ღმერთი

ღმერთი

суббота, 14 июня 2014 г.

ევროპის რამდენ ქალაქში ტარდება ქართულად წირვა-ლოცვა და რა სულიერი მდგომარეობა აქვთ იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს

ამქვეყნიური სიამოვნების სურვილით შეპყრობილ ადამიანებს ხშირად ყველაზე მთავარი – საკუთარი ცოდვილი მდგომარეობის დანახვა გვიჭირს. ვცხოვრობთ აქტიურად, თითქოს ყოველდღიურად სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ, არ გვახსოვს უფალი, საკუთარი სული, მოყვასი. ასე ნელ-ნელა გადის წლები, გადის ისე, რომ ბოლოს ვხვდებით, რა ტყუილად გვიცხოვრია ამქვეყნად. თუმცა, უფლის გზები და ნება საკვირველი და უცნობია... როდესაც მღვდელ-მონაზონი იოანე (ერობაში – ზაზა ხელაია) ამ გზას ირჩევდა, ბევრს გაუკვირდა, ბევრი კი გვერდში დაუდგა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო და დღეს მის მაგალითზე ძალიან ბევრი ადამიანი ეზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. თავად მამა იოანე კი, რომში მოღვაწეობს და იქ მცხოვრებ ქართველებს, როგორც უფლის რიგითი ჯარისკაცი, ღირსეულად და მორჩილად ემსახურება.
მამა იოანე (ერობაში – ზაზა ხელაია): ყოველთვის აქტიურად ვცხოვრობდი. მახსოვს, მაშინ 22 წლის ვიყავი, ვიდეოკამერა მქონდა, მეგობრები ვიკრიბებოდით, სცენარებს ვწერდით და მერე ვიღებდით. ყველას გვქონდა შემოქმედებითი ნიჭი, იუმორი და, რაც მთავარია, თავისუფლები ვიყავით. სწორედ იმ დროს შევიტყვეთ, რომ ყალიბდებოდა ახალი, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერვიზია“. მეგობრები ჩვენი მასალებით მივედით ზაზა შენგელიასთან და ასე დაიწყო ჩემი პირველი სამსახური. მაშინ გავიცანი ზაზა და უკვე ათეული წლებია, მეგობრები ვართ. ჩვენი პირველი გადაცემა იყო „სხვადასხვა“, შემდეგ ამ გადაცემამ პრიზიც მოიპოვა. მასზე მუშაობდნენ დათო ტურაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, უცნობი, მიშა ახვლედიანი. შემდეგ გადავედი საინფორმაციო სამსახურში, მონიტორინგზე ჩემთან ერთად მუშაობდნენ გიორგი შარაძე, ლევან კოღუაშვილი, ლევან ყუბანეიშვილი. მაშინ ქვეყანაში ძალიან დაძაბული ვითარება სუფევდა და „იბერვიზია“ იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელიც სიმართლეს ამბობდა, იყო დამოუკიდებელი და, გარკვეულწილად, რაღაც რისკზეც გვიწევდა წასვლა. ხელფასებიც მიზერული, სიმბოლური გვქონდა და ძირითადად ენთუზიაზმზე, სიყვარულით ვმუშაობდით. ყველაზე კარგად ის წლები მახსენდება. დღესაც, ვინც ცნობილი ჟურნალისტია, მათი უმეტესობა ჩემი მეგობარია, ყველანი „იბერვიზიაში“ არიან დაბადებულები, გაზრდილები და მიმაჩნია, რომ მეც სწორედ ამ ტელევიზიაში დავიბადე და გავიზარდე. შემდეგ ვმუშაობდი როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. ადრე იყო სატელევიზიო ფესტივალი „მანა“, რომელიც მე და ნატა მურვანიძემ წავიყვანეთ. ნიკო ლეკიშვილმა შემომთავაზა სახელმწიფო სექტორში მუშაობა და მისი მერობის დროს ვიყავი პრეს-სამსახურის უფროსი. აქედან დაიწყო ჩემი სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის პერიოდი. შემდეგ ვიყავი მერიაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მერე გადავედი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვიყავი პრესსამსახურის უფროსი, შემდეგ – „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სექტორში ვმუშაობდი, ჩემთვის ტელევიზია იყო სამსახური, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და ნებისმიერ საქმეს სიხარულით ვაკეთებდი.


– აქტიური ცხოვრების სტილიც გექნებოდათ.


– ტელევიზია არ გაძლევს პასიური ცხოვრების უფლებას. თანაც, მე, როგორც პიროვნება, ისედაც ძალიან აქტიური ვიყავი და, როდესაც ჩემი ცხოვრებისეული და სამსახურებრივი აქტივობა ერთმანეთს შეერწყა, უფრო მეტად დავიტვირთე ცხოვრების აქტიური წესით. თანაც, ზაზა შენგელია არასდროს მაძლევდა პასიურობის საშუალებას, არც ჩემი დანარჩენი მეგობრები. რა თქმა უნდა, კარგია აქტიური ცხოვრება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის უნდა იყოს მიმართული ღვთისკენ, კეთილი საქმისკენ და არა საკუთარი სიამოვნებისკენ. დღეს ვერ ვიტყვი, რომ ის საქმე, რომელსაც მე აქტიურად ვეწეოდი, იყო კეთილი საქმისკენ მიმართული, რადგან, სამწუხაროდ, მაშინ არ ვცხოვრობდი ეკლესიურად და, ამიტომ, იმ აქტიურ ცხოვრებას უშედეგოდ მივიჩნევ. თუმცა მაშინ ასე საერთოდ არ ვფიქრობდი. ახლა, ამ გადასახედიდან კი მიმაჩნია, რომ ეს იყო მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისკენ მიმართული და არ იყო ღმერთზე, მოყვასზე ფიქრით სავსე. სწორედ ამ სინანულმა, აღიარებამ მომიყვანა ამ მდგომარეობამდე.


– და, ერთ დღესაც გადაწყვიტეთ, რომ სულ სხვა გზა აგერჩიათ. როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები, მეგობრები?


– მადლობა ღმერთს, რომ მომივლინა ის განსაცდელი, სინანული, რომელმაც კარგად დამაფიქრა ჩემს განვლილ ცხოვრებაზე. ძალიან სწრაფად მოხდა ჩემში შინაგანი ცვლილება და მივხვდი, რომ, როგორც ვცხოვრობდი, არ იყო სასარგებლო არც ჩემი სულისთვის, არც ჩემი შვილებისთვის და, რაც მთავარია, არ იყო ღვთისთვის სათნო. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. როდესაც ჩემი სურვილი რამდენიმე მეგობარს გავანდე, მათ უარყოფითად მიიღეს და მთხოვეს, ეს ნაბიჯი არ გადამედგა, კარგად დავფიქრებულიყავი. რა თქმა უნდა, მქონდა შინაგანი ბრძოლები, მაგრამ, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ჩემი ცხოვრების შეცვლა, საკუთარი თავის ეკლესიისთვის, უფლისთვის მიძღვნა. ჩემი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებსაც გავუზიარე, დადებითად მიიღეს, მაგრამ, მათაც მთხოვეს, რომ კარგად დავფიქრებულიყავი. პრინციპში, ეს იყო ჩემი მოვალეობა – მათთვის გამეცხადებინა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, კურთხევა ამეღო ოჯახის წევრებისგან, შვილებისგან, მეგობრებისგან, თორემ, გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ მქონდა მიღებული. იმ დროს დაიწყო შემოთავაზებები სხვადასხვა სამსახურიდან, მაღალი ხელფასებით, მაგრამ, რაც უფრო ბევრი და დიდი იყო შემოთავაზება, მით უფრო მტკიცდებოდა ჩემი გადაწყვეტილება. ერთ დღესაც, ჩემს სულიერ მოძღვარს, არქიმანდრიტ მამა იოანეს (კიკვაძე) გავუზიარე ჩემი გადაწყვეტილება. მას ძალიან გაუხარდა, იცოდა ჩემი სულიერი მდგომარეობა, ამიტომ, არ გაჰკვირვებია და შემომთავაზა, რომ რამდენიმე თვე კიდევ მეფიქრა და შემდეგ შევიდოდით უწმიდესთან კურთხევის მისაღებად. სამი თვის განმავლობაში დავდიოდი სამსახურში, მაგრამ შეურყეველი იყო ჩემი გადაწყვეტილება. ბევრჯერ, სამსახურის კართან მისული, უკან წამოვსულვარ და ეკლესიაში შევსულვარ. მამა იოანემ მიმიყვანა უწმიდესთან, ავიღე მისგან კურთხევა და მარიამობის მარხვაში მამადავითის ეკლესიაში, რომელიც შემდეგ მონასტრად ჩამოყალიბდა, შევიმოსე კაბით. მორჩილების პერიოდშიც, ჩემი მეგობრების მხრიდან იყო ეჭვი, რომ უკან, ერში დავბრუნდებოდი და ჩვეულებრივ საქმიანობას შევუდგებოდი, მაგრამ, გავიდა წელი, დადგა დრო ჩემი აღკვეცისა და მე ბედნიერი ვარ, რომ ყველა მეგობარი, ისინიც კი, ვინც თავიდან არ იწონებდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, მოვიდნენ და გვერდში დგომა აღმითქვეს, გაძლიერება, სიმტკიცე მისურვეს, ჩემს აღკვეცასაც დაესწრნენ, რომელიც დავით გარეჯში იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ჩატარდა. იმ დღის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც მანამდე არ ცხოვრობდნენ ეკლესიურად, შეიცვალეს ცხოვრების სტილი და დაიწყეს ეკლესიურად ცხოვრება. მადლობა ღმერთს, რომ მეც და მათაც დაგვანახვა სწორი გზა.


– როგორც ვიცი, ბევრის სულიერი მოძღვარიც გახდით.


– ზოგს ვურჩიე სხვა მოძღვართან მისვლა, მაგრამ, ზოგიერთმა მოისურვა, რომ სწორედ მე დავხმარებოდი ამ რთულ გზაზე სიარულში და, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვეტყოდი. დღეს ისინი ეკლესიის წიაღში ცხოვრობენ, ეხმარებიან ეკლესიას, რისთვისაც, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. იმ ენერგიას, რასაც ჩვენი სამეგობრო უქმად, თუნდაც დროსტარებაში, საკუთარი სიამოვნების ძიებაში ვხარჯავდით, დღეს სულის გადარჩენას, ლოცვას, ეკლესიისთვის, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისთვის ვხარჯავთ.


– ძალიან თბილად საუბრობთ მეგობრებზე. როგორც ვიცი, მათ რიცხვში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია: მაკა ასათიანი, ძმები არველაძეები, ინგა გრიგოლია, გიორგი ისაკაძე, ნათია ლაზაშვილი, ნიკა ივანიშვილი, თაკო ფხაკაძე, ზაზა შენგელია და ასე შემდეგ.


– ჩვენ კომუნისტურ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, თანაც, მაშინ 17-18 წლის ვიყავით. ეს კი სწორედ ის ასაკია, როდესაც ადამიანის ცნობიერება ყალიბდება. შესაბამისად, ამ პერიოდმა ხელი შეგვიშალა ეკლესიურ ცხოვრებაში, რწმენაში. მაგრამ, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქართველს, თავის გულში მაინც სწამს ღმერთის, სახლში ყველას აქვს ხატი, ანთებს სანთელს, იწერს პირჯვარს, მაგრამ ეს ჩვენი სულის ცხონებისთვის არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი სინანული, ფიქრი, ეკლესიურად ცხოვრება, საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა. როდესაც ჩემზე მოვლენილი განსაცდელი მივიღე, როგორც სასჯელი ჩემი ცოდვებისთვის, ჩემი მეგობრები დამიდგნენ გვერდში, ისინიც დაფიქრდნენ და დღეს უმეტესობა ეკლესიის წიაღში იმყოფება, ჩემს ყველა წირვას ესწრებიან, ერთად ვართ ხშირად. ზაზა შენგელია, ინგა გრიგოლია, თაკო ფხაკაძე, რეზი არველაძე, ტყუპები, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ისაკაძე... კიდევ ბევრნი არიან, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მაკა ასათიანი თავის ოჯახთან ერთად აღდგომას ჩამოვიდა რომში. მე მიხარია, რომ ჩემი მეგობრები ძირეულად, შინაგანად შეიცვალნენ. მე ვუსურვებდი მათ და საკუთარ თავსაც, რომ ჩვენში მოხდეს ფერისცვალება. თუ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე აღარ ვიფიქრებთ და მთელი ქვეყანა ასე იცხოვრებს, მაშინ მოვა ჩვენთან უფალი იესო ქრისტე და ჩვენც აღვსდგებით მასთან ერთად.


– სად მოღვაწეობდით ბერად აღკვეცის შემდეგ?


– ვმოღვაწეობდი მამადავითზე, სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი. შემდეგ მომცეს კურთხევა, რომ ფილმი გადამეღო დასავლეთ ევროპის ეპარქიაზე, რომელიც ჩამოყალიბდა 2002 წელს და მისი მღვდელმთავარი არის მიტროპოლიტი აბრაამი. ეს კურთხევა შევასრულე, გადავიღეთ ფილმი, ჩამოყალიბდა ფონდი, რომელიც ეხმარება დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებს სამრევლო, საკვირაო სკოლების მოწყობაში. იქ ყველა სამრევლოს აქვს თავისი საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა, ლიტერატურა, ეკლესიის, საქართველოს ისტორია, ქართული გალობა, სიმღერა, ცეკვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უმცროსი თაობის წარმომადგენლები დადიან ადგილობრივ სკოლებში, მშობლებსაც არ აქვთ საშუალება, მათ ასწავლონ და, შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი მომავალი თაობა მოშორდეს თავის ძირს, ისტორიას. უწმიდესისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ყველა სამრევლოში შეიქმნა საკვირაო სკოლა, რომელიც სულიერი ცხოვრების გარდა, ეწევა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას, მათ გაერთიანებასა და სამშობლოში დაბრუნებას.


– როგორც ვიცი, ევროპის ბევრ ქალაქში უკვე ქართულად ტარდება წირვა-ლოცვა.


– პირველი ქართული ეკლესია პარიზში გაიხსნა 1938 წელს და თამარ მეფის სახელს ატარებს. მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ ევროპის ეპარქია სულ უფრო იზრდება, ფართოვდება, ძლიერდება და დღეს თითქმის 30 ქვეყანაში ტარდება ქართული წირვა-ლოცვა, დაახლოებით 2011 წლისთვის კი, კიდევ დაემატება 10 ქალაქი. ევროპაში მცხოვრები ქართველები კმაყოფილები არიან და გამოთქვამენ მადლიერებას უფლისადმი, რომ მათ მიეცეთ საშუალება, ყოველ კვირას დაესწრონ წირვას, ეზიარონ.

რომში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ახლახან დაიწყო იტალიაში ემიგრაციის ზრდა და მეც კურთხევა მივიღე, რომ მათთან ჩავსულიყავი. პირველად სამი თვის წინ ჩავედი. ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობა მართლა ძალიან მძიმე იყო, დაფანტულები იყვნენ, მაგრამ ახლა უკვე გაერთიანდნენ, მიეცათ საშუალება, რომ მოვიდნენ ქართულ ეკლესიაში, დაესწრონ წირვას, ეზიარონ. ამის მაგალითი იყო აღდგომა, როდესაც 500 ქართველამდე მოვიდა ეკლესიაში და გაერთიანებული ტრაპეზიც გაკეთდა. მომავალში ვგეგმავთ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას საკვირაო სკოლები.


– როგორია ამ ხალხის სულიერი მდგომარეობა და რთულია თუ არა მათთან ურთიერთობა?


– მათი სულიერი მდგომარეობა ძალიან შერყეულია: ზოგი ფიზიკურად მუშაობს, ზოგს ცუდად ექცევიან, ზოგი არალეგალურად ცხოვრობს. ამიტომ, სტრესულ მდგომარეობაში არიან და მათი დავიწყება, მიტოვება არაფრით არ შეიძლება. ქართველი ბერების, მოძღვრების ცხოვრება უცხოეთში არ არის ადვილი, მაგრამ, ამ ადამიანებმა საკუთარი თავი უარყვეს, შესწირეს იმ ხალხს, რომელსაც დღეს უჭირს და თანადგომა სჭირდება. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ კურთხევის შესრულება, მაგრამ, მე ვარ ჯარისკაცი და არ მაქვს უფლება, ჩემი სურვილით ვიმოქმედო. ამიტომ, მორჩილად მივიღე კურთხევა და რომში გავემგზავრე. თუმცა, ძალიან მიჭირს იქ მოღვაწეობა, მაგრამ, ვხვდები და ვაცნობიერებ, რა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ხალხის წინაშე და ვცდილობ, მათი პრობლემები, განსაცდელები გავიზიარო, საკუთარი თავი უარვყო და დავეხმარო გაძლიერებასა და სამშობლოში დაბრუნებაში. ბევრი ქართველი ცხოვრობს ათეისტების ოჯახში. ისინი უშლიან მარხვას, ხშირად დაცინვის ობიექტებიც ხდებიან, ამიტომ, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. მაგრამ, ღვთის შეწევნით, ისინი მაინც ახერხებენ ლოცვას, მარხვას, მეუფის კურთხევით ჩვენ ვუმსუბუქებთ მდგომარეობას.


– თქვენ წმიდა ამბროსი ხელაიას სახელობის ეკლესიაში მსახურობთ. როგორც ვიცი, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია თქვენი წინაპარი იყო.


– ყველა სამრევლოში არის ქართველი წმიდანის სახელობის ტაძარი. რომის ტაძარი დროებით გადმოეცემა ქართველ სამრევლოს, ის იქნება ამბროსი ხელაიას სახელობის და მე იქ ვმოღვაწეობ. მე მისი ძმის განშტოება ვარ და ეს დიდ ძალას მაძლევს. დიდი პასუხისმგებლობა, პატივი და მადლია, რომ იყო ხელაია და გვარში გყავდეს ასეთი დიდი წმიდანი. წინა საუკუნეებში ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, რომ მათ გვარში ერთი ბერი, წმიდანი, მაინც ჰყოლოდათ, რათა მათი გვარი დალოცვილი ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რამხელა მადლია ხელაიებში, რომელსაც ჰყავს წმიდა ამბროსი ხელაია, რომელიც ჩვენი გვარის, მთელი საქართველოს მფარველი და მეოხია ღვთის წინაშე.


– შვილები ახსენეთ, რამდენი შვილი გყავთ?


– ორი ვაჟი მყავს. ბერად აღკვეცის წინ უფროსი შვილისგან ავიღე კურთხევა, მაშინ უკვე სრულწლოვანი იყო, გააჩნდა თავისი აზრი. ის დაესწრო ჩემს ბერად აღკვეცას და, რა თქმა უნდა, ეს მძიმე იყოს მისთვისაც და ჩემთვისაც. აღკვეცის შემდეგ შვილებს კი ტოვებ, განეშორები, მაგრამ მათზე ლოცვა და ფიქრი უფრო დიდი მადლია, ვიდრე ის, რომ ერში ვყოფილიყავი მაღალ თანამდებობაზე, ან ვყოფილიყავი წარმატებული ბიზნესმენი, მქონოდა კარგი შემოსავალი, მაგრამ ამას ჩემი შვილები დაეღუპა. ხშირად დიდი ფული და წარმატება ადამიანს უბედურს ხდის. ახლა ვიცი, რომ ჩემს შვილებს არ გავაუბედურებ, მათ, პირიქით, ჩემი ლოცვა შეეწევათ. როცა ბიჭებს ვხვდები, ყოველთვის მაქვს დრო, ისინი დავარიგო, დავმოძღვრო. საერთოდ, როდესაც ადამიანი ტოვებს ოჯახს, მიდის მონასტერში, ის თავის შვილებს უტოვებს ღმერთს. წყნარად ვარ, ვიცი, რომ ღმერთი მფარველ ანგელოზს უგზავნის მონაზვნის დატოვებულ ოჯახს და მიხარია, რომ ისინი დიდი მფარველობის ქვეშ მყავს დატოვებული.


– ბერად აღკვეცა ხომ ერთგვარი განშორებაა ამქვეყნიური ცხოვრებისგან, შესაბამისად, ყველა მონაზონს სურს მონასტერში განცალკევებით ცხოვრება, ლოცვა...


– როდესაც ბერად აღიკვეცები, სურვილი გაქვს, დატოვო ერი, განეშორო მას, გინდა განმარტოვდე, ილოცო... მეც, როცა ბერად აღკვეცა გადავწყვიტე, მინდოდა, წავსულიყავი მონასტერში, სადმე, განმარტოებულ ადგილას, მთაში ან ტყეში, რომ ჩემი სულისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის მელოცა, მაგრამ, როდესაც ამ ჯვარს იღებ, შენ უფლის ჯარისკაცი ხდები და სადაც დასჭირდები უფალს, სადაც გაკურთხებენ, იქ უნდა წახვიდე. კურთხევა მორჩილებით უნდა მიიღო, მოიკრიბო ძალა და შეასრულო. ამიტომ, სადაც მაკურთხებენ, მზად ვარ, იქ წავიდე და უფალს, მოყვასს, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ისე ვემსახურო.


tbiliselebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий