ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 июня 2013 г.

დუტუ მეგრელი.

მე პატარა ქართველი ვარ.


მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი 
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი! 
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამგრელო -
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის-მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:
ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..



სამშობლოს.

მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ,უნდა მოგშორდე, ეს არი 
და სხვაგან გადავიხვეწო,მარადის შენთვის მკვნესარი! 
მშვიდობით!.. მაგრამ განა მე მარტო ხორცით არ გშორდები?
გონებით, გრძნობით და ფიქრით ისევ შენთან არ ვიქნები?
განა თუნდ ცხრა მთას გადაღმაც ვერ ვიგრძნობ შენსა ტკივილსა;
ვერ გავიგონებ შენს ოხვრას, ტირილს და მოთქმა-ჩივილსა?
კი, მაგრამ, ჩემო ძვირფასო, მეყო, რაც სხვაგან ვიყავი;
მენატრებდა აწ მაინც სულ შენთან ყოფილვიყავი,
რომ შენთვის შემომეწირა მთლად ჩემი ღონე და ძალა;
მოყვარე მეხარებია მტრისთვის მესმია სამსალა;
მაგრამ, ვაი, რომ უბედურს არ შემისრულდა სურვილი!..
მშვიდობით... უნდა, კვლავ გულში ჩავიკლა ჩემი წყურვილი... 


ღრუბლები და მთვარე.

ერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს, 
დააბნელონ ბადრი მთვარე
(სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე
სინაზე და სინარნარე!); 
შეიკრიბნენ ყველა ერთად,
შეიკუმშნენ, მთლად გაშავდნენ
და, მიმავალს თავისს გზაზე, 
ღამის მნათობს მედგრად დახვდნენ; 
მაგრამ მთვარემ არც შეჰხედა,
სწრაფ გასცურა ის ადგილი 
და დასტოვა ღრუბელთ გროვა,
პირში ჩალა გამოვლილი; 
გასცურა და ქვეყანასა მან
ნათელი კვლავ მოჰფინა, 
ღამის მეხრის და მგზავრისგულს
სიხარული აგრძნობინა; 
ავ ღრუბლებს-კი საიდანღაც
მძლავრმა ქარმა დაუბერა, 
ცხრა მთას იქით გადაჰფანტა,
ერთ წამსაც არ გააჩერა!..


Комментариев нет:

Отправить комментарий