ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июня 2013 г.

მეორედ მოსვლა ანუ რა არის ეს ძვირფასო ევროპავ?!

13/06/13 17:29
გსმენიათ რამე USAID-ის (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) შესახებ?
თუ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ: "USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას გარდამავალ პერიოდში. პროგრამების მეშვეობით ხდება ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის აღმოფხვრა, მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ცვლილებების შეტანა ინსტიტუციურ, ინტელექტუალურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში".
ეს ზოგადად.
კონკრეტულად რომ ჩამოვყვეთ, თუ რა სახის პროექტებს ახორციელებს ეს ამერიკული ორგანიზაცია საქართველოში, შეიძლება რამდენიმე თაბახიც არ გვეყოს - კასპის ადგილობრივი მმართველობისა და მოხალისე ახალგაზრდების მიერ გარემოს გაუმჯობესების მიზნით ნაგვის შეგროვებით დაწყებული და საქართველოს ტურისტულ რუკაზე ყაზბეგის პოპულარიზაციით დამთავრებული, ან სამეგრელოში მცხოვრებ ქალთა ხელშეწყობით დაწყებული და წალენჯიხის უნარშეზღუდულ პირთა ასოციაციის ჩამოყალიბებით დამთავრებული. აი, ასეთი უნივერსალური ხასიათის "სიკეთის მატარებელი" და "სიკეთის მთესველი" ორგანიზაციაა USAID-ი.
უცნაური ხალხია ეს ამერიკელები. მთელი მსოფლიო მოჰფინეს ათასგვარი ორგანიზაციებით, რომლებსაც ყველა კონტინენტსა და სახელმწიფოში შეაქვთ დემოკრატია, თავისუფლება, ჰუმანისტური იდეალები... საბოლოო ჯამში, "დიდი და უზადო ბედნიერება"...


"დიდი და უზადო ბედნიერების" შემადგენელი ნაწილია ის ინფორმაციაც, რომელიც ორშაბათს, 10 ივნისს გავრცელდა. "კვირას დასრულდა პირველი კვირეული გეიტრენინგებისა კოლუმბიაში, რომელიც ჩატარდა ობამას ადმინისტრაციისა და USAID-ის ახალი პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს სწავლული ლობისტების საერთაშორისო არმიის ჩამოყალიბებას სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის, ერთსქესიანთა ქორწინებისა და ერთსქესიან წყვილთა მიერ შვილების აყვანის დაკანონების საქმეში".
USAID-ის გეგმების შესაბამისად, პროგრამის პირველი ეტაპი მიმართულია ქვეყნებისკენ, სადაც ჯერ კიდევ ძლიერია რელიგიური გავლენები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს. კოლუმბია ამგვარი ტრენინგების ჩატარებისათვის შემთხვევით არ აურჩევიათ. ამ ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებით უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს სოდომური თანაცხოვრების მიმართ, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწინებას უწოდებენ.
USAID-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ამგვარი გეიტრენინგების მიზანია ასწავლონ აქტივისტებს თუ როგორ შეაღწიონ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში და როგორ მოახვიონ თავს გეიპოლიტიკის შესაბამისი კანონები. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს შექმნის თამაშის ახალ წესებს ლგბტ უფლებების დაცვის საქმეში".

იგეგმება, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს გაეროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის საელჩოების მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ USAID-ის მოქმედება რუსეთში გასული წლის შემოდგომაზე შეაჩერეს იმ მოტივით, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე USAID-ი, რომელიც ცნობილია როგორც ამერიკული დემოკრატიის ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში, თავისი კარგად დაფინანსებული ქსელით, დაკავებული იყო რუსეთისთვის დამანგრეველი ქმედებებით "ჰუმანიტარული დახმარების" საფარველქვეშ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში USAID-ის ქსელი სამეგრელოს ქალთა ხელშეწყობისა და კასპის გარემოს დასუფთავების საფარვალქვეშ გაცილებით უფრო ფართოდ გაშლის ლგბტ აქტივისტების საქმიანობას, ვიდრე ამას დღემდე აკეთებდა.
საქმე ისე მიდის, რომ ლგბტ პროპაგანდა მსოფლიოს გამრყვნელი პროგრამების მხოლოდ პირველი საფეხურია, მეორე - უფრო მაღალი და საბოლოოდ დამანგრეველი საფეხური, როგორც ამას წინათ ვწერდი, ადამიანიდან ყოველგვარი ღვთაებრივის ამოძირკვისა და მისი როგორც ზნეობრივი არსების საბოლოო დასამარების საფეხური ინცესტის პროპაგანდა, მისი ლეგალიზება და დაკანონება იქნება.

დაწყებულია ინცესტის პროპაგანდისა და დაკანონების წინააღმდეგ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი კრიტიკის ჰომოფობიად შერაცხვის კამპანია.
გერმანიაში ღვიძლი და-ძმა, რომლებიც წლების განმავლობაში ეწევიან სექსუალურ თანაცხოვრებას და ჰყავთ ოთხი შვილი, ქვეყნის საკონტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მოთხოვნით, რომ დააკანონონ მათი ურთიერთობა, - იტყობინება BBC News-ი.
შვეიცარიის მთავრობა (ბუნდესრატი) იქცა საზოგადოებრივი სკანდალის წყაროდ. სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაში აღარ არის შეტანილი ინცესტის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, - იტყობინება TCH-ი.
შვეციაში ინცესტის ლეგალიზების მოთხოვნით გამოდის რისკდაგას (შვედეთის პარლამენტის) დეპუტატი მონიკა გრიონი (სოციალ-დემოკრატი).
დანიაში ინცესტის "გენდერულ ნორმად" აღიარებას ითხოვს პოლიტიკოსი პერნილე შკიპერი.
საერთოდ, ინცესტოფობების წინააღმდეგ ბრძოლა ევროპული ნეოლიბერალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. - "ინცესტის ლეგალიზება სკანდინავიაში გამარჯვებული ლიბერალური რევოლუციის მონაპოვარია", - აცხადებენ თავიანთ საპროგრამო სტატიაში სკანდინავიელი ნეოლიბერალები გამოცემაში - ეტრობლოგენ.სე.
ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
გულით გინდება, რომ ასეთი შეკითხვა დასვა, - რა არის ეს, ძვირფასო ევროპავ?!
იქნებ ევროპა მიხვდა იმას, რომ მარადიული არაფერია და, მაშასადამე, აზრიც არაფერს აქვს;
იქნებ ევროპა მიხვდა, რომ ადამიანი ჰორმონებით გაჯერებული ხორცის ნაჭერია და სხვა არაფერი, რომელმაც, ვიდრე სიცოცხლით ფეთქვს, არაფრით არ უნდა შეიზღუდოს თავი!
კი მაგრამ რა გზა უნდა გაევლო ევროპას იქამდე, ვიდრე ამ "სიბრძნეს" ამ `ჭეშმარიტებას~ ჩასწვდებოდა და მიხვდებოდა?
ამ დასკვნის გაკეთებას სჭირდებოდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ან ფრანგული განმანათლებლობის, ან, საერთოდ, ევროპული რენესანსის გზის გამოვლა?
ამ დასკვნის გაკეთებას სჭირდებოდა ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ტიციანის, ტიტანური შრომა?
ამ დასკვნის გაკეთებას სჭირდებოდა ბალზაკის, ჰიუგოს, სტენდალის მიერ ადამიანის სულის ლაბირინთებსა და სიღრმეებში წვდომა?
ამ დასკვნის გაკეთებას სჭირდებოდა შატობრიანისა და ბაირონის რომანტიზმი, თომას მანის ინტელექტუალური ეპიკური პროზა, ჰეგელის იდეალიზმი, ან ფოიერბახის მატერიალიზმი?
ამ დასკვნის გაკეთებას სჭირდებოდა შექსპირის ტრაგედიები, დანტეს "ღვთაებრივი კომედია", გოეთეს "ფაუსტი", ბეთჰოვენის "მთვარის სონატა", კანტის "წმინდა გონების კრიტიკა" ან მარქსის "კაპიტალი"?
ადამიანი თუ მაიმუნის გაჩენილია, რა საჭირო იყო გავლა გზისა მაიმუნიდან ადამიანამდე და ადამიანიდან კვლავ მაიმუნამდე?
და თუ ადამიანი ღმერთის გაჩენილია, მაშინ როგორ გამაიმუნდა უზარმაზარი ცივილიზაციის შემქმნელი ევროპა ისე, რომ ყველა მინაღწევარსა და ყველა სიმაღლეზე ერთბაშად აცხადებს უარს?
ოდესღაც ინცესტი არსებობდა, მაგრამ ის დაგმო რელიგიამაც, საზოგადოებამაც და მედიცინამაც. ინცესტი მითოლოგიასა და მხატვრულ ლიტერატურაშიც გადავიდა, მაგრამ მას ყველგან უაღრესად ტრაგიკული ფორმა და შინაარსი ახლავს.
ძველეგვიპტური მითი იზიდასა და ოსირისის შესახებ გვიყვება, რომ მათ (და-ძმას) ერთმანეთი დედის საშოშივე შეუყვარდათ. იზიდას ისე ძლიერ უყვარდა მისი ძმა-მეუღლე, რომ იგი ეგვიპტელებისათვის ერთგულების სიმბოლოდ იქცა, მაგრამ ეს სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. ოსირისი მისმა ძმამ სეთიმ მოკლა, მისი სხეული დაანაწევრა და თოთხმეტ საიდუმლო ადგილზე დაფლა. იზიდა კი დაეძებდა ამ ნაწილებს, რათა ისინი შეეერთებინა. მითია ოიდიპოსის ტრაგედიაც, რომელიც ბერძნების მიერ არის შექმნილი. ამ მითის შესაბამისად, ოიდიპოსი, ბრმა შემთხვევათა წყალობით, საკუთრ დედას ცოლად შეირთავს და მისგან შვილები ეყოლება. ხოლო როდესაც ამ საშინელ სიმართლეს შეიტყობს, თვალებს დაითხრის და გადაიკარგება.

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ცხოველებში ინცესტი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით იმის თქმა სურთ, რაკი ბუნება ასეთ მოვლენებს უშვებს, ის ადამიანთა საზოგადოებისთვისაც მისაღები უნდა იყოს(!). ეს თავისთავად აბსურდული მსჯელობაა იმიტომ, რომ ადამიანი და ცხოველი ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებული მოვლენაა, ეს განსხვავება უწინარეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი ზნეობრივი არსებაა, ცხოველი კი - არა. ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ისაა, რომ სექსუალური ცხოვრება ცხოველებშიც კი, თურმე, მთლად შემთხვევითობაზე არ ყოფილა აგებული.

"ადრე თუ ფიქრობდნენ, რომ ცხოველებისთვის ბუნებრივია სქესთა აღრევა და ნათესაობის იგნორირება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მივხვდით, რომ ეს ასე არ არის. უწინარეს ყოვლისა, ნატურალისტების დაკვირვებები და ექსპერიმენტები დაბეჯითებით მოწმობენ, რომ ცხოვრება სოციალური ცხოველებისა (მათი, რომლებიც ჯგუფებად ცხოვრობენ) ძალიან მკაცრად მოწესრიგებულია. მათი საქციელი და ურთიერთობები ისე ზუსტად არის ორგანიზებული, რომ მათ არამარტო თანაცხოვრების, არამედ ისეთი ფუნქციების შესრულების საშუალებასაც აძლევს, როგირიცაა ნადირობა, შვილების გაზრდა და გადარჩენა. არც მათი სექსუალური ცხოვრება ატარებს შემთხვევით ხასიათს. პირიქით, აქ გამეფებულია მკაცრი დეტერმინიზმი: ჰორმონალური სიმწიფე, რომელიც დამოკიდებულია გენეტიკურ დაპროგრამებასა და ინდივიდუალურ განვითარებაზე, ამასთანავე პარტნიორის შერჩევაზე ზემოქმედებს ეკოლოგიური გარემო". ეს გახლავთ ამონარიდი ნაშრომიდან - "ინცესტი თუ სისხლის აღრევა," რომელსაც ხელს აწერს ავტორთა კოლექტივი: ფრანსუა ერიტიე, ბორის ცირიულნიკი, ალდო ნაური, მარგარიტა კსანტაკაუ, დომენიკ ვრინიო.

ინცესტის საკითხით დაინტერესებული იყო ისეთი დიდი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, როგორიც იყო ზიგმუნდ ფროიდი. მან შეისწავლა მისი თანამედროვე პრიმიტიული ტომების, სახელდობრ, ავსტრალიელი ტუზემცების ცხოვრება და აღმოაჩინა, რომ ინცესტი იქაც აკრძალული იყო. ნაშრომში - `ტოტემი და ტაბუ~ ფროიდი აღწერს მთელ რიგ ანთროპოლოგიურ ფაქტებს, რომლებიც მოწმობენ სექსუალური ცხოვრებისა და ქცევის რეგლამენტირების აუცილებლობას.
ასე რომ, გზა ინცესტიდან ინცესტის აკრძალვამდე კაცობრიობამ უკვე გაიარა. ინცესტს კრძალავს მორალიც და კანონიც, რელიგიაც და მედიცინაც. ესაა კაცობრიობის დასკვნა, ისტორიის მიერ ინცესტისთვის გამოტანილი განაჩენი.

იბადება კითხვა, - ეს ყველაფერი თუ ასეა, ვის დასჭირდა და რა მიზანს ემსახურება კაცობრიობის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დაგმობილი ამ საშინელების ხელახლა წამოწევა, "საშინელის" დამღისგან მისი გათავისუფლება და ცხოვრების წესად გადაქცევა?

საქმე ისაა, რომ ლგბტ და ინცესტი ანგრევს საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტს - ოჯახს. ინცესტის დაშვება ნიშნავს არამარტო მახინჯი და ნორმისგან გადახრილი თაობების მოსვლას, არამედ ოჯახის, დედა-შვილობისა და მამა-შვილობის ჭეშმარიტად ღვთაებრივი მადლის წაბილწვას. ამ საშინელ ვითარებაში, ოჯახი, იქცევა რა სექსუალურ პარტნიორთა ჯგუფებად, წყვეტს არსებობას.Oოჯახი, როგორც ადამიანის პირველადი სოციალიზაციის უჯრედი, იქცევა პირველადი გარყვნილების უჯრედად. ამ გარყვნილ გარემოში აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება ბავშვის ადამიანად ჩამოყალიბება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური თვალსაზრისით. ამ პირობებში გაზრდილი ბავშვი, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოყალიბდეს პიროვნებად, ჩამოყალიბდება ემოციურად უგრძნობ, ისტერიულ, თავისუფლებაჩაკლულ, ნებისყოფადათრგუნულ, ნდობადაკარგულ და ინტიმოფობიით შეპყრობილ ცხოველად.

ინცესტისთვის საშინელების დამღის მოხსნა და ცხოვრების წესად მისი დანერგვა დაანგრევს არა მხოლოდ ოჯახის ინსტიტუტს, არამედ დაანგრევს ადამიანში ყველაზე დიდ ღვთაებრივ საწყისს - სიყვარულს.

სიყვარული არ არის ერთმნიშვნელოვანი და ერთგვაროვანი. სიყვარული ურთულესი მოზაიკაა, ფერთა, ხმათა და სახეთა უსასრულო გამაა - დაწყებული უზენაესისა და ყოვლის შემოქმედის სიყვარულით და ბალახის ღეროს, ჩიტის ჭიკჭიკის ან წვიმის წვეთის სიყვარულით დამთავრებული. სიყვარულის ამ უსასრულო მოზაიკაში სიყვარულის ყველა სუბიექტს და ყველა ობიექტს თავისი, ერთადერთი და განუმეორებელი ადგილი აქვს. ეს ისეთი სათუთი, ისეთი ფაქიზი განცდა და სულიერი მდგომარეობაა ადამიანისა, რომ უხეშად ხელის შეხებამ კი არა, ნაზად სულის შებერვამაც შეიძლება ჩააქროს და გააქროს. სიყვარული ღვთაებრივის, ნიჭისა და მშვენიერების ნაზავია, ამ გასაოცარი სამეულის სხვადასხვა ვარიაციით გამოვლენა და მუდმივად ღმერთთან ყოფნა-თანაზიარობაა. სექსი სიყვარულის ამ დიდი მოზაიკის შემადგენელ ნაწილად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუკი იგი თავის დროზე და თავის ადგილზე იქნება გამოვლენილი. დედა-შვილობაში რომ სექსი (თფუი, ეშმაკს) ჩაერევა, იქ ან დედა-შვილობა რაღა იქნება და ან - სექსი?! მამა რომ გოგონას გაზრდის, დააქალებს, დააფრთიანებს და სასიყვარულო ასაკამდე მიიყვანს, ღრუბლებსა და ოცნებებში არონინებს და, ნაცვლად იმისა, რომ ნაოცნებარ და ნასიზმრალ მზეჭაბუკთან სამუდამო ქორწინებით შეაუღლოს, სახლში ხასად (ათასჯერ თფუი ეშმაკს) დაისვამს, იქ ან რაღა მამა-შვილობაა და ან რაღა სექსია?!

ვინ დაწყევლილი აღვივებს ამ სიბინძურეს, ვის უნდა ადამიანის გადაგვარების ამ საშინელი მანქანის ამუშავება, მეთქი, ვიკითხე წეღან. მხოლოდ იმ ძალას, ვისაც ადამიანის დამონება და დაპყრობა განუზრახავს. ადამიანის დამონების უტყუარი და უმოკლესი გზა მორალისგან მისი დაცლა და განთავისუფლებაა. დააკვირდით დღევანდელ დასავლურ ღირებულებათა სისტემას, სადაც პირველ ადგილზე თავისუფლება და ადამიანის უფლებები წამოასკუპეს. დასავლეთი ამით ამაყობს. ბავშვებს ლამის აკვნის (თუმცა, სადღაა აკვანი) ასაკიდან ასწავლონ, რომ მას უფლებები გააჩნია, - უფლებები მშობლების წინაშე, უფლებები სკოლის წინაშე, უფლებები საზოგადოების წინაშე, მაგრამ სიტყვაც არსადაა ნათქვამი უფლების დიალექტიკური საპირისპიროს - მოვალეობის შესახებ. არავინ კითხულობს, - რა ბედენაა უფლება, მოვალეობის გარეშე?! უფლება მოვალეობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, ისევე როგორც დღე არ არსებობს ღამის გარეშე და სიცოცხლე სიკვდილის გარეშე. როდესაც ვიღაცა ცდილობს, უფლებათა მთელი პაკეტი ისე მიაჩეჩოს ბავშვებს ხელში, რომ მოვალეობათა შესახებ კრინტიც არ დაძრას, მაშინ მას ეს ბავშვები თავისუფლებისკენ კი არა, გარყვნა-გადაგვარებისკენ მიჰყავს. ჰარმონიული პიროვნება მაშინ ყალიბდება, როცა მას ბავშვობის ასაკიდანვე უფლებებს კი არა, სწორედ რომ მოვალეობებს გაუფეტიშებენ და გზადაგზა იმასაც აუხსნიან, რომ არსებობს უფლებაც, რომელიც მოვალეობათა შესრულებაში გეხმარება. მოვალეობის შეგრძნება ადამიანს ზნეობრივს ხდის, მოვალეობისგან დაცლილი უფლების მინიჭება და შეგრძნება კი რყვნის, ათახსირებს და ათავხედებს. ამიტომ წარმოათქმევინა რუსთაველმა მის უსაყვარლეს გმირს, ავთანდილს ის გასაოცარი ლოცვა, - "მომეც სურვილთა დათმობა", - რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, კანტის კატეგორიულ იმპერატივზე გაცილებით მაღლა დგას. სურვილების შესრულების ნაცვლად სურვილთა დათმობის ძალას სთხოვს არსთა გამრიგეს უმაღლესი ზნეობის განმასახიერებელი რაინდი, რამეთუ მხოლოდ ასე გაგებულ და ამ გზით მიღწეულ თავისუფლებაშია ბედნიერება და არა საკუთარი თავის შეუზღუდავობასა და აბსოლუტურ თავისუფლებაში. აბსოლუტური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მქადაგებელნი, ამ ქადაგებით, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს სპობენ, ისევე როგორც ყოვლის ნებადართულობისა და ინცესტის მქადაგებელნი, პირველ რიგში, ოჯახსა და სიყვარულს ებრძვიან.

აი, რა მიზანს ემსახურება და რისი შემადგენელი ნაწილია ეს ყველაფერი!
ინტერნეტში ვნახე რუსი მღვდელმსახურის, პროტოიერეი ალექსანდრე შარგუნისთვის საფრანგეთიდან მისი მეგობარი ღვთისმსახურის მეუღლის მიერ რამდენიმე დღის წინ მიწერილი წერილი, სადაც ნათქვამია: "არ შემიძლია არაფერი ვთქვა ევროსაბჭოს წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიულუზის კათოლიკურ ტაძარში. ესწრებოდა ოთხმოცი ადამიანი (კათოლიკეები). არ შემიძლია ქაღალდზე გადავიტანო ის, რაც იქ მოვისმინე. ეს იყო სშინელი სიზმარი. კანონი ერთსქესიანთა ქირწინებისა და ამგვარი წყვილების მიერ შვილების აყვანის ლეგალიზაციის შესახებ, თურმე, მხოლოდ დასაწყისია. ევროსაბჭოს წარმომადგენლის სიტყვებით, უახლოეს მომავალში მიღებული იქნება კანონები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან ცივილიზაციას. ეს იქნება ახალი ცივილიზაცია თავისუფლების გაცილებით უფრო სრული გაგებით. მთლიანად შეიცვლება სკოლების სტრუქტურა. ყველა ტრადიციული ღირებულება კანონიერი გზით შეიცვლება. ამიერიდან, ჭეშმარიტება იქნება არა ქრისტეში, არამედ ადამიანურ ცნობიერებაში. ბავშვი თუ ტრადიციულ კულტურულ ღირებულებებზე იზრდება, ის იზოლირებული იქნება მშობლებისგან და გადაყვანილი იქნება სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში. ახალი ღირებულებების მიხედვით, ბავშვები კი არ დაიბადებიან ქალებად და მამაკაცებად, არამედ სქესი ჩამოუყალიბდებათ დროთა განმავლობაში. მან ლექციის მსვლელობისას ბევრჯერ გაიმეორა, - გონის ჭეშმარიტება და არა ქრისტეს ჭეშმარიტება! ჰომოსექსუალიზმი იქცევა სასკოლო აღზრდის ნორმად. ევთანაზია დაკანონდება, ხოლო თვითმკვლელობა განხილულ იქნება როგორც თავისუფლების აქტი. მეშინია მამაო, ღმერთო იხსენი ჩვენი სულები. ლექციის დასრულების შემდეგ ჩემთან ერთი კათოლიკე ქალბატონი მოვიდა და მითხრა, რომ ევროპაში ბავშვების ამ გარყვნილებისგან გადასარჩენად უკვე ყალიბდება იატაკქვეშა სკოლები, მაგრამ მათ ხომ მაშინვე დააჯარიმებენ და დახურავენ, ბავშვებს კი ალბათ ჩამოართმევენ მშობლებს.
მამაო, ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ წნევამ ამიწია და მე ვკითხე ლექტორს, - ეს ყველაფერი ხომ სახარების საწინააღმდეგოა, აიკრძალება კატეხიზმო? ყოველივე ამის შემდეგ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები ქრისტიანული მორალით, ან ხომ არ გამეორდება პირველი საუკუნეების მსგავსად ქრისტეს მორწმუნეთა დევნა? დარბაზში სიჩუმე იდგა. ლექტორმა პირდაპირ მითხრა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, მაგრამ შენიშნა, რომ რუსეთში მიიღეს კანონი ჰომოსექსუალიზმისგან ბავშვების დაცვის შესახებ.
მამაო, ადრე ამას არ ახმოვანებდნენ, მაგრამ ახლა მიდის მასებზე შეტევა. ღმერთო, რა ხდება ეს?!"

გარყვნა დაშლას, დაყოფას ნიშნავს. გარყვნილი ოჯახი დაშლილი ოჯახია, გარყვნილი საზოგადოება დაშლილი საზოგადოებაა. დაყავი და იბატონე კი ძველ რომაელთა პოლიტიკური ფორმულაა, რომელიც ალბათ, კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან იღებს სათავეს. საზოგადოების დაშლის, მისი საუკეთესო დაყოფის ინსტრუმენტად გარყვნა მიიჩნიეს. გარყვნილი და გაფუჭებული პიროვნებებით ისევე ვერ აშენდება საზოგადოება, როგორც გაფუჭებული სამშენებლო მასალით სახლი ვერ აიგება. მთელი პლანეტის მოსახლეობის გარყვნას თუ მოახერხებ, პლანეტაზე გაბატონებაც არ გაგიჭირდება. ეს ის დევიზია, რომელი დევიზითაც ჯერ კიდევ ამერიკელთა სპეცსამსახურების მამა ალენ დალესი მოქმედებდა: "ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთვალოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შექვმნით ჯაშუშებს და კოსმოპოლიტებს. აი, ასე მოვქცევით ჩვენ!"
ალენ დალესმა ეს დევიზი 1945 წელს წამოაყენა და მას შემდეგ იგი მეტნაკლები ინტენსივობით მოქმედებს. ახლა კი, მთელი ძალების ამოქმედებით, ფორსირებლად გვიტევენ და, მართლა მაღალმა ღმერთმა თუ არ გადმოხედა ამ ცოდვილ კაცობრიობას, საწადელსაც აუცილებლად მიაღწევენ.

იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა, უდაბნოში ცხოვრობდა და ღაღადებდა, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მას მონანიებისკენ, მაგრამ ცხადია, რომ მის ამ ღაღადისს შედეგი არ მოჰქონდა. რისი მთქმელია სახარებისეული ეს პასაჟი? მას თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, აბსურდამდე მივალთ: რა შედეგი უნდა ჰქონოდა უდაბნოში მყოფი ადამიანის ღაღადებას, ვის უნდა შეესმინა მისი - გავარვარებულ ქვიშას, მცხუნვარე მზეს თუ უკიდეგანო ჰორიზონტს? თუ მართლა ეს შინაარია ამ პასაჟში ჩადებული, მაშინ საქმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვან მოვლენასთან კი არა გვაქვს, ერთი პიროვნების - თვით იოანე ნათლისმცემლის ტრაგედიასთან გვაქვს, მაგრამ თუ ამ პასაჟს გადატანითი მნიშვნელობით, ანუ ისე შევხედავთ, როგორც არის შესრულებული მთელი სახარება, მაშინ მართლაც უმძიმეს სურათს ვიღებთ: იოანე ნათლისმცემელი მართლა ქვიშასა და მზესთან კი არა, საზოგადოებაში ღაღადებდა, მაგრამ ის საზოგადოება და მთელი მისი ცნობიერება ისე იყო გამომშრალი და გამოფიტული, რომ არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს შეისმენდა, როგორც ვერაფერს შეისმენს უდაბნო. დღესაც ანალოგიური ვითარება გვაქვს: ევროპა მოსწყდა საკუთარ წარსულს, ისე როგორც ეს ევროპელმა ფილოსოფოსმა ოსვალდ შპენგელრმა იწინასწარმეტყველა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერილ ნაშრომში - `ევროპის მზის ჩასვენება".

"კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, - წერდა შპენგლერი, - იგი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის - ყრმობას, სიმწიფეს, სიბერეს და სიკვდილს. კულტურა კვდება მაშინ, როდესაც მისი სული განახორციელებს თავის ყველა შესაძლებლობას და დგება ცივილიზაციის ეპოქა. ყველა კულტურას თავისი ცივილიზაცია მოაქვს. იგი მოსდევს კულტურას, როგორც სიკვიდილი მისდევს სიცოცხლეს". ჩართეთ ტელევიზორი და დათვალეთ დღეში რამდენჯერ გაიგონებთ სიტყვებს ცივილიზებული დასავლეთი, ევროპული ცივილიზაცია, ცივილური სამყარო და სხვა. კვდება ევროპაო, საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ევროპელმა ფილოსოფოსმა. სამწუხაროდ, ის დიდი ევროპა, რომელმაც კუტურის, მეცნიერების, ხელოვნების ყველა სფეროში არნახული ტრიუმფი იზეიმა, ევროპა, რომელმაც მსოფლიო გააოცა გენიოსებით, ევროპა, რომელმაც აზრისა და გრძნობის თვალშეუდგამი მწვერვალები შექმნა, იმის გამო, რომ მეტი განვითარება შეუძლებელი გახდა, თანდათან სულიერი დეგრაციის გზას დაადგა, გაიხრწნა, გადაგვარდა და ზოგადასაკცობრიო ურთულესი პრობლემების მარად ორიგინალური გადაწყვეტის გზების მაძიებელ გონებას, ერთმანეთის უკანალს მიჩერებული და საკუთარ დედის სხეულზე ამხედრებული თახსირი არსებები ჩაენაცვლა.

კიდევ ერთი გადატანითი მნიშვნელობის მქონე დიდებული პასაჟი ბიბლიიდან, - `გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა ანუ აპოკალიფსისი:
ქრისტე, მეორედ მოსვლის ჟამს, უდიდეს სსაჯელს ჰპირდება კაცობრიობას, რომელიც სატანის ტყვეობაში აღმოჩნდება. შვიდი ანგელოზი მორიგეობით დასთხევს ღვთის რისხვის თასს ქვეყანას და ერთი მეორეზე უარესი, საშინელი ამბები დატრიალდება ადამიანებზე ღვთის რისხვის თითოეული თასის დანთხევისას.
"და მეშვილე დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: ა ღ ს რ უ ლ დ ა!
და იქმნა ელვა და ქუხილი და გრგვინვა და მიწისძვრა დიდი, რომლის მსგავსი არ ყოფილა მას აქეთ, რაც კაცნი არიან ქვეყნად... და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული ადგილიდან იძრა..."

ზოგიერთი იკითხავს, ხოლმე, - რა კავშირშია ერთმანეთთან ზნეობა და მიწისძვრაო. თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ თუნდაც იმ პასაჟს აპოკალიფსისა, საიდანაც ამონარიდი ახლა შეგახსენეთ, ამგვარი კავშირის დადგენა გაჭირდება, მაგრამ გამოცხადებაში აღწერილ უსაშინლეს სურათებს გადატანით მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ და წარმოვიდგენთ, რომ "გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული ადგილიდან იძრა", საზოგადოებრივ ცნობიერებებში, თითოეული ჩვენგანის გონებაში მომხდარი დამანგრეველი ძვრების სიმბოლოა, მაშინ ყოველივე თავის ადგილზე დგება. და განა რითაა პლანეტის ნგრევაზე ნაკლები საშინელება ცალკეულ ადამიანთა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნგრევა?! გამოცხადებაში იქნება ისა სწერია, რომ ღვთის მიერ დადგენილ-დაკანონებულის უარყოფა, ღირებულებათა სისტემების ნგრევა და უზენაესის წინაშე თავხედური ამბოხი, თავისთავად, უკვე აპოკალიფსი და მეორედ მოსვლაა, რომელსაც სხვა რამ სასჯელი არცა სჭირდება - საკუთარ დედასთან სქესობრივ შეწყვილებაზე მეტი სასჯელი რაღა უნდა დააწესოს ან ღმერთმა და ან ადამიანმა?!
დასავლეთში მეორედ მოსვლა დაწყებულია, მაგრამ არავინ უწყის, რამდენ ხანს გასტანს თავად პროცესი...


ვალერი კვარაცხელია

http://www.iveroni.com.ge/analitika/35687-meored-mosvla-anu-ra-aris-es-dzvirfaso-evropav.html?lang=ka-GE

Комментариев нет:

Отправить комментарий