ეკლესიის მაშენებლებს. უბრძანა, ხარი პატრონისთვის დაებრუნებინათ, ხოლო სოფლის მღვდელს შეუთვალა, - ცოდვით აშენებულ ეკლესიას მე აღარ ვაკურთხებ და ნუღარც მელითო. შემდეგ საცოდავი ოჯახი ანუგეშა, ფულიც აჩუქა.

* მამა გაბრიელმა (ურგებაძემ) ჰკითხა მორწმუნეებს: - რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხაო? სასურველი პასუხი რომ ვერ მიიღო, უთხრა: ახლავე გეტყვითო. ამ დროს მასთან ერთი მორწმუნე მივიდა კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან უპასუხა: - ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო. ის რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა: - ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებთ, სიმდაბლე შიგ შეგიყვანთ და სიყვარული ღმერთს განახებთო.



* ონისიფორე მღვიმელის სულიერი შვილი, ბერი, ცდილობდა მისთვის "მიებაძა". ხალხს მმარხველად ეჩვენებოდა და ამ დროს დაფარულად ჭამდა, სვამდა და ხორცითაც სცოდავდა. მამა ონისიფორე დაფარულთმცოდნელი კი იყო, მაგრამ სულიერი შვილის ფარისევლობა ღმერთმა დაუფარა. ერთხელაც უფალმა ინება ამ საიდუმლოს გამჟღავნება: ფარისეველი ბერი უეცრად გარდაიცვალა და მაშინვე გახრწნა დაიწყო, ისეთი სუნი დატრიალდა ახლოს ვერ მიეკარებოდი. წესის აგებისას მის კუბოსთან ხმები ისმოდა, თითქოს ვიღაცას სცემენო. მაშინ კი გამოეცხადა წმინდა ონისიფორეს წმინდა ანტონ მღვიმელი (რომლის უხრწნელი სხეულიც კიევის მღვიმის მონასტერშია დასვენებული) და მკაცრად უთხრა: - რად დაასვენე აქ ასეთი მყრალი უსჯულო? გაიტანე გარეთ და ძაღლებს მიუგდე, მაგის ადგილი აქ არ არისო. დაღონდა ღირსი მამა, ნეტავ რად არ გამიმხილა ღმერთმა საიდუმლოო. მაშინ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ შემდგომში გაემჟღავნებინა ეს საიდუმლო ყველა იმ ცოდვის მქნელისთვის, რომელნიც არ ინანიებენ, დაე, შეხედონ და შეინანონო.

* ერთი ქალი მამა ვიტალის (სიდორენკოს) ხელზე ემთხვია. მოძღვარმა ჰკითხა, - შინ დედას თუ ეამბორები ხოლმე ხელზეო. არაო, - უპასუხა ქალმა. ესე იგი, შენი სიყვარული ფარისევლურიაო, - მიუგო მამა ვიტალიმ.

* წმინდა ლევი ოპტელი ერთმა ბერმა ძალზე შეაწუხა, - გინდა თუ არა მაკურთხე, ტანზე ჯაჭვი ავისხაო. ღირსი მამა ეუბნებოდა: - რად გინდა ჯაჭვი, თვითონ ბერობაც ხომ მძიმე ჯაჭვიაო. რომ ვერ შეაგნებინა, ბოლოს ნება მისცა, შემდეგ კი სამჭედლოში მომუშავე ბერი დაიბარა და უთხრა, - ხვალ ესა და ეს ჯაჭვის გასაკეთებლად მოვა და კარგად წაუთაქეო. მეორე დღეს განრისხებულმა ბერმა მამა ლევის შესჩივლა, - მჭედელმა, ჯაჭვის გაკეთების ნაცვლად, ხელი გამარტყაო.

"აი, ხედავ, ერთი ალიყური ვერ მოითმინე და საჩივლელად მოხვედი და აბა, შენ რა ჯაჭვის მტვირთველი ხარო", - უთხრა ბერს წმინდა ლევიმ.

* მამა იერონიმემ ახალგაზრდობაში მოიარა წმინდა მიწა, მაგრამ ვერსად ნახა თავისი მოძღვრის დარი ბერი და ეს მისწერა კიდეც მამა მისაილს. მისგან კი მოულოდნელად მკაცრი პასუხი მიიღო: "შვილო ჩემო, შენ სცადე ჩემი ჩაგდება ჯოჯოხეთის უფსკრულში. ამგვარ რაიმეს თუ კიდევ მომწერ, ამოგშლი ჩემი მეხსიერებიდან და გულიდან. მე გავიხსენე ჩემი ცოდვები და არ მოვიხიბლე ჩემი სიკეთითო".

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ამბობდა: - გვეშინოდეს ფარისევლური თავმაღლობის, დაფარული სიამაყის, ურჩობის. ამისთვის კაცს ღვთისგან ეპიტიმიად საშინელი ავადმყოფობა შეხვდება - ჭკუაზე შეირყევა. თავმდაბლობა და შეგრძნება საკუთარი ცოდვილობისა კი ღვთის კურთხევას მოიკრეფს. ფარისევლური აღსარებისთვის მფარველი ანგელოზი კაცს ღვთისმშობელთან უჩივის. უფლის დედა კი ამგვარ უდებ სულს მძიმე ცხოვრებისეულ ჯვარს ადებს ან კიდევ, თუ კაცი გონზე არ მოვა, საუკუნო სატანჯველს განუკუთვნებსო.

* ერთმა გოგონამ მოინახულა მამა პორფირე და მონაზვნობის სურვილი გაუჩნდა. გადაწყვიტა, ასეც ეცხოვრა. მამა პორფირემ კი, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სახლში არასოდეს ყოფილა და არც მის შინაურებს იცნობდა, ურჩია: - შვილო, შენს ოთახში ამდენი ხატი რომ დაგიკიდია, ზოგიერთი ჩამოხსენი, ამით დედაშენს ნუ გამოცდიო.

* ერთხელ ერთმა მღვდელმონაზონმა პაისი ათონელს უთხრა, - მსურს, წავიდე მისიონერად და გავავრცელო ქრისტიანობა, მოვნათლო ხალხი და თქვენ რას მირჩევთო. მამა პაისიმ ღიმილით უთხრა: - ჯერ ყველამ თავისი ეზო უნდა მორწყას და მერეღა იფიქროს სხვისი მინდვრების მორწყვაზე. ამიტომაც ამგვარ რამეს გთავაზობ: აქ, საბერძნეთში, ბევრია უნათლავი: მუსულმანი თუ ბოშა... მოდი, გამოვძებნოთ ხელსაყრელი დრო, მოვიაროთ ორივემ თრაკია და მაკედონია და ხალხიც მოვნათლოთ. მხოლოდ ფლორინაში ნუ წავალთ, რადგან იქ ყველანი მეუფე ავგუსტინემ მონათლაო.

* მამა ანტონი ოპტელი ამბობდა, - ფარისეველი ჩვენზე მეტს მარხულობდა და ლოცულობდა, მაგრამ სიმდაბლის გარეშე მთელი შრომა წყალში ჩაეყარა. ამიტომაც ისწრაფეთ, მეტ-ნაკლებად მოიპოვოთ მეზვერის სიმდაბლე, რომელიც, ჩვეულებისამებრ, მორჩილებიდან იბადებაო.

* მამა მოსე ოპტელის წინამძღვრობისას ოპტის უდაბნოში ბევრი რამ აშენდა. მონასტერი შიმშილობის პერიოდში შენდებოდა და მუშების გარდა, ბევრი გლახაკი ერისკაციც ჰყავდათ დასაპურებელი, რომელთაც არქიმანდრიტი უშურველად მასპინძლობდა. "კეთილისმყოფელებმა" ჩიჩინი დაუწყეს, - როცა მონასტერს თვითონაც უჭირს, ნუ გამოკვებავთ უპოვრებსო. მამა მოსემ მღელვარებით განახვნა თავისი ყოველთვის მდუმარე ბაგენი და ცრემლმდინარემ თქვა: - ეჰ, ძმანო, ეს რანაირად ვატარებთ ანგელოზის სქემას? რისთვის დადო სული თვისი ჩვენთვის ქრისტე მაცხოვარმა, სიყვარულის სიტყვა რისთვის გვიქადაგა? იმისთვის, რომ ჩვენ მის დიდებულ ნათქვამს მხოლოდ ბაგეებით ვიმეორებდეთ? რა ვქნათ, ხალხი შიმშილით დავხოცოთ? ისინი ხომ ქრისტეს სახელით გვთხოვენ... გავცეთ მოწყალება, ვიდრე უფალს არ შეუწყვეტია წყალობის გამოგზავნაო.

* ეს მოხდა 1964 წლის 19 ოქტომბერს, ძველი სტილით. საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობდა წმინდა იოანე კრონშტადტელის კანონიზაციას. მღვდელმთავარ წმინდა იოანე მაქსიმოვიჩს ძალზე უყვარდა თავისი სეხნია, დიდი წვლილიც შეიტანა მის წმინდანად შერაცხვაში. ამ დღეს ლათინები აღნიშნავენ ყველა წმინდანის დღეს, ცრურწმენით, ბნელი ძალები - თავიანთ დღესასწაულს. ამერიკაში ამ "ჰელოუინმა" საბაბი მისცა ერთი ტრადიციის დამკვიდრებას - ბავშვები ჭინკების ნიღბებით დადიან და ერთობიან. რუს ემიგრანტთა ნაწილმა გადაწყვიტა, ამ საღამოს ჰელოუინის მასკარადი გაემართა. ამ დროს იქვე, სან-ფრანცისკოში, წმინდა იოანე კრონშტადტელისადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო მწუხრის ლოცვა ტარდებოდა. ტაძარი ნახევრად ცარიელი იყო. დამწუხრდა წმინდა იოანე. ლოცვის შემდეგ აუყვა საფეხურებს და შევიდა იმ დარბაზში, სადაც ახალგაზრდები, მისი სულიერი შვილები, ილხენდნენ. დარბაზი განცვიფრებისგან გაშეშდა, შეწყდა მუსიკაც. მეუფემ მდუმარედ შეხედა დამუნჯებულ საზოგადოებას და სკვნილით ხელში შემოიარა დარბაზი. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა აღარც იყო საჭირო. მისმა შემოხედვამ მოუწყლა სინდისი ქრისტიანებს. მეუფე მდუმარედ გავიდა დარბაზიდან, მეორე დღეს კი ტაძარში მეხივით გრგვინავდა, ამხილებდა სულიერი შვილების ფარისევლობას და მოუწოდებდა ყველას ქრისტიანული, კეთილკრძალული ცხოვრებისაკენ.


სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი



karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий