ღმერთი

ღმერთი

среда, 2 апреля 2014 г.

მამა ელიზბარი: მზად ვარ, ქალბატონ მაღრაძეს ნებისმიერ ადგილას შევხვდე და დავაშოშმინო

02 04 2014


რამდენიმე დღის წინ ობამასგან ნატოზე ოცნებაჩაფუშულმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა სატელევიზიო ეთერი უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის დაჩქარებაზე საუბრით დაიპყრეს. ისინი ცდილობდნენ, ხალხისთვის აეხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციას დროულად თუ მოვახერხებთ.


დებატებში ევროპის მოწინააღმდეგეებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც თითქოს უფრო თავდაჯერებულები იყვნენ, ვიდრე პროევროპელები. ასეთ დროს კი საჭირო გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი სიმართლე რაღაცით გაემყარებინათ, გუგული მაღრაძემ შტეფან ფულესთან ილია მეორეს შეხვედრის დეტალები გაიხსენა და თამამად განაცხადა, რომ პატრიარქი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას მიესალმება. მისი უწმინდესობის ეს სიტყვები ყველამ კარგად მოისმინა, მაგრამ ხალხის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ, ხელისუფლებას როცა ხელს აძლევს, მისთვის «პატრიარქიც ადამიანია და ისიც ცდება» და, როცა უნდა, მაშინ მისი სიტყვა კანონია. რამდენად სწორია ხელისუფლების მხრიდან ილია მეორეს ხსენება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რატომ მანიპულირებენ ხალხზე პატრიარქის სახელით? _ ამ თემაზე «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ესაუბრა.


_ მამაო, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ილია მეორეს სახელს, როგორც უნდათ, ისე იყენებენ: თუ რამე არ მოეწონათ, აცხადებენ, რომ «ისიც ადამიანია და ცდება», მაგრამ, თუ რამე ისეთი ბრძანა, რაც მათ წისქვილზე წყალს დაასხამს, ამაზე ზარ-ზეიმით ყველა გამოსვლაში ხმამაღლა აცხადებენ.
_ მკითხველს თავდაპირველად აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ თქვენი გაზეთი ერთ-ერთი მაღალრეიტინგულია; ზოგი თვლის, რომ რეიტინგულია ის პრესა, რომელსაც «ბოტკინი» დაემართება, არადა, რეიტინგი ინტელექტში უნდა იყოს.


რაც შეეხება, შეკითხვას, ხომ არ ჯობია გუგული მაღრაძის გამონათქვამების იგნორირება? რას წარმოადგენს გუგული მაღრაძის სიტყვები, განსაკუთრებით ზნეობის კუთხით?


_ გუგული მაღრაძე ხელისუფლების წარმომადგენელია.
_ აგაშენათ ღმერთმა. მეც მანდ ვარ. სამწუხაროდ, ის და მისთანები, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ხელისუფლებაში არიან. ამდენად, ასეა თუ ისე, ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ამინდს ქმნიან და გავლენაც აქვთ საქართველოს მოსახლეობაშიც და საზღვარგარეთაც და მუშტრის თვალით გვიყურებენ.


ეკლესიის ბრია-ბრუად ხსენება ხეირს არ დაგვაყრის. ჩვენი ხელისუფლება უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების საამებლად ყველაფერს აკეთებს, თანაც, თუ დააკვირდებით, ისინი უცხოელებს თვალებშიც აღარ უყურებენ, ჯიბეს აკვირდებიან, ფაქტობრივად, «კიკუები» გახდნენ.


საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას ფული იმისთვის არ უნდა, რომ ქვეყანას მოახმაროს. არა, მათ ფული საკუთარი კეთილდღეობისთვის სჭირდებათ. ამ ხნის მანძილზე ეკლესიისა და მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად არც ერთი კაპიკი არ არის გათვლილი და არც ყოფილა.


დღეს ქვეყანაში სულისშემძვრელი და ამაზრზენი სიტუაციაა. სააკაშვილი მძაგს, როგორც სისტემა, მაგრამ სააკაშვილის გინებას უცხოელს არ ვაპატიებ, იმიტომ, რომ ჩემი ნაგავი მე თავად უნდა შევინახო. იმავეს ვიტყვი გუგული მაღრაძის გამოხდომაზეც. მზად ვარ ქალბატონ მაღრაძეს ნებისმიერ ადგილას შევხვდე და დავაშოშმინო. დავიღალეთ, ბატონო, იმის ძახილით, რომ ქალია და უნდა დავუთმოთ, ქვეყნის დაქცევას ჩემს საკუთარ შვილსაც ვერ ვაპატიებ.


ეკლესიაც ბევრს სცოდავს, უსაზიზღრესი სიტუაციაა, ამას სულ ვამბობ, თქვენი გაზეთი პირველი იყო, რომელმაც ამის დაწერა გაბედა. ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ შენობა, სადაც რიტუალებს ვასრულებთ. მისი უწმინდესობა დაბერდა და ეკლესიაც მისი ამ მდგომარეობით ძალიან სარგებლობს, ჩვენ ხომ უზრდელები ვართ და მოხუცის პატივისცემა არ ვიცით. გიორგი მერჩულე ამბობს: «მხცოვანებაი არს სიმხნეი სიბრძნისა», ეს ანდერძია.


_ მამაო, გუგული მაღრაძეს დებატებში რომ იბარებთ, შედავებას ვერ შეძლებთ, რადგან პატრიარქმა მართლა უთხრა ფულეს, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართული ეკლესია საქართველოს ხელს არ შეუშლისო._ ამ სიტყვებით ილია მეორემ ის თქვა, რომ ქვეყნის წინსვლასა და აღმავლობას ეკლესია ხელს არ შეუშლის. ეს ნიშნავს ჯანსაღ წინსვლას და არა ჭაობში ჩაყოლას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება გვთავაზობს სექსუალურად გაუკუღმართებული ადამიანების აღლუმების ჩატარებით, მათ პრივილეგირებულ ფენად წარმოჩინებით. ასეთ ქმედებას ეკლესია ყოველთვის შეეწინააღმდეგება, სხვა შემთხვევაში, ის ჩაიძირება. პატრიარქი მართალი იყო, როდესაც შტეფან ფულეს თუ საფულეს ეს სიტყვები უთხრა, ის ქვეყნის აღმავლობას გულისხმობდა.


ვცოდავთ იმაში, რომ ხელს არ ვუშლით ხელისუფლების პარპაშს, რითაც ხელს ვუწყობთ უზნეობას, რასაც ზურგს უკან ქილიკი ჰქვია. მათ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ილია მეორეს საუბარს კონტექსტიდან ამოგლეჯილად სთავაზობენ, ასეთი ქმედებით ხალხი ჯოჯხეთისკენ მიჰყავთ.


ჩვენი ხელისუფლებისთვის ილია მეორეს ავტორიტეტიც და ნებისმიერი მოკვდავისაც ერთ დონეზე დგას. ისინი საკუთარი ჯიბის გასასქელებლად ყველაფერზე წავლენ.


იქნებ ეკლესიაც დაფიქრდეს იმაზე, რომ ეკლესიასა და იერარქიულად მაღალ თანამდებობაზე მყოფ სასულიერო პირებს ხელისუფლება ასე მოიხსენიებს, რა საფუძველი უდევს ასეთ საუბარს, იქნებ შიგნით არის ამის მიზეზი?


_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეკლესიაში ხელისუფლებას თანამოაზრეები ჰყავს და ისინი ხელს უწყობენ?
_ რა თქმა უნდა, ჰყავს. ეკლესიაში სულ ხუთი ადამიანი მეგულება, რომელთა ლოცვაზეც, მამულისა და უფლის სიყვარულზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ეკლესიაში არსებული ვითარებით ხელისუფლება ძალიან ხეირობს და ყველა ფრაზას, სასულიერო პირთა მიერ წარმოთქმულს, თავის სასარგებლოდ იყენებს. ამის პატიება არ შეიძლება.


აუცილებლად უნდა ვილაპარაკო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის _ რუსუდან გოცირიძის დაჯილდოებაზე. ეს ფაქტი საშიშიც არის და ირონიის საფუძველსაც იძლევა. ობამას ჰგონია, რომ ჩვენი სულის წარმწყმედის სიგელით დაჯილდოება აღიარებაა?


ქართულ ჯარში მუსლიმანი მინახავს, მაგრამ არ მინახავს ევანგელისტ-ბაპტისტი, იეღოველი, რადგან მათ სარწმუნოება ამას უკრძალავს. სწორედ ეს ფაქტი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკლესიად არ ვაღიარო. სად წავა ქვეყანა, მეოთხედამდე მაინც რომ გაიზარდოს იმათი რაოდენობა, ვინც იეღოველივით იაზროვნებს? ჩვენ ჩვენი მიწის დაცვით განთქმული ქვეყანა ვართ და ეს უფალმა გვასწავლა, დაგვავალა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა.


მიკვირს, რომ ჩემი ქვეყნის მოსახლეობა ივანიშვილს დღეს საყვედურობს, «პარაშის» საჭმელად ოქროს კოვზს რომ შეგპირდა, რატომ არ გვაძლევსო, თორემ იმას არავინ ედავება «პარაშას» რატომ გვაჭმევო. წინა ხელისუფლება ხის კოვზით გვაჭმევდა, შენგან კი ოქროსას ველოდითო... პირის გემო ვერ გამოვიკეთეთ, ვერ გავიგეთ, რა არის უკეთესი; ვერ მივხვდით, რომ უფალთან არის უკეთესი და არა ობამას ჯილდო.


ქალს უფალმა საუკეთესო ადგილი განუსაზღვრა. ჩვენთანაც მისდევენ ქალები სასულიერო გზას, მაგრამ ისინი მონაზვნებად რჩებიან, მათ სხვისი სულების გადარჩენა არ ევალებათ. როცა ქალი დედა უნდა გახდეს, ეს ყველაზე დიდი მადლია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა ვაშლი ჩაკბიჩა ევამ? იქნებ ეს ის შხამი იყო, რომელიც მიშელ ობამას ჯილდოთი განმტკიცდა? ამაზე დავფიქრდეთ. ვაშლი პირდაპირი გაგებით რომ ყოფილიყო ნახსენები, მაშინ ის სამარხო პროდუქტი არ იქნებოდა.


ისევ ჩვენს პრობლემას დავუბრუნდეთ. ხელისუფლება როცა ამდენს ცოდავს, ქვეყანაში ერთი ტელევიზია მაინც უნდა არსებობდეს, რომელიც სულიერებაზე ისაუბრებდა. ასეთი ტელევიზია კი არ არსებობს. «ერთსულოვნება» ყველაფერზე საუბრობს, გარდა იმისა, თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას.


როცა საშუალება მეძლევა, სულ მინდა, რომ რჩევა მივცე ხალხსაც და ხელისუფლებასაც, მაგრამ რჩევას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ითვალისწინებენ. ვიღაცას კი არა, საკუთარ თავსაც არ ეკითხებიან, ამას რომ ვამბობ, რა მოჰყვებაო; წამოაყრანტალებენ რაღაცას, ისე, როგორც გუგული მაღრაძემ გააკეთა, თითო-ოროლა ადამიანის ტვინი წაბილწა, პატრიარქიც გარია და მორჩა. საპატრიარქოსაც ევალება საკუთარ სიტყვებს კონტროლი გაუწიოს, რადგან უღვთო ხელმძღვანელობა, რომელიც მამა გაბრიელის საფლავზე საშვებით დადის, ამას სათავისოდ ძალიან კარგად იყენებს. დარწმუნებული ვარ, საშვებით მისულ ადამიანთაგან ბევრი ეკლესიასაც დასცინოდა და იმ წმინდანსაც, რომლის გამოც იქ მივიდნენ. ვიცი, ბევრს უთქვმს მამა გაბრიელზე ერთი ლოთბაზარა კაცი იყოო. რადგან ამ თემას შევეხე, მინდა გითხრათ, რომ ეკლესიაში დღეს ერთ-ერთ მაღალ იერარქიაზე მყოფმა მღვდელმა სიონის ტაძარში ხმამაღლა მლოცველ მამა გაბრიელს ქეჩოში ჩაავლო ხელი და მუხლებზე დაჩოქილი ეკლესიიდან გამოათრია, პატრიარქს ლოცვაში ხელს უშლიო, ამით პატრიარქს «აამა». დარწმუნებული ვარ, დღეს ამ ადამიანმა მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვას ხელიც მოაწერა.


ხელისუფლებას ვთხოვ, ნუ იზამენ უფლის საწინააღმდეგო საქმეს. ხალხს ნუ გააბრაზებენ, ნუ გაიხდიან საქმეს ისე, რომ საკუთარი ხელით ჩამოყვანილ თეთრ ზვიგენთან წყალში ჩახტომა მოუწიოთ ხალხის რისხვისგან გასაქცევად. ნუ იფიქრებენ, რომ ხალხი გასულელდა, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება. ეს ხელისუფალთ ეხება, მაგრამ ხალხსაც მინდა ვუთხრა: დავფიქრდეთ, ვინ ავირჩიეთ და რა შეგვრჩა ხელში.


ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

geworld.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий