მღვდელი ანდრია გორბუნოვი
ნეფილიმთა კვალდაკვალ
ვერსია... ლეგენდა... ფაქტები?...
ნეფილიმთა კვალდაკვალ
ვერსია... ლეგენდა... ფაქტები?...
"რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და
ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და
ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა,
სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე" (ეფეს. 6:12).
არქიმ. ნიკიფორეს "ბიბლიურ ენციკლოპედიაში" (1891 წ.) ბუმბერაზთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი "ჩაგრავდნენ და იმონებდნენ თავიანთ ძმებს და ცხოვრების საკუთარი წესით უკეთურებასა და გარყვნილებას ავრცელებდნენ ისე, რომ გაირყვნა თვით შთის მოდგმაც კი. ამიტომაც ღმერთმა წარღვნით დასაჯა ნოეს დროინდელი კაცობრიობა. როგორც წმიდა წერილიდან ჩანს (მეორე სჯლ. 3:11; რიცხვ. 13:34; 1 მეფ. 13:4), გიგანტური ზომის ადამიანები წარღვნის შემდეგაც ცხოვრობდნენ, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ, რადგან მრავალგან არის აღმოჩენილი უზარმაზარი ჩონჩხები და ძვლები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის ზომას ბევრჯერ აღემატებიან".
ბუმბერაზები, გიგანტები, ციკლოპები, გოლიათები, ტიტანები, ატლანტები... ყველა ესენი თითქმის სინონიმური ტერმინებია. მრავალი ხალხის მითები გვიყვებიან ძველ გოლიათებზე, რომლებიც მეგალითური მშენებლობის გასაოცარ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში მიიჩნევა, რომ სიტყვა "ატლანდიტა" წარმოსდგება - პრომეთეს ძმის, ერთ-ერთი ტიტანის სახელწოდებიდან. ტიტანები (გვიანდელ მითებში მათ გიგანტებში ურევენ) არიან ბუმბერაზები, რომლებიც მიწის ქალღმერთ გეამ შვა ცის ღმერთ ურანის სისხლის წვეთებისგან; ისინი ღმერთებისა და ადამიანების მეფეს ზევსსა და ოლიმპიური პანთეონის სხვა ღმერთებს აუმხედრდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ქვესკნელში გადმოცვივდნენ.
ატლანტიდა ანუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?!...
წარღვნამდელი ღმრთისმბრძოლი სისტემის პირამიდებისა და სხვა ობიექტების მშენებლები, როგორც ჩანს ნეფილიმები იყვნენ, - რომლებიც ამ პროექტში ჩაითრიეს დაცემულმა ანგელოზებმა სატანის მეთაურობით.
პირამიდები მსოფლიო წარღვნამდე არიან აშენებულნი, სადღეისოდ ჩვენ მხოლოდ ამ დანგრეული სისტემის (რომელიც პირამიდებსაც მოიცავდა) მხოლოდ ნაწილსღა ვხედავთ; კიდევ მრავალი ობიექტი წყალქვეშ, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე მდებარეობს. ეგვიპტის გარდა, გიგანტური პირამიდული ნაგებობები ნაპოვნია მექსიკაშ, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ბოსნიაში, ყირიმში, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, იაპონიის ზღვაში... წარღვნამდელი ცივილიზაციის ამ ნიმუშებიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვებიან არა მარტო პირამიდები, არამედ სხვა იდუმალი ობიექტებიც: უზარმაზარი ქვის სტატუები პასექის კუნძულებზე, სტოუნჰენდჯი (თუმცა სტოუნჰენდჯზე არსებობს ცნობები, რომ ის არის ჩვენი საუკუნის აფიორა. ამასთან დაკავშირებით იხ. სტ.: "სტოუნჰენდჯი - MADE IN 1954 ?" - რედ.), მრავალრიცხოვანი მონუმენტები, ობელისკები, მეგალითები და სხვა ნაგებობანი, ასევე გაუშიფრავი დამწერლობანი, ძველი რუქები, გიგანტური მიწისზედა ფიგურები, ნახატები და ნახაზები (მაგალითად, პერუში, ნასკას უდაბნოში), ასევე სხვა გასაოცარი გამოსახულებები და საგნები.
როდესაც გრანდიოზულ ნაგებობათა ნანგრევებსა და წარღვნამდელი ცივილიზაციის სხვა ნაკვალევს პოულობენ და იწყებენ მათ გამოკვლევას, ყოველთვის აყენებენ ვარაუდებს და ვერსიებს: "აი ამ ადგილას არსებობდა ატლანტიდა!", "ეს ობიექტები უცხოპლანეტელებმა ააშენეს", და ა. შ. არადა, ეს არც ატლანტიდელები არიან და არც უცხოპლანეტელები, ეს წარღვნამდელი ცივილიზაციაა. და თუ მაინცა და მაინც სიტყვა "ატლანტიდას" გამოვიყენებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ "ატლანტების, იგივე ბუმბერაზების, ანუ გიგანტების ცივილიზაცია" ატლანტიკის ოკეანის ფსკერში ჩაძირულ კუნძულზე კი არ მდებარეობდა ან პლანეტის რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, არამედ მთელს დედამიწაზე იყო განფენილი, ანუ, როგორც იტყვიან, გლობალური ცივილიზაცია გახლდათ.
პრაქტიკულად ყოველ კულტურაში არსებობს ლეგენდა ჩაძირულ ქალაქებსა და კონტინენტებზე, ძველ, განვითრებულ ცივილიზაციებზე, იდუმალებით მოცულ ზეადამიანებზე, "ღმერთების ქალაქებზე", გლობალურ კატასტროფაზე, რომელიც ჩვენმა პლანეტამ რამოდენიმე ათასი წლის წინათ განიცადა (5). სინამდვილეში, ეს ლეგენდები (მითები, გადმოცემები და ზღაპრები) ერთი, წარღვნამდელი ცივილიზაციის შესახებ მოგვითხრობენ. მის შესახებ მეტყველებს "ატლანტოლოგთა" უამრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, თეორია და ვარაუდი; ამასევე მეტყველებს ე. წ. ლემურიის, ჰიპერბორეის, პაციფიდას, მუ-სა და სხვა ლეგენდარული "პარაცივილიზაციების" მაძიებელთა მონაპოვრები. ატლანტიდის ერთ კონკრეტულ ადგილზე ფიქსირება იმიტომაც ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, რომ "ძველ, მაღალგანვითარებული ცივილიზაციას" გააჩნდა არა რეგიონალური, არამედ პლანეტარული მასშტაბი.
"თეოსოფიური საზოგადოების" დამაარსებელი ე. პ. ბლავატსკაია თავის "საიდუმლო დოქტრინაში" წერდა იმის შესახებ, რომ მხოლოდ ოკულტურ სწავლებათა ადეპტებშიღა შემორჩაო ის რელიგია, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის წინ ატლანტებს ჰქონდათ. თეოსოფები ატლანტიდას კაცობრიობის აკვნად მიიჩნევენ, ხოლო თანამედროვე ცივილიზაციას ატლანტების ძველ ცივილიზაციასთან შედარებით, დეგრადირებულად თვლიან. მიიჩნევენ რა საკუთარ თავს დაღუპული ატლანტიდის მემკვიდრეებად, თეოსოფები აღიარებენ, რომ ის გრანდიოზული კატასტროფის შედეგად დაიღუპა, მაგრამ ამავე დროს დუმან, რომ ატლანტიდის დაღუპვა მისმა ღმრთითმბრძოლობამ და სატანურმა ხასიათმა გამოიწვია, ანუ ატლანტიდის დაღუპვა ღმრთის სასჯელი იყო, რომელიც წარღვნამდელ ადამიანებს გარყვნილებისა და ოკულტიზმისთვის, უფრო სწორედ დემონიზმისთვის დაატყდათ თავს. სწორედ ეს დემონიზმი იყო ატლანტთა "უძველესი რელიგია" (საინტერესო აღინიშნოს, რომ თვით ბლავატსკაია თავის წერილებში საკუთარი მისტიფიკაციების შესახებ წერს, რომ გაკვირვებულია "ადამიანების, ამ კაცუნების" მიმდობლობით: "მათი უგუნურება ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს"-ო, წერდა ბლავატსკაია).
წარღვნისშემდგომ ისტორიულ პერიოდში ამ რელიგიის სატანური არსი იმალება, ინიღბება და ამიტომაც იწოდება ოკულტიზმად (ლათინურად occultus ნიშნავს - საიდუმლოს, დაფარულს) იწოდება. აქედან მომდინარეობს სპეციფიკური ოკულტური ტერმინები, როგორიცაა "საიდუმლო ცოდნა", "საიდუმლო დოქტრინა", "დაფარული სიბრძნე", "განდობა" და სხვა. ნათქვამი ეხება აღმოსავლურ ეზოთერულ (ანუ საიდუმლო) დოქტრინებსაც, რომელთა მიმდევრები ბლავატსკაიას "მსოფლიოს უდიდეს განდობილად" მიიჩნევენ, ხოლო მის "საიდუმლო დოქტრინაზე" ამბობენ, რომ ამ წიგნში უხვად მოიპოვება უძველეს ცივილიზაციათა მრავალი საიდუმლო.
თანამედროვე მკვლევართა გარკვეული რაოდენობა გადაჭრით უარყოფს "ოფიციალურ" ვერსიას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ძველი პირამიდები ააშენეს ეგვიპტელებმა, ინდიელებმა, ჩინელებმა და ა. შ. ეს მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პირამიდები რომელიღაც მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ შექმნა; და მათ სულაც არ გააჩნიათ დამკრძალავი ფუნქცია, არამედ წარმოადგენენ გარკვეულ ენერგოინფორმაციულ სტრუქტურას, რომელიც საერთო ჯამში მთლიან გლობალურ ქსელს, სისტემას ან კომპლექსს წარმოადგენს.
მთელი რიგი მკვლევარების რწმენით, პირამიდები განკუთვნილი იყო "კოსმოსთან" დასაკავშირებლად. ეგვიპტური სფინქსის თავზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ე. წ. "მესამე თვალი", რომელიც მიმართულია "კოსმოსისკენ". ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილია ოთხი ვიწრო გრძელი საკანი (გვირაბები), რომლებიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, "ვარსკვლავებისკენ" მიემართებიან.
ეს დასკვნა ეფუძნება პირამიდების შიდა კედლების მოხატულობასა და მოხაზულობას, უძველეს იეროგლიფურ ტექსტებს, რომლებიც 1870 წელს აღმოაჩინეს და სადღეისოდ "პირამიდების ტექსტის" სახელწოდებითაა ცნობილი. ამ ტექსტებს მთლიანობაში გააჩნიათ მაგიური ხასიათი, შეიცავენ შეფუცვებს და აღწერენ სულთა მოგზაურობას. მათ შორისაა, მაგალითად, ასეთი ტექსტიც (დამოწმებულია რ. ბიუველისა და ე. ჯილბერტის წიგნში "პირამიდების საიდუმლო"): "ო ფარაონო, ზეცა მიგიღებს ორიონად, ცისკრის ვარსკვლავის ნათელი წარგიტაცებს ორიონთან ერთად... შენ რეგულარულად აღიტაცები ორიონთან ერთად ცის აღმოსავლეთ კიდეში, რეგულარულად ჩამოდიხარ ორიონთან ერთად ცის დასავლეთ კიდეში... თქვენ თან გახლავან სოტისი...". ბიუველი და ჯილბერტი ამტკიცებენ, რომ გიზას სამი პირამიდა ორიონის სარტყლის სამი ვარსკვლავის მდებარეობას მიანიშნებენ" (1) როგორც ვიცით, "ცისკრის ვარსკვლავს" (მთიებს) წმიდა წერილი უწოდებს ერთ-ერთ უმაღლეს ანგელოზს, ლუციფერს, მანამ ის თავისი ღმრთისგან განვარდებოდა და ამპარტავნებით დაეცემოდა. ზოგიერთის აზრით, გიგანტი-მონადირე ორიონი ბერძნულ მითოლოგიაში (სხვა ცნობილი მითის მიხედვით ორიონი ზევსმა თანავარსკვლავედად გადააქცია) - არის ნიმროდი, წარღვნისშემდგომი პირამიდის - ბაბილონის გოდოლის მშენებელი; ყოველ შემთხვევაში, ორიონი - ეს არის "ბუმბერაზი", რაც ბიბლიურ "ბუმბერაზებს", ატლანტებს და სხვა მათ მსგავს მოდგმას მოგვაგონებს. პირამიდების მიერ წარმოქმნილი არხის მიხედვით სულები თუ ვარსკვლავებისკენ მიდიოდნენ, მაშინ იბადება ვარაუდი: ხომ არ იყო ეს არხი ასტრალური (ანუ "ასტრალში" გასასვლელი არხი?) სიტყვა "ასტრალური" ხომ ბერძნულიდან - ვარსკვლავურს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ოკულტურ სწავლებებში გამოიყოფა ყოფიერების სამი ძირითადი ეტაპი: ფიზიკური, ასტრალური და მენტალურ-სულიერი. აგნი-იოგაში, მაგალითად, ეს არის: "მკვრივი სამყარო", "სიფრიფანა სამყარო" და "ცეცხლოვანი სამყარო". სხვათა შორის, აგნი-იოგას სწავლებით, სამყაროს სულიერი საფუძველი, რომლის წყალობითაც მიმდინარეობს სრულყოფა, წარმოადგენს ერთგვარ იერარქიას "ნათლისა, ძმობისა, უზენაესი სულებისა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო კეთილდღეობისთვის". როგორც ჩანს, ამ მაცთური და მომატყუებელი სახელწოდებების უკან სხვა არავინ იმალება, თუ არა დაცემული ანგელოზები, რომლებმაც ადამიანებს ასწავლეს ყოველგვარი უკეთურება და სულისწარმწყმედელი "სრულყოფილება", გზა "პროგრესისკენ" თავიანთი ბოროტი მიზნის აღსასრულებლად...
_____________________________________________
1. "ისინი (ორიონის სარტყლის ვარსკვლავები, განლაგებულნი არიან სამხრეთ-დასავლეთის დახრილობით ირმის ნახტომთან (ცის იკანკლედის, რუს. Млечный Путь) მიმართებაში, მაშინ როდესაც პირამიდებიც ნილოსის ღერძთან მიმართებაში დახრილნი არიან სამხერთ-დასავლეთი მიმართულებით. ყურადღებით თუ დავაკვირდებით, უღრუბლო ღამეს შეიძლება დავინახოთ, რომ სამიდან უმცირესი ვარსკვლავი, რომელიც პირამიდებს დაჰყურებს და რომელსაც არაბები მინტაკას ეძახიან, სწორი ხაზიდან, რომელზეც კიდევ ორი ვარსკვლავი მდებარეობს, ცოტათი დახრილია აღმოსავლეთისკენ. ეს სურათი ასახულია დედამიწაზე, სადაც მენკაურის პირამიდა პირდაპირი ხაზიდან გადახრილია აღმოსავლეთით, რომელსაც ხარფას (შუა ვარსკვლავის, ან-ნილამის ანალოგი) და დიდი პირამიდა (ვარსკვლავ ალ-ნიტაკის ანალოგი) ქმნიან. სრულიად ცხადია, რომ სამი მონუმენტი განლაგებულია ერთიანი გეგმით, რომელიც უმაღლესი სიზუსტით ასახავს ამ ციური მნათობების განლაგებას... ამგვარად, გიზაში, დედამიწაზე ორიონის სარტყელია გამოსახული" (ბიუველი).
apocalypse.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий