ღმერთი

ღმერთი

вторник, 20 мая 2014 г.

დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით უსუფაშვილს

19.05.2014

ჩემო კეთილო, ბ-ნო პარლამენტის თავმჯდომარევ, გავეცანი რა თქვენს გამოსვლას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ეძღვნებოდა, როგორც ამ ეკლესიის მღვდელმსახურმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ განვიზრახე თქვენთვის პასუხი მიმეგო. 

აქედანვე, რომ ვთქვა საზოგადოდ, ეს სიტყვა იყო ცილისწამება ჭეშმარიტებაზე, გამოთქმული არაწმიდა კადნიერებით (არსებობს წმინდა კადნიერებაც), თქვენთვის დამახასიათებელი მენტორული ტონით, ამჯერად გამოთქმული უკვე არა პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ ერთმორწმუნე მართლმადიდებელთა, სამღვდელოთა და საეროთა, კრებულის წინაშე (სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნიც ბრძანდებოდნენ). აშკარად ჩანდა, რომ ვერ მალავდით აღელვებასა და გაღიზიანებას.

სიტყვის უმთავრესი აზრი, ლაიტმოტივი კი ისაა, რომ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია ზნეობრივი მინიმალიზმი, ხოლო ეკლესიისთვის ზნეობრივი მაქსიმალიზმი და თუ თითოეული გარკვეულ საზღვარს არ გასცდება, სახელდობრ: თუ "მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი, რომ არ გასცდეს თავისი ბუნებით განსაზღვრულ ფარგლებს, არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან ანუ ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია და არ შეეცადოს ეკლესიისადმი ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციას", ხოლო თუკი "ეკლესია და სამღვდელოება მოახრეხებს, რომ მისი მოქმედების დასაწყისი და დასასრული იყოს მხოლოდ ქრისტე და არ შეეცადოს მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებად კონვერტაციას" და თუკი ერიცა და ბერიც ევროპულ გზას აირჩევს მაშინ, თურმე "აღარც ღვთისმშობლის საქართველოში სტუმრობის შეგვრცხვება" (?!) - როგორც მოსწრებულად ამბობს რუსი რელიგიური ფილოსოფოსი ვსევოლოდ სოლოვიოვი, ადამიანს რომ ღორის ან ხარის თავი ჰქონოდა, ღმერთსაც ასეთად წარმოიდგენდაო. ეგეც არ იყოს თურმე საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობა "ლეგენდა და სიმბოლო ყოფილა". თუმცა ამაზე თავის ადგილას.

ციტატა
"ორი ათასი წელი იწურება მას აქეთ, რაც თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ვთვლით" - ამბობს ქარჩხაძე-უსუფაშვილი. ის, რომ საქართველო ღვთის დედის წილხვედრია, ამას არაერთი ქართულ-ბერძნულ-რუსული და ა.შ. წყარო და სიმბოლური წიგნი ამოწმებს და გარდამოცემა (მათ შორის, ათონური). ისე რომ, თავით თვისით კი არ ვთვლით, არამედ რწმენით ვიღებთ ამ საეკლესიო გარდამოცემას და სიამაყის საგნად რომ არ გვექცეს ეს წილხვედრილობა როგორც ებრაელებს დაემართათ აბრაამთან მიმართებაში, პავლებრ დავსძენდი, რომ ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილურ ნაკვთებს ყველაზე უფრო მეტი ზრუნვა სჭირდებათ და ჩვენც, უველურესი წარმართთა ტომი, გვაკუთნა საღვთო განგებამ ღვთის დედას, "უპატიოსნესსა ქერაბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა", თუმცა უფალთან არაფერია შემთხვევითი, რომელიც შინაგან ადამიანსაც სჭვრტს და გამოგვირჩია, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რათა უკანასკნელ ჟამს ჭეშმარიტება დავამოწმოთ (რაც უძველეს ქართულ-სინურ საწინასწარმეტყველო ძეგლშია გადმოცემული _ "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ", რომელიც თავის მხრივ ძველ გარდამოცემაზეა დაფუძნებული და ჩვენს განმანათლებელს წმინდა ნინოს უკავშირდება) და შევიცანით რა ჭეშმარიტება, არასოდეს გვიღალატია მთელი ამ ორიათასწლოვანი ქრისტიანობის პერიოდში. თქვენ კი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობთ: "და ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდით მაღალ არსს. პირიქით, ჯიუტად და შეუპოვრად სულ იმას ვცდილობთ, უკან-უკან ვიაროთ; იმ ზომამდე, რომ დროდადრო სულიერი თვითმკვლელობის მცდელობაც კი გვაქვს". ეს თქვენი კერძო აზრი და შეხედულება უდიდესი ცილისწამება და შეურაცხყოფაა არამარტო აწინდელი ჩვენი ეკლესიისა და იერარქიისა, არამედ მთელი ჩვენი ქრისტიანი წინაპრებისა, წმინდანებისა: ათიათასობით და ასიათასობით რომ ეწამებოდნენ ქრისტესთვის და მამულისათვის. ღმერთშემოსილი მამებისა, მეფე-დედოფალთა, მთავართა, ბრძოლის ველზე მოწყვეტილთა, რომელნიც ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის ანდერძისაებრ ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდნენ. ამათგან ერთნი სისხლით მოწამენი არიან და სხვანი უსისხლო მოწამენი. აღარას ვიტყვი, რომ თქვენი ამ ნათქვამით ეჭვი შეგაქვთ საღვთო განგებულებაში, სულთმოფენობას ყოვლადწმიდას რომ არგუნა ქართლის ქვეყანა. თურმე, თქვენი მსჯელობით, შესცდა უფალი ღმერთი. რაოდენი კადნიერებაა!

თქვენ (ქარჩხაძე-უსუფაშვილი) ამბობთ: "თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა, გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული". სავსებით მიამიტი მსჯელობაა. არგუნა რა უფალმა თავის ყოვლადწმიდა დედას საქართველო თავისი მადლითა და განგებულებით (განგებულება ღვთის მზრუნველობაა ადამიანის საცხოვნებლად, ამ შემთხვევაში ქართველთა ნათესავზე), ეს მან უმჯობესად განიგულა ჩვენი ერის ცხონებისათვის, რომელსაც, იმავ დროს, "ეროვნული მისიის გასაღებიც" მისცა ამ გზით, როგორც თავადაც ამბობთ.
რაც შეეხება თქვენ დარწმუნებას იმაში, რომ, თითქოს, ყოვლადწმიდას რომ მოესურვებინა ჩვენი ქვეყნის ნახვა, სადაც ნახავდა რა, "მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავდა (რა) მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით იხოცებიან; ნახავდა (რა) ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობას თამაშობენ და რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, უარს იტყოდა. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება". პირველ ყოვლისა, ეს არც ლეგენდაა და არც სიმბოლო (ღვთისმშობლის წილხვედრილობა), არამედ საეკლესიო გარდამოცემა, რაც ისეთივე ავტორიტეტია ეკლესიაში როგორც "საღვთო წერილი" და "სჯულის კანონი".

მეტსაც გეტყვით: ზემოჩამოთვლილ ცოდვილთა გვერდით ყოვლადწმიდა ქალწული და მისგან ხორცშესხმული ქრისტე იესუ ხედვენ ასევე: უკიდურესად ზნედაცემულ ქართველობას: სიძვა-მრუშებით, სოდომით (რომელიც თქვენ ახლახანს დააკანონეთ), ანგარებით, განცხრომისადმი მიდრეკილებით, სარწმუნოების ღალატით, სამშობლოს გაყიდვით (არა მხოლოდ მის მიწებს ვგულისხმობ), გაუთავებელი და საყოველთაო ღრეობით, მემთვრალეობით, ნარკომანობით, აზარტომანიით და სხვ. ნახავდა ხელისუფლებაში მოსულ და დანიშნულ ადამიანებს (უწინ ჩრდილოეთიდან, აწ დასავლეთიდან), რომელთა საგრძნობი ნაწილი არის ყოვლადუღირსი, უზნეო, გახრწნილი, გარეწარი, მამონას მონა, თქვენივე შეფასება რომ ვიხმარო "უსულო (უღირებულებო, უადამიანო) კანონების" შემომღებელნი, მტერ-მოძულე საკუთარი ერიშვილებისა და სხვ. და მიუხედავად ამისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არასოდეს იტყვის უარს ღვთის განგებულებით მისდამი წილხვდომილ საქართველოსა და ქართველ ერზე. ელემენტარულადაც რომ იცნობდეს კაცი ქრისტიანულ სწავლებას, არათუ არ იტყვის, თავში აზრადაც არ მოუვა მსგავსი მკრეხელობა.

ერთხელ ლოცვის ჟამს, ერთი წმინდა მამა გამოცხადებამ მოიცვა, ანგელოზმა აიტაცა ზეცად. სასუფევლის ყველა სანახი მიმოატარა რა, წმინდა მამამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ვერსად ნახა. დიდად განცვიფრდა და ანგელოზს დაეკითხა: იქ, დედამიწაზე, ჩვენ ღვთისმშობელს ყველაზე მეტ პატივს მივაგებთ ყოვლადწმიდა სამების შემდეგ და ნუთუ იგი სასუფეველში არაა? ანგელოსმა უპასუხა: იგი ყველაზე ახლოსაა ღმერთთან და მას განსაკუთრებული, უმწვერვალესი, სავანე აქვს ღვთის ნებითა და მადლით სასუფეველში, მაგრამ ყველა წმინდანდზე უფრო ხშირად ტოვებს ამ სიტკბოებას და ცოდვილ დედამიწაზე ჩამოდის განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად".

და რა იქნება საკვირველი იმაში, ჩემო კეთილო, რომ თავისი წილხვედრი საქართველოც ენახა და არა უბრალოდ მოენახულებინა, არამედ მრავალგზის ეხსნა განსაცდელთაგან, რასაც მთელი ჩვენი ისტორია და საღვთო გამოცხადებებიც ამოწმებს.
თუ მაინცდამაინც მისგან ჩვენი ქვეყნის უნახველობა გაფიქრებთ მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს, მას ამ თვალსაზრისით არც კიევ-პეჩორა უნახავს და არც ღვთისმშობლის გამოცხადების საფუძველზე, წმინდა სერაფიმ საროველის მიერ დაარსებული დივეევოს სავანე. თუმცა მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ქალწულის ოთხ წილხვდომილს იცნობს: იბერიას (აწინდელ საქართველოს), ათონს, კიევ-პეჩორასა და დივეევოს.

... თუმცა ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები იყო: ლაზარე საქართველო უნდა მომკვდარიყო, სიმყრალის სუნი დასდებოდა და მერმე ოთხდღემკვდარყოფილი უნდა აღსდგეს.

საქართველო, შეიძლება ითქვას, მოკვდა, საქართველო ყარს, მაგრამ საქართველო აღსდგება მკვდრეთით…

დღეს ჩვენი ერიშვილები უდიდეს ზნეობრივ დაცემას არიან მიცემული, მაგრამ ისინი ჩვენ გვიყვარან.

უფალი გვასწავლის ცოდვა გვძულდეს, ხოლო ცოდვილი ადამიანი გვიყვარდეს
სინამდვილეში ერთი მტერი გვყავს - ცოდვა!

ისეთი დიდი ვნება, რაც უკანასკნელმა ოცდაორმა წელიწადმა მოუტანა საქართველოს, სწორედ ჩრდილოეთისა და დასავლეთის გამოისობით, ვნება პირველ ყოვლისა - ზნეობრივი, მისთვის არც არაბობას მოუტანია, ვფიქრობ, არც მონღოლობას, არც დიდთურქობას, და არც თავად ბოლშევიზმს.

ამოცანა
ცივილიზაციური კონტექსტი

"დასავლურმა ცივილიზაციამ", რომელიც "ბერძნულ-რომაული ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრეა", რამდენიმე წლის წინ ე.წ. ევროპულ ღირებულებათა ქარტიაში ერთი სიტყვითაც კი არ ახსენა ქრისტიანობა, თითქოსდა, იგი ევროპის კონტინენტზე არც არასდროს არსებულა, თითქოს იგი სწორედ ქრისტიანობიდან არ მომდინარეობდეს. ან რას ნიშნავს აშშ-ის, რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველის, ბჟეზინსკის განცხადება, რომ ჩვენ დაგვრჩა ასაღები ერთადერთი ბასტიონი - მართლმადიდებელი ეკლესიაო. გვახსოვს, როგორ ცვიოდა სერბეთის თავზე ბომბები აღდგომა ღამეს (და არამარტო მაშინ) ცინიკური წარწერებით: "გილოცავთ სერბებო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს" და ამ ბომბების ქვეშ არა მხოლოდ სერბი ჯარისკაცები იხოცებოდნენ, ხოლო მადლენ ოლბრაიტის სარკასტული განცხადება ამასთან დაკავშირებით ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

თქვენ ამბობთ: "რუსული პროპაგანდის გავლენით საზოგადოებისა და საეკლესიო წრეების ნაწილში ყალიბდება სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ "დასავლეთი არის მართლმადიდებლობის მტერი". და თუ ეს ასეა მაშინ გამოდის, რომ "კომუნიზმი და იმპერიალიზმი ყოფილა მართლმადიდებლობის დამცველი". თუკი საზოგადოების ნაწილში ამგვარი შეხედულება ყალიბდება დასავლეთზე, ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა, თავად დასავლეთის პოლიტიკაა საზოგადოდ და კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვახსოვს წნეხი ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოზე და თავად პატრიარქის პიროვნებაზე (და არა მხოლოდ მის პიროვნებაზე) ამ უკანასკნელი ოცდაორი წლის განმავლობაში. გვახსოვს თუ როგორ ურტყამდა მაგიდაზე მუშტებს ე. შევარდნაძე და განრისხებული აძლევდა ბრძანებას უშიშროების ორგანოებს: - ჩაერიეთო ეკლესიის საქმეებში (რაც ტელევიზიითაც აჩვენეს). მეორეს მხრივ კი ეკლესიასთან შეთანხმებაზე აწერდა კონკორდატზე ხელს. რა არის ეს, თუ არა "მათრახი და თაფლაკვერა". ან როგორ იქცეოდა "დასავლეთის შუქურა" და მისი რეჟიმი ეკლესიის და ჩვენი ხალხის მიმართ. ფსევდოლიბერალების მცდელობა ეკლესიაში მოდერნიზაცია დაწყებულიყო (გაიხსენეთ რა კითხვა დაუსვეს "რუსთავი 2-ზე" ახლადნაკურთხ ეპისკოპოს ზენონს (იარაჯულს) სწორედ ეკლესიის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით)…

კომუნიზმი რომ მართლმადიდებლობის დამცველი არ იყო, ეს ჩვენ გვახსოვს. მაგრამ მათსა და ფსევდოლიბერალებს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი ზათქით მოდიოდნენ იერიშზე და დაუფარავად, ხოლო დასავლელი ბოსები და მათი აქაური თანამოაზრენი ამას უფრო ფარისევლობითა და შეფარვით აკეთებენ. ბევრი მოყვარული ჰყავს ჩვენში მწვანე დოლარებს.

კომუნიზმიცა და ფსევდოლიბერალიზმიც ერთი და იმავე იანუსის სხვადასხვა სახეა. იძულებულს გვხდიან არჩევანი არა სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის გავაკეთოთ.

რაც შეეხება თქვენგან აქ ხსენებულ "გლობალურ პროცესებს", ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს, წმინდა წერილისა და მამათა წინასწარმეტყველებების მიერ, გვესმის თუ ეს რა პროცესებია: ევროკავშირის შემდეგ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი მსოფლიო სახლი, საერთაშორისო ხელისუფლებით, რასაც მამათამიერ ანტიქრისტეს რეჟიმი ეწოდება. იზრდება საყოველთაო ელექტრონული კონტროლი, საყოველთაო თვალთვალი (არც ჩვენთან აკლებენ, რაზედაც აჟიოტაჟია ატეხილი საზოგადოებასა თუ მასმედიაში), რაც დასრულდება საყოველთაო ჩიპიზაციით (ადამიანის შუბლსა თუ მარჯვენა ხელში ჩანერგვით). ეს იქნება ზომბირებულთა ახალი მსოფლიო სახლი. მართებული იქნება მოვიგონოთ აქ, ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის სევდანარევი სიტყვები:

"ასე მთავრდება ეს წუთისოფელი,
ასე მთავრდება ეს წუთისოფელი,
ასე მთავრდება ეს წუთისოფელი,
არა გრიალით, არამედ სლუკუნით"

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი უძლური ხელით ანტიქრისტეს მსვლელობას ვერ შევაჩერებთ (აკი ევროკავშირის შექმნაზე, საუკუნეებით ადრე, ხუთი სხვადასხვა წმინდა მამა წინასწარმეტყველებდა. ხოლო როდესაც ევროკავშირი შეიქმნება, მალევე მოაწევს უფლის დიდებით დაბრუნება და საყოველთაო სამსჯავრო. - ადამიანები ისე აზროვნებენ და მოქმედებენ, თითქოს ღმერთი არც არსებობდეს), მაგრამ ეს როდი ნიშნავს რომ ჩვენ უმოქმედოდ უნდა ვისხდეთ.

ეკლესია და სახელმწიფო
ამ ქვეთავში თქვენ საუბრობთ "ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვან ურთიერთობის ისტორიასა და იმაზე, რომ აწინდელ სახელმწიფოსა და ეკლესიას არა აქვთ ურთიერთობის გამოცდილება." აქ თქვენ აიგივებთ უწინდელ და აწინდელ სახელმწიფოებს. ეს სახელმწიფოები არსებითად და თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

უწინდელ ქართულ სახელმწიფოს მართლმადიდებელი მირონცხებული მეფე ედგა სათავეში - ეკლესიის გარე ეპისკოპოსი, ხოლო ეკლესიას, როგორც ამჟამადაც, - კათოლიკოს პატრიარქი, - ეკლესიის შიდა ეპისკოპოსი, ამ ორი ეპისკოპოსის, ამ ორი ღვთიური საწყისის, აარონულისა და სამეფოს, სიმფონიური ხელისუფლებით იმართებოდა იმდროინდელი საქართველო, რომელსაც ღვთის განგებულებით ზღვა-ოკეანე მტრებისა (განსაკუთრებით მუსულმანურის) გარემოცვაში უხდებოდა თავის გადარჩენა. ღვთის კაცთმოყვარებით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველქვეშ, ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრების უდიდესი თავდადებითა და სიმამაცით, ღვთისა და ქართული მეობისათვის, აქამდის მოვაღწიეთ.

განსაკუთრებით მძიმე ბოლო ორი საუკუნე: რუსის ჩექმა, გარუსების მცდელობა, მენშევიკები-ბოლშევიკები.

უწინ გვარუსებდნენ, აწ გვაამერიკელებენ ("ჩასწვდით ამერიკის სულს"). ამ ბოლო ოცდაორ წელიწადში გასაოცრად შეიცვალა ქართველობა: უკიდურესი გარყვნილება, განცხრომის, ავხორცობისა და აზარტის დაუოკებელი ჟინი. აკი "დემოკრატიის შუქურამაც" განაცხადა ომახიანად 2012 წლის არჩევნების წინ, რომ 2020 წლისათვის ქართველებს მენტალიტეტი სავსებით შეცვლილი ექნებათო. გრძელდება "ახალი ქართველის" გამოყვანა: ზნედაცემული, განცხრომის მეძიებელი ადამიანისთვის, სულერთია ყოველივე ქართული: მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც. თანამედროვე დამპყრობელთა ახალი დევიზი: გადააგვარე და იბატონე! მათი ჩანაფიქრის შესრულებას დიდად უწყობდა და უწყობს ხელს პროდასავლური ე.წ. "თავისუფლების ინსტიტუტი", სათავეში ძმები ბერძენიშვილებითა და მისი რუხი კარდინალით - რამიშვილით, ესაა სათბური ადგილობრივი რენეგატებისა და მანქურთების გამომყვანი, რომელსაც მისი საქმიანობიდან გამომდინარე საქართველოსა და ქართველი ხალხის "დამონების ინსტიტუტს" ვუწოდებდით. დამონების ამ პოლიტიკას დასავლეთის მხრიდან დიდად უწყობენ ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებიც - ყორღანაშვილების საზოგადოებანი.
რაღა უნდა ითქვას საერთაშორისო მასონურ ორგანიზაციებზე, როგორებიცაა: სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ. რომელნიც დასავლეთისადმი აკაბალებენ ჩვენს ქვეყანასა და აბორიგენებს.

რა ვთქვათ წართმეულ შრომის უფლებაზე, რაზედ კურთხევაც ჯერ კიდევ უფალმა საბაოთმა სამოთხეში მოგვცა ჩვენს პირველმშობელთა სახით…

მაგრამ ადამიანი არის კია ამგვარი არსება. ვიტყვი დიდ იოანე ოქროპირთან ერთად: "ძნელია თქვა ზოგიერთ ადამიანზე, რომ ის ადამიანია… მართალია ყველა გავს ერთმანეთს, გარნა არა სათნოებით, არამედ მხოლოდ იერით; მაგრამ ამაში როდი მდგომარეობს - ადამიანი, არამედ იმაში, როდესაც ვინმე, განშორდება რა უკეთურებას, იღწვის სათნოებაში". ამიტომ, ამ ოცდამეერთე საუკუნეში ჭეშმარიტ ლიბერალთან, დიდ ილიასთან ერთად ვსვამ კითხვას:
კაცია-ადამიანი?!
და ეს არის შედეგი, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელი ოცდაორი წლისა.
. . .
ამავე ქვეთავში ამბობთ: "ქრისტე ჯვარს-აცვა "უსულო" (უღირებულებო, უადამიანო) კანონებზე დაფუძნებულმა სახელმწიფო სისტემამ". ვერ დაგეთანხმებით. ქრისტე ჯვარს-აცვეს გარეგანმა, ფარისეველმა, ფანატიკოსმა (ფანატიკოსი - ესაა მორწმუნე, რომელსაც არ გააჩნია ყველაზე არსებითი - სიყვარული) იუდეველებმა, რომელნიც ამის გამო, დღემდის, სჯულის კანონში, ქრისტეს მკვლელებად იწოდებიან. რაც შეეხება პალესტინაში რომაული ხელისუფლების იმდროინდელ უმაღლეს წარმომადგენელს - პილატე პონტოელს, იგი მრავალფერად ეცადა ქრისტესთვის ჯვარცმა აერიდებინა და ბოლოს, აღბორგებულმა იუდეველებმა დააყენეს რა არჩევანის წინაშე: მთავრობისმოყვარება, ან ჭეშმარიტება (ქრისტე), მან მთავრობისმოყვარება ამჯობინა, თუმცა ფორმალურად ხელი დაიბანა იუდეველთა წინაშე.

რაც შეეხება ამ ბოლო ოცდაორი წლის განმავლობაში მიღებულ კანონებს, როგორ ფიქრობთ, ისინი "სულიერი, ღირებული, ადამიანური-ა"? ან თუ გნებავთ, პირადად თქვენი და თქვენი პარლამენტის მიერ მიღებული, თუნდაც ყბადაღებული: - "ანტიდისკრიმინაციული კანონი", "რომელიც უკანონობის დაკანონებაა, და არც ერთი მორწმუნე (არა მარტო მართლმადიდებელი - დ.ა.მ.) მას არ მიიღებს" - როგორც განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. ან თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი, რომელიც ასევე, საყოველთაო განხილვის გარეშე, გსურდათ მიგეღოთ აჩქარებით, და მიიღებდით კიდეც, თუ არა პატრიარქისა და ქართველობის მცდელობა, და როგორც ხალხში ვრცელდება, პრემიერ-მინისტრის დამსახურება (რომლის ჩანაცვლებასაც, როგორც ