ღმერთი

ღმერთი

вторник, 3 июня 2014 г.

სად არის სატანისტური სიმბოლოები თბილისში?

  
"ალიას" გლდანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი მკალავიშვილი ესაუბრა:

- მამა ბასილ, სულიერი პრობლემები რომ გვაქვს, ამაზე ადრეც ისაუბრეთ, მაგრამ სატანური სიმბოლოები ყოფილა მრავლად თბილისში და ესაც ხომ არ ახდენს რაიმე გავლენას ადამიანების განწყობაზე?

- მე, როგორც სასულიერო პირს, გული მტკივა და შეძრწუნებული ვარ იმ ყოფიერებითა და განუკითხაობით, რომლის ეპიცენტრშიც ვიმყოფებით ამჟამად. უფლის მეორედ მოსვლის გარიჟრაჟზე, ნაცვლად იმისა, რომ განწმენდილნი ვეგებებოდეთ, პირიქით, სოდომ-გომორის მორევისკენ მივექანებით, ყოველდღიურად უფრო ვშორდებით ღმერთს. ჩემო კარგო, ეს გადმონაშთია მსოფლიო მასონიზმისა, ის ბნელ ძალთა ოქმების ნაწილია, რომელსაც გარკვეულწილად ხორცი შეასხა კომუნისტურმა რეჟიმმა, ეს მათი დანერგილი მავნე ტრადიციაა, რომელსაც დღესაც აგრძელებენ ვაიქართველები.
მართლაც, შემაძრწუნებელია, რასაც ვხვდებით თბილისის ქუჩებში. იგონებენ სხვადასხვა სატანურ გამოსახულებებს, მისი შემხედვარე ადამიანი საგონებელში ვარდები, ვერ გაგირკვევია, რა აქვს ჩადებული შემქმნელ ავტორს, თუნდ ის, რაც თავად ნახეთ, წრეში ჩასმული ადამიანი ღამურას ფრთებით, მე ვერ გეტყვით, რომელი ფანტაზიით შექმნა "ავტორმა", მაგრამ ფაქტია, რომ ის მკრეხელური და სატანურია (ეს ბარელიეფი დიღმისკენ მიმავალ გზაზე, მარცხენა მხარეს, ყოფილი ტექნიკუმის შენობაზეა და ადვილად შეამჩნევთ. მის შესახებ რამდენიმე წლის წინათ "კვირის ქრონიკასთან" ერთ-ერთმა მეცნიერმა ისაუბრა. - რედ.). ყველამ უწყით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოსასვლელ ხიდთან იყო ზევსის ქანდაკება, საბედნიეროდ, აუღიათ. მცხეთის შესასვლელში, არმისული სვეტიცხოველთან ასევე ზევსის ქანდაკება, პარლამენტის შენობის ბარელიეფზე გამოსახული და სხვა მრავალ ადგილებში.

ყოველივე ეს არამართლმადიდებლური და მიუღებელია. ძველი თაობა არ მივიღებთ მსგავსს, მაგრამ ახალგაზრდობის უმრავლესობა, შეიძლება ცოტა უხეშად გამომივიდეს, უწიგნურია, იქედან გამომდინარე, რომ 24 საათი კომპიუტერებს მისჩერებიან, სადაც ყოველგვარ უმსგავსოებას ხედავენ. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდნენ წმიდა მამები, ტელევიზორს ეშმაკის ყუთს უწოდებდნენ, ასეთ რაღაცებს აჩვევენ ახალგაზრდობას ყველანაირ არატრადიცულს, აზომბირებენ მათ გონებას, რათა მათი ყურადღება გადართონ გლობალიზაციისკენ, აქეთ დაგვიწყონ რწმუნება, ის ძველი დრო იყო და ახლა ცივილიზაციის პროცესში ვიმყოფებითო.

არის მაღაზიები, სხვადასხვა სასადილოები და სავაჭრო ცენტრები, რომელთაც აწერიათ "სამება" და სხვადასხვა წმინდანთა სახელები, რაც ყოვლად დაუშვებელია. მე, სანამ დამაპატიმრებდნენ, ბევრს მოვახსნევინე ასეთი დასახელება, მაგრამ ახლა სრული განუკითხაობაა, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. თავისუფლების მოედანზე აღმართეს უდიდესი მოწამის წმინდა გიორგის ქანდაკება, რაც, სჯულის კანონის თანახმად, აკრძალულია. ჩვენ გვაქვს წმინდანთა ხატები და მათ უნდა ვცეთ თაყვანი და ვევედროთ.


- ხელისუფლება რას აკეთებს?


- ფაქტობრივი ხელისუფლება არაფერზე ზრუნავს, ისინი ევროინტეგრაციის ფერხულში არიან ჩაბმულნი, მხოლოდ გრანტების მოზიდვაზე ფიქრობენ, არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ პირადი უზრუნველყოფისთვის.


მთელი მსოფლიოს სიბილწე თავს მოგვახვიეს, გასული საუკუნის განმავლობაში, ვაი-ვაგლახით, ტანჯვა-წამებით მოვაბიჯებდით, მაგრამ ასეთი მტრობა, რაც დღეს ჩაიდინეს ხელისუფლების მესვეურებმა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ისევ ურცხვად აცხადებენ, საშიში არაფერიაო, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ პირდაპირ გვთხოვენ: ევროკავშირში მიგვიღებენ იმ პირობით, თუ მამათმავლები გავხდებითო. ქართველი კაცი ოდითგანვე შეუბრალებელი იყო უზნეობის მიმართ. მაპატიეთ, თუ ვინმე დედას შეაგინებდა, ამას როგორ აპატიებდა. ის, რასაც ესენი გვიმზადებენ, ქართველთა სულის წაბილწვაა. ვისაც ისევ ქართული სისხლი უდუღს ძარღვებში, არ დავიწყებია წინაპართა ღირსება, ის მიიღებს უსუფაშვილების, ხიდაშელების, ბოკერიების, ბერძენიშვილებისა და იმ 104 პარლამენტარის შემოთავაზებას?


იუსტიციის მინისტრი ქალბატონი წულუკიანი, სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატისთვის პრემიებს იღებს 50 000 ლარამდე, ასევე "პატრიოტი" პარლამენტარებიც. ამ დროს მეორე მხარეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ესენი ხელისუფლებაში მოიყვანა, ზოგი უმუშევარია და ბუნკერებში იქექება, პენსიონერები კი საცოდავ 150 ლარს შესცქერიან მთელი თვის განმავლობაში, მათ კი ათასები არ ჰყოფნით. მათ დაცინვას საზღვარი არ უნდა ჰქონდეს? როდემდე?


- მამაო, ახლა ლუსტრაციის კანონზე დაიწყეს საუბარი. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ამ თემის წამოწევა რაში დასჭირდა?


- დღევანდელმა მთავრობამ ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რომ სააკაშვილსაც კი გადააჭარბა. ის ტენდენცია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელ თანამდებობის პირებს დღეს საპასუხისმგებლო ადგილებზე არ იღებენ, არ არის გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი (არ იფიქრო, მათ ვამართლებდე, კარგი მხარეც უნდა დაინახო), კომუნისტები მართლაც ებრძოდნენ სარწმუნოებას, მაგრამ ის, ვისაც სწამდა და ლოცულობდა, მათი ბატონობის დროსაც ახერხებდა ღვთისმსახურებას. სიმართლე ვთქვათ, ისინი უზნეო ხალხს დაუნდობლად ებრძოდნენ, მაგათ დროსაც იყვნენ განსხვავებული პიროვნებები, მაგრამ კარსმიღმა, დაფარულად და არა პროპაგანდისტებად. კომუნისტური მენტალიტეტი ყოვლად მიუღებელია ამერიკისთვის. ჩვენს თაობას ახსოვს, კომუნისტები როგორ მკაცრად და ხარისხიანად ასრულებდნენ ყოველივეს. მერწმუნეთ, კომუნისტებზე უარესი დღე დაადგებათ ამათ, ვინაიდან ესენი უფრო აგრესიული მტრები აღმოჩნდნენ მართლმადიდებლობისა, ვიდრე ისინი, რამეთუ ისეთ ამაზრზენ კანონებს იღებენ, რომელიც აცამტვერებს ყოველივე ეროვნულს, სარწმუნოებრივს.


- ამ დღეებში სპორტის სასახლეში "ორმოცდაათიანელები" ატარებენ ღონისძიებას და როგორც გვითხრეს, ძალიან მალე სხვადასხვა სექტები აპირებენ გააქტიურებას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?


- მოგახსენებთ, მსოფლიოში რაც სექტები არსებობს, ყველა საქართველოშია დაბუდებული. იეღოველთა სექტა, რომელიც აგენტურული საქმიანობისთვის იქნა შემოგზავნილი, სწორედ მათ განუმზადეს გზა სულის წარმწყმედელ სხვა სექტებს. მე მაშინვე ავტეხე განგაში, მაგრამ სავალალოდ, არავინ მისმინა, პირიქით, საპატრიარქოს მშვენივრად ეძინა და თვლემდა, დღესაც თვლემს, იმიტომაც ვართ ამ დღეში. რომელი ერთი სექტა ჩამოგითვალოთ, თითქმის ყველა ერთსულოვნად დაუძინებელი მტერია მართლმადიდებლობის, მე ზოგადად რამდენიმეს შევეხები:

"ორმოცდაათიანელები", რომელიც თქვენ ახსენეთ, მათ ღმერთი სულიწმინდამდე დაჰყავთ, მათი მოძღვრებით სულიწმინდა ჩასახლდება ნებისმიერ ადამიანში, 50-იანელების მთავარი დღესასწაულია "გლოსოლალია", ანუ მას სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი ჰქვია. ვითომ მოციქულები არიან და თავისებურად ქადაგებენ.

ე.წ "ხსნის არმია". მათ სწავლებას არანაირი საერთო არა აქვს ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრებასთან. ჯვრით იტყუებენ ხალხს და იბირებენ სხვადასხვა დაპირებებით, არ ცნობენ სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოებებს, სამღვდელო იერარქიას, ღვთისმსახურებას უარყოფენ, ხატებს თაყვანს არ სცემენ, მათთვის არ არსებობს სამოციქულო მემკვიდრეობა.

მუნისტები. მისი დამფუძნებელია ვინმე სონმოუინე მუნი, მუნსა და მის მეუღლეს "მამასა და დედას ეძახიან". ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველებმა ფული უნდა გადაიხადონ მუნის ეკლესიაში. მუნი ქრისტიანობის წინააღმდეგია, ის ამბობდა, რომ მისი წარმომადგენლები ქრისტიანებსაც გასრესდნენ, შემდეგ უფალს დედამიწაზე გამოიხმობდნენ და მათი იქნებოდა მთელი მსოფლიო. ამ სექტამ საქართველოში სცადა სკოლებში შეღწევა და მათი სწავლების დამკვიდრება, მაგრამ ღვთის წყალობით ვერ მოახერხეს.


- "ემოები" მომრავლდნენო, არაერთხელ მსმენია, ეს რა არის?


- "ემოები", ეს მეტად აგრესიული სექტაა, იქ ძირითადად ახალგაზრდები არიან გაერთიანებული და იყოფიან მეტად და ნაკლებად აგრესიულებად. მეტად აგრესიულები ძირითადად სასაფლაოებზე ღამით დადიან. აჰყავთ კატები და ატყავებენ. ეს არის ეგზალტირებული მასის ერთობა, რომლებიც სრულიად თავისუფლები არიან თავიანთ ქმედებებში, რაც მოესურვებათ, იმას აკეთებენ. სხვა სექტების ჩამოთვლას თუ გავაგრძელებთ, ძალიან შორს წაგვიყვანს, მთავარია, ასეთი მტრების გარემოცვაში გვიხდება ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა.

ჩვენი ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაშია, აქ დასამალი არაფერია, ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეყუდვნის, არაფერი გაგვაჩნია, ერი გადაგვარებას, ასიმილაციას განიცდის. მაშინ არ მისმენდით, ახლა მოგიწოდებთ, თუ ასე გაგრძელდა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდებით, უკვე სოდომ-გომორის ცოდვაში ვიმყოფებით, ეკლესიას აქამდე ვერ გაურკვევია თავისი ფუნქციები, ნუ ვიქნებით, ცალკეულ პიროვნებათა განმადიდებლები, თაყვანი ვცეთ მხოლოდ ღმერთს, სამშობლოს, მართლმადიდებლობას, ზვარაკად შეწირულთა ხსოვნა-მოგონებას, მათ ღვაწლს, რომელთა ლოცვით ვარსებობთ დღემდე, მხოლოდ ისინი გვაძლიერებენ სამშობლოს სიყვარულში, ისინი არიან მეოხნი უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე, რათა მოგვცენ მადლი, ძალა, გავუმკლავდეთ დღევანდელ აუტანელ ყოფიერებას, მოგვმადლონ გამძლეობა, დავიცვათ მართლმადიდებლობა, ამოსავალი ყოველგვარი განსაცდელისგან, გადარჩენა მხოლოდ ღმერთშია და სარწმუნოებაში. ღმერთმა დაგლოცოთ!


გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე


alia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий