ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 марта 2014 г.

ბერ გაბრიელს ქართველი მღვდლები არ აზიარებდნენ

“მოწამეთას” დავით და კონსტანტინეს მამათა მონასტრის ღვთის მსახურის
მამა გიორგის (ბასილაძის)

მოძღვრებანი



ბერ გაბრიელს ქართველი მღვდლები არ აზიარებდნენ

 
კითხვა: მამა გიორგი, ერთმა მოძღვარმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი არ არის წმიდანიო, რადგან მასზე არ დაწერილა არც ტროპარი და არც კონდაკიო.

პასუხი: მე ვერ გავიგე, რატომ გიხსენათ მან ტროპარ–კონდაკი?! განა ტროპარ–კონდაკი აქცევს კაცს წმიდანად?! ან კიდევ, ტროპარ–კონდაკი როგორ დაიწერებოდა ჯერ, როცა ეკლესიას ოფიციალურად არ შეურაცხვას გაბრიელი წმიდანად! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის მოძღვარი გაბრიელზე, მარა ჩემს აზრს გეტყვით – გაბრიელი უდიდესი წმიდანია ღმერთის წინაშე, ის ღმრთისგან არის წმიდანი და ვინ და როდის დაწერს მასზე ტროპარს, ამას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ გწამთ გაბრიელი, ევედრეთ მას და ნახავთ, თუ შეუშლის ხელს გაბრიელს თქვენს შეწევნაში ის, რომ მასზე ტროპარ–კონდაკის დაწერა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ზერელე და ურწმუნო ადამიანებს!

კითხვა: როდის გახდა მამა გაბრიელი წმიდანი?

პასუხი: მამა გაბრიელი კი არ გახდა, არამედ დაიბადა წმიდანად! გასაგებია?! თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ… დაღუპავთ სულს, ბაბუა!…

გაბრიელი წმიდანი იყო მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!… ის მღვდელი იყო ღმერთის თვალში მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!…

როდის უნდა გამოიღვიძოთ!… გაბრიელის დევნა არ უნდა იყოს ქართველი ერის ჩაკვირვებისა და სულიერი გამოღვიძების საგანი? ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებით?! რა დღეში ვყოფილვართ და ვართ კიდევ ჯერჯერო-ბით!…

გაბრიელს, ამ ჭეშმარიტად უდიდეს მოძღვარს, საქართველოში არ აზიარებდნენ!… მერედა ვინ, განა ისევ ქართველი სამღვდელოება არა?!.. განა ქართველი მღვდელმთავრებისაგან არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება?! რა დიდი განსჯა ამას უნდა. თავად ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე!…

რაში იყო საქმე?! ვერ სცნობდნენ გაბრიელს, თუ ვერ იტანდნენ მას?! თუ იმას იტყვიან, რომ ვერ ცნობდნენ; აი მე რას გეტყვით: სასულიერო პირი იქნება ის ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ვერ სცნობს და სულით ვერ გრძნობს წმიდანს, მიუხედავად იმისა, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს გარეგნულად წმიდანი, არ შეიძლება ჩაითვალოს სულიერ მოძღვრად! რადგან სულიერი ხედვა არ გააჩნია! ასეთ სასულიერო პირებს ცოდვილის სასუფეველში აყვანა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი აქ მიწაზე, ვერ სცნობდნენ ჭეშმარიტების სულის მატარებელს!… ამიტომ ვერავინ სასულიეროთაგან, რომელმაც გაბრიელი ვერ იცნო, ვერ იმართლებს ამით თავს.

ახლა ვთქვათ მეორე – გაბრიელი ბევრმა იცნო კიდევაც, მაგრამ დევნიდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ იყვნენ მისი სულის, რადგან კომპარტიას დამორჩილებულ სასულიერო პირებზე, რომლებსაც, ღმერთზე მეტად ცეკას მდივნების და „კაგებეს“ შიში ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების სული არ დაივანებდა!

