ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 марта 2014 г.

სასულიერო პირის შემოსავლის პრობლემატიკა

ეკლესიაში მოძღვარი სულიწმიდამ ქრისტეს სამწყსოს დასამწყემსად დაადგინა. სულიერი მოძღვრის სწავლების, რჩევა-დარიგებების გარეშე შეუძლებელია ცხოვრებაში გზააუბნევლად იარო და ცათა სასუფეველს მიაღწიო. ცხადია, მოძღვრის მითითებებს უნდა ასრულებდე კიდეც, რათა უნაყოფოდ არ დარჩე. უნდა მიენდო მას, რადგან ვინც მოძღვარს ემორჩილება, ის ღვთის ნებას ასრულებს. ჩვენ კი უფალსა და სულიერ მოძღვარს ხშირად ჩვენივე დაუფიქრებლობით, უცოდინრობით ვშორდებით. ადამიანების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ მოძღვარს მრავალ საცდურთან უწევს ბრძოლა, მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოქმედებს ეშმაკი. ჩვენ კი მათ განვიკითხავთ, გამოვხატავთ უკმაყოფილებას, რისხვას, რაც თითოეულ განმკითხველზე დამღუპველად მოქმედებს. ხშირია განსჯა მოძღვრის მიერ გასამრჯელოს, ანუ შესაწირის მიღებაზე, ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილებაზე. შესაწირის ტრადიციისა და სასულიერო პირის შემოსავლის პრობლემატიკის შესახებ “ამბიონს” თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი ესაუბრა:

“თანამედროვე რელიგიური ცხოვრების ერთ-ერთ დელიკატურ პრობლემას სასულიერო პირების შემოსავალი წარმოადგენს. ბევრი ადამიანი (ძირითადად, ნაკლებად ეკლესიური) განიკითხავს მოძღვრებს იმის გამო, რომ ისინი ღებულობენ ფულს შესრულებულ საიდუმლოებებსა და წესებში და ბევრი მათგანი ძვირადღირებული მანქანებით დადის.

საინტერესოა, რას გვეუბნება ამ თემასთან დაკავშირებით წმიდა წერილი და საეკლესიო ტრადიცია, მაგრამ, სანამ თემის განხილვას დავიწყებდეთ, აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანი ყოველთვის მოძებნის განკითხვის საბაბს. ის შეგნებულად არ ხედავს მოძღვრების იმ მრავალრიცხოვან კატეგორიასაც, რომლებსაც ჯიპის ყიდვისა და შენახვის საშუალება კი არა, შემოსავლების სიმწირის გამო ხშირად სამარშრუტო ტაქსის ბილეთისა და ოჯახში პურის ფულის სერიოზული პრობლემა უდგათ.

ძველ აღთქმაში მღვდლების შემოსავლის საკითხი შედარებით მარტივად იყო მოგვარებული. უშუალოდ მოსეს სჯულში დაწვრილებით გახლდათ აღწერილი, რა რაოდენობისა და რა სახის შესაწირი უნდა მოეტანა თითოეულ იუდეველს ტაძარში და რა წილი ეკუთვნოდა იქიდან მღვდლებს საკუთარი თავისა და ოჯახების შესანახად (მეორე სჯულთა 18: 1-8 / 26: 12).


ახალ აღთქმაში სასულიერო პირების შენახვის საკითხი დაფუძნებულია მაცხოვარი იესო ქრისტეს სიტყვებზე: ერთი მხრივ, ნათქვამია: “უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით” და მეორე მხრივ – “ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა” (მათე 10: 8, 10). ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმსახურებს ეკრძალებათ, სულიწმიდის მადლი, რომელიც მათ ეძლევათ ხელდასხმის დროს, გახადონ ვაჭრობის საგნად, მაგრამ, ამავდროულად, მაცხოვარი ითვალისწინებს იმ ბუნებრივ გარემოებას, რომ სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები ხორციელ სხეულში მყოფი ადამიანები არიან და მათ, ელემენტარულად, თავის შენახვა სჭირდებათ. მაშასადამე, “სასყიდელი” აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მღვდელმა იარსებოს და შეძლოს ჩვეულებრივი მსახურება.

კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამახვილებს ყურადღებას იმის თაობაზე, რომ სასულიერო პირს აქვს უფლება, ისარგებლოს შემოწირულობებით, ხოლო მრევლი ვალდებულიცაა, იზრუნოს მოძღვრის შენახვაზე: “ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? იქნებ მხოლოდ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს სჯულიც? ვინაიდან მოსეს სჯულში სწერია: ნუ აუკრავ პირს ხარსა მლეწველსა. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? არამედ, ცხადია, ჩვენთვის ამბობს, ვინაიდან მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვის დროს მლეწველსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მოიწევს იმას, რაც ეიმედება. ხოლო თუ ჩვენ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი რამე იქნება, თუ მოვიმკით თქვენგან ხორციელს? (…) ნუთუ არ იცით, რომ ტაძრის მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ” (I კორ. 9: 7-14).

დიდი სჯულისკანონი, ასევე, ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის შემოსავლის წყაროს ტაძარი წარმოადგენს: “საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხევლის მსახურმა საკურთხევლიდან იკვებოს,” – ნათქვამია მოციქულთა 41-ე კანონში.

დღესდღეობით მართლმადიდებელი მღვდელმსახურების შემოსავლის საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადსხვანაირადაა გადაწყვეტილი. მაგალითად, საბერძნეთში ყველა სასულიერო პირი, როგორც ჩვეულებრივი საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსგან საკმაოდ მნიშვნელოვან ხელფასს იღებს თავისი ხარისხისა და განათლების დონის მიხედვით. იქაურ ეკლესიაში შემოწირულობების სისტემაც შენარჩუნებულია. ადგილობრივი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ტაძრებში დადგენილია ყველა წესისთვის შესაბამისი ფასი. რადგან სახელმწიფოს მიერ გადახდილი ხელფასი არის საკმაოდ დიდი, შესაბამისად, წესებისთვის დადგენილი ფასებიც მინიმალურია.

რუმინეთში აბსოლუტურად მსგავსი სისტემაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასები არ ფარავს საშუალო ოჯახის ყველა აუცილებელ ხარჯს, მღვდლების შემოსავლების წყაროს, ძირითადად, ისევ შემოწირულობები წარმოადგენს, ამიტომ წესებისთვის დადგენილი ფასები შედარებით მეტია.

რუსეთში სასულიერო პირებ სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, როგორც წესი, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, ყველა ტაძარში ყველა წესისთვის ჩამოწერილია ფასების სია. თვის ბოლოს დაგროვებული თანხებიდან მღვდლები და დიაკვნები დადგენილ მოჭრილ ხელფასს იღებენ.

დიასპორაში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მრევლისა და შესაბამისად, შემოწირულობების სიმცირის გამო, ხშირ შემთხვევაში იძულებულები არიან, აითვისონ კიდევ ერთი, ამჯერად, საერო პროფესია და იმით ირჩინონ თავი.

საქართველოში ეკონომიურად და სოციალურად ყველაზე დაუცველი სასულიერო პირები არიან. დავიწყოთ იმით, რომ არც ერთ მღვდელმსახურს არ გააჩნია არც ჯანმრთელობისა და არც საპენსიო დაცვა. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში და ღრმა მოხუცებულობის დროს, როდესაც ადამიანს ფიზიკურად მსახურება აღარ შეუძლია, მღვდელი და დიაკონი, პრაქტიკულად, მათხოვრის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამავდროულად, პირადად ვიცნობ საქართველოს მაღალმთიან ღარიბ რეგიონებში მოღვაწე რამდენიმე ახალგაზრდა და სამაგალითო სასულიერო პირს, რომლებიც ცოლსა და შვილებს მოხუცი მშობლების პენსიით არჩენენ.

დასკვნის ადგილას ვიტყოდით, რომ არ შეიძლება ყველა სასულიერო პირზე მსჯელობა რამდენიმე ცენტრალური (ანუ პოპულარული და შესაბამისად, შემოსავლიანი) ტაძრის მოძღვრების პრიზმით. ან თუნდაც ზოგიერთი ნამდვილად არაპატიოსანი მღვდლით, რომლებიც კანონების დარღვევითა და თვითნებურად ადგენენ უზომოდ არარეალურ დიდ “სტავკებს”.

ზოგადად, როგორც მღვდელია ვალდებული იყოს პატიოსანი და არა ვერცხლისმოყვარე, ასევე მრევლსაც ევალება ასეთივე პატიოსნება, ანუ უნდა აცნობიერებდეს, რომ მოძღვარი მისი შესანახია და არ უნდა აყენებდეს მას უხერხულ მათხოვრულ მდგომარეობაში.”


http://www.ambioni.ge/sasuliero-piris-semosavlis-problematika


Комментариев нет:

Отправить комментарий