ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 июня 2013 г.

თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში.

07-06-2013
როდესაც ინფორმაცია ვრცელდება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ, ემოციას ვერ ვერევი. ბავშვობიდან მძიმე დაღი დამაჩნია საქართველოს ”ავღანურმა” ტრაგედიამ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს საბჭოთა ერქვა და უფროსი ძმის ტოლა ბიჭების დაკეპილი სხეულები "ცინკის" კუბოებით ჩამოჰქონდათ ცეცხლში გახვეული აღმოსავლეთიდან. კიდევ ერთხელ ვარ საშინელი, ტრაგიკული ემოციის ტყვეობაში და მეფიქრება იმაზე, რაზეც არაერთხელ ამოუხეთქია ტკივილს გულიდან.
საქართველოს ისტორიაში თვლა არ აქვს საგმირო ამბებს მეფეებისა და დიდებულების შესახებ, რომლებიც სამშობლოსთვის მტერს ეწირებოდნენ, შვილებს კი მძევლებად აგზავნიდნენ მტრის კარზე.
ყველა ომში ლაშქარს, რაზმს, საბრძოლო შენაერთს თავად-აზნაურები და პირველ რიგში მეფეეები მიუძღოდნენ. მათი თავდადება კი (არ დამიწყოთ, რომ მოღალატეეებიც გვერია, ისე, როგორც ყველა ერს) საოცარ ძალას მატებდა ხალხს. მარტო ერეკლე მეფის გმირობები რად ღირს...
ამჯერად კი რა ხდება?
ყველა ომში რიგითი მოქალაქეები, რიგითი სამხედრო მოსამსახურები იხოცებიან. ჩინიანები კი როგორც არაერთხელ თქმულა, გარბიან (ბრძოლის ველიდან ან ქვეყნიდან), ან სამძიმრებს ამბობენ და სიამაყით აცხადებენ, ჯარისკაცები საქართველოსთვის დაიღუპნენ, პატივს ვცემთ მათ ხსოვნას, ოჯახების მწუხარებას ვიზიარებთ, მათ საამაყო შვილები ჰყავდათო.
თქვენ,
განურჩევლად ჩინისა და რანგისა,
თანამდებობისა და პასუხისმგებლობის ხარისხისა,
არ გინდათ თქვენი შვილებით იამაყოთ? ისინი გაუშვათ ავღანეთში, ერაყში და ა.შ. სადაც როგორც თქვენ ამბობთ, საჭირო ხდება ქართული სისხლის დაღვრა იმისათვის, რომ როგორმე შევიდეთ ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში.
თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?
აბა, წარმოიდგინეთ, არანაირი წინასაარჩევნო პიარი არ დაგჭირდებათ (თუ რა თქმა უნდა, გადარჩებით), თუ რიგითი მოქალაქეები, რიგითი ჯარისკაცები დაინახავენ, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ (კიდეც რომ გადარჩეთ, მაინც გადარჩებით, რადგან ოჯახი და სამშობლო თქვენით იამაყებს და სამუდამოდ ემახსოვრებით ყველას. იქნებ არ გჯერათ ასეთი ”ზღაპრების”, რადგან თვითონ გღალატობთ მეხსიერება ამ მხრივ?), იქ, ავღანეთის შორეულ მიწაზე, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
თუ ნატოში შესასვლელად მსხვერპლია საჭირო, განა თქვენი, როგორც ჩინიანის მსხვერპლი უფრო მრავლისმთქმელი არ იქნება მათთვის, ვინც მოწყალება უნდა გაიღოს?
აბა წარმოიდგინეთ, როგორ აუჩუყდება გული დეიდა ანგელას (მერკელს, რომელიც თურმე წინააღმდეგია ჩვენი ნატოში შესვლისა) და კიდევ ბევრ სხვას, როდესაც შეიტყობენ, რომ ავღანეთში მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოდან რიგითებს კი არ უშვებენ, არამედ მაღალი თანამდებობის პირები მიდიან, შვილებთან, ძმებთან, ნათესავებთან ერთად და ისინი უდგებიან სათავეში ასეულებს, ბატალიონებს. დავიჯერო ასეთი "მსხვერპლი" (სიკვდილი ყველას ღმერთმა აშოროს) უფრო არ გაამართლებს?
იქნებ ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ ნატოს საერთოდაც არ სჭირდება მსხვერპლი და ამიტომაც დიდ სისულელედ მიგაჩნიათ ასეთი "უაზრო" თავგანწირვა, მაგრამ ხმამაღლა ამის აღიარების გეშინიათ, ან უბრალოდ თავის ატკივებას ერიდებით?
ან იქნებ გგონიათ, რომ თქვენი დაკარგვით საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე, სხვა, ქართველი ჯარისკაცების, მაგრამ არა თქვენი ნათესავების და თქვენი შვილების სახით?
ან იქნებ არაფერი გსმენიათ ჩვენი ლეგენდარული წინაპრების შესახებ და არც ის იცით, როგორ ამართლებდა სწორედ პირველ პირთა მსხვერპლი (მეზიზღება ეს სიტყვა, მაგრამ რახან მაინც მსხვერპლშემწირველებად ვრჩებით, სხვა გზა არ მრჩება და მას მოვიშველებ).
საბედნიეროდ უთვალავია მათი სახელები. მხოლოდ მცირედს შეგახსენებთ:
ვახტანგ გორგასალი ირანის შაჰის, კავადის ლაშქართან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. მერე რა, რომ ღალატით `სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისასა~. დაჭრილ მეფეს ბრძოლის ველი არ დაუტოვებია – თავგანწირვით მებრძოლმა ქართველ მეომრებთან ერთად მრავლად გაჟლიტა ირანელები. მომაკვდავი მეფე სიცოცხლის და ვაჟკაცობის გამაძლიერებელი გახდა ერისთვის.
1556 წელს შაჰ თამაზმა ყარაბახის ბეგლარები რომ დიდი ჯარით გამოგზავნა საქართველოს დასამორჩილებლად, ქართველთა ჯარი მტერს ქვემო ქართლის სოფელ გარისთან დახვდა. ხანდაზმულმა მეფე ლუარსაბმა სარდლობა შვილს სვიმონს (შვილს, შვილს, შვილს...) ჩააბარა. თვითონ კი სხვა მოხუც დიდებულებთან და მღვდელთმსახურებთან ერთად, ერთ-ერთ გორაზე დაბანაკდა და იქედან ადევნებდა თავალს ომის მსვლელობას. უკუქცეული ყიზილბაშთა ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმი ტყეს შეეფარა და ასე აპირებდა გაქცევას. ისინი შემთხვევით გადააწყდნენ გორაკზე დაბანაკებულ მეფე ლუარსაბს და მის ამალას. მოხუცები არ შეუშინდნენ მტერს და შეებნენ მათ. გმირობის მაგალითს მეფე ლუარსაბი იძლეოდა. იარაღი შემოემტვრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვა. ცხენი ყიზილბაშთა ერთ-ერთ ცხენს დაატაკა და გადააგდო, მაგარმ მის ცხენსაც ფეხი ორმოში ჩაუვარდა. უცხენოდ დარჩენილი მეფე ყიზილბაშებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. ამასობაში სიმონ ბატონიშვილიც გამოჩნდა და ყიზილბაშთა ეს რაზმიც გაანადგურა, მაგრამ მეფე ლუარსაბი ამ ბრძოლაში დაიღუპა და დიდი პატივით მცხეთაში დაკრძალეს.
ლუარსაბ I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე გახდა სვიმონ I, რომელმაც მთავარ მიზნად დაისახა ყიზილბაშთა განდევნა ქვეყნიდან. ამ მიზანს შეეწირა კიდეც. 1569 წელს შაჰ თამაზის უზარმაზარ ლაშქართან შებმის დროს მოღალატე აზნაურის . კახაბერ ყორღანაშვილის წყალობით მცირე ძალის ამარა დარჩენილი სვიმონ მეფე დაატყვევეს და ყაზვინში გაგზავნეს. შაჰ თამზი ბევრს ეცადა დაეყოლიებინა სვიმონი გამაჰმადიანებულიყო და მის სამსახურში ჩამდგარიყო. მაგრამ მეფემ ალამუტის ციხეში გამოკეტვა ამჯობინა. ტყვეობიდან 1578 წელს გაათავისუფლეს , თუმცა, ამის შემდეგ კვლავ საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს სვიმონი ოსმალებმა შეიპყრეს და 1611 წელს სვიმონი იედიყულის ციხეში, ტყვეობაში გარდაიცვალა. ქართველებმა დიდი საფასური გაიღეს და მეფე საქართველოში ჩამოასვენეს. სვიმონ I სვეტიცხოველში მამის გვერდით დაკრძალეს.
უფრო ადრე დემეტრე II-მ მონღოლთა ყაენს მოსაკვეთად დაუდო თავი საქართველოს გადასარჩენად. დემეტრე ის მეფე იყო, დამპყრობელის ინტერესებისთვის ბრძოლაში საუკეთესო მეომრებით რომ მონაწილეობდა, თან უკანა ფალანგებს უკადრისობდა და რჩეულ ქართველებს უფლებას აძლევდა არაფრისთვის (შესაძლოა მაშინ ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ინტერესისთვის) ბრძოლაში დახოცოლიყვნენ, მაგრამ თვითონაც მათ გვერდით ან წინ იყო თავდადებული. 1289 წლის 12 მარტს, როდესაც მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს, ერმა უდიდესი ტკივილით დაიტირა.
ახლა რა ხდება?
მეფისტოლა (შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სურს, ასე შეაფასონ) პრეზიდენტი ავღანეთში, იქ, სადაც მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული სამშვიდობო ბატალიონების უსაფრთხოებისთვის, ჩადის პირადი გამოჩენის მიზნით (თუმცა, გამოჩენაც არის და გამოჩენაც. სულელი ყოველთვის სულელი რჩებაო...) და ჯარისკაცებს ეკითხება, აბა შენ რამდენი მოწინააღმდეგე მოკალიო. დიახ, მეფისტოლა პრეზიდენტი ისე იქცევა, თითქოს აზარტული თამაშების კლუბში იყოს სტრაიკბოლის ან სხვა საბრძოლო თამაშის შემდეგ შეკრებილ "მეომრებთან" და მათ "შედეგებზე შაყირობდეს". ამასთან, ამ ყოვლად გაუმართლებელი დიალოგის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს (როგორც ითქვა) პრეზიდენტის ადმინისტრაცია (უშუალოდ თუ არა, ამის უფლება ხომ მაინც მისცა ტელევიზიას ან ტელევიზიებს?) და ქართული ტელეკომპანია. ადმინისტრაციისთვის უცნობმა უშიშროების თანამშრომლებმა კაბინეტებში რაღაც საკაბელო გაყვანილობა რომ შეაკეთეს, ამაზე ადმინისტრატორმა ერთი ამბავი ჰქმნა, ვიღაც ორი კაცი მოვიდა და ”რაცხა ქნესო”. ახლა, კი, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თითოეულ სიტყვას, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი ავღანეთში ამბობდა, ადმინისტრაციას გულგრილობა დაემართა და სიტყვა კი არა და ”ყრანტალი” შეულამაზებლად მოსდეს ქვეყანას. საერთოდაც საქართველოში ხომ სახელმწიფო საიდუმლოება არ არსებობს. არადა წლების წინ, ერაყში უმცროსი ბუშის ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს, თვითმფრინავის ბორტზე ორი ამერიკელი, ცნობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა. მათ ისე მოიარეს ერაყი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, რომ როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას შეეფარებოდა, საგულდაგულოდ შეინახეს ვიზიტის მარშრუტი და ბევრი დეტალი, სანამ დელეგაცია უკან მშვიდობით არ დაბრუნდა. ალბათ გონიერი კაცი იოლად წარმოიდგენს რა სიფრთხილით გაავრცელებდნენ ვიზიტის ამსახველ კადრებსაც. საქართველოში კი სამწუხაროდ სახელმწიფოებრივი საიდუმლოება, თანაც მედია საშუალებებისთვის, საერთოდ არ ან სუსტად არსებობს. სააკაშვილის ავღანეთში ბოლო (ვიმედოვნებ უკანასკნელი) ყოფნის დროს გადაღებული საშინელი კადრების ნახვის შემდეგ გამახსენდა, პრეზიდენტმა 2012 წლის 20 თებერვალს რომ "იმარიაჟა" ავღანურ ბაზაზე. მაშინ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ახლა კიდევ...
ალბათ ოდესმე კი არა და მალე დადგინდება ვისი შექმნილია ცოტა ხნის წინ გავრცელებული საშინელი ვიდეოკლიპი, სადაც ტერორისტები ჯიჰადს უცხადებენ ქართველ "ჯვაროსნებს." ღმერთმა ქნას, მართლა ტერორისტების ნამუშევარი იყოს და არაფერი ჰქონდეს საერთო ეჭვებთან, რომელმაც საზოგადოება შეიპყრო. ვიმედოვნებ, იმასაც სასწრაფოდ გამოიძიებენ, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ვიდეოს გავრცელების და ჯარისკაცებზე თავდასხმის ამბები ერთმანეთს საეჭვოდ ოპერატიულად დაემთხვა და ალბათ კიდევ ბევრ რამეს გამოიძიებენ.
ვიმედოვნებ, საქართველოს ტრაგედია, რომელიც ავღანეთში ტრიალებს, მალე დასრულდება იმით, რომ მართლა პირტიტველა ბიჭებს (რიგითების უმრავლესობა ასეთია) ავღანეთიდან გამოიყვანთ და ჩაანაცვლებთ საკუთარი თავით, შვილებით, ნათესავებით, თქვენ ჩინიანებო, ვისაც უახლესი ისტორიიდანაც შეგახსენებთ დიდებულ მაგალითს, ჟიული შარტავა მტრისგან ოკუპირებულ სოხუმში დარჩა მამია ალასანიასთან და სხვა შესანიშნავ ვაჟკაცებთან ერთად. ჟიული წამოვიდოდა? ისინიც მშვიდობით წამოვიდოდნენ ალბათ, მაგრამ გმირობა გადამდებია და დიდი ძალა აქვს. იქნებ სურამის ციხისა არ იყოს, ნატოს კედელი საქართველოში იმიტომ ვერ ამოგვყავს, რომ თქვენნაირ "ზურაბებს" ითხოვს" ავღანეთში?!

 ეკა ლომიძე.

http://www.kvirispalitra.ge/eka-lomidzis-blogi/17440-thqveni-shvilebi-gaushvith-avghanethshi.html

Комментариев нет:

Отправить комментарий