გაბრიელი ებრძოდა ბოროტებას მაშინ, როცა ქვეყანა ბოროტების ხანაში იმყოფებოდა, და როცა სასულიერო პირები ხმის ამოღებას ვერ ბედავდენ!… გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდესი მოვლენაა! და მის პიროვნებას სულიერი მოძღვრები უნდა აცნობდნენ და ასწავლიდნენ ერს და არა ისე, ერთი–ორჯერ რომ ახსენებენ – „გაბრიელი წმიდანი იყოო“ – კი არ იყო, არამედ არის! გაბრიელ ბერი „ჩავლილი მატარებელი“ ნუ ჰგონიათ. ღმერთი აწი განაბრწყინებს მას მთელი დიდებით და თან ყველას მოსთხოვეს პასუხს მის დევნა–შევიწროებაზე. ისე, „გემოზე“ გაბრიელის დევნას ვერავინ მიჩქმალავს!… ვერც მის ღვაწლსა და სწავლებას მიაჩუმათებენ ისე, როგორადაც ეს მათ სურთ!…


გაბრიელის ძალა ყველას აქვს თავის თავზე გამოცდილი, კეთილსაც და ბოროტსაც. კეთილი ვერ ბედავდა გაბრიელზე რამეს თქმას, ბოროტი კი მძვინვარებით ანთხევდა გესლს. კიდევ ვიმეორებ – გაბრიელის ცხოვრება უნდა იქნეს სათანადოდ შესწავლილი და უნდა განემარტოს ხალხს მისი ღვაწლის ძირითადი არსი. რადგან იშვიათად არის ცალკე აღებული წმიდანი, რომელსაც ეგზომ რთულ და ბოროტ დროს ასეთი მძიმე ჯვარი და მისია ეტვირთოს ერის ცხოვრებაში.

შიმშილი, ტკივილი, სიცივე, უსახლკარობა, გლახაკობა, ქუჩა–ქუჩა წანწალი, ლანძღვა–გინება, საგიჟეთი, ციხე და დევნაგამოვლილ გაბრიელზე ისე, სასხვათაშორისოდ, უფრო კი საკუთარი „სულიერი ღირსების“ ხაზგასასმელად, რომ საუბრობენ ტანჯვაგამოუვლელი, ახალგაზრდა, ლამაზად და კოხტად მოწყობილი და თბილ ტაძრებში მლოცველი სასულიერო პირები, გული ლამის არის ამოვარდეს!…

გაბრიელ ბერი ხშირად იტყოდა გულგატეხილი – „მე ვერ გამიგო, ქართველმა ერმა“. ეს „ვერ გამიგო“ იმას კი არ ნიშნავდა, რომ დიდებასა და პატივს ითხოვდა ვინმესგან, ან ქონებასა და თანამდებობას!

გაბრიელის რომ არ ესმოდათ, დღესაც ნათლად არ ჩანს?! ბევრს წერენ გაბრიელზე, და წერენ საზოგადოების მიერვე წმიდანებზე შექმნილი „ჩარჩოების“ ფარგლებში, არა აქვთ შეტანილი ის მთავარი, რისთვისაც იბრძოდა გაბრიელი. წერენ მის სასწაულებზე და ასეთი სასწაულები სხვა წმიდანებსაც ბევრი ჩაუდენიათ. მე ყველა წიგნი და გამოცემა წავიკითხე გაბრიელზე და გეტყვით, ბევრი რამ მისი გამონათქვამებიდან შეგნებულად არ არის შეტანილი. ბევრი კიდევ გადაკეთებულია და მორგებული „ცენზურას და ჩარჩოებს!..“ ან ნუ დაწერ და თუ დაწერ, უნდა გეყოს სულიერი ვაჟკაცობა, დაწერო ისე, როგორადაც ეს თავად გაბრიელს გამოუთქვამს. მას თქვენი დახმარება და შელამაზება არ სჭირდება, მას არაფერი ეშლებოდა!… ის არასოდეს მოქცეულა ოფიციოზის ჩარჩოებში და მის გამონათქვამებს სათქვენოდ ნუ გამოიყენებთ, თორემ პასუხს აგებთ!…

გაბრიელს არ ეშლებოდა, როცა ამბობდა: „ღმერთს სამყაროში ყველაზე წმიდა ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ, დედამიწაზე – სვეტიცხოველი“. იერუსალიმი მან თქვენზე ადრე იცოდა… თქვენ ნუ „ეხმარებით“ გაბრიელს „წესის“ დაცვაში, მან იცოდა, რას ამბობდა, ეს თქვენ არ იცით, ის რას ამბობდა!… და რომ არ იცით და არ მოგეწონათ, „შეუსწორეთ გაბრიელს?!“ თუ არ გესმის გაბრიელის და არ იცი ვინ არის, რატომ წერ მასზე?! სასჯელის საქმეა ეს!…

დღეს „დამკვეთები“, ისე ალაპარაკებენ ბევრს გაბრიელზე, როგორც ეს თავად აწყობთ!… მათ სურთ ისეთი გაბრიელი გააცნონ საქართველოს როგორიც მათ აწყობთ!… მაგრამ იცოდეთ: გაბრიელს ვიცნობდით ჩვენ და მე ვიცი ვინ არის ის!… სხვაა მისი ცნობა და სხვაა მისი „ნახვა“. სხვაა მისი გაგება და სხვაა მასთან სიარული!… სხვაა მისი საქმის ერთგულება და სხვაა საფლავებზე ყვავილების მიტანა და თუნდაც საფლავის მოვლა! გაბრიელს რომ მხოლოდ ისე ექადაგა, როგორც ეს „ცენზურაგამოვლილ“ წიგნებში იწერება, რა იქნებოდა იქ გაუგებარი?!… მაგრამ გაბრიელმა ისე იქადაგა, როგორც ღმერთმა აქადაგა. ამიტომ იძახდა მამა გაბრიელი, „მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო“. და რომ ღმერთმა აქადაგა, ვინ უნდა გაბედოს მისი სიტყვების „გადასინჯვა“, „გაფილტვრა“ და საზოგადო ნორმებთან მისადაგება?!

ვინც „ტყავს“ უფრთხილდება და არა სულს, ვაფრთხილებ: გაბრიელი მალე გამოჩნდება!… გაიგეთ ეს სიტყვა როგორც გინდოდეთ, მე კი ვიცი რასაც ვამბობ!…

გაბრიელის ქადაგებებს მალე განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი – ვინც თავად გაბრიელის გამოზრდილია!… გაბრიელს წარმოაჩენს ის, ვისაც მიეცა ამის უფლება ღმერთიდან და არა ისინი, რომლებიც დავალებით ცდილობენ და ეცდებიან ამის გაკეთებას!…

ერთი მოვიდა ჩემთან და გამოკითხვა დამიწყო: „თქვენ როგორ და საიდან იცნობდით მამა გაბრიელს… მე მასთან არასოდეს მინახიხართო!“.. თავხედი!… ის გაბრიელთანაც დავალებით დადიოდა და ჩემთანაც ესე მოვიდა, საცოდავი!…

გაბრიელი, თქვენთან მჯდომი, კელიიდან გაუსვლელად, ისე მოივლიდა სამყაროს, რომ თქვენ ამის „გაგებაშიც“ არ იყავით. ის ელაპარაკებოდა სულიერად წმიდანებს ამერიკაშიც, მაშინაც კი, როცა თქვენს საუბარს ისმენდა, ხორციელად თქვენ წინ მჯდომი!… გასაგებია?!

გაბრიელის მადლი ოდნავადაც რომ შეეშვა სულში იმ უტიფარს, ასეთ კითხვას რავა დამისვამდა, არამედ სულით მიცნობდა მეც! მარა, რა უნდა ეცნო, როცა სულგაყიდული იყო!…



მამა გიორგი (მოწამეთელი)

წიგნიდან „თავნი და ბოლონი იტყვიან: გიორგი“

გაზეთი “განმათავისუფლებელი” #29

Комментариев нет:

Отправить комментарий