ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

შიში.

ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.


შიში იმედს გვიკარგავს.

მშიშარა უბედურებას წინასწარ წარმოიდგენს.

შიში ამპარტავნული სულის ბავშვური ჩვეულებაა.

 მშიშარა თავის გულს წარმოდგენილი შიშით მუსრავს.

შიში სარწმუნოებისგან გადახვევაა - მოულოდნელი ჭირის მოლოდინი.

ჩვენი გლოვის შესაბამისად წარიდევნება იგი და როცა გლოვა შემოგვაკლდება, შიში ძლიერდება.

როდესაც ამ სენისგან განთავისუფლდები, ადიდე მხსნელი, რადგან თუკი მადლობას შესწირავ, საუკუნოდ დაგიცავს იგი.

ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საკუთარი ჩრდილიც აშინებს.

ზოგჯერ ჯერ სულს იპყრობს შიში, ზოგჯერ კი - ჯერ ხორცს. ხოლო მეორეს ამ ვნებას იგი გადასცემს, რომელიც პირველად მიიღებს მას.

ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან.

სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.

თუ მხოლოდ ადამიანაბესადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისგანაც პატივცემული იქნები.

გზას რომ გაუდგები, ლოცვით შეიარაღდი და როდესაც მიხვალ, ხელი აღუპყარ უფალს და ჰგვემე მტერი იესო ქრისტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

არც ღამის სიბნელე და არც ადგილის უდაბურება არ აძლევს ჩვენზედ ძალას ეშმაკს, არამედ - სულის უნაყოფობა და ზოგჯერ კი ეს ღვთის დაშვებითა და მისი განგებულებით ჩვენს განსასწავლად ხდება

მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპარტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებს, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ.

როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს, ამიტომ როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კეთილი მცველი მოგვევლინა უფლისაგან, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)

***


არ უნდა დავემონოთ შიშს, რომელსაც ყმაწვილებს ეშმაკი მოუვლენს ხოლმე, არამედ მაშინ უფრო მეტი სიფხიზლე გვმართებს. განვაგდოთ სულმოკლეობა და გვახსოვდე, რომ მართალია, ცოდვილები ვართ, მაგრამ უფალი მაინც გვიფარავს და მისი ნების გარეშე თმის ერთი ღერიც არ ჩამოგვარდება. ყურს ნუ დავუგდებთ გმობის გულისსიტყვებს, რომელთა გამოც მაცთურ სულს და მის თანამოაზრეებს საუკუნო ტანჯვას მიუსჯიან ღმრთის სამსჯავროზე.

წმ. სერაფიმე საროველი

***


ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, "ნოდი" ეწოდა, რაც "მოკანკალე მიწას" ნიშნავს.


წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი


***


შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს, ცოდვების შიში და სხვა არაფრისა გეშინოდეს.

არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)

***


არ არსებობს დესპოტი მშიშარა ხალხის გარეშე და არც გმირი წყალობის გარეშე.


წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

***


უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას.

წმ. დიმიტრი როსტოველი

***



უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს (ფს. 52, 6); ხოლო სადაც შიში საჭიროა, იქ უშიშარნი არიან.

*

ადამიანური შიში ღვთის შიშმა უნდა გადაწონოს.


*

ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება.

*

Комментариев нет:

Отправить комментарий