ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 марта 2014 г.

„თანამედროვე ქრისტიანები ისევ ძველ აღთქმაში“

დეკანოზი თამაზ ლომიძე



როცა ვკითხულობთ ბიბლიას თვალშისაცემია მთავრი განსხვავებას ძველსა და ახალ აღთქმას შორის. პარადოქსია, რომ ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით მარადიულია და ცვლილებას არ ექვემდებარება, აბსოლუტურად განსხვავებულად ცხადდება ძველსა და ახალ აღთქმაში. ქრისტემდე, წინასწარმეტყველების პირით ნაქადაგები ღმერთი ღრუბელში, ცეცხლისა და გრგვინვის სახით ეცხადება ადამიანებს. მოსეს, რომელსაც სურს ერთი წამით მაინც მისი დანახვა, იგი ეუბნება: „ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“. (გამ. 33,20) მისი მცნებები და კანონები სასტიკემდე მკაცრი და თითქმის შემაძრწუნებელად საშიშია. იგია ღმერთი სამართლიანი და ამავე დროს ამ ქვეყანაზე მებრძოლი, სასტიკად დამსჯელი, გამომცდელი, მდევნელი, შურისმაძიებელი და ცოდვის მომკითხავი შთამომავლობაში. ღმერთს სურს, რომ გამოსცადოს აბრაამის რწმენა და სთხოვს, რომ ერთგულების ნიშნად ერთადერთი შვილი დაუკლას სამსხვერპლოზე და შესწიროს მსხვერპლად. (დაბ. თ.22) მოსეს პირით ღმერთი ებრაელებს აძლევს უფლებას, რომ თუ კაცს თავისი ცოლი რაღაც დროის შემდეგ, რაიმე მიზეზის გამო აღარ მოეწონება, შეუძლია დაუწეროს განტევების წერილი და უბრალოდ გაუშვას სახლიდან. თუ მას სხვა კაცი შეირთავს და ისიც გაუშვებს, პირველ ქმარს აღარ შეუძლია შეირთოს, რადგან ამითი კაცი შეიბილწება და ა.შ. (2 რჯ. 24, 1-3). ამ მცნების მიხედვით ქალს, როგორც ადამიანს თითქოს ღირებულება არ გააჩნია ღვთის წინაშე. ძველი აღთქმის ღმერთი ებრაელებს აძლევს მითითებებს თუ რა უნდა ჭამონ და რა არა, რას უნდა შეეხონ და რას არა, იმისთვის რომ სიწმინდე შეინარჩუნონ. (ლევ. 11) ძველ აღთქმაში ღმერთი ერევა საბრძოლო საქმეებშიც და საომრად მიმავალ ისუ ნავეს ძეს კონკრეტულ მითითებებს აძლევს, თუ როგორ უნდა დაანგრიონ ქალაქ იერიხონის გალავანი და აიღონ იგი: „ უთხრა უფალმა ისუს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს.“ (ისუ ნავეს ძე, თ. 6,2). ქალაქში შეღწევის შემდეგ ისუს ბრძანებით: „გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.“ (იქვე, თ. 6, 21) ამ საქმეში თვით უფალი მფარველობს ისუს: „უფალი იყო ისუსთან და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში.“ (იქვე, თ. 6,27). წინასწარმეტყველ ილიას ბრძანებით, როდესაც იგი ღვთის შეწევნით დაამარცხებს ბაალის ქურუმებს, ებრაელები შეიპყრობენ მათ, ხევში ჩაიყვანენ და ცრუ წინასწარმეტყველებს ღვთის სახელით ხმლით ჩახოცავენ. (3 მეფეთა, 18,36-40) მოსე წინასწარმეტყველიც აძლევს მათ მცნებას, რომ თუ ცოდვაზე შეიპყრობენ მეძავს ქვით უნდა ჩაქოლონ იგი. ძველი აღთქმის ღმერთი, მოსეს პირით შეუთვლის ებრაელებს: „მე ვარ უფალი,.. შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.“ (გამოს, 20,1-5, რიცხ. 14,18) ღმერთი ჰპირდება ადამიანებს, რომ მათი დანაშაულისათვის შვილიშვილი და შვილთაშვილი დაისჯება.

სრულიად განსხვავებულია იესო ქრისტეს და მისი მოციქულების მიერ ნაქადაგები ღმერთი ახალ აღთქმაში. იგი მარადიულად მასში მყოფ ძეს უგზავნის ადამიანებს და ის განკაცებულად, თავმდაბალი ადამიანის სახით, ხილულად მოდის ქვეყანაზე. იგი არ თაკილობს ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან შეხებას და საუბარს. იესო ქრისტეს მამა და ღმერთი არის უპირველესად სიყვარულის ღმერთი, ლმობიერი და მოწყალე, შემნდობი და შემბრალებელი. იგი არ სდევნის ცოდვილს და არ იძიებს შურს დამნაშავეზე. როგორც კეთილი მწყემსი დადის და ეძებს დაკარგულს, შეცდომილს და უხარია, როცა იპოვის. (ლკ. 15,3-32) ღმერთისთვის ადამიანი აღარ არის მონა, რომელიც შიშისაგან ძრწის მის წინაშე, არამედ ადამიანი ხდება უფლებამოსილი შვილი ღვთისა, რომელმაც უკვე ყველაფერი იცის თავისი ღმერთის შესახებ „უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (ინ. 15,15) მისთვის ერთნაირად ძვირფასია ყველა: მეფე თუ მსახური, მორწმუნე თუ ურწმუნო, მართალი თუ ცოდვილი, ქალი თუ კაცი განურჩევლად მოქალექეობასა თუ ეროვნებასა. (გალ. 3,28) მას არ სჭირდება მორწმუნისგან ფიცი და დამტკიცება რწმენისა „...მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ...ნურც მიწას, ...ნურც შენს თავს დაიფიცავ...არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.“ (მთ. 5,34-37). მისთვის, როგორც პიროვნება, ღმერთის წინაშე თანასწორია ქალი და კაცი. მათი კავშირი დაურღვეველია და მხოლოდ ნებაყოფლობითი სიყვარულის შედეგია: “ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.“ (მთ. 19,5-6), „ასევე თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც საკუთარი თავი. (ეფ. 5,33) ქრისტეს სწავლებით საკვები და მატერიალური ნივთები კი არ შებილწავს ადამიანს, არამედ მხოლოდ „პირიდან გამომავალია ის, რაც გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.“ (მთ. 15,10-20) ქრისტე ზეციური სასუფეველს უქადაგებს მორწმუნეთ და ამქვეყნიური მიწა-წყალი, ქალაქი თუ სახლკარი არაფერს არ ნიშნავს მისთვის: „მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.“ (მთ. 8,20) იგი არ მოუწოდებს ომისა და ბრძოლისაკენ, რომ აღარფერი ვთქვათ საბრძოლო ტაქტიკაში ჩარევაზე. იგი ეუბნება მისი სიცოცხლის დასაცავად ხმალამოღებულ პეტრეს: “ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.“ (მთ. 26,52) მეძავი ქალის ჩასაქოლად შეკრებილ ებრაელებს იგი ამხელს სიტყვებით: „ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა.“ (ინ. 8,7) ამით სიკვდილისაგან იხსნის ცოდვილს, რადგან ღმერთს ჰნებავს „წყალობა და არა მსხვერპლი“.

რატომ არის ღმერთი ასე განსხვავებული ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ? ეს კითხვა სტანჯავდა 1 საუკუნის ბოლოს ცნობილ ერეტიკოს მარკიონსაც (85-160 წწ.). მას არ შეეძლო დაეშვა, რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი შეიძლებოდა ერთი და იგივე ყოფილიყო. საბოლოოდ მარკიონი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ორი განსხვავებული ღმერთი. ბოროტი ღმერთი, რომელიც მხოლოდ სამყაროს შექმნაზე, კანონებზე და სამსჯავროზეა პასუხისმგებელი და კეთილი, სიყვარულის ღმერთი, რომელიც იესო ქრისტემ უქადაგა ადამიანებს. შესაბამისად იგი უარჰყოფდა მთელს ძველ აღთქმას. მარკიონის სწავლება დაგმო ეკლესიამ და იგი ცნობილია, როგორც მარკიონის მწვალებლობა. მაგრამ, კითხვა რჩება კითხვად და ითხოვს პასუხს. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ პრობლემის სწორად გადაწყვეტა ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ქრისტიანული საზოგადოებისათვის. პასუხი ერთადერთია: ღმერთი ყოველთვის ერთი და იგივეა, მხოლოდ კაცობრიობა და თითოეული ადამიანი აღიქვამს მას ისე, როგორი ზნეობის და შეგნებისაც იგი თვითონ არის ისტორიული განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე.

ამას ადასტურებს იესო ქრისტეს პასუხი ებრაელებისადმი, როცა ისინი განტევების წერილით ცოლის სახლიდან გაშვების სასტიკ წესს ამართლებენ იმით, რომ თვით წინასწარმეტყველმა მოსემ მისცა მათ ეს მცნება. მათ იესოს აზრი აინტერესებთ. ხოლო ქრისტე ეუბნება: „თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ მოსემ ეგ მცნება. თავიდან კი არ იყო ასე.“(მთ. 19,8) ნათელია, რომ გულქვა ებრაელები მოსეს დროს მაინც აგდებდნენ სახლიდან ცოლებს, რომლებიც აღარ მოსწონდათ. ამ სისატკის შემხედვარე მოსემ, იმისთვის, რომ როგორმე დაეცვა უქმროდ დარჩენილი, ქალები მისცა მათ მცნება, რომ განტევების წერილით (რაღაც საბუთით) მაინც გაეშვათ ცოლი სახლიდან, რათა ქალი მთლად დაუცველი არ ყოფილიყო.

ძველი აღთქმის ბევრი მცნება არის იმდროინდელი ადამიანის სისატიკიდან გამომდინარე კომპრომისი და არა ღვთის აუცილებელი ნება. ამიტომაც, ძველი აღთქმის ყველა მცნება თანამედროვე ქრისტიანებს სახელმძღვანელოდ ვერ გამოგვადგება.



Комментариев нет:

Отправить комментарий