ღმერთი

ღმერთი

среда, 4 июня 2014 г.

ვინ იყო ქართლის პირველი ეპისკოპისი იოანე პირველი, რომელიც დღეს წმინდანად შეირაცხა


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ქართლის პირველი ეპისკოპისი იოანე პირველი წმინდანად შეირაცხოს.

ქართული წყაროების მიხედვით, წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობაზე ახლადმოქცეულმა ქართლის მეფე მირიან III–მ ელჩები გააგზავნა კონსტანტინე დიდთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. იმპერატორმა მცხეთაში გამოაგზავნა იოანე ეპისკოპოსი, ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი. კონსტანტინეს სამღვდელოებასთან ერთად ელჩებისთვის გამოუტანებია ძელი ცხორებისაჲ (ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი ეცვა),მაცხოვრის ხატი და ელენე დედოფლის წერილი ნინოსთვის. ეპისკოპოსისა და მღვდლების ჩამოსვლისთანავე მოინათლნენ მირიან III, ნანა დედოფალი და მთელი მათი სახლეულობა.

სამეფო ოჯახის ნათლობის შემდეგ, იოანე ეპისკოპოსმა და წმინდა ნინომ მოითხოვეს ხე ჯვრის შესაქმნელად. ხის საძებნელად გაგზავნილმა ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ იპოვეს ერთი სურნელოვანი და მშვენიერი ხე, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, ფოთლები არ სცვიოდა.

როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲდან“ ვიგებთ, ეს ხე მოკვეთეს 25 მარტს, პარასკევ დღეს. მოგვიანებით, მაისის თვეში მისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა.

სხვათა შორის, სწორედ ამ ქრონოლოგიური მონაცემებით მტკიცდება ქართლის მოქცევის ზუსტი თარიღი და შესაბამისად, იოანეს მოღვაწეობის დასაწყისი ქართლის მთავარეპისკოპოსის რანგში, რადგან 25 მარტი პარასკევი დღე იყო 326 წელს. მაშასადამე, კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილი სამღვდელოების ქართლში ჩამოსვლა და სამეფო ოჯახის ნათლობა უნდა მომხდარიყო 326 წლის მარტში.

სამეფო ოჯახის ნათლობისა და ჯვრების აღმართვის შემდგომ მირიან მეფე კვლავ აგზავნის ელჩობას კონსტანტინე დიდთან, ამჯერად – ქვისმთლელთა და კირითხუროთა სათხოვნელად, ეკლესიების ასაშენებლად. ელჩობის შემადგენლობა არ არის ნათელი, თუმცა შესაძლოა, სწორი იყოს „მეფეთა ცხოვრების“ ვერსია, რომლის მიხედვითაც მასში იოანე ეპისკოპოსი და ერთი ვინმე წარჩინებული შედიოდნენ. ეს აზრი მტკიცდება სხვა გარემოებითაც: წარგზავნილებმა უკანა გზაზე ჯერ ერუშეთში ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მაცხოვრის ფერხთა ფიცარი დატოვეს, ხოლო შემდეგ – მანგლისში და იქ სამსჭვალნი დატოვეს. ამ ამბით შეწუხებელ მირიან მეფეს იოანე მთავარეპისკოპოსმა ანუგეშა, აუწყა რა, რომ მცხეთაში ინახებოდა მაცხოვრის კვართი და ელია წინასწარმეტყველის ხალენი.

ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება სოჯი დედოფლის ისტორიაში, რომელიც შემორჩენილია მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშურ და სინურ ვერსიებში. ბოდში ნათელღებულმა სოჯი დედოფალმა სასიკვდილოდ დასნეულებული წმინდა ნინოსაგან მირიან მეფის და იოანე მთავარეპისკოპოსის მიმართ წერილები მცხეთაში ჩამოიტანა. იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება მეფისადმი წერილს, მასში წმინდა ნინო მეფეს სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის ბოდში მთავარეპისკოპოსი („მამად-მთავარი“) საზიარებლად, რადგან გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო.

აქედანაც ჩანს, რომ მცდარია „მეფეთა ცხოვრებისეული“ და ჭელიშური ვერსიები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა იოანე ეპისკოპოსი თან ახლდა წმინდა ნინოს მისი სამისიონერო მოღვაწეობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. უფრო სწორი უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შატბერდული რედაქციის ცნობა, რომ ნინოს იქ ასევე „საბერძნეთიდან" მოსული იაკობ მღვდელი გაჰყოლია.

შემდეგ ვკითხულობთ, რომ იოანე მთავარეპისკოპოსი მეფეს მიუვლენია ბოდში წმინდა ნინოს მოსაკითხად და მცხეთაში წამოსაყვანად, მაგრამ წმინდანმა უარი უთხრა, ერთი რამ კი სთხოვა, შენს შემდეგ იაკობ მღვდელმა დაიკავოს შენი ადგილიო. იოანეს თანდასწრებით მიუცია ნინოს სალომე უჯარმელისთვის ელენე დედოფლის წერილი, რომელშიც ქართლის განმანათლებელს მახარებელსა და მოციქულს უწოდებდა დაძელი ცხორებისაჲ ნანა დედოფლისათვის გადასაცემად. ამის შემდეგ შეწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს და „წარიღო ესე საგზლად საუკუნოდ".

იოანე მთავრეპისკოპოსი გარდაცვლილა მირიანის შემდგომი მეფის დროს, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ყველა ვერსიის თანახმად, ბაკურ რევის ძის მეფობაში, რომელიც „ქართლის ცხოვრებაში“ იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ და წარმოდგენილია მეფე მირიანის ძედ.



ქართულ საისტორიო წყაროებში – „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ და „ცხოვრება ქართუელთა მეფეთაში“ მისი სახელის ფორმაა „იოვანე“. ამასთან, „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ იგი იხსენიება როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო „ცხოვრება ქართუელთა მეფეთაში“ – მხოლოდ ეპისკოპოსად.

ბოდიდან მოწერილ თავის წერილში მირიან მეფის მიმართ წმინდა ნინო იოანე ეპისკოპოსს უწოდებს „მამად-მთავარს და „კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა“.



პაპუნა შუშანია


ახალი ამბების სააგენტო „Frontnews”



03 June, 2014

Комментариев нет:

Отправить комментарий