ღმერთი

ღმერთი

пятница, 6 июня 2014 г.

მოხალისე ტაშისმკვრელთა რაზმეულები

  ტაშისმკვრელი, ანუ ნასუფრალის სანაცვლოდ ძლიერთა ამა ქვეყნის საამებლად მონური მორჩილებისთვის მოწოდებული შემოქმედებითი ინტელიგენციის მცირე, მაგრამ ავტორიტეტული ნაწილი, რომელსაც «მეფეთათვის» გუნდრუკის კმევა წლების განმავლობაში ძირითად პროფესიად გაუხდია, არც «ლეგენდარულ» ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძეს აკლდა და, მით უმეტეს, არც ედუარდ შევარდნაძეს. თქვენ წარმოიდგინეთ, სააკაშვილსაც კი ჰყავდა ტაშისმკვრელნი მათი რიგებიდან, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილს გუნდრუკს უკმევს.


მხოლოდ ზვიად გამსახურდია არ მოუვიდათ თვალში ზემოხსენებულ გუნდრუკის მკმეველებს და ერთიანად აიჯაგრნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დასამხობად _ ზვიად გამსახურდიას ხომ არც აშშ ეხატებოდა გულზე და არც რუსეთი!


თუკი თეა თუთბერიძე-ნინია კაკაბაძეების მსგავს წვრილფეხობას არ ჩავთვლით, ავტორიტეტთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც პატრიარქს უკადრებელი აკადრა და ეს ამბავი დიდი ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე მოხდა, ორმოცზე, სადაც თქვენი მონამორჩილიც გახლდათ მიწვეული, მაგრამ ვერ მივიდა, «თორემა»...


ამიტომ ამ ამბის შემსწრე ჩემი მეგობრის, ჩინებული პოეტის _ ვაჟა ოთარაშვილის მონათხრობით კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რაც უკვე იცის:


სუფრის თამადა ლაშა თაბუკაშვილს ჭაბუა ამირეჯიბის ბერად აღკვეცის პერიპეტიები გაუხსენებია და ამ ქმედების მთავარი ინიციატორისა და შემოქმედის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს სადღეგრძელო შეუთავაზებია სუფრის წევრებისთვის. და ის იყო ფეხზე ამდგარ საზოგადოებას მისი უწმინდესობის სადღეგრძელო უნდა შეესვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიკროფონში ჩასძახა: _ რა არის ეს, ნუ გავაფეტიშებთ ამ კაცს, პატრიარქიც ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც უამრავი ნაკლი აქვს და ეკლესიაშიც არ არის ყველაფერი რიგზეო და ა. შ. რასაც, ბუნებრივია, გამოუწვევია დამსწრე საზოგადოების უმეტესობის ჯერ გაკვირვება, შემდეგ _ დრტვინვა. ამას მოჰყოლია ვაჟა ოთარაშვილის «თავხედური» შეძახილი: «ეეე, შენი დანიშნული მინისტრები აკრიტიკე!» და შეცბუნებული ლაშა თაბუკაშვილის ნათქვამი: «არ გეთანხმებით ამაში, ბატონო ბიძინა!». ატმოსფერო ისე დაძაბულა, სუფრის დემარშით აშლას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ისევ ჭაბუას ხსოვნის პატივისცემამ გადასძლია მეინახეებს და უგემურად ჩაუმთავრებიათ დიდი მწერლის სულის საცხონებელი ტრაპეზი...


სამების აღმშენებელს იქვე, სუფრაზევე გამოუჩნდნენ ქლესა დამცველები (რომ ჰკითხოთ, პატრიარქის მზეს ფიცულობენ), შემდგომ დღეებში კი ეს «დაცვა» კიდევ უფრო დიდი შემართებით გაგრძელდა _ ბიძინამ ასე კი არა, ისე თქვა; ეს კი არა, ის იგულისხმა; ნათქვამის კონტექსტი სხვაა და ა.შ. იყო სხვა უსუსური მცდელობაც ყველა დროის უპირველესი ქველმოქმედის «როყიოდ ნასროლი» ფრაზების გათეთრებისა, მაგრამ...


ნათქვამია, შუბი ხალთაში არ დაიმალებაო და ბიძინა ივანიშვილის ფიქრებისა და ზრახვების რეალური არსი მოკლე ხანში გამოჩნდა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როდესაც უკვე «პირველმა მოქალაქემ» თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა სუფრაზე «წამოცდენილი»; უფრო მეტიც, განაცხადა, მიდით, აკრიტიკეთ, საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს ტაბუირებული თემებიო, რაც ეკლესიის, პირადად პატრიარქის კრიტიკა-განქიქებისთვის მწვანე შუქის ანთებას ჰგავდა არასამთავრობო თუ სამთავრობო ხლისტებისთვის და დაიწყეს კიდეც _ რუსული ვირუსისგან საპატრიარქოს დეზინფექცია მოითხოვეს ამ მართლა სადეზინფექციოებმა!..


ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იმასთან, რასაც ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთსულოვნად მიღება ჰქვია.


აი, აქ დამთავრდა შემოქმედებითი ინტელიგენციის ტაშისმკვრელი ნაწილის მიერ «დიდ ბიძინაზე» შექმნილი მითი, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ეროვნულები არიან და ამაში მათ მხოლოდ რესპუბლიკელ-ალასანიას ნეოლიბერალი ამერიკანისტები უშლიან ხელს; რომ ამ ბალასტს დღეს თუ არა ხვალ უეჭველად მოიშორებს «ბიძინიჩი» ღარიბაშვილი და ა. შ.


«მეოცნებენი» ერთად თუ ცალ-ცალკე პატრიარქს ვითომ პატივს სცემენ, მაგრამ იმავე პატრიარქის არაერთგზის თხოვნა-მუდარა არ შეისმინეს, პირიქით _ აქეთ გვიკითხავდნენ ტელეეთერში ლექციებს მართლმადიდებლობის მრწამსისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის იდენტობაზე და კანონპროექტის განხილვა ვნების კვირის ოთხშაბათს, ანუ იუდას მიერ ქრისტეს გაყიდვის დღეს დაიწყეს; მეორე მოსმენით მიიღეს წითელ პარასკევს _ ქრისტეს ჯვარცმის დღეს; ხოლო საქართველოს ამოგდება ბრწყინვალე შვიდეულში დაგვიკანონეს!


ამბობენ, ივანიშვილმა უმრავლესობის ლიდერები «კედელთან მიაყენა» და სულ თითი უქნიაო. ჰოდა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას ამიტომაც აღინიშნა სამარცხვინო ერთსულოვნება პარლამენტში...


ამის შემდეგ გუნდრუკის მკმეველებმა მორიგი ზღაპარი შექმნეს _ ამ კაცმა (ბიძინამ) საკუთარი თავისა და ოჯახის ყოფნა-არყოფნა სასწორზე შეაგდო, საქართველო გადაარჩინა, ყველაფერი უცბად რატომ გვინდა, უმადურები რატომ ვართ, ჩვენ ხომ არ ვიცით, რა საფრთხე ემუქრებაო და ა. შ.


როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა მართლა სასწორზე შეაგდო საკუთარი სიცოცხლე, მაშინ ბიძინასაც რომ მხარი აება, «ნაცმოძრაობის» კოშმარული მმართველობა უფრო ადრე დასრულდებოდა, მაგრამ მაშინ სამების აღმშენებელი ქართველთდამარბეველი ვანო მერაბიშვილის უწყებას აფინანსებდა!


ან რატომ ითვლება სამების ტაძარი მხოლოდ ბიძინას ექსკლუზივად? თუმცა, ვისაც ასე მოსწონს, იყოს მხოლოდ ბიძინა სამების აღმშენებელი, მაგრამ, როცა ერთი ხელით სამების ტაძარს აგებ, მეორით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით სულიერ სამებას ანგრევ, რა ჰქვია ამას?


დიახ, ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მეფეებს თუ ზოგადად ქვეყნის საუკეთესო შვილებს თავზე ჩალმა ეხურათ და მალულად ჯვარს ატარებდნენ! ჰოდა, სამების აშენებითა და პედერასტული კანონის მიღებით, მკითხველმა განსაჯოს, რას გვიმალავს ბატონი ბიძინა _ ჩალმას თუ ჯვარს?


ისე, როდესაც ტაშისმკვრელ-გუნდრუკის მკმეველთა ლიგა მავანს საქართველოს გადარჩენას აბრალებს, იქნებ გაიხსენოს თავდადება ქართველი ერისა, რომელიც «მესიის მოსვლამდე» გულხელდაკრეფილი არ მჯდარა და, როგორც შეეძლო, იბრძოდა _ გავიხსენოთ, რომ 330 ათასმა კაცმა მიშას გულაგები ხეხა, არც 2007 წლის 7 ნოემბრის სასტიკი დარბევა და 2011 წლის 26 მაისის სასაკლაოა დასავიწყებელი. სწორედ ამ მოვლენებმა შეარყია საფუძვლიანად სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი. და მთავარი _ იმხანად წინააღმდეგობის მოძრაობისა და დღეს სპა-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით «ციხის კადრები», საკონტროლო გასროლის ტოლფასი იყო ბიძინას ფაქტორით დამბლადაცემული სააკაშვილის რეჟიმისთვის!


მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობების მაქსიმუმი, ალბათ, ეს იყო ან მეტის კეთების სურვილი არ აქვს, ან მილიარდების დაკარგვის შიშის გამო აღარაფრის გაკეთება არ სურს... და რა ვქნათ ახლა, ერთ კაცს გადავაყოლოთ ქვეყანა, ბატონო ტაშისმკვრელებო?


თუ საქართველოს გადარჩენა მაინცდამაინც ვინმესთან უნდა იყოს პერსონიფიცირებული, ეს არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, აგრეთვე, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ, ივანიშვილის აზრით, იქ «ყველაფერი რიგზე ვერ არის» (და ნამდვილად ასეა), «ნაცების» კოშმარული რეჟიმის პერიოდში ყოველთვის იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო და ახლაც «იქ» დადგა _ პარლამენტისგან გაწბილებულმა მისმა უწმინდესობამ სწორედ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის დაცვისა და მშობლების პატივისცემის დღედ, რაც არა მხოლოდ შინაურ, არამედ, პირველ რიგში, უცხოელ ხლისტებს ემცხეთათ, რადგანაც პატრიარქის ეს ნაბიჯი სახიფათო დემარშია სოდომ-გომორის გზაზე შემდგარი დასავლეთის მმართველი ელიტებისთვის.


ქართველებო და არაქართველებო, ამა წლის 17 მაისს ერთი ბრძოლა მოვიგეთ, ხოლო ომი, რომელიც ლგბტ პედერასტებმა გამოუცხადეს ზნეობას, ყველა ტრადიციულ რელიგიურ კონფესიას, გრძელდება და ჩვენს ხანდაზმულ პატრიარქს ჩვენი დაცვა სჭირდება როგორც გლობალისტებისგან, ასევე მათ მიერ აქ ჩანერგილი მეხუთე კოლონის, ე.წ. არასამთავრობოების თავდასხმებისგან!


რწმენა და სიყვარული ის სუბსტანციებია, რომლებსაც თვალი და ყური არ აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი სიყვარული უნდა გვქონდეს მხოლოდ უფლისა და ჩვენი პარტიარქის და არავითარ შემთხვევაში _ უბრალო მოკვდავის, თუნდაც სამების ამშენებელ-ქველმოქმედისა!


გასრულდა კოჰაბიტაციური ფლირტის პირველი ფაზა, რომელიც, მარგველაშვილის დაპირებისამებრ, პრეზიდენტად მისი არჩევის შემდეგ არათუ დასრულდა, არამედ, როგორც ვვარაუდობდით, ახალ, მიჯნურობის ფაზაში გადავიდა და პოლიტიკურად ერთსქესიანი «ნაცებ-ქოცების» ქორწინებაც შედგა.


არა, ტელედებატებში ვითომ კი ხოცავენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ის ცოლ-ქმრის ჩხუბია, მხოლოდ რეგვენს რომ ჰგონია მართალი...


შეგნებულად აღარაფერს ვამბობ ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის იმ შემადგენელზე, რომელსაც ე. წ. გახმაურებული საქმეების გამოძიება და მწამებელ-სადისტთა თუ მკვლელთა დასჯა ჰქვია, რადგან ამის არც უნარი და, რაც უმთავრესია, არც სურვილი გააჩნია ხელისუფლებას და ამაში ტაშისმკვრელები შინ თუ გარეთ ყველას და ყველაფერს ადანაშაულებენ, ოღონდ არა «დიდ ბიძინას», მაგრამ სხვა დაპირებაც ხომ იყო?!


კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, რომელიც დღეს ისეა არეული და ბუნდოვანი, როგორც არასდროს _ ერთი მხრივ, ნატო-ევროკავშირისკენ სწრაფვა და თან რუსეთთან პოლიტიკური პასიანსის დალაგება, რბილად რომ ვთქვათ, უტოპიაა და ამ გეზის რეალური პერსპექტივის დანახვა თუ გვინდა, უკრაინისკენ გავიხედოთ, რომელიც, როგორც სახელმწიფო, პრაქტიკულად აღარ არსებობს!..


ჰოდა, მეზობლების გაკვეთილზე მაინც ვისწავლოთ, რადგან არც ნატოში მიგვიღებენ ოდესმე და მითუმეტეს _ არც ევროკავშირში. პირველზე ბარაკ ობამას «წამოსცდა» მწარე სიმართლე და მეორეზე მანუელ ბაროზოს, მაგრამ რად გინდა! ივანიშვილის მიერ პატრიარქის მიმართ «წამოცდენის» არ იყოს, ობამა-ბაროზოს მარტივად ნათქვამსაც გამოუჩნდნენ ჩვენში რთულად განმმარტებელნი, რომ ასე კი არა, ისე, ეს კი არა, ის იგულისხმა და ა.შ. საზოგადოების დასაბოლებელი სხვა მრავალი ტყუილი...


დასავლეთისვე სერიოზული ანალიტიკოსების აზრით, ევროსაბჭოს უკანასკნელი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები ევროპისთვის მართლაც უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ბებერი ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა (ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი და ა. შ.) ე. წ. ევროსკეპტიკოსი თუ ნაციონალისტი რადიკალების აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის დეპუტატები გაიყვანეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ევროკავშირის შიგნიდან დაშლას შეეცდებიან, რადგან მათაც ყელში ამოუვიდათ ნეოლიბერალური ე.წ. საერთო ევროპული ფასეულობები და საკუთარი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების რეანიმაცია-დაცვას აპირებენ!


ჰოდა, საით გვექაჩება მაია ფანჯიკიძე, რომ იმუქრება _ ასოცირებაზე ხელმოწერაში ხელს ვერავინ შეგვიშლისო, პრაქტიკულად დაშლისპირას მყოფი ევროკავშირისკენ?


ამასობაში კი რუსეთმა, დასავლეთის უკბილო სანქციების პასუხად, ჩინეთთან მართლაც საუკუნის, 400-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა და უმთავრესი, ე. წ. ევრაზიული კავშირი უკვე შემდგარი ფაქტია, რომელიც გასულ კვირას ასტანაში დააფუძნეს რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის პრეზიდენტებმა და უახლოეს დღეებში ამ ეკონომიკურ გაერთიანებას ყირგიზეთი და ჩვენი ბრძენი მეზობელი სომხეთიც შეუერთდება!


სომხეთი, რომელიც არა და არ შორდება რუსეთის ორბიტას და შედეგად არათუ საკუთარი ტერიტორიები დაკარგა, სხვისიც მიიერთა.


ჰოდა, უკრაინელებისგან თუ არა, იქნებ სომხებისგან მაინც ვისწავლოთ?..


დავით მხეიძე


**


ამისთანა «ხალხის რჩეულებს» ხელმოწერებით ვერაფერს შევაგნებინებთ




Комментариев нет:

Отправить комментарий