ღმერთი

ღმერთი

пятница, 13 июня 2014 г.

"პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს!"

ღია წერილი "ევროკავშირის" მრჩეველს ბატონ თომას ჰამერბერგს!


გასულ ორშაბათს (14 ოქტომბერს) "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ქართველი ინტელიგენციის ღია წერილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის თომას ჰამერბერგისადმი. წერილს, რომლის სათაურია "პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს", ხელს აწერენ ქართული ინტელიგენციის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, რეზო ესაძე, გიორგი ხაინდრავა, ანზორ თოდაძე, გიორგი გოგოლაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, ნონა გაფრინდაშვილი, მარინა კაჭარავა, ლელა მუჯირი, ლევან ვასაძე და ზაზა ნიშნიანიძე, მათ გარდა წერილს ხელს აწერენ პედაგოგები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოსამსახურეები, სკულპტორები, სტუდენტები, მრავალშვილიანი დედები... ხელმომწერთა შორის არიან სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების: ქართველები, რუსები, აზერბაიჯანელები და სომხები. მართლმადიდებლები, მუსლიმები და გრიგორიანელები. წერილმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა ქართულ მასმედიაში და ერთგვარად შეაშფოთა საქართველოში ანტიტრადიციული ღირებულებების პროპაგანდისტები.

საიტი "აპოკალიფსისი", რომელსაც ინტერნეტში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით თავისი წვლილი შეაქვს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ე. წ. ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ და ცდილობს ერში გაავრცელოს ქრისტეანული ღირებულებები, დაიცვას მართლმადიდებლური სარწმუნოება და ღირსება, თავის ხმას უერთებს ქართველი ხალხის ამ შეშფოთებას, ჯანსაღ პოზიციას და საკუთარ რესურსზე აქვეყნებს ამ მიმართვას. ჩვენი რესურსი არ ეკუთვნის ოფიციალურ საპატრიარქოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წერილში გამოთქმული პროტესტი, ზოგიერთი სასულიერო პირის მოქმედების გამო ატეხილი ანტიმართლმადიდებლური ისტერიის გამო, სამართლიანია და ობიექტური. ისტერია კი ისეთი იყო ატეხილი, რომ ზოგიერთი ვაი-ქართველი აცხადებდა, რომ თავს "ბედნიერად" თვლის ჯერაც რომ მონათლული არ არის, ან კიდევ მართლმადიდებლობას ადარებდნენ ტერორიზმს, ისლამურ ჯიჰადს და სხვა მრავალი... ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი საიტის მკითხველთა უმეტესობა გაცნობილია ამ მიმართვას, მაგრამ თუ ვინმეს არ წაუკითხავს იგი ჯეროვანი იქნება ჩვენი საიტის მეშვეობითაც გაეცნოს.

საქართველომ მტკიცედ უნდა იბრძოლოს მართლმადიდებლური ღირებულებებისთვის! ქართველ ერს მტკიცედ უნდა ახსოვდეს წმ. მოციქულ პეტრეს სიტყვები: "რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას; თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), - მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად" (2 პეტრე 2:5-9). და ვინღა არიან ეს უკეთურნიო, თუ ვიკითხავთ, მოციქულთანვე ვიპოვით ამის პასუხს: "ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი" (2 პეტრე 2:10).



ღია წერილი „ევროკავშირის“ მრჩეველს ბატონ თომას ჰამერბერგს!

ბატონო თომას

გავეცანით თქვენს დასკვნას საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ და გვსურს, გიპასუხოთ დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია სექსუალური გარყვნილების პროპაგანდის უფლებაზე და რატომღაც იმავე კონტექსტში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე.

უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან. ეს უახლესი იდეოლოგიური ფანდი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გახლავთ, რამდენადაც უნდა ეცადონ მის დამკვიდრებას დასავლეთში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სექსუალური პერვერსიის მატარებელი ადამიანების გაიგივება ნებისმიერი ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც მიზანმიმართულად მოხდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ამ ბოლო წლებში, ხელოვნური, განზრახ თავს მოხვეული იდეოლოგიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ადამიანური საზოგადოების ცხოვრების საუკუნოვან წესთან.

თქვენ ამბობთ, რომ „ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა უფლებების რეალიზებაა და არა ე. წ. პროპაგანდა.“ ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. ყველანაირი საჯარო ღონისძიება იმის პროპაგანდაა, რასაც იგი ქადაგებს და ამის უარყოფა ალოგიკურია. გვინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ანალოგიური აქციის მცდელობა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის წინ გაიმართა, სადაც ვითომ უწყინარი უფლებების რეალიზება გადაიქცა ბავშვების თვალწინ გარყვნილების პროპაგანდად. თქვენ უფლებებს იცავთ და სწორედ ეს არის იმ მშობლებისა და ბავშვების უფლებების შელახვა, რომელთათვისაც მიუღებელია უზნეობის უსირცხვილო ექსჰიბიციონიზმი.
საქართველოში გარყვნილების მიმდევრებს, რომელთაც იციან, რომ ცოდვას სჩადიან, არავინ ერჩის, რადგან ჩვენი ტრადიციისამებრ ყველა ადამიანმა საკუთარ სინდისსა და წესიერებაზე უნდა იზრუნოს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკუნოვანი წესები იძლევა გარყვნილებისა და უწესობის საჯაროდ პროპაგანდისა და ზეიმის უფლებას.

თქვენმა დამსაქმებელმა თქვენ სამუშაოდ ტრადიციულ საზოგადოებაში მოგავლინათ. დიპლომატიის ნორმები თქვენგან მოითხოვს პატივისცემას იმ ქვეყნის ტრადიციებისა, სადაც იმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თბილისში ქრისტიანული ზნეობის დაცვას 100 000-მა ადამიანმა რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით თავი შესწირა. თბილისელები ამ ადამიანებს წმინდანებად მიიჩნევენ. თქვენ კი გამოდიხართ და ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის მცხოვრებთ ჭკუას გვასწავლით, თუ რა არის წესიერება და კიდევ ამბობთ, რომ, თურმე ჩვენც უფლება უნდა მოგვეცეს ჩვენი აზრის გამოხატვისა! მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ თქვენ გეძლევათ ჩვენგან უფლება ჩვენს ქვეყანაში თქვენი აზრის თავისუფლად გამოხატვისა, ჩვენ კი უფლებას ვიტოვებთ, გაგცეთ პასუხი თქვენს აზრზე.

გარყვნილების პროპაგანდის მიუღებლობისას მხოლოდ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე როდია საუბარი. ყველა ტრადიციული რელიგია და საზოგადოება მიიჩნევს, რომ მამათმავლობა და მისი მსგავსი გარყვნილების ფორმები, დიდი ცოდვაა და მისი საჯარო დემონსტრაცია-პროპაგანდა არ შეიძლება. ნუთუ იმიტომ, რომ ჩვენი ერი არასოდეს იკადრებს თქვენი ქვეყნების საელჩოებთან დროშების დაწვასა და სხვა სიგიჟეებს, თქვენ მიგაჩნიათ მართებულად ჩვენს საზოგადოებას მოუწოდოთ საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების წესის ძირეული გადაკეთებისაკენ?
ამა წლის 17 მაისის აქცია გახლდათ პროვოკაცია მიმართული საზოგადოების დესტაბილიზაციისა და დაპირისპირებისაკენ. შეგახსენებთ, რომ იმავე ადგილზე, რუსთაველის პროსპექტზე, სააკაშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცა 2011 წლის 26 მაისს. დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები მკვლელებმა იქვე მდებარე მაღაზიის თავზე დამალეს და დილას იქ სამხედრო აღლუმი ჩაატარეს. ევროკავშირის ქვეყნების ის წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ იმ გვამებიდან ასიოდე მეტრში და ერთი პროტესტი არ გამოუხატავთ წინა ღამით ადამიანის სიცოცხლის უფლების შელახვასა და ასობით ადამიანის უსასტიკესად დასახიჩრებაზე, წელს ელვისებური სისწრაფით გამოესარჩლნენ გარყვნილების პროპაგანდისტებს, რომელთაგანაც, მადლობა ღმერთს, ერთი მსხვერპლიც კი არ ყოფილა. რა დასკვნები უნდა გააკეთოს ამის შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ დასავლეთის პრიორიტეტებზე ადამიანების უფლებებთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში?

თქვენ ამბობთ, რომ „საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა გამოხატოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობისა.“გვიკვირს, რომ გვაიძულებთ, შეგახსენოთ, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ იმ დღესვე განაცხადა, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას. ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ჩვენი ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა ჩვენში გაოგნებას იწვევს. საერთოდ ყოველგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ზეწოლისა, ჩვენთვის, როგორც არასაეკლესიო, საერო პირთათვის მიუღებელია. დასავლეთიდანვე მოსულმა მარქსიზმმა ეს უკვე სცადა გასულ საუკუნეში. რა პასუხი გასცა მას ჩვენმა ერმა, ნათელი უნდა იყოს ყველასათვის, ვინც მომავალში ამას შეეცდება. მარქსიზმიც გვაძალებდა ჩვენ რაღაც საერთაშორისო დღესასწაულების ზეიმს, რომლებსაც ჩვენი ერი აღარ ზეიმობს ახლა.

ჩვენთვის გარყვნილების პროპაგანდა მიუღებელია ასევე დემოგრაფიის კუთხითაც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქართული ენა და ქართველი ერი მომაკვდავ ენათა და ერთა სიაში შეიყვანა. გაეროს ოფიციალური პროგნოზით, თუ რამეს არ შევცვლით, 2050 წლისთვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება, რაც მოსახლეობის 28%-ს შეადგენს. გაეროსვე მონაცემებით, ეს მოხდება სწორედ ქართული ეთნოსის ხარჯზე, რაც ქართველთა რაოდენობის განახევრებას ნიშნავს. 1910 წლის მონაცემებით, კავკასიის ყოველი მე-3 მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იყო. 2010 წლის მონაცემებით კი, კავკასიის მცხოვრებთა მხოლოდ ყოველი მე-19 მოქალაქე არის საქართველოდან. ამრიგად, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამ პირობებში ჩვენი ერისათვის სრულიად დამღუპველია ანტიოჯახური უზნეობის პროპაგანდა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერილი იდეოლოგიით წლიდან წლამდე ახალ-ახალი აბრევიატურები ემატება. რომელ ერთს ვდიოთ, ბატონო თომას, რას გვეტყვით, თუ მომავალ წლებში გარყვნილების მხარდაჭერილი ინტერნაციონალის ოთხ ასოს კიდევ სხვა აბრევიატურებსაც შემატებს დასავლეთი? განა არ მიდის თქვენთან ზრდასრული ადამიანების ბავშვებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციისათვის პოლიტიკური ბრძოლა ადამიანის უფლებების დროშით?

განა არ მკვიდრდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ოჯახის წევრებს შორის ინცესტის ლეგალიზაცია? განა დასავლეთში დაუსჯელად არ ვრცელდება ადამიანების ცხოველთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალები? არსებობს კი ქვეყანა, სადაც სექსუალური გარყვნილების პროპაგანდით დაიწყეს და შემდგომში არ მოითხოვეს ერთსქესიანი „ქორწინებები და ბავშვების ამგვარ „ოჯახებში გაშვილება? განა ნაწილობრივ ტრადიციული ოჯახის დასუსტების სტრატეგიულ ვექტორს არ ემსახურება დასავლეთის ქვეყნებში ე. წ. იუვენალური იუსტიციაც, რომელიც იურისტებს, ბავშვების დაცვის დროშით, აძლევს უფლებას, შეიჭრან ოჯახებში და შვილები წაართვან მშობლებს? განა ამ სახიფათო პროცესის საწყის მცდელობას არ ვხედავთ ჩვენ ახლა ქართულ პარლამენტშიც, დასავლეთის შემოთავაზებით და ზოგიერთი ჩვენი გაუთვითცნობიერებელი თუ მორჩილი პარლამენტარისა და ჟურნალისტის ხელშეწყობით? რის ზეიმს შემოგვთავაზებთ კიდევ ადამიანის უფლების დაცვის დროშით, სანამ მილიონობით ბავშვი დედის მუცელში იკვლება დანით, ბატონო თომას? ჩვენი საზოგადოება ადამიანის უფლებებზე კი არა, ადამიანის პასუხისმგებლობებზე გახლავთ აგებული. ასე იყო დასავლეთი ევროპაც და რაოდენ დასანანია, რომ ეს ახლა იცვლება თქვენთან.

საქართველო ისტორიულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და ტოლერანტული ქვეყანაა და ჩვენი საზოგადოება ხარობს და ამაყობს ამით. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეებია რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში დგას ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. საქართველოში ყოველთვის იცოდნენ განსხვავებული რელიგიის პატივისცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ სტუმრის პატივისცემაზე. მარტო ებრაელების მაგალითი რად ღირს; ეს უძველესი ერი ყველა, მათ შორის ევროპულ, ქვეყანაში განიცდიდა ამა თუ იმ ფორმით დევნასა და გენოციდს, უახლოეს წარსულშიც კი, ერთადერთი ქვეყნის გარდა და ეს ქვეყანა საქართველოა. ჩვენს მიწაზე საუკუნეების მანძილზე მეგობრულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები. გვსურს დაგარწმუნოთ, რომ აღნიშნული პრობლემები არც დღეს დგას ჩვენს ქვეყანაში და ეს თემა ხელოვნურად წამოწეულია იმ ძალების მიერ, რომლებსაც ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი აშფოთებს და რომლებსაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ძალიან ვწუხვართ, რომ ამგვარ აქტივობაში შემჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ დასავლეთიდან ფინანსდებიან გრანტებით.

"რწმენა სინდისისა და სასოების საქმეა და ამ საქმეში ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი", - ეს სიტყვები ჩვენს დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და ქართველი ადამიანი მუდამ ამ სიტყვების შესატყვისად იქცეოდა. დასავლეთ ევროპაში ე. წ. საგანმანათლებლო ეპოქისა და რეფორმაციულ პროცესებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენთან კი რწმენა და ცოდნა მუდამ უსისხლოდ და თავისუფლად თანაარსებობდნენ, სანამ ისევ გარედან შემოსულმა მარქსიზმმა სისხლის გუბეები არ დააყენა ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლის სახელით. თავისუფლება არ უნდა აგვერიოს გარყვნილების პროპაგანდასა და მის დაძალებაში, ტრადიციული საზოგადოების შეურაცხყოფაში, იდეოლოგიაში, რომელიც თავისუფალი არჩევანის ყალბი დროშით ატირებს და აუბედურებს მშობლებგაშორებულ მილიონობით ბავშვს და სიმარტოვესა და მომავლის შიშში აცხოვრებს ვითომ ინსტიტუტებით დაცულ პიროვნებას. სწორედ ეგ იდეოლოგია არის, რაც მერე იწვევს იმ უოჯახობასა და უიმედობას, იმ ფულისა და დროებით მიღებული კანონების იმედზე ყოფნას, რომელიც მატერიალური სიმდიდრის მიუხედავად, ასეთ ეგზისტენციალურ დეპრესიაში ამყოფებს თანამედროვე დასავლეთში ადამიანს.

ის, რაც ბოლო ოცდაათიოდე წელია დასავლეთ ევროპაში ხდება, სამწუხაროდ, არის ოჯახური ინსტიტუტის, სულიერებისა და წესიერების ტრადიციების მასობრივი კოლაფსი. ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ისტორია დროის ამ მონაკვეთზე ბევრად დიდია. ამიტომ ჩვენ ვერ მივიღებთ მაგ დროებითი ექსპერიმენტის გადმოსახედიდან გაკეთებულ დარიგებებს. თქვენივე თაობის ცხოვრებას გადახედეთ, ბატონო თომას, მის რომელ ნაწილს დავუჯეროთ, როდესაც თქვენ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებზე გზრდიდნენ თქვენი მშობლები, თუ მის მოგვიანებით ნაწილს, როდესაც ახალი იდეოლოგია აგიხსნეს უკვე ზრდასრულ ხალხს? და თუკი თქვენი თაობის ზნეობრივი შეხედულებები ასეთი ცვალებადი აღმოჩნდა, რა ვიცით, კიდევ რამდენიმე წლის მერე რა სიახლეს შემოგვთავაზებთ ზნეობრივ ნორმებთან მიმართებაში?!

ამიტომ გგულშემატკივრობთ თქვენს პრობლემებში, ჩვენი კულტურაც საერთო-ევრაზიული კულტურის ნაწილად მიგვაჩნია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის საყვარელი და ორგანული ევროპა ჰიპების თაობის გარყვნილებაზე არ დაფუძნებულა, იგი დაფუძნდა ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებსაც ჩვენ საბჭოთა სოციალიზმის ეპოქაშიც სიმწრითა და სიხარულით ვინახავდით და დასავლური კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის პირობებშიც შევინახავთ. ამ ფასეულობების მიხედვით მიმტევებლობა მოგვეთხოვება, მაგრამ ყველას გვეკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა და ამით ადამიანის თავისუფლების დამახინჯებული ფორმების დამკვიდრება. აკრძალვების აკრძალვა კი შინაგანად ალოგიკური, ყველაზე დიდი ტყუილია, რომელსაც ჩვენ თავს ვერავინ მოგვახვევს. კაცობრიობის ზნეობრივ ხერხემლად მიჩნეული მოსეს 10 მცნებაცა და ყველა კონსტიტუცია და კანონმდებლობაც ზნეობრივი აკრძალვებისა და უფლებების სისტემებია, სადაც ადამიანს უპირველესად პასუხისმგებლობა ეკისრება და წესიერება ევალება. ამ ვალდებულებათა სისტემების გადაკეთება-გადმოკეთების უსასრულო აურზაურში არის რომ დასავლური ლიბერალიზმი სულ უფრო და უფრო შედის ლოგიკურ ჩიხში, რადგანაც სხვისი აზრის პატივისცემის დროშით სხვა ქვეყნებში იჭრება და ბევრზე, ვინც მას არ ეთანხმებიან, ძალადობს, ტაბუს ადებს თავისუფალ აზრსა და სიტყვას პოლიტკორექტულობის ცალმხრივი დემაგოგიით და ინდივიდუალურად უპირისპირდება საკუთარი ქვეყნების ტრადიციათა მოამაგეთ. თუ თქვენ მსოფლიოს ხალხთა და ტრადიციათა მრავალფეროვნებას მართლა პატივს სცემთ, მაშინ შეიწყნარეთ ჩვენი საზოგადოების განსხვავებული ტრადიციებიც და ნუ ეცდებით მათ გადაკეთებას.

ამიტომ ნება გვიბოძეთ, თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პატივცემული და ბევრ რამეში მისაბაძი დასავლეთიდან მისაღები და რა - მიუღებელი. და თუ ჩვენი მეგობრობა თქვენთვისაც უბრალოდ სიტყვა არ არის, მაშინ თქვენც უნდა გჯეროდეთ მისი ფუნდამენტური თვისებისა, რომელსაც მეგობართა თანასწორობა ჰქვია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენც უნდა გსურდეთ ჩვენგან რაღაცის სწავლა ან შეხსენება. და იქნებ ეს რაღაც სწორედ ის ადამიანური და ოჯახური ტრადიციებია, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებით საქართველოში და რომლებიც ასე დაგიჩიავდათ თქვენ ამჟამად დასავლეთ ევროპაში. ჩვენი ერი სიამოვნებით ითანამშრომლებს ევროკავშირთან მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, მაგრამ ჩვენივე კულტურა, რომელმაც ჯერ კიდევ ქრისტემდე აჩუქა კაცობრიობას ღვინო და ხორბალი, ამირან-პრომეთე და მედეას მედიცინა და რომლისგანაც ევროპის მშობელ ბერძნებს ცოდნის ოქროს საწმისის მოპარვა უდიდეს გმირობად მიაჩნდათ, ვერ მიიღებს ზნეობრივ კრიზისში მყოფი დასავლეთ ევროპისაგან ზნეობრივ დარიგებებს.

ბატონო თომას, ამ წერილის ანბანის მიხედვით დალაგებული ხელმომწერთა სია ბევრად დიდი შეგვეძლო გაგვეხადა, მაგრამ დროის დაზოგვის მიზნით ისიც ჩავთვალეთ საკმარისად, რათა თქვენ შეგექმნათ ნათელი სურათი მის მხარდამჭერთა სპექტრის შესახებ. ბოდიშს ვუხდით ჩვენი საზოგადოების ყველა იმ ღირსეულ წევრს, რომლებიც სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს ამ წერილს.

პატივისცემით:

რეზო ამაშუკელი, პოეტი
ჭაბუა ამირეჯიბი, მწერალი
გიორგი ბენიძე, ექიმი, რეანიმატოლოგი
ნონა გაფრინდაშვილი, მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი
გიორგი გვასალია, თეოლოგი
გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი
გიორგი დონაძე, ლოტბარი
ნინო დურგლიშვილი, მრავალშვილიანი დედა
ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორისტი
რეზო ესაძე, რეჟისორი
ლევან ვასაძე, ბიზნესმენი
ანზორ თოთაძე, პროფესორი
ზვიად ირემაძე, იურისტი
მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი
ვუგარ მამედოვი, სახელმწიფო მოხელე
ნინო მამულაშვილი, მრავალშვილიანი დედა
სოსო მანჯავიძე, პოლიტიკოსი
თამარ მეიფარიანი, პედაგოგი
იური მეჩითოვი, ფოტოხელოვანი
ელდარ მუსტაფაევი, სახელმწიფო მოხელე
ლელა მუჯირი, მრავალშვილიანი დედა
ზაზა ნიშნიანიძე, ბიზნესმენი
მარინა პაზუხინა,
მრავალშვილიანი დედა
ლაშა სალუქვაძე, მოქანდაკე
ფრიდონ სულაბერიძე, ქორეოგრაფი
ლუარსაბ ტოგონიძე, მკვლევარი
ზვიად ტომარაძე, პოლიტოლოგი
ლაშა ურუშაძე, სტუდენტი
ქეთევან ურუშაძე, ხელოვნებათმცოდნე
ნანა ღონღაძე, მრავალშვილიანი დედა
ნინო ყურაშვილი, მრავალშვილიანი დედა
სალომე ჩხეიძე, პედაგოგი
შოთა ჩოჩელი, მენეჯერი
გოგა ხაინდრავა, რეჟისორი
ვაჟა ხორნაული, პოეტი
ნუკრი ჯოხაძე, სახელმწიფო მოხელე


Комментариев нет:

Отправить комментарий