ღმერთი

ღმერთი

пятница, 27 июня 2014 г.

ნიკო ლორთქიფანიძე – "იყიდება საქართველო"

  2 დღის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმი გააუქმა.

უდიდესია ჩვენი შეშფოთება და გულისტკივილი. ქვეყანაში, სადაც პენსია საარსებო მინიმუმს ბევრად არ აღემატება, ამ კანონის ამოქმედება კატასტროფის ტოლფასი იქნება. უცხოელებს ხელში რომ არ ჩაეგდოთ ქართული მიწები, წმინდა ილია მართალმა ამისთვის საადგილმამულო ბანკი შექმნა. ჩვენ კი...მათი გაყიდვით ბიუჯეტს ვავსებთ?!
სწორედაც, რომ დროულია, ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა გავიხსენოთ. იქნებ ვინმეს, ვისაც ჯერ არს, გულზე მოხვდეს!!!

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

26.06.2014



Комментариев нет:

Отправить комментарий