ღმერთი

ღმერთი

среда, 2 апреля 2014 г.

ღვთის ქმნილების შესახებ

ავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი

წმიდა პორფირი კავსოკალიველი 2013 წლის 2 დეკემბერს იქნა კანონიზირებული მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ.

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

(ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო)

ღვთის ქმნილების შესახებ

იხარეთ ყველაფრით, რაც თქვენს გარშემოა! გარემომცველი სამყაროს ყოველი დეტალი, სულიერიც და უსულოც: მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მთები და ზღვები, დაისი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. . . ღვთის სიყვარულის მცირე წვეთებია, რომლებიც გვმოძღვრავენ და დიად სიყვარულამდე – ქრისტემდე მიგვიძღვიან. ყვავილების სილამაზე და კეთილსურნელება როგორც ცოდვილებისთვის, ისე მართალთათვის, ერთნაირად იფრქვევა და ეს ბუნების ენით გამოთქმული დიადი სწავლებაა.

ქრისტიანს ფაქიზი სული უნდა გქონდეს, პოეტი უნდა იყოს. ქრისტეს არ სურს „უხეშ“ სულთა გვერდით ყოფნა. მხოლოდ ის სული შეიძლება იქცეს პოეტად, რომელიც სიყვარულს ისრუტავს, ეხუტება და ღრმად შეიგრძნობს მას.


მოიხელთეთ მშვენიერი წამები! ამ დროს სული კარგად განეწყობა ლოცვისთვის, სინატიფით, კეთილშობილებითა და პოეტურობით ავსებს მას. ადრე გაიღვიძეთ დილით, რომ ნახოთ, როგორ ამოდის წითელ პორფირში გამოწყობილი მზე ზღვიდან. როცა თქვენს სულს აღმაფრენა იპყრობს, ნუ გაჩერდებით, წადით უფრო შორს, უფრო ღრმად, ადიდეთ ეს სილამაზე, იხარეთ, იცხოვრეთ მხოლოდ მშვენიერებით. ყველაფერი წმიდაა და გვამდიდრებს: ზღვაც, ბანაობაც და საკვებიც და ყველაფერს უდიადესი სიყვარულისკენ – ქრისტესკენ მივყავართ.

მიაქციეთ ყურადღება და შეიმეცნეთ ყველაფერი, რაც ადამიანმა შექმნა: დიდი და მცირე შენობები, სახლები, ქალაქები და სოფლები, ხალხი და მათ კულტურა. შეავსეთ თქვენი ცოდნა მათ შესახებ, ნუ დარჩებით გულგრილნი. ეს დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ ღვთის არაჩვეულებრივი თვისებები. მისი ღრმად შეცნობა კი შეგვაყვარებს ყველაფერს ყველაფერში. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ ვიყოთ უფლისადმი მადლიერნი.

იცოცხლეთ ბუნების წიაღში მისი სილამაზით. ბუნება ეს საიდუმლო სახარებაა. ის ჩვენ გვაღვიძებს, მაგრამ მას არ ძალუძს ჩვენი სამოთხეში შეყვანა. რადგან თუ ადამიანში მადლი არ არის, მას ვერც ბუნება უშველის.

ვინც ღვთის სულიწმიდას ატარებს, ყველაფერს გრძნობს, რასაც არ უნდა ჩაუაროს გვერდით, განსხვავებულად და სრულყოფილად ხედავს ფრინველებს, ქვებს, ხარობს პეპლებსა და ფუტკრებს შორის, გამძაფრებული ყნოსვა აქვს, გრძნობს ყველა არომატს, ყველაფერი ესმის . . . ყველა მისი გრძნობა ცოცხალი და ხალასია, ცოცხლობს ყველაფრით და ყველაფერში და უხარია მასთან ერთად არსებობა. მადლი მის ყურადღებას ხვეწავს. ეს სიცოცხლეა სულიწმიდაში.

როგორ აგიხსნათ ეს? ეს თავად განვიცადე, როცა ათონის წმიდა მთაზე ყოფნისას ღვთის მადლი მესტუმრა. მახსოვს, გავიგონე, როგორ დაუღალავად გალობდნენ ბულბულები ხეთა შორის, ისინი ფრთებს უკან წევდნენ, რომ გალობისთვის ძალა მოეკრიბათ. ოჰ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მე მათ ჭიქა წყალს მოვაწოდებდი, რომ წყურვილი დაეოკებინათ. რატომ გალობს ასე თავდაუზოგავად ბულბული? მას თავად ახარებს თავისი გალობა, მთელი არსებით გრძნობს და ამიტომ არ იზოგავს თავს.

ტყის ფრინველებით აღფრთოვანებული ვიყავი. თუ ერთხელ მაინც გულისყურით მოუსმენს ბულბულს, ქვა გულიც მოლბება და აღფრთოვანდება. როგორ არ უნდა იგრძნო ამ დროს, რომ შენ ყველაფერის ნაწილი ხარ! ჩაუღრმავდით ქმნილებათა არსს, რომელიც მათ შემოქმედმა განუსაზღვრა. ეს მიზანშეწონილობა შემოქმედის ჩანაფიქრის სიდიადეზე მეტყველებს. ჩვენ – ადამიანებს – გვაქვს თავისუფლება, განსჯა და ჩვენი არსებობის მიზანშეწონილობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

ერთხელ, ავადმყოფობის შემდეგ მონასტერში ვბრუნდებოდი. ქალბატონი მარია, მწყემსი ქალი, ვირით მოვიდა ჩემს წასაყვანად. გზაში მას ვკითხე:

- ქალბატონო მარია, ალბათ მშვენიერია ახლა ჩვენი ბუნება, მინდვრები სავსეა ყვავილების სურნელით, პეპლებით და ბულბულების ხმა ისმის!

- არაფერი არ არის! – მიპასუხა მან.

- როგორ? მაისის თვეა და არაფერი არ არის?

- არაფერი, – მიპასუხა მან.

მალე გამოჩნდა ყვავილები, მათ ირგვლივ მოფარფატე პეპლები, ვიგრძენით სურნელიც და ამ ყველაფერში ჩავიძირეთ.

- აი, შეხედეთ, ქალბატონო მარია, ახლა რას იტყვით?

- მე არც კი შემიმჩნევია!

შემდეგ გზაზე ნეკერჩხალი გამოჩნდა. ბულბულები ხმამაღალი გალობით ქვეყანას იკლებდნენ.

- ქალბატონო მარია, რატომ მომატყუეთ?

- არ, არ მომიტყუებიხართ! უბრალოდ ეს ყველაფერი არც შემიმჩნევია.

მეც, ადრე, თითქოს შუბლზე კამეჩის ტყავი მქონდა გადაკრული და არაფერი მესმოდა. მერე უფალმა მაჩუქა მადლი და ყველაფერი შეიცვალა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მორჩილების აღსრულება დავიწყე.

მახსოვს ასევე გაქვავებული ხეები კუნძულ მიტილინიზე. ისინი იქ თხუთმეტი მილიონი წლის წინ იზრდებოდნენ. ჩემზე მათ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს! და ესეც ლოცვაა – ხედავდე გაქვავებულ წარსულს და ადიდებდე უფალს! ლოცვა ეს უფლის ყოველ ქმნილებასთან სიყვარულით მიახლოება და ყველასთან, თვით გარეულ ცხოველებთან ჰარმონიაში ცხოვრებაა. …

…..ყველაფერი რაც არის ბუნებაში, ღვთის მადლით, სულიერ ცხოვრებაში დიდ სარგებელს გვაძლევს. მე ყოველთვის ვტირი, როცა ბუნების ჰარმონიას ვგრძნობ. რატომ ვიმძიმებთ ცხოვრებას? გავატაროთ ის ღვთის, ჭეშმარიტების სულში! ადამიანი, რომელშიც ღვთის სულია, ყველაფრისადმი სათუთი დამოკიდებულება და ღვთიური სიბრძნე აქვს, ყველაფერს ღვთის სიყვარულით უყურებს. ღვთის სიბრძნე მას ყველაფერის მფლობელს ხდის და ყველაფრით ხარობს.


http://www.orthodoxtheology.ge/porfiry_kavsokaveli1/

Комментариев нет:

Отправить комментарий