ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 марта 2014 г.

ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.



წმიდა ბერი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში ნავთლუღის უბანში დაიბადა.

ის ყრმობიდანვე განსხვავებული ბავშვი ყოფილა, არ გავდა სხვა თანატოლებს. მათსავით სულ თამაშსა და გართობაზე არასდროს ეჭირა თვალი.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაბრიელი თავიდანვე განსხვავებულად ფიქრობდა და აზროვნებდა. მისი სული და სხეული მთელი არსებით დაბადებიდან ღმერთს ეკუთვნოდა.

ის ყოველთვის უარს ამბობდა ამქვეყნიურ სიამოვნებასა და ფუფუნებაზე. თუ ვინმე რამე საჩუქარს მიუტანდა, იმასაც სხვებს ურიგებდა. ის მხოლოდ ღვთის ღრმა რწმენითა და დედა ეკლესიით საზრდოობდა.
მამა გაბრიელს სკოლა არ დაუმთავრებია. მხოლოდ ექვსი წელი იარა. თუმცა ზედმიწევნით შეისწავლა ხუცური დამწერლობა და სახარება.

1949 წელს იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი თავის ეზოში ეკლესიის აშენება საკუთარი ხელით დაიწყო.

მან უფლის სადიდებლად ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო.


არქიმანდრიტ გაბრიელს ჩვენი ქვეყნისა და რელიგიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. საბჭოთა ტირანია მძვინვარებდა, ანადგურებდნენ სიწმინდეებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას ცდილობდნენ.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიდიოდნენ, ეკლესიის რაღაც ნაწილს დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო.

მამა გაბრიელი არ ეპუებოდა ღვთისმგმობელთ. ის აგროვებდა კომუნისტების მიერ გადაყრილ ხატებს და სხვადასხვა სიწმინდეებს, სვამდა ჩარჩოში, ასუფთავებდა და თავისი ხელით აგებულ ტაძარში აბრძანებდა.

ღვთის წყალობით, ეს ტაძარი გადაურჩა იმ ავბედით წლებს და კვლავაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე.

საბედნიეროდ, მის თანამედროვეთა წყალობით, რომლებიც მრავლად არიან ჩვენ გარშემო, მამა გაბრიელისგან მრავალი შეგონება,დარიგება და მოგონება შემოგვრჩა.

წმინდა ბერის მთავარი საზრუნავი საქართველო და ქართველი ერი გახლდათ, რისთვისაც გამუდმებით ლოცულობდა. ის ყოველთვის ამბობდა: საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ღვთის ნაკურთხი მეფე უნდა ჰყავდესო.

გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ვერ დაიდგამს ტახტსო.

სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეთ, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ ყველას სიყვარულს, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეთ.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი.

ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავსო.

მამა გაბრიელი ამბობდა: ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად, შენი შვილებისათვის. როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენ ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის?! დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის?! ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შეძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე, აავსოს მისი გული სიკეთით და გონება – სიბრძნით. აი, ასე შეძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისა და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას.

შიშითა და მოწიწებით უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი.

არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულითა და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს.

უამრავი ადამიანი, სასულიერო პირი, უბრალო ადამიანი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ გვიზიარებს მოგონებებს წმიდა ბერის გაბრიელის შესახებ.

- ბერი გაბრიელი უდიდესი ბერია, – ამბობდა სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო).

“გაბრიელ ბერი იყო თავისი ერის ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიისა და უმძიმესი ღვაწლის მქონე დიდი წინასწარმეტყველი, რომლის მეოხებითაც ბრძენ ქართველ ერს ბოლო დროის დიდი სულიერი საიდუმლოება გაეხსნება”,- არქიმანდრიტი ეფრემი (რუსეთი).

“არქიმანდრიტი გაბრიელი ქართველ ბერ-მონოზონთა და ნეტარ სალოსთა დასის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენელია, რომელმაც ქართველ წმინდანთა უწყვეტი ჯაჭვის გაგრძელება ბოლო ჟამის შეუდარებლად მძიმე პირობებშიც ღირსეულად შესძლო”.

ბერი ტიხონი (ბოგოლუბოვი) რუსეთი.

“მამა გაბრიელმა ყველაზე ყველაფერი იცოდა. ადამიანს რენდგენივით აშუქებდა. მან ჩემს შესახებ უფრო მეტი იცოდა, ვიდრე თავად მე. ის ყოველთვის მართალი გახლდათ. სალოსობის დროს ვერ ვაცნობიერებდი, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი, ან სიტყვა. მის ჭეშმარიტ აზრს მხოლოდ შემდგომ ვხვდებოდი. ნამდვილად დიდი ბერი იყო”.

მონოზონი მარიამი

“ბერი გაბრიელი იყო წმიდანი – დიდი სალოსი”.

წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლეონტი (ჟვანია)



წმიდა ბერის სახელს უკავშირდება მრავალი სასწაული. მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული ზეთი დღემდე უამრავი ადამიანისთვის ფიზიკური და სულიერი სნეულებების კურნებისა და ნუგეშის წყაროდ არის ქცეული.

დავით დანელია



http://www.ambioni.ge/rirsi-mama-arqimandriti-gabrieli-armsarebeli-da-salosi#!prettyPhoto

Комментариев нет:

Отправить комментарий