ღმერთი

ღმერთი

пятница, 20 июня 2014 г.

უფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწირავს ჩვენს კეთილ საქმეებს, თუკი მათ დაფარულად, უხმაუროდ ვაკეთებთ

  მოწყალება არის გასაჭირში მყოფი ადამიანის შეწევნა, დახმარება. იგი ერთ-ერთია ქრისტიანულ სათნოებათა ანუ ქველ, კეთილ საქმეთა შორის, რომელთა აღსრულება ყველა ადამიანს ევალება...


მოწყალების შესახებ გვესაუბრება მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ავთანდილი (გულაშვილი).



- როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების 25-ე თავის განმარტებისას ბრძანებს, მოწყალების საქმეები ორგვარია: მათგან ერთნი სხეულს განეკუთვნება, სხვანი კი სულს - ე.ი. არსებობს სულიერი და ხორციელი მოწყალება. რას ავალდებულებს ადამიანს ხორციელი მოწყალების საქმეები?



- არსებობს ხორციელი მოწყალების შვიდი საქმე, რომელთაგან პირველი და მეორე - მშიერთათვის საზრდოს მიცემა და მწყურვალთათვის სმევა - მოვალეს გვხდის, დავეხმაროთ ღარიბ-ღატაკებსა და დაუძლურებულთ. მათ შეიძლება შევეწიოთ საკვების მიწოდებით, გარკვეული თანხის გაღებით და ა.შ.

ხორციელი მოწყალების საქმეებად ასევე ითვლება: შიშველთა შემოსვა; პატიმრებზე ზრუნვა - მათი მონახულება, ნუგეშისცემა ისე, რომ არ გამოვიძიოთ, რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს; საკუთარ სახლში უცხოს (მწირის) მიღება, რომელიც ჩვენგან მოსასვენებელს და დროებით თავშესაფარს საჭიროებს; მიცვალებულთა დამარხვა, რაც გარდაცვლილის ქრისტიანული წესით დაკრძალვას გულისხმობს და სნეულთა მიხედვა - ავადმყოფებზე ზრუნვა.



- რაც შეეხება სულიერი მოწყალების საქმეებს?



- როგორც ხორციელი, ასევე სულიერი მოწყალების საქმეც შვიდია: ცოდვილის ცოდვისგან ჩამოშორება, მისი ჭეშმარიტებისკენ შემობრუნება, თუმცა მოწყალების ამ საქმის აღსასრულებლად ადამიანი, უპირველესად, თავად უნდა განიწმინდოს ცოდვებისგან და იცხოვროს ჭემარიტად ეკლესიური ცხოვრებით, რათა მისი ცხოვრების წესი ცოდვაში მყოფთათვის მისაბაძად იქცეს; უსწავლელთა და უბირთა დამოძღვრა, რასაც მხოლოდ ის ადამიანები აღასრულებენ, რომლებიც კარგად იცნობენ ქრისტიანულ სჯულს; კეთილი რჩევის მიცემა მათთვის, ვინც ამას საჭიროებს, რაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას, მათთვის გამოსავლის მოძებნას გვავალდებულებს; ლოცვა ღვთის წინაშე მოყვასისთვის, რაც ერთურთისთვის ლოცვას, ლოცვით შეწევნას გულისხმობს; დამწუხრებულთა ნუგეშისცემა, რომლის თანახმადაც, უნდა შევეწიოთ და ნუგეში ვცეთ ცოდვათა, მძიმე სნეულებისა თუ სხვა გასაჭირის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს და ვეცადოთ მის ამ მდგომარეობიდან გამოყვანას; წყენის მოთმინებით გადატანა - მოწყალების ამ საქმეს მაშინ აღვასრულებთ, როდესაც უფლის გამო დავითმენთ წყენას - მოყვასისგან მოყენებულ შეურაცხყოფას, დაჩაგვრას, აბუჩად აგდებას და სხვა; ცოდვათა მიტევება, მაწყინართა შენდობა გვავალდებულებს, ვაპატიოთ ადამიანებს ჩვენს წინაშე ჩადენილი შეცდომები. მოყვასს წყენა უნდა მივუტევოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება, როგორც ამას გვაუწყებს წმინდა წერილი: "არა გეტყვი შენ, ვიდრე შვიდ გზამდეა, არამედ ვიდრე სამოცდაათშვიდ გზის" (მათე 18,22). უფალმა ხომ სწორედ ამ სიტყვებით დამოძღვრა პეტრე მოციქული, როდესაც მან ჰკითხა: "უფალო, რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს მიმართ რომ შესცოდოს? შვიდჯერამდე?"


- "კეთილ არს ლოცვაი მარხვასა თანა და მოწყალებაი სიმართლესა თანა. უფროის ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაი", - გვამცნობს წმინდა წერილი. რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი მოწყალების გაღება?



- "მოციქულთა საქმეში" მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: კესარიაში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად კორნელიოსი - კოჰორტის ასისთავი, კეთილმსახური და ღვთისმოშიში ადამიანი. მრავალ მოწყალებას გასცემდა და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე. ერთხელ ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლადო. აი, რაოდენ დიდი ძალა და მადლი აქვს მოწყალებას.

ერთ მონასტერში ცხოვრობდა ღვთისმოსაობითა და გლახაკებისადმი მოწყალებით გამორჩეული ბერი, სახელად მარტირიოსი. მას მოძღვარი სხვა მონასტერში ჰყავდა, ამიტომ ხშირად უწევდა მონასტრიდან გასვლა. ერთხელ ძირს დავარდნილ გლახაკს წააწყდა, წყლულებისგან დაუძლურებული ადგომას ცდილობდა, მაგრამ ამის ძალა არ შესწევდა. ბერმა მანტია გაიხადა, დავრდომილი ზედ დააწვინა, შემდეგ ზურგზე მოიკიდა და მონასტრისკენ გაემართა. მონასტრის კარიბჭესთან დავრდომილი მიწაზე ჩამოსვა, თვითონ კი კარის გასაღებად გაემართა. უკან მობრუნებულს აღარავინ დახვდა. მოულოდნელად ხმა მოესმა: "მარტირიოს, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყალე, მე კი საუკუნოდ შეგიწყალებ შენ". ამ პატერიკიდან ჩანს, რომ რასაც ჩვენ გლახაკთა და უძლურთ გავუკეთებთ, თავად უფალს ვუკეთებთ, ე.ი. თითოეული მოწყალების გაღებით ქრისტესთვის გავიღებთ მოწყალებას. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "ყოველსა, რომელსა მისცემთ ძმათა ჩემთაგანსა, მე მომცემთ". უფალი ასევე ბრძანებს: "ყოველი, რომელი გლახაკთა თანა ჰყოფთ, იგი ჩემ თანა გიყოფიეს".


- პატერიკიდან ისიც ჩანს, რომ გულმოწყალე ადამიანებს უფალი შეიწყალებს.



- ამიტომაცაა მოწყალება ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მოწყალების სანაცვლოდაც უფალი უდიდეს ჯილდოს გვპირდება, რომელიც ადამიანს ცათა სასუფევლის სახით ელოდება - ე.ი. იმ მცირედისათვის, რასაც ჩვენ გლახაკებს მივცემთ, ღმერთი მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას დაგვიმკვიდრებს, წმინდანთა თანა გვირგვინოსნები გავხდებით. ამიტომაც უწოდებს უფალი ნეტართ მოწყალე ადამიანებს, მეხუთე ნეტარების თანახმად: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ ისინი შეიწყალნენ". "შეიწყალნენ" ხომ უფლისაგან შეწყალებას და მის წინაშე გამართლებას ნიშნავს.

ჯერ მოწყალება გაეცი, რომ შენი ლოცვა ცაში დაიწეროს. შენი საფასე-განძი გლახაკებთან შეინახე და დამალე, რომ ვერც ერთმა ქურდმა ვერ შეძლოს მისი მოპარვა, ხოლო გაჭირვების ჟამს უფალი მას უკან დაგიბრუნებს მონაგებითურთ, - გვმოძღვრავენ წმინდა მამები.



- როგორია უფლის დამოკიდებულება იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც არ გასცემენ მოწყალებას, არ შეეწევიან გაჭირვებულთ?



- რასაც ჩვენ გლახაკებს ვაძლევთ, ქრისტეს ვაძლევთ. და თუ არ მივცემთ, როგორღა მოვითხოვთ მისგან წყალობას. სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ უმძიმესია ხვედრი იმ ადამიანებისა, რომლებიც მოწყალების საქმეებს უგულებელყოფენ: "აჰა ესერა, გეტყვი შენ: მიხილე მე მშიერი და არა გამომზარდე, და წყურიელი და არა მასუ, და შიშუელი და არა შემმოსე. რაი უკუე მიუგო შენ ამისათვის შესანდობელი? შენ გმოსიეს სტავრაი და ხაზდი და ძოწეული და გლახაკსა არა აქვს ძოწეულიცა სამოსელი. შენ შეჭამ ხოხობისასა და კაკაბისასა და მრავალთა სანოვაგეთა და გლახაკი არა ჰპოვებს პურსა ხმელსა, რომლითამცა განიძღო მუცელი თვისი", - ამ სიტყვებს უფალი ხომ მათ ეუბნება, რომლებიც მოწყალებას არ გასცემენ. განკითხვის დღეს კი სასტიკ სასჯელს გამოუტანს უმოწყალოდ და ეტყვის: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის" (მათე 25-41).



- რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულის სახელზე გაღებულ მოწყალებას და მიიჩნევა თუ არა მის სახელზე გაღებულ მოწყალებად საკურთხის, ტაბლის მომზადება?



- რადგან გარდაცვალების შემდეგ ადამიანს სიკეთის ქმნა აღარ შეუძლია, მის სახელზე მოწყალება უნდა გაიღონ გარდაცვლილის ახლობლებმა, რომელთა სანაცვლოდ მოხვეჭილი მადლი გარდაცვლილის სულს ღვთის წინაშე გამართლებაში შეეწევა, მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაღება, მოწყალების საქმეების აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში, ვიდრე მისი სული უფლის სამსჯავროს წინაშე წარსდგება გასასამართლებლად. წმინდა წერილი მიგვითითებს, რომ მოწყალების გაღება იხსნის სულს სიკვდილისაგან და განწმენდს ცოდვებისაგან. მოწყალების სახით შეიძლება გავცეთ გარკვეული თანხა, ნივთი, სამოსი და ა.შ.

რაც შეეხება საკურთხის სუფრას, ეს მიცვალებულთა სახელზე გაღებული მოწყალების ერთ-ერთი სახეა და იგივე დანიშნულება აქვს, რაც გარდაცვლილთა სახელზე გაღებულ ნებისმიერ სხვა სახის მოწყალებას, მაგრამ მიცვალებულის სახელზე გაკეთებული ტაბლის ნაწილი აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეკლესიაში და ღვთისმსახურს გადავახდევინოთ პანაშვიდი გარდაცვლილის სულის საოხად, საკურთხი კი შევწიროთ ეკლესიას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იძენს საკურთხი მოწყალების მნიშვნელობას და საცხოვნებლად წაადგება მიცვალებულის სულს.

- "როცა მოწყალებას იქმ, დაე, შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას იქმს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება იყოს დაფარული და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ", - ბრძანებს უფალი. გამოდის, რომ თუკი ადამიანი ხმამაღლა საუბრობს მის მიერ ქმნილ კეთილ საქმეებზე, მისი მოწყალება უფლის საყდრამდე არ ამაღლდება...

- უფალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწირავს ჩვენს კეთილ საქმეებს, მათ შორის მოწყალებასაც, და მოგვმადლებს წყალობას, თუკი მათ დაფარულად, უხმაუროდ ვაკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სიკეთეს არა ღვთის, არამედ ადამიანთა საჩვენებლად ვაკეთებთ, რათა განვდიდდეთ მათ წინაშე და კაცთა ქება და მოწონება დავიმსახუროთ, როგორც ამას იქმოდნენ ფარისეველნი, რომლებიც სწორედ ამგვარ თვისებათა გამო ამხილა უფალმა. თავის კეთილ საქმეებზე ხმამაღლა მქადაგებელი ადამიანი უფრო ამპარტავანია, ვიდრე გულმოწყალე. ამპარტავნება კი, როგორც ვიცით, უმძიმესი, მომაკვდინებელი ცოდვაა.

უფალი დაფარულს ხედავს, იცის, როგორი გულით ვჩადით სიკეთეს. კეთილი გულით გაღებული მცირედი წყალობაც კი შეიწირება ღვთისგან, როგორც ღარიბი ქვრივისგან გაღებული ორი ფულის მონეტა შეიწირა რადგან ეს იყო ყველაფერი, რაც მას გააჩნდა.

მოწყალების გაღებისას ადამიანმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ წყალობა აუცილებლად კეთილსინდისიერი შრომით მოპოვებული შემოსავლიდან უნდა გავიღოთ, როგორც ამას გვამცნობს წმინდა წერილი: "პატივი ეც უფალსა ნაშრომითა შენითა სიმართლითა და შემწე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სიმართლისა".



  შორენა მერკვილაძე


karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий