ღმერთი

ღმერთი

пятница, 6 июня 2014 г.

წამოდგა და პირველ რიგში მშობლების საფლავზე წავიდა, დაემხო მიწაზე და შენდობა ითხოვა

   ეს ამბავი XIX საუკუნეში რუსეთში მოხდა. ერთ ღარიბ მემამულეს ერთადერთი ვაჟი შეეძინა. მშობლები ღრმად მორწმუნენი იყვნენ და შვილსაც ღვთის შიში და სიყვარული ჩაუნერგეს. მათ მონათხრობ სახარებისეულ ამბებს ბავშვი სიზმრად ხედავდა და ნეტარებით ივსებოდა. დედის ნასწავლ ლოცვასაც ხშირად იმეორებდა, თითქოს ზეცაში საუნჯეს იგროვებდა.

ბიჭი ათი წლისა რომ გახდა, მშობლებმა ქალაქში წაიყვანეს და საერო სასწავლებელში მიაბარეს. მაშინ ძალუმად მოიწევდა ქვეყნისკენ ის ანტიქრისტიანული სული, რომელიც გაბატონდა საუკუნის ბოლოს და მრავალი განაშორა ღმერთს. ეს სული იმდროინდელ სასწავლებლებშიც შეპარულიყო. სოფლიდან ჩასულ მორწმუნე ბიჭს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ... იზრდებოდა ბიჭი და ნელ-ნელა ქრებოდა მასში ღვთის რწმენა, ვიდრე საბოლოოდ არ გაუჩინარდა. ახლა უკვე თვითონ დასცინოდა სამღვდელო პირებსა თუ უბრალო მორწმუნეებს, ნათლობის ჯვარიც მოიხსნა და სადღაც მიაგდო. მთელ ღამეებს დროსტარებაში, მეძავ დედაკაცებთან ერთად ატარებდა. თითქოს რას უნდა ეხსნა ამ ჭაობიდან, მაგრამ დაილოცოს ღვთის სახიერება, მას ხომ ცოდვილის სიკვდილი კი არ სურს, არამედ მოქცევა და სინანული.

მოხდა ტრაგედია - ვაჟის მშობლები ქოლერამ გამოასალმა სიცოცხლეს. მშობლების სიკვდილის ამბავი შეიტყო თუ არა, ვაჟი მაშინვე შინისკენ გაეშურა. მიუხედავად იმისა, რომ ყველასა და ყველაფერს დასცინოდა, მის სულში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ნათელი გრძნობა დედაშვილური სიყვარულისა. ჩავიდა მშობლიურ სოფელში და პირდაპირ სასაფლაოსკენ გასწია, დარაჯს ჰკითხა, სად იყვნენ დაკრძალულნი მისი მშობლები და მითითებულ მხარეს გაეშურა. აი, გამოჩნდა კიდეც მშობლების საფლავები. ჭაბუკს ათიოდე ნაბიჯიღა აშორებდა მათგან, როცა თვალთ დაუბნელდა და მიწაზე უგონოდ დაეცა. გონს სახლში მოვიდა.

მეორე დღეს ისევ სასაფლაოსკენ გასწია, მაგრამ საფლავებამდე არ მისულა, კვლავ გონება დაკარგა. იფიქრა, რაღაც ავადმყოფობა შემეყარა, პერიოდულად რომ მეორდებაო, ამიტომ მესამე დღეს შინ დარჩა, მაგრამ არაფერი დამართია. მეოთხე დღეს უცნაურმა სნეულებამ ისევ არ მიუშვა მშობლების საფლავთან.

გონს რომ მოვიდა, მსახურის შეშინებული სახე დაინახა. "ნეტავ რა ცოდვა აქვს ასეთი ჩემს ბატონს, ღმერთი მშობლების საფლავთან რომ არ უშვებსო", - ფიქრობდა ის, მაგრამ ვაჟი ამაში ღვთის ხელს ვერ ხედავდა, დახშული ჰქონდა სულიერი თვალნი. ლაქია ექიმთან გაგზავნეს. მან შემოუთვალა, რომ მეორე დღეს მივიდოდა სნეულის სანახავად. მეორე დღეც გათენდა. გაიღვიძა ვაჟმა და... განძრევაც ვეღარ მოახერხა. ენა არ ემორჩილებოდა, იწვა განრღვეულივით და სიცხისგან იწვოდა. ექიმმა წამლები გამოუწერა, მაგრამ არაფერმა უშველა.

გადიოდა დრო, ავადმყოფს გამოჯანმრთელებისა არაფერი ეტყობოდა, ექიმი გაკვირვებისგან ტუჩებს იკვნეტდა, ბოლოს კი უთხრა: "ავადმყოფ მამაკაცს, რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები, რა სჭირს, ამიტომაც არ დაგიმალავთ: მე მეტი არაფერი შემიძლია, უნდა ველოდოთ, სანამ თქვენი მდგომარეობა თავისით არ გაირკვევა".

ვაჟი ექიმის ნათქვამმა შეაძრწუნა. კაცობრივი შეწევნის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. გადიოდა დრო. ავადმყოფს ნაწოლები გაუჩნდა, დაუჩირქდა. მთელი სხეული საშინლად უყარდა. მწუხარებისგან გათანგულს ერთხელ ჩაეძინა და ხედავს, რომ სადღაც ბნელ, ნესტიან, აშმორებულ მიწისქვეშეთშია, ირგვლივ ტირილი, კვნესა ისმის. შეშინებულს გამოეღვიძა. ოთახში სანთელი ბჟუტავდა. ისევ ჩაძინებას აპირებდა, რომ უცებ ხელზე ვიღაც შეეხო, გაახილა თვალები და რას ხედავს: მის წინ გარდაცვლილი დედა დგას. ვაჟს გული აუჩქროლა საყვარელი ადამიანის დანახვამ, მაგრამ ის მოღუშული იდგა. "შენმა უსჯულოებამ, ურწმუნოებამ, უღმერთობამ და თავაშვებული ცხოვრების ამბავმა ღმერთამდე ააღწია, - უთხრა მან, - და მან შენი პირისაგან მიწისა აღხოცვა მოინდომა. მაგრამ მე და მამაშენი ვევედრეთ უფალს და მანაც, მრავალმოწყალემ, შენი მოქცევა ინება. მან იცოდა, რომ ერთადერთი ძვირფასი რამ შენთვის ჩვენი საფლავები იყო, ამიტომ მოგივლინა ზებუნებრივი ავადმყოფობა და არ მიგიშვა მათთან - ეგებ შეგეცნო ამაში ღვთის ხელი და მოქცეულიყავი, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც ღმერთმა მე გამომგზავნა - ეს შენი ბოლო შანსია. შენ უარყოფდი ღმერთს, სულის უკვდავებას. მე მოვკვდი, მაგრამ გამოგეცხადე და გესაუბრები - აი შენთვის იმქვეყნიური ცხოვრების დამამტკიცებელი საბუთი. იწამე შენგან უარყოფილი ღმერთი. გაიხსენე დედაშენი, რომელიც ცდილობდა, ჭეშმარიტ ქრისტიანად გაეზარდე". დედას სახე კიდევ უფრო მოექუფრა და ბოლოს აქვითინდა. "კიდევ ერთხელ გაფიცებ, - განაგრძო ტირილით, - მოიქეცი ღვთისკენ. შეიძლება, შენ თვალებს არ უჯერებ და ჩემი გამოცხადება ფანტაზია, წარმოსახვითი სურათი გგონია, მაგრამ იცოდე, ცდები. მე ჩემი სულიერი არსებით ვდგავარ შენს წინაშე. ამის დასტურად აიღე შენგან უარყოფილი ეს ჯვარი, ირწმუნე და სასწაულით განიკურნები. თუ არ დამიჯერებ, სიკვდილი და ჯოჯოხეთის ცეცხლი გელის". ამ სიტყვებით დედამ ვაჟს ნათლობის ჯვარი გაუწოდა და გაქრა.

მასთან ერთად გაქრა ვაჟის ურწმუნოება. ამ წუთიდან ის სავსებითYშეიცვალა. ამ დროს ოთახში ლაქია შემოვიდა და ცხელი ჩაი შესთავაზა ბატონს. ვაჟმა ჩაი მოსვა. ლაქიამ შეჰბედა და სთხოვა, იქნებ ნაკურთხი წყალი დალიოთო, ბატონო. ვაჟი დათანხმდა. მოსვა თუ არა აიაზმა, იგრძნო, როგორ უბრუნდებოდა სიცოცხლე მის დავრდომილ სხეულს.

ვაჟი მყისვე სავსებით განიკურნა. მადლიერების ცრემლები ღვარად სდიოდა, წამოდგა და პირველ რიგში მშობლების საფლავზე წავიდა, დაემხო მიწაზე და შენდობა ითხოვა.

მას შემდეგ 15 ივლისს ვაჟი ყოველთვის დღესასწაულობდა, ვითარცა თავის დაბადების დღეს. ამ დღეს იგი ღმერთმა მოიძია, როგორც წარწყმედული ცხვარი და თავის სამწყსოს შერთო.


(ნამდვილი ამბავი)


სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი


http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/namdvili-ambebi/597-tsamodga-da-pirvel-rigshi-mshoblebis-saflavze-tsavida-daemkho-mitsaze-da-shendoba-ithkhova.html


Комментариев нет:

Отправить комментарий