ღმერთი

ღმერთი

вторник, 17 июня 2014 г.

მამა პეტრე კვარაცხელია: ,, დღევანდელ სასულიერო პირებს განათლება აკლიათ!"

"იმისთვის ვხვდებით სასულიერო პირები, რომ ერში ვერ ვრეალიზდით და ანაფორის ქვეშ პური ჩვენი არსობისა მოვიპოვოთ?! ქართულ ეკლესიებში ბევრი სასულიერო პირი კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას ვერ ასხვავებსო" - გულისტკივილით აღნიშნავს ,,ივერიონთან" საუბარში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია.


-მამაო, ბევრი აღნიშნავს, რომ თქვენ და თქვენი თანამოაზრეები, ხშირად ამათრახებთ და ამხელთ იმ სასულიერო პირებს, რომელთა გაუნათლებლობაშიც დარწმუნებული ხართ. საინტერესოა, რატომ ეჭიდებიან ამ რთულ საქმეს, თუ მრევლისთვის სულიერი საზრდოს მიცემა არ შეუძლიათ?


-ქართული სამოციქულო ეკლესია დღიდან დაარსებისა, რწმენის სიმტკიცესთან ერთად, უდიდეს ყურადღებას უთმობდა სწავლა-განათლების საკითხს. ქართული ფილოსოფიის ისტორია, იოანე პეტრიწის მერე, მნიშვნელოვან გარდატეხებს თითქმის ვერ განიცდის...
გიორგი მთაწმინდელის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვა ანტიოქიის პატრიარქთან, ეს იყო, სხვა მიღწევებთან ერთად, წიგნიერ ცოდნაზე დაფუძნებული არგუმენტირებული პასუხი... რომ არაფერი ვთქვათ ტაო-კლარჯეთის სულიერ სიმაღლეებზე.

მთარგმნელობითი საქმიანობა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სასულიერო პირს ყველაზე მეტად მოეთხოვებოდა განათლების უმაღლესი დონე... თუ რამე ღირებული შექმნილა, სწორედ სასულიერო პირების მიერ... შუშანიკის მარტვილობიდან დაწყებული, საბა- სულხანით დამთავრებული, წიგნი და წიგნიერება- ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ერის სულიერებისა და ინტელექტის გადარჩენის საქმეში...
ნათლისმცემლის მონასტერში აღკვეცილმა ორბელიანმა 33 წელი მოანდომა ,,სიტყვის კონის" შექმნას... დამიანე (დემეტრეყოფილი) ბერმა დავით გარეჯის ლავრაში დაწერა ,,შენ ხარ ვენახის" იამბიკო... როცა ამ ყველაფერს იხსენებ, დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ,,მწიგნობრობა ქართული"... ყველა მიღწევის და გამოწვევის მიუხედავად, სასულიერო პირებს ცოდნის დონე შესამჩნევად გვაკლია... რასაც ვერ ვიტყვით, კათოლიკურ სამყაროზე...

მესმის, რომ უამრავი სასწვლებლები დაარსდა, მაგრამ ეს ოკეანეში წვეთია... მე, როგორც მღვდელმსახური, თუ სათანადოდ არ ვარ მზად მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს არგუმენტირებულად ვუპასუხო, პირველი და გადამწყვეტი დაბრკოლება სწორედ აქედან იწყება!..

ვფიქრობ, უფრო უნდა გაძლიერდეს მოთხოვნა სამრევლო სკოლებზე. სადაც მსურველები საფუძვლიანად დაეუფლებიან ქრისტიანული მოძღვრების შესავალს, მსოფლიო რელიგიების ზოგად კურსს, საქართველოს და მსოფილო ეკლესიების ისტორიას...

შეიძლება უმაღლეს თეოლოგიას ვერ დავეუფლოთ, მაგრამ იმდენი მაინც უნდა შევძლოთ, გავარჩიოთ, რა სხვაობაა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის... შეიძლება თომას მანის ,,ჯადოსნური მთა" დეტალებში არ გვახსოვდეს, მაგრამ საკუთარი რწმენის დაცვა წმინდა წერილზე დაყრდნობით მაინც უნდა შევძლოთ სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებთან... უფრო ზუსტად კი, ადამიანის სულს ვეხებით!..
უცოდინრობით შეიძლება უამრავი სული დაიღუპოს, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია... გასაგებია, რომ მთავარი რწმენაა, რაც ცოდნას არ გამორიცხავს...

სარწმუნოების განმტკიცება მისი დაცვით და შენარჩუნებით იწყება... აპოლოგეტიკა ხომ ჭეშმარიტი ცოდნით მიიღწევა..


-როგორც მოგეხსენებათ, საერო ცხოვრებაში ნეპოტიზმი ყვავის. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ამ მხრივ ეკლესია-მონასტრებში. რამდენად შესაძლებელია, მკაცრი საეკლესიო კომისიის არსებობის შემთხვევაში, სასულიერო კარიერა ,,მოიწყოს" ამ პროფესიისთვის შეუფერებელმა პირმა?


- სახარება ბრძანებს - ,,არიან მწყემსნი კეთილნი და არიან სასყიდლით დადგინებულნი"... თუ ადამიანი მოწოდებული არ არის იმისთვის, რომ სხვისი ტვირთი ზიდოს, მას აუცილებლად გაუჭირდება სასულიერო პირობა...

მოძღვრობა სულაც არ არის პრივილეგიები და მატერიალური კეთილდღეობა... ძალიან მტკივნეული საკითხია, ეკურთხებიან თუ არა, ქალაქის ცენტრში დამკვიდრებას ცდილობენ, რადგან შიში აქვთ სიდუხჭირის და არც თუ ისე უსაფუძვლოდ...

მიუხედავად მრევლის სიმრავლისა, მოძღვართან დამოკიდებულების ტრადიცია პრიმიტიულია - სწორედ რომ სამწყსომ უნდა იზრუნოს თავის მოძღვარზე, რომელსაც სული არ ენანება მის წიაღში მყოფი ადამიანებისთვის... მერე კი ყველას არ გაუჩნდებოდა სურვილი, ქალაქის ცენტრში მსახურებისა... უფალი ყველგან სუფევს - ის ყველგან გვხედავს და გვისმენს, მით უფრო იქ, სადაც ყველაზე საშურია ღვთის სიტყვის ქადაგება.

თუ გულით ემსახურები იესოს, არსებობისთვის აუცილებელს მოგვცემს, მაგრამ თუ იმისთვის ვხვდებით სასულიერო პირები, რომ ერში ვერ ვრეალიზდით და ანაფორის ქვეშ პური ჩვენი არსობისა მოვიპოვოთ, ამ შემთხვევაში ისიც წაგვერთმევა, რაც გვაქვს... ალბათ რწმენის სინაკლებე გვაშფოთებს. სასულიერო პირი ყოველ წირვაზე უდიდეს საიდუმლოს აღასრულებს და შეუძლებელია ხელაპყრობილი მლოცველი ღმერთმა უპასუხოდ დატოვოს... ,,უფალი მწე ჩემდა".


-თქვენ თქვენს ფეისბუქსტატუსებში ხშირად ითხოვთ მლანძღველთაგან შენდობას. როგორ ფიქრობთ, ვის აღიზიანებს თქვენი ახლო სულიერი ურთიერთობა მრევლთან?


- სხვისი ცხოვრებით დაინტერესება, არამკითხე მოამბეების ხვედრია. როცა ადამიანს საკუთარი არ გააჩნია, ცდილობს სხვისით დაინტერესდეს, ოღონდ ძალიან უხეშად და უსაფუძვლოდ.

არასდროს მიკითხავს, ჩემს რომელიმე მეგობარ საერო თუ სასულიერო პირს, რატომ აქვს ისეთებთან ფოტო გადაღებული, რომლებიც ჩემთვის უმნიშვნელოა... ეს მათი გადასაწყვეტია და არ მაქვს უფლება, უხეშად ჩავერიო... ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია... არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასულიერო პირი ვარ, არამედ, იმიტომაც და, ალბათ მეტად იმიტომ, რომ ძალიან ბევრს უყვარს ჩემი ლექსები და ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ ახალ წიგნზე ან პოეზიაზე...

თუ მათ რიგებში ისეთებს ხედავენ, ვინც ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა, ამაზეც თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან ერთი საუკეთესო გამოსავალი არსებობს - მოგვიხსენიონ მათ წმინდა ლოცვებში და დაუტევონ უფალსა ზრუნვა... ხშირად მსმენია, რატომ ჰყავს ასე ახლოს ცოდვით დაცემულებიო... ამ ტიპის კრიტიკა კი მათგან მოდის, ვინც ლამის ტაძარში ცხოვრობს... ეს არის სწორედ ის უცოდინრობა, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი... ქრისტეს ასე რომ ემსჯელა, მაგდალინელი ვერ გახდებოდა მენელსახებლე დედა... ან ავაზაკი პირველი ვერ შევიდოდა სასუფეველში...

საბოლოოდ კი, ,,მორწმუნეებიდან" უფრო დიდი აგრესია მოდის, ვიდრე მათგან, ვისაც სიღრმისეულად აქვს გააზრებული თავისი სულიერი მდგომარეობა და თავს უფლებას არ აძლევს, მწვავე კრიტიკის შემთხვევაშიც, გამოსავალი მონახოს... მეზვერე და ფარისეველი გაიხსენეთ... ყველაზე საშიში მორწმუნეების ურწმუნოებაა...


-როგორ ფიქრობთ, თქვენი სხვა სასულიერო პირებისგან ინდივიდუალურად გამორჩეული პიროვნულობით ეკლესიის დოგმებს ხომ არ ეწინააღმდეგებით?


- საეკლესიო სწავლება ყველასთვის ერთია... წმინდა მამების და მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი კანონები და გამოცდილება ყოველთვის უცვლელი და მტკიცეა... არავის აქვს უფლება დოგმები და კანონიკური სწავლება შეცვალოს... უბრალოდ, ბევრისგან განსხვავებით, მე არასდროს ვიტყვი იმას, რომ თეატრში წასვლა დამღუპველია, ან საინტერესო ფილმის ყურებით ღვთის რისხვას ავიკიდებთ... კარგად გავიხსენოთ, მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქართული თეატრი ილია ჭავჭავაძემ აღადგინა... ილია კი ეკლესიის მიერ მართლად იწოდება... მსგავსი მიდგომებით წინააღმდეგობაში მოვდივართ საკუთარ თავთან და სხვასაც განსახდელში ვაგდებთ... კინოც, თეატრიც, მუსიკაც და მხატვრობაც, სულიერი საკვებია... ჩვენ ის ერი ვართ, ამბიციებს რომ ვაფრქვევთ და უნდა ითქვას, რომ არა ქართული კულტურის ისტორია, დღემდე ვერ მოვაღწევდით... ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება!"...


-რამდენად მიზანშეწონილია სასულიერო პირებს შორის არსებობდეს შური და მტრობა, რაც, თავისთავად, ღმერთთან წინააღმდეგობას ნიშნავს?


,,შურმან შეიპყრო ერი უსწავლელი"- ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი... არ მსურს სხვის მდგომარეობაზე ვისაუბრო... ისე კი, კარგშიც ცუდის დანახვა, სხვა რა უნდა იყოს, თუ არა შური... ეს უკანასკნელი პატარა ადამიანების ხვედრია...


-26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეკლესიის მიერ დაგეგმილ ლგბტ-ებისა და ანტიდისკრიმინაციული კანიონის საწინააღმდეგო გამაფრთხილებელ აქციას თუ შეუერთდებით?


-მაისის თვე დამძიმდა თითქოს. ამ თვეში უამრავი კარგი რამ ხდება - უდიდესი წმინდანების ხსენებაა, ერის დამოუკიდებლობას ვზეიმობთ, 17 მაისი, მისი უწმინდესობის გონივრული გადაწყვეტილების შედეგად, ოჯახის დაცვის დღედ გამოცხადდა... სასურველია ამ კუთხით გავაკეთოთ აქცენტი...

თუ ეკლესია მომიწოდებს, აუცილებლად დავდგები მის სადარაჯოზე და მეტიც, სათქმელს ყოველთვის ვიტყვი... ის, რომ სასულიერო პირი ვარ, უამრავ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მიტინგების მოწყობის და ბაირაღების გარეშეც ვცდილობ ერის და ეკლესიის ღირსება დავიცვა...

არ არის ადვილი, გყავდეს ექვსი შვილი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკმაპური მოაკლდებათ, უპირველესად, ექვსი სული - ეს უკვე იმპერიაა და ელემენტარული შეცდომაც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!

ჩემი სამეცნიერო ხარისხებით, წიგნების გამოცემით, შვილთა სიმრავლით, ვფიქრობ, 26 მაისის გარეშეც ვამბობ სათქმელს და ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.
რაც მთავარია, მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეკლესია. არ მინდა სხვაგან წასვლის სურვილი გამიჩნდეს (რაც ამ ბოლო დროს ხშირად დამჩემდა). ,, უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით"...


ესაუბრა ია ჯღარკავა


Комментариев нет:

Отправить комментарий