ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

ღირსი სერაფიმე, თავად სუფთა სულის, მშვიდი და უბოროტო, ბავშვებს განსაკუთრებული სინაზით და ალერსით ეპყრობოდა.

ახსოვდა წმინდა ბერს, რომ უფალი "მცირეთა ამათ" ისევე იფარავს, როგორც ის დაიფარა, როცა ბავშვობაში მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა. ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ დედამ ბიჭი ტაძრის მშენებლობაზე წაიყვანა და მასთან ერთად სამრეკლოზე, სულ ზემოთ ავიდა. ბავშვი კიდეზე დაუდევრად დადგა (მოაჯირი ჯერ არ იყო) და გადმოვარდა. შეძრწუნებული დედა კიბეზე დაეშვა, იმედი აღარ ჰქონდა, რომ შვილს ცოცხალს ნახავდა. როგორ გაიხარა, როცა დაინახა, რომ ვაჟიშვილი უვნებლად გადარჩა. უფალმა სასწაულით დაიფარა თავისი რჩეული, უწყოდა, მომავალში რამდენ სიხარულს მოუტანდა ადამიანებს.

ერთხელ, ღირსი სერაფიმეს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, როცა ბერი ძლიერ დასუსტდა და მნახველებს ყოველთვის ვეღარ იღებდა, მასთან მომლოცველთა დიდი ჯგუფი მივიდა. წმინდა ბერი სენაკში არ იყო. საროვის მონაზვნებიდან რომელიღაცამ მნახველებს უთხრა: – ტყეში ეძებეთ, ოღონდ ვეჭვობ, რომ იპოვოთ. ბუჩქებში დაიმალება, ბალახში გაწვება, მხოლოდ ბავშვების ხმებს თუ გამოეხმაურება. რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაიყვანეთ და თქვენ წინ ატარეთ.

და აი, მომლოცველთა ჯგუფი საროვის უღრან ტყეში შევიდა. სიღრმეში შესულებს სულ უფრო მაღალი და ხშირი ხეები ხვდებოდათ. ტყის სიჩუმე და სინესტე ყველას ეუფლებოდა. ვეება ნაძვების ქვეშ სრული სიბნელე იყო, მაგრამ უეცრად ხეებს შორის მზის სხივი შემოიჭრა. ყველანი გამოცოცხლდნენ და მალე მზით განათებულ მდელოზე აღმოჩნდნენ.

მდელოზე განცალკევებით მდგარ ხეებთან გაჭირვებით მუშაობდა გამხდარი ბერი. შარიშური რომ გაიგო, სწრაფად წამოდგა, მონასტრის მხარეს გამოიხედა, როგორც შეშინებული კურდღელი ტყეში შევარდა და თვალს მიეფარა.

ბარე ოცმა ხმამ ერთდროულად დავიძახეთ: – მამა სერაფიმე! მამა სერაფიმე! – წერს თავის მოგონებებში ნ. აქსაკოვა, რომელიც იმ ბავშვებში ერია. ბერის ყურს ბავშვების ხმები მისწვდა, ვერ მოითმინა და სულ ერთი წუთის შემდეგ ბალახებში მისი თავი გამოჩნდა. მას თითი პირზე ჰქონდა მიდებული, თითქოს ბავშვებს სთხოვდა არ გაეთქვათ.

წმინდა სერაფიმემ ბავშვებისთვის ბალახში ბილიკი გადაქელა და თავისთან დაგვიძახა. ჩვენ შორის ყველაზე პატარა – ლიზა – პირველი ჩამოეკიდა კისერზე და ლოყა მხარზე ჩამოადო.

– საუნჯეო, საუნჯეო! – ჩურჩულით ამბობდა ბერი და გულში სათითაოდ გვიკრავდა.

მოზარდი მწყემსი ბიჭუნა სიომა მონასტრისკენ ყვირილით გაექანა: "აქეთ, აქეთ! აქაა მამა სერაფიმე! აქეთ!" ჩვენ შეგვრცხვა. ჩვენი წამოძახილები და გულში ჩაკვრა ღალატად მოგვეჩვენა. უკან დაბრუნებისას ის პატარა ლიზა, რომელიც მამა სერაფიმემ პირველი ჩაიკრა გულში, ბავშვური ენით ტიტინებდა: "მამა სერაფიმე მხოლოდ ჰგავს მოხუცს, სინამდვილეში კი ბავშვია".

მრავალი წლის შემდეგ ნ. აქსაკოვა, რომელიც ამ შემთხვევას იხსენებს, წერს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ უნახავს ისეთი ბავშვური, ნათელი თვალები, როგორიც ჰქონდა ღირს სერაფიმეს, არ უნახავს მისნაირი ღიმილი, რომელსაც მძინარე ბავშვის ღიმილს თუ შეადარებ, როცა მას ანგელოზები ეწვევიან.

კიდევ ერთ შემთხვევას გიამბობთ. სერაფიმეს სენაკის დაკეტილ კართან მნახველების ჯგუფი იდგა. მათგან ზოგიერთი ლოცულობდა: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალენ ჩუენ!" მაგრამ "ამინ" არ ისმოდა და კარი არ იღებოდა. მაშინ ერთმა ქალმა იქვე მდგომ ბავშვიან ქალბატონს სთხოვა, რომ მის ბავშვს ელოცა: – თქვენმა გოგონამ ლოცვა წარმოთქვას და მაშინ გაგვიღებს!

მართლაც, როგორც კი გოგონამ ილოცა, შიგნიდან "ამინ" გაისმა და კარი გაიღო. როგორი სიხარული იყო, როცა წმინდა ბერი დაინახეს!

საყვარელო ბავშვებო! ცხოვრებაში ბევრი მწუხარება გვხვდება: ვიღაცას სამარემ ნაადრევად წაართვა დედა, სხვებს ზამთრობით თბილი კუთხე არა აქვთ... ყოველი თქვენგანი შესაძლოა ავად გახდეს. კიდევ უარესია, როცა მარჩენალი მამა ხდება ავად ან სამუშაოზე შეემთხვევა უბედურება, ხოლო, როცა ავად ხდება დედა, მაშინ მთელ ოჯახს უმძიმს. თქვენც გაქვთ თქვენი პატარა მწუხარებები: დღეს რთული ამოცანა მოგცეს, იქ გამოცდები გაქვთ ან მეგობრებს წაეჩხუბეთ – ასეთ დროს გაიხსენეთ, რომ უფალს წმინდა სერაფიმე ჰყავს. უხმეთ მას თქვენს ლოცვებში, სთხოვეთ ილოცოს თქვენთვის, შეგეწიოთ! და ის, ასეთი ალერსიანი და თქვენდამი სიყვარულით სავსე, მაშინვე გიპასუხებთ.


"ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად" (იაკ. 5,16).



,,ღირსი სერაფიმე საროველი''

martlmadidebloba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий