ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июня 2013 г.

მონაზვნობა და თანამედროვეობა.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი.

თუ მონაზვნობას მივუდგებით როგორც გზას, რომელზეც მდგარი ადამიანი უარყოფს საკუთარ თავს, შეუდგება მკაცრ მოღვაწეობას და სიკვდილისთვისაც კი მზადაა, ე.ი. თავის სიცოცხლეს თმობს ღვთის მსახურებისათვის, თავს დებს, რომ ყოველგვარ გარემოებაში იყოს ღვთის მოციქული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მონაზვნობამ შეიძლება სახე იცვალოს. წმიდა თეოფანე დაყუდებული (ჯერ კიდევ მაშინ, რევოლუციამდე), წერდა, რომ მოვა დრო, როცა განიბნევიან ბერები და ერში იცხოვრებენ სხვებისთვის შეუმჩნევლადო. და თუმცა მათ ვერ იცნობენ, ისინი ყველა სიტუაციაში მაინც მონაზვნის ბეჭდის - თავისი თავის უარყოფისა და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის - ამ სამონაზვნო ღვაწლის მატარებლები იქნებიანო.
მახსენდება ბერი სილუანის ნაამბობი მონაზვნის ლოცვის შესახებ, რომელიც იწყება მიწაზე, ადის ღმერთამდე და მასთან ერთად ისევ მიწას უბრუნდება. ასე ლოცულობდა თავად სილუანი თავისი მუშებისათვის, ფიქრობდა თითოეულ მათგანზე, ღმერთს უამბობდა მათი ცხოვრების თითოეულ დეტალზე და ევედრებოდა მათ მფარველობას და კეთილდღეობას. და იგი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ლოცვისას თანდათან ისე იზრდებოდა, შეირგძნობდა რომ ღმერთი იქვე იყო, რომ იყო მომენტები, როცა ავიწყდებოდა მიწაც, ცაც, და ისინიც, ვიზეც ლოცულობდა; ასე, ნაკადულივით, იჭრებოდა იგი ღვთის სიღრმეებში და იქ პოულობდა იმათ, ვიზეც ლოცულობდა. მერე ამ სიღრმეებიდან ღმერთი აბრუნებდა მას მიწაზე, რათა მასავით ჰყვარებოდა ისინი და ელოცა მათთვის, მაგრამ უკვე სრულიად სხვაგვარად.
ამიტომაც არ იქნება მართებული იმის მტკიცება, რომ ჭეშმარიტ მონაზვნობას ცხოვრების მხოლოდ ერთი წესი წარმოადგენს. საუბარია იმაზე, რომ მონაზვნობა შეინარჩუნო ცხოვრების ნებისმიერ ვითრებაში. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია მოტყუვდე და თავი ჩათვალო მიწაზე ანგელოზად, როცა არ გაგივლია მორჩილების, ქალწულების, უპოვარებისა და სიმტკიცის ნამდვილი სკოლა, ის, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ. მაგრამ ეს უცებ არ ეძლევა ადამიანს. სიმტკიცეზე საუბრისას ისევ მივუბრუნდეთ თეოფანე დაყუდებულის წერილებს, სადაც იგი ჰყვება, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა თანდათან ამ სიმტკიცეს. ჩვენ ვიცით, როგორი მლოცველი იყო იგი. როგორ უერთდებოდა ღმერთს ლოცვაში ჩაღრმავებული. იგი იყო ჭეშმარიტი მოღვაწე, მასწავლებელი და ეპისკოპოსი. ყოველივე ამაზე მან უარი თქვა და მონასტერში დაეყუდა. იქ მოხვედრილმა კი, უცებ თითქოსდა საპყრობილეში იგრძნო თავი; მონასტრის კედლები ეფარებოდნენ იმ ქვეყანას, რომლის ცქერასაც ასე იყო შეჩვეული. იგი მიჩვეული იყო ეცქირა უკიდეგანო ტრამალებისა და უსაზღვრო
სივრცისათვის. მაშინ მან გადაწყვიტა თანდათანობით მიეჩვია თავის იმისათვის, რომ შემოეფარგლა თვალთახედვის არე. გადაწყვიტა, არასდროს გასულიყო
მონასტრიდან. თავდაპირველად იგი ადიოდა მონასტრის გალავანზე და იქიდან უყურებდა სივრცეს, რადგან ამის გარეშე მას არ შეეძლო ჯერ ცხოვრება. შემდეგ ცოტა შეიზღუდა თავი. არა იმიტომ, რომ ტყვეობას მიეჩვია, არამედ იმიტომ რომ ჩაუღრმავდა თავის თავს. და ასე მორჩილად, მხოლოდ ტაძარში და მონასტრის ბიბლიოთეკაში დადიოდა. მერე თანდათან კიდევ უფრო სიღრმეებში ჩაიძირა. ყველაფერი იმით დამთავარდა, რომ დაეყუდა და 29 წელი იცხოვრა მხოლოდ ერთ ოთახში. და აი, თავის თავში წასულმა და თავის გულში მცხოვრებმა, მან ასეთი შესანიშნავი რამ აღმოაჩინა. იგი წერს, რომ მისთვის ეს ოთახი გახდა ძალზედ ვრცელი და მას აღარ სჭირდებოდა კვადრატული მეტრები გარშემო. იგი სულ მთალიანად ჩაიძირა თავის თავში, როგორც ის ამბობდა, ჩააღწია მის სიღრმეებს.
მაგრამ ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ამის მიღწევა შეიძლებოდეს კარის გამოხურვით, რომ ასე დავიცავთ თავს გარე სამყაროსაგან. საპყრობილეში მოხვედრილი ადამიანი არის დაყუდებული, იმის გამო რომ გონება და აზრები მუდამ ამ კედლებს მიღმა ტრიალებს. არა! მონაზვნობა სულ სხვაა, სხვაგვარი გზაა.
მონაზვნური ცხოვრება თავისი მრავალსახეობით ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების პირველ წლებშივე გამოვლინდა. უდაბნოში მეუდაბნოებიც ცხოვრობდნენ და საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებიც იყო, იყვნენ ამა თუ იმ მოძღვრის გარშემო პატარ-პატარა დაჯგუფებებიც და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველასთან განშორებით ცხოვრობდნენ; ისეთებიც არსებობდნენ, რომელთა კარიც ყველასთვის ღია იყო. ღირს მოსეს რომ ჰკითხეს, რატომ აირჩია მან თავისი სენაკი ასე, გზის პირას, ნუთუ გამვლელები მას ხელს არ უშლიდნენ, მან უპასუხა:
- არა, როცა ჩემთან მწირი ადამიანი მოდის, მე მასში ქრისტეს ვხედავ; იგი აკაკუნებს ჩემს კარზე. მე მას ვაპურებ, ვასვენებ, რომ მან შეძლოს გზის გაგრძელება. მსგავსი შეკითხვით მიმართეს არსენი დიდს, რომელიც რომის იმპერატორის შვილების მოძღვარი იყო. ერთხელაც მასთან უდაბნოში მივიდა ერთი ქალბატონი, რომელსაც იგი რომში იცნობდა და სთხოვა დამოძღვრა. არსენი დიდმა სენაკიდან გამოსძახა:
- შეასრულებ კი იმას, რასაც გეტყვი?
- დიახ, მამაო, შევასრულებ.
- მაშინ, როცა გეტყვიან არსენი ამა და ამ ადგილზე იმყოფება, საპირისპირო მხარეს წადი. და როცა მას ჰკითხეს, რისთვის გაურბის იგი ადამიანებს, მან უპასუხა, რომ ცაში ათასობით ანგელოზსა და მთავარანგელოზს ერთიანი ნება-სურვილი აქვთ, მიწაზე კი ყოველ ადამიანს სხვადასხვა ნება გააჩნია და მას არ შეუძლია დარჩეს
თავისთავადი და თავის ნებაზე, როცა გარშემო მყოფნი ცდილობენ დაჯიჯგნონ იგი თავიანთი ნება-სურვილებით.
ძველად იყვნენ მოღვაწენი, რომლებიც ღვთის წინაშე განცალკევებით, სრულ სიმარტოვეში ლოცულობდნენ, ფიზიკურად ყველაფრისაგან, გარშემო სამყაროსაგან სრულიად მოწყვეტილნი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ჰქონდათ საერთოდ ურთიერთობა გარე სამყაროსთან. მაგალითად, სერაფიმე საროველი ერთის მხრივ, დაყუდებული იყო, მეორეს მხრივ კი მთელი ქვეყნისათვის და ყველა იმათთვის ლოცულობდა, რომელთა გასაჭირსაც ღმერთი უხსნიდა. ეს არ იყო მარტოობა ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით, როცა ადამიანი ჩაიკეტება და აღარავის აღარ ცნობს, აღარავისი ესმის.
ეკლესია ეს სიყვარულის ორგანიზმია. საეკლესიო თემი, როცა იგი ერთად იკრიბება, არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთში ქრისტეს ცოცხალ ხატს ხედავენ, და მას ისინი კეთილი კრძალულებითა და ლოცვით შესცქერიან. სწორედ ამიტომ საზოგადო ლოცვა ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) ერთსულოვანი ლოცვაა, ე.ი. ეს არის ქრისტეს სუფევა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც თავიანთ თავში ატარებენ მაცხოვრის - ქრისტეს რაღაც ანაბეჭდს.
მოღვაწეობის ეს სახეები ერთმანეთს არ გამორიცხავს. იყვნენ ისეთი მოღვაწენიც, რომლებიც განმარტოებით მოღვაწეობდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებს ჰქმნიდნენ და ერთად ლოცულობდნენ. იყო სავანეებიც, მაგალითად, ნილოს სორელის ირგვლივ 12 ბერი ცხოვრობდა. თითოეული მათგანი თავის სენაკში, ცალკე ლოცულობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ქრისტეს სხეულივით ერთნი იყვნენ. ისინი აღავლენდნენ წირვას, რომელსაც არსებითად თვით ქრისტე აღასრულებდა.
აღკვეცის წესის გადაკითხვისას ძალიან მკტივნეულად განვიცდი, რომ 50 წლის შემდეგაც კი არ შევდგომივარ ბერობას, რომლის აღთქმაც ოდესღაც დავდე ღვთის წინაშე. ამიტომ ბერ-მონაზვნობაზე საუბრისას იმასაც გავითვალისწინებ, რომ ადამიანი „თავისი სიტყვით გამართლდება და თავისი სიტყვით განიკითხება“, მაგრამ არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც, და რომ საგანთა ცოდნა ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს და ისევ და ისევ ითხოვს ჩვენს განწმენდას, სინანულს, იმ ცხოვრებაში შესვლას, რომელიც ადამიანმა ოდესღაც დაისახა მიზნად და რომლის განხორციელებაც მან უმეტესად ვერ შესძლო.
საუბარი მონაზვნობაზე შეუძლებელია ქორწინების გააზრებისაგან მოწყვეტით. ამის ხსოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგიერთს ბერობა წარმოდგენილი აქვს როგორც ეკლესიის არსისაგან მოწყვეტილი, განსაკუთრებული გზა და რომელიც თითქოსდა გამონაკლისს წარმოადგენს და ეს ადვილი წარმოსადგენია თუ გავიხსენებთ მონაზვნობის დასაწყისს, იმას, თუ როგორ იშვა იგი, რითი დაიწყო.
სანამ ეკლესია იდევნებოდა, მონაზვნობა არ არსებობდა. ქრისტიანები იდგნენ წამების, სიკვდილის საშიშროების წინ. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ სიტყვა მოწამე, ნიშნავს მოწმეს, მოწმეს, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც ამოწმებს ქრისტესთვის თავის დადების მზადყოფნას, მაშინ ადვილი გასაგები გახდება ის, თუ რატომ დადგა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეკლესიის წინაშე საკითხი, ასეთ ახალ გარემოებაში როგორმე მოეძებნათ საგმირო, სამეუფო გზა. ეს ძალიან ძნელი გახდა, როცა ეკლესიის დევნას თავი ანებეს და როცა ბიზანტიის იმპერიამ მიიღო ეს სარწმუნოება. იგი გახდა იმპერატორის სარწმუნოება, და ესე იგი იმ ადამიანთა სარწმუნოება, რომლებიც მიჰყვებოდნენ მის მაგალითს და ზოგჯერ არა მის სარწმუნოებას. იმ პერიოდში ეკლესიაში მოდიოდა ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელთაც ზერელედ, შეიძლება ითქვას გარკვეული სიღრმითაც ირწმუნეს ქრისტე, მაგრამ ეკლესიის დევნისას არც კი შედიოდნენ ეკლესიაში და მხოლოდ იმის შემდეგ მოვიდნენ, როცა იგი აღარ წარმოადგენდა გოლგოთისკენ მიმავალ გზას. ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა.
მახსოვს მამა გიორგი ფლოროვსკი მეუბნებოდა, რომ მოწამეობის პერიოდის დამთავრების შემდეგ დაიწყო მონაზვნობა; გმირული სულის ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ მოდუნებულ და დასუსტებულ ქრისტიანობას, ამა ქვეყნიდან განშორება იწყეს არა დევნის, ან წარმართობის გამო, არა! ისინი ტოვებდნენ ქრისტიანულ თემს, რომელიც უკვე აღარ წარმოადგენდა ქრისტეს სხეულს, ქრისტესას, რომელიც ქვეყნის საცხოვნებლად ჯვარზე გაეკრა. ისინი წავიდნენ უდაბნოში იმ ბოროტებასთან საბრძოლველად, რომელაც საკუთარ თავში ხედავდნენ. ისინი წავიდნენ იქ, რათა დაპირისპირებოდნენ ადამიანურ უძლურებას, დარჩენილიყვნენ პირისპირ თავიანთ თავთან, დაეძლიათ ბოროტება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ მთელი ქვეყნის გამო, რადგანაც იმ ბოროტების დაძლევა, რომელიც მარცხდება ერთ ადამიანში, ამცირებს ბოროტებას მთელ ქვეყანაზე. თუ რომელიმე ადამიანი უკუნეთში აანთებს სულ პატარა სანთელს, ის უკვე აღარ იქნება უკუნეთი; თუმცა შესაძლოა ესვერც ვერავინ შენიშნოს, მაგრამ სინათლის სხივი გაკვეთს სიბნელის ფარგლებს. და აი, ბერ-მონაზვნები მიდიოდნენ უდაბნოში, დგებოდნენ რა ღვთის პირისპირ, უღრმავდებოდნენ თავს და იმავდროულად ლოცვით, შინაგანი ღვაწლით სულ უფრო ღრმად და მეტად შეიცნობდნენ თავიანთ შემოქმედს, თავიანთ ღმერთს, თავიანთ მაცხოვარს; და ასეთი შეცნობით, ხედავდნენ მის უსაზღვრო მშვენიერებას, მის სრულყოფილებას, ჭეშმარიტებას, ჩაუქრობელ ნათელს. მასთან კონსტრასტში კი ხედავენ თავიანთ თავს და სიმდაბლით განიმსჭვალებოდნენ, იმიტომ, რომ ღვთის წინაშე მდგარი, მისი მშვენიერების მხილველნი, შეიცნობდნენ თავიანთ უღირსებას, ეთაყვანებოდნენ მას და იმავდროულად სწავლობდნენ უსაზღვრო თავმდაბლობას.
მაგრამ ეს ამ პრობლემის მხოლოდ ერთი ისტორიული ასპექტია. ბერ-მონაზვნობა დარჩებოდა პირად, კერძო საქმედ და გამონაკლის იშვიათობად, იგი რომ არ გამოხატავდეს ეკლესიის არსს. სახარებასა და მოციქულთა საქმეების კითხვისას ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია ეს არის ადამიანთა ერთობა, რომელიც რწმენით, სასოებით,
სიყვარულით შერწყმულია ქრისტესთან. ეს ერთობა ბევრთან აღწერილია საქორწინო ლხინად, ე.ი. ღმერთი შეერთებულია თავის ქმნილებასთან სიყვარულით.
არის ეკლესიის სხვა სახეც, რომელიც გამოითქმის მოკლედ: ეკლესია სასძლოა ქრისტესი, რომელიც მზადაა გაჰყვეს თავის სასიძოს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი; რომელმაც შეიყვარა იგი მთელი არსებით; რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე მისი შესადარი ამქვეყნად. წმიდა მეთოდი ამბობს, რომ სანამ მამაკაცი არ შეიყვარებს გოგონას, ეს ქვეყანა მისთვის სავსეა კაცებით და ქალებით, მაგრამ, როგორც კი ვინმეს შეიყვარებს და გაუჩნდება სასძლო, მაშინვე მის ირგვლივ ყველა ზოგადად ადამიანად იქცევა, განურჩევლად სქესისა. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიძე-პატარძლის ურთიერთობას. აი ასეთია ბერ-მონაზვნობის გზაც. ზოგმა ისე შეიყვარა ღმერთი, რომ მისთვის ამქვეყნად არაფერია მისი სადარი, არაფერია ისეთი ძვირფასი, რომ მისი გული, მისი ფიქრი, მისი ცხოვრება მოსწყვიტოს ღმერთს, რადგან იგი შეიყვარა მთელი არსებით და ქრისტესთვის თავდადებით. ასეთი ადამიანები მზად არიან, გაჰყვნენ უფალს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი.
ჩვენ ვიცით ქრისტეს გზა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გოლგოთის გზა, ეს არის გზა ჯვარცმისა ქვეყნიერების გადასარჩენად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მონაზვნური ჯვრის ტარებაც პიროვნული ღვაწლი კი არ არის მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად, არამედ ქრისტეს ჯვარცმასავით, არის სრულიად ეკლესიის ღვაწლი - მონაწილეობა მსოფლიოს გადარჩენაში.
ვალაამზე 60 თუ 70 წლის წინათ ცხოვრობდა ერთი მორჩილი - ნიკოლოზი. ჩემი მოძღვარი, რომელიც იმ წლებში მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ, მას ესტუმრა. იგი მოხუცი იყო, 50 წელზე მეტი უკვე ვალაამზე ცხოვრობდა და ბერად ჯერ კიდევ არ აღკვეცილიყო. მამა ათანასეს უკითხავს მისთვის, მონასტერში ბერული წესით მცხოვრებმა, უპოვარმა, მხოლოდ ამ ცხოვრებით მცხოვრებმა, რატომ არ ისურვე ბერობაო. ნიკოლოზს თვალცრემლიანს უპასუხია: „მე არც ახლა შემიძლია აღკვეცა, ჯერაც ვერ შევძელი თანაგრძნობით ტირილი მთელი ქვეყნიერებისათვის“. ეს ძალიან ყურადსაღები ნათქვამია, რადგანაც ჩვენ ძალიან ადვილად ვამბობთ, რომ თითოსდა ბერი - ის ადამიანია, რომელიც ამ გზაზე მხოლოდ საკუთარი სულის სახსნელად მიდის. რასაკვირველია, ასეთი ბერ-მონაზვნებიც არსებობენ. რასაკვირველია, ქვეყნის ხსნა თავის თავად გულისხმობს საკუთარი სულის ხსნასაც. მაგრამ რა სარგებელი აქვს ადამიანს, რომელიც მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი არად დაგიდევთ? მაგრამ აქ ორივე გზა ერთმანეთს ერწყმის.
თუ ბერ-მონაზვნობა და საქორწინო ლხინის საიდუმლო, მართლაც, წარმოადგენს ეკლესიის ორ განუყოფელ ასპექტს, მაშინ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა არის მათ შორის საერთო და რა განასხვავებთ ერთმანეთისაგან. აღკვეცისას ადამიანი დებს აღთქმას, რომ არასდროს განეშორება მონასტერს. შესაძლოა ეს ეხებოდეს ფიზიკურ განშორებასაც, მაგრამ ამაში დევს უფრო ღრმა აზრი. საუბარია იმაზე, რომ ადამიანს არ შეუძლია გახდეს მონაზონი, ვერ განმტკიცდება სულიერად, თუ არ ესმის, რომ მან აქ ღმერთი თუ ვერ იპოვა, სხვაგანაც ვერ იპოვის, რადგან ღმერთი აქ ან იქ კი არ არის, არამედ ყოველი ადამიანის სულის სიღრმეშია. ცოცხალ შეხვედრას ღმერთთან კი ადამიანი ლოცვით, ღვაწლით, მარხვით აღწევს. პირველი პირობა, რაც ბერ-მონაზვნის წინაშე დგება, ეს არის სიმტკიცე. „გაიგე, იცოდე, რომ ღმერთის სადმე ძებნა არ არის საჭირო, რადგან მას აქ თუ ვერ იპოვი, მაშინ ვერსადაც ვერ იპოვი, რადგან თუ შენი გული და გონება აქ დაკეტილი აღმოჩნდა მისთვის, ასევე დაკეტილ გულსა და გონებას წაიღებ, სადაც არ უნდა წახვიდე მის საძებნად“.
წმიდა პრაქტიკული თვალსაზრისით ასეთი პირობა ეძლეოდათ ძველად თემში ცხოვრების მსურველს. მაგრამ ადრეული თემები არ იყო შემოფარგლული მონასტრის კედლებით. ისინი წარმოადგენდნენ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც იკრიბებოდნენ მოძღვრის ირგვლივ და სხვას არც არაფერს ეძებდნენ. ასეთი მდგომარეობა კი რომ მოეპოვებინათ და შინაგანი სიმტკიცე შეეძინათ, ისინი იღებდნენ ისეთ ვალდებულებებს, რასაც ჩვენ ახლა მონაზვნად აღკვეცისას ვდებთ. ეს აღთქმა ადამიანს აძლევს საშუალებას ურყევად იდგეს ღვთის წინაშე, არ ეძებოს იგი არსად, გარდა თავისი სულის სიღრმისა, რომელსაც თვითონ უფალი ეხება. ეს აღთქმებია: მორჩილება, უპოვარება და ქალწულება. ეს სიტყვები კი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით სინამდვილეში რა იმალება ამ სიტყვებში.
მორჩილების ბევრ მაგალითებს ვხვდებით წმინდანთა ცხოვრებაში. იყო ერთი მორჩილი, რომელიც უდრტვინველად ასრულებდა ყოველგვარ საქმეს და არ განსჯიდა, რის გაკეთებასაც უბრძანებდა მოძღვარი, იმ საქმესაც კი, რაც ერთი შეხედვით ჩვენთვის შეიძლება უშინაარსო ყოფილიყო, უსიტყვოდ, დაუფიქრებლად ასრულებდა, რადგან სულის სიღრმეში სწამდა, რომ ამ დავალებაში ჩადებული იყო აზრი და ადამიანი მხოლოდ მაშინ შეძლებს სულიერად ზრდას, თუ მთლიანად მიენდობა მოძღვარს. მორჩილება მდგომარეობს იმაში, რომ შეასრულო ყოველგვარი დავალება ჯერ უდრტვინველად, გარეგნული გამოხატვის გარეშე, და მერე შინაგანი დრტვინვის გარეშეც. ეს უცებ არ ეძლევა ადამიანს. არსებობს ნაამბობი იმის შესახებ, თუ როგორ დაავალა მოძღვარმა მონასტერში მყოფებს დაეცინათ ახალმოსულისათვის, რომელსაც იგი აფასებდა და რომლის აღზრდაც უნდოდა მისი შესაძლებლობების ფარგლებში. და, მართლაც, როცა იგი მივიდა ეკლესიაში, დაუწყეს დაცინვა:
„შენნაირმა ადამიანმა როგორ გაბედა და ეკლესიაში ფეხი როგორ შემოდგა?“
იგი გაეცალა მათ. როცა მოძღვარმა ჰკითხა, რას განიცდიდა, მან უპასუხა, რომ განრისხდა და ეს გინებით გამოხატა. ერთი კვირის შემდეგ იგივე განმეორდა. მაგრამ მორჩილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდა იმის შესახებ რაც მოხდა, და რაც მასში გამოიწვია მომხდარმა. ამიტომ, როცა იგივენაირად მოიქცნენ ეკლესიაში დამხვდურები, გამოვიდა და როცა მოძღვარმა ჰკითხა თუ რას განიცდიდა, უპასუხა,
რომ ახლაც განრისხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. და როცა მესამეჯერაც იგივე განმეორდა, იგი აღარ განრისხებულა. ეს იმის მაგალითია, რომ ადამიანს ასე თანდათანობით უმუშავდება უნარი მოძღვრის იდუმალი სვლების გამგებისა და თავისი თავის აღზრდისა.
მაგრამ მორჩილება არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ დავალება ისმინო და შეასრულო ჯერ ძალის დატანებით, მერე კი მსუბუქად; და ბოლოს სიხარულით. მორჩილება მდგომარეობს იმაში, რომ ისმინო მთელი გულითა და გონებით, მთელი არსით იმის, ვინც გესაუბრება. საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ხმისა და ღვთის ხმის მოსმენა, რომლითაც გვესაუბრება სახარება და რომელიც ისმის ადამიანის სულის სიღრმეში მდუმარებისა და ლოცვისას; ამ მდუმარებაში ადამიანი მზად უნდა იყოს მთელი არსებით ისმინოს მოძღვრისა, რომ თავისი მოძღვრის ღირსეული შვილი გახდეს. ყოველივე ამას ჩვენ ვხედავთ იმ წმინდათა ცხოვრებაში, რომლებიც იყვნენ კეთილი მოძღვრები და რომელთაც შესძლეს თავიანთი მორჩილების ისეთ სიწმინდემდე აყვანა, რომლისთვისაც თვითონვე ვერ მიეღწიათ. ბერ-მონაზვნური მორჩილება თავდაპირველად სკოლაა, მერე აღმოჩენა, ისეთი შინაგანი მდუმარებისა, რომელიც იძლევა საშუალებას უსმინო და შეერწყა ცოცხალ ღმერთს. სხვა სიტყვებით, შეიძლება ითქვას, რომ მორჩილების მეშვეობით, ადამიანი წარიმართება ისე, რაზეც პეტრე მოციქული კადნიერად ამბობს: „ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავხდეთ თანაზიარნი ღვთაებრივი ბუნებისა“, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჯერ ვეზიაროთ მადლს, ე.ი. გამვიმსჭვალოთ მისი ღვთაებრივი ყოფნით და შემდეგ გავხდეთ ღვთის მსგავსი, ქრისტეს სხეულის ცოცხალი ნაწილები, სული წმიდის სამკვიდრებელი, ვიქცეთ ჭურჭლად, რომელიც სავსეა სიწმინდით.
უპოვარება არ არის დამოკიდებული სიღატაკეზე ან ქონებაზე. შეიძლება არაფერს არ ფლობდე, მაგრამ მთელი შენი არსებით ოცნებობდე სიმდიდრეზე, გსურდეს რაიმეს მოპოვება. უპოვარება მდგომარეობს იმაში, რომ არაფერზე არ იყო მიჯაჭვული და დამოკიდებული. პავლე მოციქული ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ მან ისწავლა ცხოვრება საღარიბეშიც და სიმდიდრეშიც; მან ისწავლა ის, რომ არაფერს ებატონა მასზე. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ჩვენ როგორღაც გვიპყრობს და მონებად გვაქცევს. გავიხსენოთ იგავი წოდებულებსა და რჩეულებზე, მეფემ შვილის ქორწინების გამო გამართულ წვეულებაზე რომ მოიწვია მეგობრები. ერთმა უთხრა, რომ მიწის ნაკვეთი იყიდა და ახლა მის დასამუშავებლად მიდიოდა, ამიტომ ვერ მივიდოდა. ეს ადამიანი ფიქრობდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა. სინამდვილეში კი, იგი თავად ეკუთვნოდა ამ მიწის ნაკვეთს, რადგან არ შეეძლო მისგან მოწყვეტა, თითქოსდა ფესვები ჰქონდა მასში ჩაზრდილი და იგი უკვე აღარ იყო თავისუფალი, ამიტომ უნდა დარჩენილიყო და დაეთვალიერებინა თავისი ნაკვეთი. მეორემ უთხრა, რომ ხარები შეიძინა და საჭირო იყო მათ გამოცდა. ისიც ფიქრობდა, რომ იგი იყო ხარების მესაკუთრე. მაგრამ სინამდვილეში თვითონ იყო ხარებზე დამოკიდებული. და როცა ვოცნებობთ, შევიძინოთ რამე, ჩვენც იგივე გვემართება, რადგან ცხოვრების მიზნად ვიხდით ამას და არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამ ოცნებებს. ამის გამო ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არ შეგვიძლია ღმერთთან მიახლოებაც კი, რადგანაც, გვგონია, რომ უფრო დიდი საქმეებით ვართ დაკავებულნი. ხომ საშინელებაა?! მესამემ უთხრა, რომ თავადაც დაქორწინდა და ისე იყო ამ სიხარულით აღსავსე, რომ ვერ მივიდოდა, ვერ გაიზიარებდა სხვის სიხარულს. აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ადამიანი დამონებული, თავად კი ჰგონია, რომ იგი რაღაცის პატრონია.
საბოლოო ჯამში, უპოვარების საკითხს მივყავართ ღვთის ნეტარების პირველ მცნებასთან: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. ვინ არიან ეს „სულით გლახაკნი?“ ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მთელი თავიანთი არსებით შეიცნეს, რომ მთლიანად დამოკიდებულნი არიან ღვთის სიყვარულზე, რომ მისგან გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე, მისგან მიეცათ ცხოვრება, სიხარული, უკვადვება. შეიცნეს მათში არსებული ღვთაებრივი სუნთქვა, რომელიც მათ მიეცათ, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი სიცოცხლე, რომელიც შეიძლება მათ ეკუთვნოდეს და ეს არის ღვთის წყალობა; ეს მათ კი არ იპოვეს ღმერთი, არამედ ღმერთმა იპოვა ისინი, განუცხადა მათ თავისი თავი და მოუწოდა მათ. ღმერთმა შეიყვარა ისინი და მათი სულის სახსნელად გარდამოავლინა მათთან მხოლოდშობილი ძე, რომელიც გახდა ძე კაცისა; რომ ყველაფერი ცხოვრებაში ღვთის წყალობაა და ნიჭი, ჩვენ არაფერი გვაქვს ამაზე ძვირფასი. მეგობრობა - წყალობაა, მშობლის სიყვარული - წყალობაა, სიძე-პატარძლის სიყვარული - წყალობაა. და რომელიმე მათგანი ჩვენ რომ გვეკუთვნოდეს, გამოგლეჯილი იქნებოდა სიყვარულის საიდუმლოდან, რადგან რასაც კი ჩემსას ვუწოდებთ, აღარ იქნებოდა არც ადამიანური და აღარც ღვთებრივი სიყვარულის წყალობა. ამიტომაც მხოლოდ ისინი, რომლებიც ჭეშმარიტად გახდნენ სულით ღატაკნი, დაიმკვიდრებენ ცის სასუფეველს, სადაც ღმერთი წარმოადგენს მათ მიერ არჩეულ, აღიარებულ, საყვარელ მეფეს, მხოლოდ მისგანაა ყველაფერი, რაც მათ გააჩნიათ, რასაც თვითონ წარმოადგენენ. ეს ჭეშმარიტად უპოვარება მდგომარეობს არა იმაში, რომ არაფერი გაგვაჩნდეს, არამედ თანდათანობით „სულის სიღატაკის“ ისეთი მდგომარეობის მოხვეჭაში, როცა ყველაფერი, ყველაზე უბრალო, უმნიშვნელო საგნებიც კი საყვარელი გვეჩვენოს...

და ბოლოს, ქალწულება.

ქალწულება - რთული სიტყვაა. ქალწულება ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული მორჩილებასთან. ქალწულება - ეს იმ ადამიანის მდგომარეობაა, რომელმაც მიაღწია სულიერ სრულყოფილებას, მთლიანობას, ისეთ შინაგან სიბრძნეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას გადაიხაროს ღვთისაგან, გადაიხაროს სიწმიდისაგან, გადაიხაროს თავისი ადამიანური ღირსებისაგან, ე.ი. თავის თავზე ღვთის ხატების მსახურებისგან. ქალწულება და მორჩილება ერთმანეთთან ახლოს მდგომი ცნებებია. მორჩილება ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი სინდისთან თანხმობაშია, თანხმობაშია ახლობლებთან, თავისს ბედთან და იმ საგნებთანაც კი, რომლებიც მის გარშემოა;
როგორც წმიდა ისააკ ასური ამბობს: არავის შეუძლია წმიდა გულით ილოცოს ღვთის წინაშე და თუ იგი თანხმობაში არ არის ღმერთთან, რომლებთანაც შეხება აქვს, რადგან ისინიც ღვთის ქმნილებებია და მათაც მოწიწებით უნდა მოვეპყრათ. სიტყვა „მორჩილება“ ლათინურად „ნაყოფიერ ნიადაგს“ ნიშნავს. წმიდა თეოფანე დაყუდებული ერთ წერილში ამბობს:
„დაუკვრდით ნიადაგს. იგი უხმოდ წევს ცის ქვეშ. გული აქვს გადაშლილი ცისთვის, მზის სხივებისთვისაც და წვიმისთვისაც. უფრო მეტიც, მასზე დააბიჯებენ, თელავენ. უარესიც, მასზე ნარეცხ წყალს ღვრიან. იგი კი მაინც უხმოდ წევს ცის ქვეშ, ყველაფერს იღებს და ყველაფრისაგან ნაყოფს იძლევა, იმით გამდიდრებული, რაც ეძლევა ცისა და მიწისაგან“. აი, ამ კუთხით მორჩილება და ქალწულება ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგანან.
ბერ-მონაზვნური აღთქმები, რაც ასე ნათლად გამოიხატება აღკვეცის წესებში, ასევე ცოლ-ქმრული ცხოვრების მანათობელი ვარსკვლავები და წარმმართველიცაა. მონაზონი უნდა იყოს მტკიცე და ურყევი. ქორწინებისას ამას ცოლ-ქმრულ ერთგულებას უწოდებენ. მეუღლენიც ისე უნდა იყვნენ ერთმანეთს შერწყმული, ისე უნდა ისმინონ ერთმანეთის, რომ საკუთარ თავზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ ერთმანეთის სულს უნდა ჩასწვდნენ. აი, ეს არის ჭეშმარიტი მორჩილება, რადგანაც სწორედ ამით გამოიხატება თავის ისეთი უარყოფა, რაზეც საუბრობს მაცხოვარი ქრისტე: თუ გინდათ შემომიდგეთ მე და ჩემი მოწაფეები გახდეთ, უარყავით თქვენი თავი, მოაშორეთ საკუთარ თავს მზერა და მომაპყარით იგი მე, ცოცხალ ღმერთს და თქვენს მოყვასს, რომელიც არის მომართული თქვენსკენ ვედრებით, რათა ყურადღება მიაქციოთ, გიყვარდეთ, იზრუნოთ მასზე, თანაუგრძნოთ მას, შეიცოდოთ, გაახაროთ. როცა ვსაუბრობთ ქალწულებაზე, იგი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ერთგულების ნათელ, ზუსტ გამოხატულებას. ეს არის სულის, გონების და თვითონ ადამიანის სისრულე. სიძვა მაშინ კი არ იწყება, როცა ფიზიკურად ხდება იგი, არამედ მაშინ, როცა სული თვალს მოაცილებს თავის სიყვარულს და მიაპყრობს გარშემო მყოფთ. და ბოლოს, უპოვარება ქორწინებაში იმაში კი არ მდგომარეობს, არაფერი გაგაჩნდეს, პირიქით, ქორწინებაში ადამიანი ვალდებულია იზრუნოს მეუღლეზე, ბავშვებზე, მშობლებზე. უპოვარება ამ შემთხვევაში ნიშნავს არაფერს ფლობდე საკუთარი თავისთვის, რათა ყველაფერი რაც გაგაჩნია, წარმოადგენდეს სხვებისთვის საჩუქარს. აქ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ქორწინებაში არსებობს ტრაგიკული სამოღვაწეო განზომილებაც, როცა ადამიანმა თავისი თავი უნდა გადალახოს, დასძლიოს ბოროტება, თავისი შეზღუდულობა, გაიხსნას, ქრისტეს ძალითა და მადლით.
ბერ-მონაზვნობაში მეორე მხარეცაა: ეს არის სიხარული იმის გამო, რომ ღმერთს ვუყვარვართ, და მოგვცა საშუალება, მიუხედავად ჩვენი უღირსებისა, უძლურებისა, ცოდვებისა გვიყვარდეს ღმერთი, რამდენადაც ძალგვიძს მადლიერნი ვიყოთ იმისათვის, რომ მას ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ, ვუყვარვართ ჩვენი
უძლურებით, ვუყვარვართ იმ მებაღესავით, რომელიც ზრუნავს უსუსური ყლორტისათვის, იცავს მას ყველაფრისაგან, რამაც შეიძლება დაღუპოს, ზრუნავს, რომ ყლორტი გამაგრდეს და ხედ იქცეს.
ასე რომ, ბერ-მონაზვნობაშიც და ქორწინებაშიც არსებობს როგორც მკაცრი ღვაწლი და ასევე დიდი სიხარულიც.

წყარო: orthodoxy.ge





დალიე სუფთა წყაროდან.

Комментариев нет:

Отправить комментарий