ღმერთი

ღმერთი

суббота, 14 июня 2014 г.

ნიკო სამადაშვილი – მთვლემარე ცისკარი

ის ჯანღებმა გამოსცეს…
ნისლების ფერად შეღებეს ადამიანი.



იქნებოდა 1916 წლის დამდეგი, იმ ხანად ჩემი მეგობარი მწერდა:

,,ვინ იცის, რამდენნაირ მოდგმის ადამიანს უწერია თავისი ცხოვრება: ზოგს ალალი განცდები ძნებად შეუკრავს და წრფელი სტრიქონების ვარაყიანი ზვინები აღუმართნია, ზოგიერთს მთელი თავისი სიცოცხლე შთამაგონებელი ფიქრების ელვარებით, საღმთოსავით აუტანია პოეზიის მწერვალებზე. ზოგიერთთაგანის ცეცხლმოკიდებულ გულიდან დაგუბებულ წარსულს ნიაღვარივით გადმოუხეთქია, გაურღვევია მოთმინების ჯებირი და ზურგშექცეულ კაცობრიობას ყვირილით გაჰკიდებია. ვიღაც მატაოცს კი ნაძალადევი ამბები თითებიდან გამოუწურია და ისე აუბნევია საკუთარი მისამართის გზა-კვალი, რომ კაცს გახირულ ბარდებში თავბრუ დასხმია.
რამდენი ოქროპირი შეუჩვენებიათ, შეურისხავთ, რამდენი კეთილი ადამიანი ტანჯულა ცილისწამებით და მძულვარებით, რამდენი ბუტუსურა რეგვენი გამოტყლარჭულა განდიდების ტახტრევანზე!… არა გჯერა? აბა გახედე: გადარეკილ საუკუნეების შარა-გზაზე ჩარიგებულ მატიანეთა ფურცლების კავკავს…

მამა-პაპათა ობმოკიდებულ თაროებზე, ეხლაც ხომ ჩაყვითლებული ხელნაწერების ზედახორაა, შემოქმედების ალმურით დაფერფლილ განსვენებულთა მივიწყებაში უჭირისუფლო სასაფლაოებს რო შეჯიბრებიან.

რა ვუყოთ, თუ აუარებელ გულშემატკივრებს აშმორებულ წიგნთსაცავების ძველი პატივი მზის გულზე გაუქექიათ, შეხებიან ფეხებგაფშეკილ აჩრდილებს, ან ხელი წაუტანებიათ იმ გადამტკნარებულ ლანდებისათვის, ჟამთა სიავესთან ბღლაძუნით რომ დაღლილან და აბლაბუდას მტვერში ამოგანგლულები, გაჭვარტლულ კუთხეებში ნამტირალევ ქანდაკებებივით ატუზულან.

წუთისოფელი სფინქსების მდუმარებას წააგავს. ო, რაოდენი ეპოქების ღრიანცელი მისწყდა ამ დასაქცევ სფინქსების ზღრუბლთან და ათიათასი წლების თავქვეებზე დაგვიტოვა: გაციებული ბრჭყვიალა კარვები, მშვილდ-ისრებით დაკორტნილი კედლები, მომაკვდავთ დვრტვინვა, ურდოთა შუბებზე წამოგებული ბალღების გნიასი, უბელო ცხენების ჭიხვინი და სისხლის მორევში დაცემული ტრიალი მინდვრები. ეჰ, უთვალავო დროების სრბოლავ, რა აურაცხელ მატლებს და ჭიაღუებს ანადგურებ, მაგრამ, ნეტავი თუ იცი შენი ბასრი ნისკარტით რა უწყალოდ კორტნი სამყაროს მერქანს?!

ვინ იცის, რამდენ მადლიერ ადამიანს მორევია ლოცვების ჯანღი და თავის გაცისკროვნებულ სენაკში მუხლებზე დაცემულა. მორიდებია ტაშის გრიალს, აკვიატებული ხალხის თვალთვალს, ნეტარების ზადდაკრულ ალერსს და საკუთარი ძვლების ჭალებზე შექვავებია: თავისი თრთოლვა და სინანული.

შემაძრწუნებელ სიცარიელეს კი მზვარასავით უბღავლია ქვეყნიერების სანახიროზე.
აბა, შეხედე, დაღვრემილი ისტორიის ამოვარდნილი როკიდან, როგორ ელავს პილატეს გესლიანი ღიმილი და რა უშნოდ ჩაუჯაჯია ვერაგ გოლგოთას ქრისტეს დაფხრეწილი პერანგი.

ხედავ, რა დაემართა ჩვენს მდინარებას! თითქოს რაღაც აყლაყუდა, ჯაგარაქოჩრილი წყვდიადი გადაეფარა, მაგრამ, გულს ნუ გაიტეხ! დიადი შთამომავლობის ფეხის ხმა და გუგუნი ისმის!… ის მზეების ფარას მაგონებს, სხივების წარღვნა უკუნეთს ხმაურით მოარღვევს!..”

ეს იყო მეგობრის უკანასკნელი წერილთაგანი, რომლის ცხოვრებას თუ არა, მასთან შეხვედრებს, ან გაგონილს, მაინც მოგიყვებით. იქნება ზიზღთან ერთად სიხარულიც მოგგვაროთ იმ ადამიანმა, რომელიც თავის უმადურ სიცოცხლეს თერხვივით დაღმუოდა, ვით დაუშრეტელ სივალალეს.

ჩემს მეგობარს ბავშვობიდან ვიცნობდი. მუდამ გალაღებულს, მოუსვენარს, დაუდგრომელს, თითქოს წერას აეტაცნა. იმის თვალებში კეთილშობილი გულის ჭავლი ლივლივებდა. თავგადამკვდარი იყო ცელქობაზე, ოღონდ ეზოს ჭიშკარს მიფარებოდა, აღარ დაგიდევდა მოსვენებას, ძილს, სანამ როკაპი გამზრდელი კინწისკვრით არ დაითრევდა შინისკენ ხოლმე.

სოფელი, სადაც ის იზრდებოდა, არც ისე წარმტაცი იყო ფერადი წალკოტებით, ათქვირებული ხოდაბუნებით, მით უმეტეს, ქართველი კაცის თვალში, რადგან ჩვენში კენჭი რომ გაისროლო, ვარდის ფურცელს გაკენწლავს, ან ვერხვის ფოთოლს შეარხევს. სამაგიეროდ, იმ სოფლის მიდამოებმა იცოდნენ სახნავ და ახო გაჭრილ მთებს შორის ფერადი და გრძნეული საღამოები. ბარში და ფერდობებზე გადაჭიმული თვალუწვდენელი ზვრები, ნაყენი ხეხილით დაბურული ბაღები, შიგ დაქსელილი ნაკადულები ჩუხჩუხით მიყაყანებდნენ, აქლემის კუზივით აწეული ბოგირები, ასწლოვან კაკლის ხეების ტოტებქვეშ შეჭრილი ვიწრო საურმე გზები, ასკილის, ანწლის და მაყვლის ბუჩქებით სვიაგადმოყრილი ორღობეები, ქედგანიერი უღელტეხილებით დასერილი სივრცეები, ნატიფ სიმშვიდეს ჰგვრიდა ადამიანს.

სოფლის შუაგულში ქართული აგურით ნაგები ძველი საყდარი თავისი ხმაჩახლეჩილი სამრეკლოთი, გაბუტული მონაზონივით ატუზულიყო. ირგვლივ ქვატალახა ერდომოღრეცილი სახლები, ცარცის ბანებით და ალაგ-ალაგ ხავსმოდებული ყავრით გადახურულნი, ღამის მთვლემარებით წაყრილიყვნენ.

მჩქეფარე მდინარის გასწვრივ განუწყვეტლივ მოისმოდა ხნიერი ჭანდრების ბოხი შრიალი.

წეროები დასავლეთისკენ მიფრინავდნენ და ყივილით ინთქმებოდნენ ლურჯად მოკირწყლულ ცის კამარებში. ჩემი სიყრმის მახლობელი ხშირად მღეროდა ხოლმე:

მამაჩემს დავრჩი ბიჭი ობოლი,
მზრდიდა ვერხვების რწევა და ტაში,
როგორ მიყვარდა ჩემი სამშობლო
და წეროების ძახილი ცაში.

რაც დრო გადიოდა და დღეები ჰაერში გაფანტულ კვამლივით ილეოდნენ, რაღაც ცოდვის კითხვა ეუფლებოდა ჩემს მეგობარს: აგრერიგად ვერ ნახავდი აღტკინებულს, ტანს იყრიდა და ტანთან ერთად უჩვეულო მჭუნვარებასაც, ჩანჩქერივით, რაც ვაკეზე მოიწევდა, იმდენად უფრო ტბორდებოდა, მორევივით ერთ ადგილზე ბრუნავდა იქნება უთავბოლო ცხოვრების ბრალი იყო? ან იქნებ, რაღაც ბედუკუღმართობა გადაეღობა და კნუტებდაყრილ კატასავით თვალებში ეცა? აბა რა ვიცი… ძნელია მიწას, ადამიანად გადაქცეულს, ყველაფერს მიუხვდე. ეს კი ცხადლივ მოსჩანდა, რომ ჩემს მეგობარს სიცოცხლე ღვინოსავით ერეოდა და პოეზიისაგან თვალნაცემი, შერისხულივით დაწრიალებდა შეშლილობის და ზმანების გაუვალ ჭირხლში.

ის თავის მწუხარებას ყველგან მალავდა. ზრახვებს იოლად როდი მიმხელდა. ნაძალადევ ღიმილში ხშირად ვამჩნევდი გულისასაწიწკნ მაცდურებას. განკერძოებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი, თითქოს თავის ნაფეხურებსაც ემალებოდა.

ის, ზოგიერთებივით დაღვრემილი თვალებით როდი მატაოცობდა. ის თავის ცრემლებს მთვარის სინათლეზე მარგლიდა. თითქოს თმებგაბარჯღულმა მეკობრეებმა ნავტიკებით გაიტაცეს ამაოების გავერანებულ ნაპირებისკენ. თითქოს იმის სხეული თებერვლის ქარბუქს გამოეფურღა და გაყინულ გულ-მკერდზე დარდის ლოლუები წვეთავდნენ .
ის, თითქოს ღამეების გადაღმა გააფრთებულ გრიგალებს ეხვეწებოდა, რომ კუბოს აწევაზე მაინც მიშველებოდნენ.


burusi.wordpress.com


Комментариев нет:

Отправить комментарий