ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 июня 2013 г.

ნანა.ილია ჭავჭავაძე.

ნანა, შვილო, ნანინა!

ნეტა რამ შეგაშინა?

რაზედ შეჰკრთი, მტირალნი

რისთვის მომაპყარ თვალნი?

ჯერეთ ხომ შენი ბედი,

გრძნობა წინამორბედი

არ უხატავს მაგ შენს თვალს

ქართველთადმი ღვთიურს ვალს!..



მაშ რაღამ შეგაშინა?

ნანა, შვილო, ნანინა!


ჯერ მინამ ხარ ყმაწვილი,

მანამ დრო მოგესწრება,

ისწრაფე, შვილო, ძილი,

ისწრაფე განსვენება!

მოვა დრო, გაიზრდები,

მკლავი გაგიმაგრდება,

შვილო, ყრმობის სიზმრები

ბრძოლაზედ გაგეცვლება.

არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


გაიგებ მამულისას,

ბედ-ქვეშ დაჩაგრულისას,

კვნესის ხმასა მწუხარეს,

შველის ძახილს მმუდარეს;

დალოცვილსა ჩემგანა

გული აგიღელდება,

შვილო, დედისა ნანა

ხმლის ჟღერად შეგეცვლება.

არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


ჰნახავ ჩვენ ბედშაობას,

ძველს ერთობას დაკარგულს,

ჩვენსა წამხდარს გმირობას

და მამულს დაობლებულს...

აინთე ცეცხლით გული,

მტერსა დაეცი მეხად,

ან, ვით შვილი ერთგული,

დააკვდი მამულს მსხვერპლად!

არ შემიდრკე მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


დედათა გული ჩვილი

მამულისთვის მაგრდება,

რად მინდა იგი შვილი,

თუ მისთვის არ მოჰკვდება!

ვისაც ძე არ შეუკლავს,

როს მამულს სჭირებია,

შვილო, იმ ვაგლახ დედას

შვილი არ ჰყვარებია!

მე ისე არ წავხდები,

ნანა, შვილო, ნანები!


ჩემის მამულისათვის

მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,

მისი სიკეთისათვის

გაგწირავ და გაბრძოლებ...

მას დედის ძუძუ ტკბილი

შხამადაც შერგებია,

მამულისთვის სიკვდილი

ვისაც დაზარებია!..

შენ ისე არ წახდები,

ნანა, შვილო, ნანები!


იცოდე, ეგ სიკვდილი

მეტი დიდი რამ არი!

უკვდავი არის შვილი,

მამულისთვის მომკვდარი!

მამულს მიგცა ზეცამა

და, თუ ზედ დააკვდები,

ნუგეშ-იცეს დედამა,

რომ კაცი კაცად ჰკვდები.

ნუგეშს ვიცემ მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


სიკვდილის წამში მამულს,

შვილო, შენ გაუღიმებ,

რომ სისხლს მისგან მოცემულს

მასვე გმირებ უბრუნებ;

აღსრულდები ღიმილით —

რომ მამულს არ უმტყუნე,

და შენ შენის სიკვდილით

მის სიკვდილი დასთრგუნე.



გაიხარებ მაშინა,

ნანა, შვილო, ნანინა!


თუ ეგრე შენ მოჰკვდები,

ნუ გინდა ნურა ძეგლი,

ისეც უკვდავ იქნები,

ვით დედის შენის ცრემლი!

ჩემი ნანა ეს არი,

შვილო, მას უერთგულე,

რაც მე სიტყვით გითხარი —

შენ საქმით აღმისრულე!

ნანა, მამულის მსხვერპლო,

პაწაწინა ქართველო!


13 აპრილი, 1859 წ.

პეტერბურგი.


Комментариев нет:

Отправить комментарий