ღმერთი

ღმერთი

вторник, 2 апреля 2013 г.

წერილი ღმერთს.

შუაღამე იდგა.


საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.

ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.

მისმინე ღმერთო… არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.

არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.

და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…

თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?

მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.

სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.

„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.

მინაწერი:

ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий