ღმერთი

ღმერთი

понедельник, 10 июня 2013 г.

წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე.

დავითი წმინდა წერილში წარმოდგენილია როგორც ერთგვარი ეტალონი მორწმუნე მეფისა, ღვთივრჩეული ერის წინამძღოლისა. როდესაც დავითის ძე სოლომონი გამეფდება, ღმერთი მას ეტყვის: `თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმინდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესსა და სამართალს, განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადიოსოდ, როგორც დავითისთვის, მამასენისთვის მითქვამს...” (3 მფ. IX, 4 5). სოლომონის ძეს, დავითის შვილიშვილს უფალი სამეფოს ერთ ნაწილს ხელიდან გამოგლეჯს, თუმცა ბოლომდე არ წაართმევს და ამის ერთადერთ მიზეზად წმინდა წერილი ასახელებს იმას, რომ დავითი ღვთის რჩეული იყო, რომელიც იცავდა უფლის მცნებებს და აღასრულებდა მის ნებას (3 მფ. XI, 34). სწორედ იმის გამო, რომ სოლომონის ძე დავითის შთამომავალი იყო, ღმერთი მას სამეფო ტახტს შეუნარჩუნებს. როდესაც ისრაელის ერთიანი სამეფო ორად გაიყო, ჩრდილო ისრაელის პირველ მეფეს, იერობოამს უფალი ეუბნება: `არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში” (3 მფ. XIV, 8). შესაბამისად, უფალი ეუბნება იერობოამს, რომ მხოლოდ იმ პირობით შეეწეოდა, თუ ის ისე იცხოვრებდა და იმგვარად მართავდა ქვეყანას, როგორც ამას დავითი აკეთებდა. სწორედ დავითის მეფობაა უფლისათვის სათნო და ყველა მეფეს, რომელიც ღვთის ერის სამართავად ჰყავდა მოვლენილი უფალს, ევალებოდა დავითს მიმსგავსებოდა.

დავითის შტო:


წმინდა წერილიდან აქ მოყვანილი ციტატები წარმოადგენენ ერთგვარ შეფასებას, რომელიც მომდინარეობს თავად შემოქმედისაგან და შესაბამისად ეს შეფასება ყოველგვარ ადამიანურ შექებაზე მაღლა დგას. ეს გახლდავთ ერთგვარი შეჯამება დავითის მთელი ცხოვრებისა, სადაც წინა პლანზე წამოწეულია ერთი ასეთი შტრიხი _ უსაზღვრო ერთგულება და რწმენა ღვთისა, რასაც თან ერთვოდა სიყვარული უფლისა, რამეთუ შეუძლებელია იმედი და რწმენა სიყვარულის გარეშე. აი, სწორედ ეს გახლავთ წმინდა დავით მეფსალმუნე: ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რწმენა, სასოება და სიყვარული ღვთისა. სწორედ ამ სამ სათნოებაში ჩაიძირა და განქარდა დავითის ყველა ცოდვა.

აქვე საინტერესოა ისიც, რომ წმინდა წერილი დავით მეფეს უდიდესი მორწმუნის, აბრაამის გვერდით აყენებს. როგორც აბრაამი ქრისტეს შობამდე 2000 წლით ადრე სათავეში ედგა ღვთივრჩეულ ერს (რამეთუ მისი მოდგმიდან წამოვიდა ისრაელი და სწორედ მან მიიღო პირველად აღთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წიაღიდან გამოსულით იკურთხეოდა ქვეყნის ყველა ერი), ასევე დავითი ქრისტეს შობამდე 1000 წლით ადრე მეფობს ღვთისვრჩეულ ერზე და სწორედ ამ ორი წინამძღოლისა და საოცარი მორწმუნის დასახელებითა და წარმოჩენით იწყებს წმინდა მათე მახარებელი თავის სახარებას: `წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა” (მთ. I, 1). ერთ ერთი ებრაელი ფილოსოფოსი და ფილოლოგი წერს: `აბრაამი, ისააკი, იაკობი და დავითი ისრაელის ეტლად იწოდებიან, რამეთუ მათი ნება ყველაფერში თანაშეწყობილი იყო ღვთის ნებასთან, რის გამოც მათი ცხოვრება მართლაც ეტლს ჰგავდა, რომელსაც უფალი მართავდა.”

დავითის ცხოვრება აღსავსე იყო გამოცდებით, ტრიუმფალური გამარჯვებებითა და მწუხარებებით. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თავისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში, ულხინს თუ უჭირს, დავითი წერს ფსალმუნებს, ლოცულობს და ადიდებს ღმერთს.

წმინდა პავლე მოციქული ანტიოქიის სინაგოგაში დავით მეფეზე ასეთ სიტყვებს ამბობს: უფალმა დავითზე თქვა: `ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად იქმს ნებას ჩემსას” (საქმ. XIII, 22). ეს სიტყვები დავითის მთელი ბიოგრაფიის ეპითეტად გამოდგებოდა, რადგანაც აქ აღნიშნულია ის მთავარი შტრიხი, რაც დავითის პიროვნებას დაგვანახებს. ბიბლიაში დავითი გახლავთ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ღმერთი ამბობს, რომ ის`გულით ნანატრი კაცი” იყო.

ისრაელში მონარქიის არსებობისას ღვთისადმი მსახურების სამ ძირითად _ სამეფო, საწინასწარმეტყველო და საღვთისმსახურო საფეხურს ვხვდებით. დავითი იყო მეფეც და წინასწარმეტყველიც. ამასთან, როგორც ვიცით, ის მეფსალმუნეც გახლდათ, რომლის ავტორობით შედგენილი უბრწყინვალესი ნაწარმოებები ღვთის სადიდებლად გამოიყენებოდა და ის დღევანდელ დღემდე აღესრულება ღვთისმსახურებისას. შესაბამისად დავითი თავისი დროის სამივე საღვთისმსახურო საფეხურს გადის.

იესეს ძეთაგან დავითი გამოირჩეოდა არა იმდენად ფიზიკური ნიშნებით, რამდენადაც თავისი სულიერებითა და შინაგანი სამყაროთი. სწორედ ამიტომ იყო მასთან ახლოს ღმერთი. დავითისათვის უცხო არ გახლდათ მორჩილება და თავმდაბლობა. თავის ამ თვისებებს ის ჯერ კიდევ მამისეულ სახლში ავლენს, როცა მამის ფარაში მიდის და მწყემსის ცხოვრებას იწყებს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მოგვიანებით დავითი ღვთის `ცხოვართა” მწყემსი გახდება. წმინდა წერილში დავითს პირველად ვხვდებით მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველი სამოელი უფლის მითითებით იესეს სახლში მივა, რათა აქ მის ძეთაგან ერთ ერთს სცხოს ისრაელის მეფედ. ამ პერიოდში ისრაელის მეფე გახლდათ საული, რომელსაც უღირსი მეფობის გამო წინასწარმეტყველ სამუელმა უთხრა: `გამოგგლიჯა . . . უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს” (1 მფ. XV. 28). ღვთის მიერ საულისათვის მეფობაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ყური დაეგდო და შეესრულებინა უფლის წინასწარმეტყველის სიტყვები. ამაოდ ცდილობდა საული თავისი შეცდომა დაეფარა მრავალი შესაწირავით. სამუელმა ის ასეთი სიტყვებით ამხილა: `განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება _ ცხვრების ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას” (1 მფ. XV, 22 23). საულის წილ ღმერთი ირჩევს დავითს. უფალი ირჩევს არა იდეალურსა და უცოდველს, არამედ ისეთს, რომლის გულიც უფალთან იქნება და რომელიც ღვთის ბრძანებათა შესრულებას შეეცდება; რომლისათვისაც მორჩილება უფლის სიტყვისა ცხოვრებისეული არჩევანი იქნება.

დავითი ძლიერ თავმდაბალია. წმინდა წერილიდან აშკარად ჩანს, რომ როდესაც სამოელი მივა იესესთან, რათა მისი ერთ ერთი ძე აკურთხოს (სამოელმა წინდაწინ არ იცის იესეს რომელი შვილი იქნება ღვთის რჩეული), დავითის კანდიდატურა არც კი განიხილება. არავის ჰგონია, რომ შესაძლებელია დავითი სხვაზე კარგი აღმოჩნდეს; სამოელს თავდაპირველად ჰგონია, რომ იესეს ყველაზე უფროსი ძე იქნება ღვთისაგან რჩეული, რადგან ის საკმაოდ წარმოსადეგი და კარგი ფიზიკური მონაცემებისა გახლდათ. ამაზე უფალი თავის წინასწარმეტყველს მიუგებს: `ნუ უყურებ მის გარეგნობასა და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს” (1 მფ. XVI, 7). სამოელმა იესეს შვიდივე ვაჟზე შეაჩერა არჩევანი, მაგრამ უფლისათვის არცერთი არ აღმოჩნდა მოსაწონი. იესე ვერაფერს მიხვდა მანამ, სანამ სამოელმა იქით არ შეეკითხა, კიდევ ხომ არა გყავსო ვაჟი. აი, ახლა ახსენდება იესეს, რომ ჰყავს კიდევ ერთი შვილი, დავითი, რომელიც ცხვარშია გაგზავნილი და იქ ცხოვრობს მწყემსის ცხოვრებით. დავითმა ყრმობიდანვე გაიგო, რას ნიშნავს იყო მარტო და სხვებისაგან გარიყული. ცხადია, ამას შეეძლო დავითში, შური, სუძულვილი და უკმაყოფილება აღეძრა, თუმცა მისთვის მარტოობა იქცა სულიერი წინსვლის აუცილებელ პირობად. დავითმა ეს მოახერხა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მარტოობაში ის თავს მარტოდ არ გრძობდა და ის მართლაც არ ყოფილა მიტოვებული. დავითი გამუდმებით ესაუბრებოდა უფალს და მისი გარეგნული მარტოობა სწორედ უფალთან დიალოგში ქარწყლდებოდა. დავითის ფსალმუნებში აშკარად ჩანს, რომ მისი ავტორი ბუნების თავისუფლებისმოყვარე შვილი იყო. თავისი ბავშვობა და ყმაწვილობა დავითმა გაატარა პალესტინის უშესანიშნავესი ბუნების წიაღში. დავითი ამ სილამაზეში ღვთის ხელს ხედავდა და გულით ადიდებდა ამ მშვენიერების შეოქმედს. აქვე, ბუნების წიაღში ვითარდებოდა დავითის ფენომენალური პოეტური ნიჭი და უნარი წინამძღვრისა. ამასთან ერთად დავითი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, მამაცი და მოქნილი იყო. რაც მთავარია, დავითი თავის ძლიერებას უფლისადმი მინდობილ გულში ინახავდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დავითს წინ მტერი ვერ უდგებოდა.

წმინდა წერილიდან დავითს ვიცნობთ როგორც მეფეს, წინასწარმეტყველს, პოეტს, კომპოზიტორს, საგალობლების უბადლო შემსრულებელს, მუსიკალური საკრავის ბრწყინვალე მცოდნეს, მამაც მეომარს, ბრწყინვალე ორგანიზატორს, ნიჭიერ მხედარმთავარს, უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს, ბრძენ მმართველს და შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს. ყოველივე ეს ნიჭი მას ღვთისაგან ჰქონდა მიღებული და სწორედ ამას აშინაარსებდა დავითი. ზემოთ აღნიშნული დავითს უდავოდ აყენებს სხვაზე მაღლა, მაგრამ წმინდა დავით მეფეს გაცილებით მეტი რამ გააჩნდა, რითაც ის სხვისგან განსხვავდება. ეს გახლდათ გული დავითისა. მას ჰქონდა ისეთი გული, როგორიც ღვთისათვის იყო სათნო. დავითი იმით გამოირჩეოდა, რომ მისთვის მთავარი მარტო ის არ იყო, შეესრულებინა ნება ღვთისა; დავითი, იმასთან ერთად, რომ უფლის ნება სურვილს აღასრულებდა, იმაზეც ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რითაც ის ღმერთს ასიამოვნებდა. მას გული მშვიდად არ ჰქონდა, თუკი ღვთისათვის სათნოს არ გააკეთებდა და სწორედ ასეთი გულისათვის შეიყვარა ის ღმერთმა და გამოარჩია სხვათაგან. ეს გამორჩეულობა მხოლოდ ერთი ისტორიული პირის, დავითის ცხოვრებითა და მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. დავითი ღირსი გახდა იმისა, რომ მაცხოვრის გენეალოგიაში შესულიყო და აქ თავისი ღირსეული ადგილი დაეკავებინა.

დავითი მთელ ისრაელზე 30 წლის გამეფდა. როდესაც მან თავისი ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმი აქცია, აქ უფლის კიდობანი შეაბრძანა (რაც წინასახე იყო მაცხოვრის დიდებით იერუსალიმში შესვლისა), რითაც ქვეყნისათვის პოლიტიკური ცენტრი რელიგიურ ცენტრადაც აქცია. ამით დავითმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნის ერთიანობის გარანტი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაშია. ღმერთმა დავით მეფეს ყოვლითურთ ხელი მოუმართა. მისი ყველა ბრძოლა გარეშე მტრების წინააღმდეგ გამარჯვებით სრულდებოდა. თითქოსდა სადარდებელიც აღარაფერი იყო, მაგრამ დავითი სულ სხვაგვარად ფიქრობდა. ერთხელ ის დააფიქრა იმან, რომ მას ჰქონდა სასახლე, უფლისათვის კი ტაძარი არ აეშენებინათ. დავითმა გადაწყვიტა უფლისათვის აეგო ტაძარი და თავისი სურვილი უფლის წინასწარმეტყველ ნათანს გაუზიარა, რომელმაც მოუწონა მეფეს გადაწყვეტილება, თუმცა ღმერთმა დავითს უარით უპასუხა, რადგანაც ის მეომარი იყო და ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი, თუმცა აღუთქვა: `როცა დრო მოგივა და შენს მამა პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ. მე მამა ვიქნები მისთვის ის კი ძე იქნება ჩემთვის.” (2 მფ. VII, 12 13). იმის გამო, რომ დავითის გული უფლის საბრძანებელი გახლდათ და მისი მიზანი იყო, რაიმეთი უფლისათვის ესიამოვნებინა, უფალმა მას მისცა აღთქმა, რომ მისგან გამოვიდოდა ის, რომლის საყდარიც უკუნისამდე შეურყეველად იარსებებდა, ასეთი კი ქვეყნის მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გახლდათ. მიუხედავად ამისა, დავითს არ მიუტივებია ზრუნვა სამომავლო ტაძარზე. დაპყრობილი მიწებიდან წამოღებულ ნადავლს დავითი უფლის ტაძრის ასაშენებლად ინახავდა.
დავითის დიდ მორწმუნეობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მას წარმოუდგენლად მიაჩნდა, როგორ შეიძლებოდა უფლის ცხებულზე _ მეფეზე ხელი აღემართა. დავითს ორჯერ ჰქონდა საშუალება იმისა, რომ მასზე მტრად მოკიდებული საული, ისრაელის პირველი მეფე მოეკლა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დავითს უფლის წინასწარმეტყველისაგან ჰქონდა უწყება მის სამომავლო მეფობაზე და მას მტკიცედ სჯეროდა ამ აღთქმის აღსრულებისა, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ თითოეულ ამ შემთხვევას, როდესაც დავითს საშუალება ეძლეოდა ისრაელის მეფის მოკვლისა, იესეს უმცროსი ძე ხელიდან არ გაუშვებდა. მას ამისაკენ აქეზებდნენ კიდეც მისი მსახურები: ხომ ხედავ ღმერთმა ხელში ჩაგიგდო შენი მტერი, მიდი და მოკალიო იგი, მაგრამ ამაზე დავითი კატეგორიულ უარს ამბობდა. მისთვის უფლის ცხებულზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელი იყო. მაინც რამ გადაადგმევინა დავითს ეს ნაბიჯი? როგორ მოახერხა მან ხელში ჩავარდნილი მტერი, რომელიც მის სიკვდილს დღე და ღამ ნატრულობდა, უვნებლად გაეშვა? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხის გაცემა შეიძლება: დავითი იყო ღრმად მორწმუნე ადამიანი და ის აშინაარსებდა, რომ ყოველივე უფლის ხელში იყო. დავითი თავისი საქციელით უფლის სიდიადეს აღიარებს და აცხადებს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ ისე წარიმართება, როგორც ეს ღმერთს სურს. დავითმა იცის, რომ ღმერთი მას მისცემს მეფობას, მაგრამ როდის, ეს თავად უფალმა იცის. მას მხოლოდ ის დარჩენია, რომ მიენდოს უფალს და სჯეროდეს მისი. ეს გახლავთ დიდი მორწმუნის აზროვნება, იმ ადამიანისა, რომელსაც ისეთი გული ჰქონდა, როგორიც მოსწონდა უფალს.
დავითი მთელი ცხოვრება უფალზეა მინდობილი. მან სწორედ ასეთი თვისება გამოავლინა, როდესაც პირველად გააცნო ისრაელის მხედრობას თავისი ძალა. დავითმა მათ დაანახა, რომ მთელი მისი სიძლიერე უფალშია. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დავითმა ფილისტიმელ გოლიათს სძლია. დავითი მის წინაშე საბრძოლო აღჭურვილობის გარეშე გავიდა. მან აიღო მწყემსის კვერთხი, შურდული, გუდა ხუთი ქვით და გოლიათს პირისპირ წარდგა. მან გოლიათს მიუგო: `შენ ჩემს წინააღმდეგ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ, მე კი შენ უფალი საბაოთის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გებრძვი...” დავითის მთელი სიცოცხლე მტრებთან ბრძოლის დაუსრულებელი ეპიზოდებითაა აღსავსე და მისი ყველა გამარჯვება სწორედ ასე ხდება: ძლევა უფლის მიერ. დავითი ძალას ეძებს უფალში და ის არასოდეს არ არის დაიმედებული ოდენ ადამიანურ ძალებზე. დავითმა გოლიათზე რწმენით გაიმარჯვა. საეკლესიო ეგზეგეტიკის მიხედვით, გოლიათი ადამის მოდგმის მტრის სიმბოლო გახლავთ. წმინდა მამათა სწავლებით მაცდურის დამარცხება მხოლოდ ასე ხდება, მხოლოდ უფალზე მინდობილთ შეუძლათ სულიერი გოლიათის დამარცხება.

მიუხედავად იმისა, რომ დავითი ასე ახლოს იყო უფალთან, ვერც ის გაექცა ცოდვით დაცემას. დავითის ცხოვრებაში მთელი რიგი შეცდომები შეინიშნება, რის გამოც უფალმა ის დაუსჯელი არ დატოვა, მაგრამ დავითის მთელი სულიერი სიძლიერე გახლდათ ის, რომ ამ სასჯელებს იგი ღვთის სამართლიანობის განცდითა და მისი სიყვარულის გამოვლინების იმედით იღებდა. დავითს განსაცდელები და სასჯელები სიმშვიდით სწორედ ამიტომ გადაჰქონდა. ერთხელ, როდესაც დავითი იერუსალიმიდან გარბოდა თავისი შვილის აჯანყების გამო, ვინმე ბენიამინელი მას ქვებს ესროდა და წყევლიდა. დავითის მხედარმთავარმა გადაწყვიტა დაესაჯა თავხედი ბენიამინელი, მაგრამ დავითმა კატეგორიულად აუკრძალა მას ამის გაკეთება. მიზეზი ერთადერთი იყო: იქნებ უფალი აწყევლინებსო ჩემს თავს, განმარტა თავისი გადაწყვეტილება დავითმა.

ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ დავითის ერთ ცოდვაზე, რომელიც მან ურია ქეტელის ცოლთან, ბერსაბესთან ჩაიდინა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დავითი თავისი მმართველობის ზენიტში იმყოფებოდა. მაშინ ის 45 წლის გახლდათ და უკვე მე 8 წელი მეფობდა მთელ ისრაელზე. დავითმა ამ დროისათვის მრავალი ბრძოლა გადაიხადა და ყოველი მათგანი წარმატებითა და გამარჯვებით დაასრულა. ერთხელაც მან იხილა ქმნულკეთილი ბერსაბე, ძლიერ მოეწონა და დაწვა მასთან. ბერსაბე ურია ქეტელის ცოლი გახლდათ. ამ დროს ისრაელი ამონიტელებს ებრძოდა და ბერსაბეს ქმარი ომში იყო წასული. მან თავის მხედარმთავარ იოაბს მისწერა წერილი, ბერსაბეს ქმარი გამოეშვა სახლში, რათა მისი სახლში დაბრუნებით დავითის ცოდვა დაფარულიყო, თუმცა ურია ქეტელმა არ იკადრა სახლში ცოლთან დაბრუნება იმ დროს, როცა მისი ბატონი და მეგობრები ომში იყვნენ. ამის გამო დავითი იოაბს უბრძანებს ურია ქეტელი დააყენოს იმ ადგილას, სადაც ფიცხელი ბრძოლა უნდა გაიმართოს, რათა მოკლან ის. მართლაც, ურია ბრძოლაში მოკვდება, ხოლო დავითი ბერსაბეზე იქორწინებს.
მეფის სამხილებლად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნათანი მოავლინა. ნათანმა ამხილა მეფე, რამაც ამ უკანასკნელში რისხვის ნაცვლად უდიდესი სინანული გამოიწვია. სწორედ ამ სინანულის გამოძახილია ყველსათვის კარგად ცნობილი 50-ე ფსალმუნი, რომელსაც მონანული წმინდანის უმშვენიერესი საგალობელი შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ სინანულის გამო უფალმა შეუნდო დავითს ცოდვა, თუმცა ცოდვის გამოსასყიდად დავითის სახლს არ მოკლებია შეჭირვებები.

თავდაპირველად მოკვდა ბესაბესაგან ახალშობილი ყრმა. დავითის ერთმა ძემ, აბესალომმა მოკლა თავისი ნახევარძმა ამნონი, მეორე ძე მეფისა, რის შემდეგაც მას იერუსალიმის დატოვება მოუწია. იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ აბესალომი მამას აუჯანყდა და ამჯერად უკვე დავითი გახდა იძულებული გაქცეულიყო თავისი ქალაქიდან. მოგვიანებით აბესალომი დაედევნა მამას ჯარით, რის გამიც მათ შორის ომი გაიმართა. ამ ომში აბესალომიც მოკლეს.

ამ ეპიზოდის გაგება ყოვლად წარმოუდგენელია, თუ არ გავითვალისწინებთ ამ საშინელი დრამის მთავარ რეჟისორს-სატანას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დავითს უკვე მიღებული ჰქონდა აღთქმა იმასთან დაკავშირებითმ რომ მისი წიაღიდან გამოსული დაიდგამდა მარადიულ საყდარს (ანუ მას აღეთქვა მისი მოდგმიდან კაცობრიობის მხსნელის, მესიის მოსვლა). სწორედ ამან დააინტერესა ადამის მოდგმის მტერი და სწორედ ამის გამო მან ბრძოლა გაამძაფრა დავითის წინააღმდეგ. მისი მიზანი იყო დავითისათვის რაიმე ისეთი ცოდვა ჩაედინებინა, რის შემდეგაც ის უბრალოდ უღირსი იქნებოდა საღვთო აღთქმისა. დავითი ცოდვით დაეცა იმ დროს და ისეთ ადგილას (მის საყვარელ იერუსალიმში, სადაც ის ღვთის მყოფობას მაქსიმალურად ახლოს გრძნობდა), რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა. ადამის მოდგმის მტერი ცდილობდა დავითის ამ ცოდვით წარეხოცა აღთქმა მესიის შესახებ. მაგრამ, აქ ისმის კითხვა: რატომ დაუშვა ყოველივე ეს ღმერთმა? ცხადია, ღმერთმა იცოდა, რომ დავითი ცოდვით დაეცემოდა, მაგრამ ღმერთმა ისიც იცოდა, რომ დავითის მსგავს გენიალურ ადამიანებს სხვა უფრო დიდი საშიშროება ელით. ეს არის სიამაყის, ამპარტავნების ცოდვა. სწორედ ბერსაბესთან ცოდვით დაცემამ გამოიწვია დავითში უდიდესი სინანული, სინანული კი ის უებარი საშუალებაა, რომელსაც ვერასოდეს სძლევს ამპარტავნება. არსებობდა საფრთხე იმისა, რომ დავითს თავისი საქმეებიდან გამომდინარე, სიამაყე დაეწყო. ასეთ დროს კი ადამიანს ერთი ნაბიჯიღა აშორებს ღვთის დავიწყებასა და შესაბამისად, სულიერ დაღუპვას. ყველაფერთან ერთად, ღმერთი საკმაოდ კარგად იცნობდა დავითს და იცოდა მისი სულიერი ძალების შესაძლებლობა.

შემოქმედმა უწყოდა, რომ დავითის სულიერი სიძლიერე უკიდურეს შემთხვევაშიც კი შეძლებდა სინანულის გამოვლენას და ის სასოწარკვეთას თუ ცოდვაში გაკერპებას ახლოსაც არ გაიკარებდა. უმნიშვნელოვანესია ის, რომ დავითმა დაცემის შემდგომ წამოდგომა შეძლო. საკვირველი არის არა ის, რომ კაცმა შესცოდა, არამედ _ ის, რომ დიდი ცოდვის შემდგომ წამოდგომა შეძლო და უფალს დაუბრუნდა. როდესაც რაიმე დიდ ცოდვას ჩაიდენს ადამიანი, პირველი განცდა, რომელიც მას მაცთურისაგან მიეწოდება, ეს არის განცდა ღვთისაგან მიტოვებულობისა; ამ დროს ადამიანში ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთმა დიდი ცოდვის გამო ის დატოვა. ამის შემდეგ კი სასოწარკვეთის ცოდვაც იჩენს თავს და ადამიანი სულიერად (ხშირად კი ფიზიკურადაც) იღუპება. აი, დავითმა შეძლო არ დაეკარგა იმედი ღვთისა, რაც მოახერხა იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა ღმერთი. დავითმა გაიაზრა დაცემის საშიშროება და მიხვდა, არანაირ ძველაღთქმისეულ მსხვერპლს (რომელიც უხვად იყო ძველი აღთქმის ეკლესიაში) არ შეეძლო მისი ცოდვის დაფარვა. დავითისათვის წარმოუდგენელი იყო უღმერთოდ ყოფნა. მას ღვთისგან დაშორებული ცხოვრების გაგრძელების აზრის გავლაც არ სურდა თავში. სწორედ იმიტომ, რომ დავითისათვის ღვთისაგან მოშორებული ცხოვრება ყველაზე აუტანელი იყო, მან გადაწყვიტა არ განშორებოდა ღმერთს, საამისოდ კი ერთადერთი საშუალება არსებობდა _ ეს იყო სინანული და ცოდვის აღიარება. რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი დაცემის შემდგომ წამოდგომას? ამის უძირითადესი მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანი ამ დროს ვერ აშინაარსებს ცოდვის საშინელებას; ის დაცემას თავისებურად აანალიზებს და საბოლოოდ მიდის დასკვნამდე, რომ ჩადენილი ცოდვა მისი ბრალი არ არის, დიდი არაფერი დაუშავებია და ა. შ. წამოდგომა მხოლოდ მას შეუძლია, რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობს, ხსნას უფალში ეძებს და მისგან ელის ძალების მოცემას.

მოსეს რჯულით დავითის ცოდვა სიკვდილით ისჯებოდა. დავითმა დაარღვია სამი მცნება: 1) მე 7 - არა იმრუშო; 2) მე 6 - არა კაც ჰკლა; 3) მე 10 - არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა. ამას ემატებოდა სიცრუე და დავითი ხვდებოდა, არანაირ მსხვერპლს არ შეეძლო მისი ცოდვის გადაფარვა. მიუხედავად ამისა, დავითს ღვთისაგან მოშორებით ყოფნა ვერც კი წარმოედგინა. ერათადერთი გამოსავალი დავითმა სინანულში ნახა, რადგან მიხვდა, რომ ერთადერთი სინანული იქნებოდა, რომელსაც ღმერთი მოხედავდა. დავითმა დაასკვნა, რომ თუკი ღმერთს ის უყვარდა, მაშინ უფალი მის სინანულს მიიღებდა. სწორედ ეს გახლავთ სიდიადე დავითისა. იგი მიხვდა იმას, რაც მოგვიანებით წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გსაგონად ბრძანა: `ღმერთი სიყვარული არს.” ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ადამიანი, რომელსაც აქვს ღვთის იმედი, გააჩნია დიდი რწმენა უფლისა და უყვარს ის, მისთვის ღმერთი სიყვარულია. ისეთი სინანული, როგორიც დავითმა გამოავლინა, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ სმენია კაცობრიობას. დავითის 50 ე ფსალმუნი ღვთის სიყვარულის, რწმენისა და სასოების ლოცვაა, რომლითაც ყოველი იმ დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი, რომელიც შეიძლება უფლისაკენ სავალ გზაზე დაგიგოს ადამის მოდგმის მტერმა. 50 ე ფსალმუნი მარადიული და ცოცხალი მოწმობაა იმისა, რომ ღვთის სიყვარული ადამინებისა უსაზღვროა და ადამიანს ღვთისაკენ მიმავალ გზაზე ვერ დახვდება ისეთი დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც რწმენით, სასოებითა და სიყვარულით ვერ შეძლებდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий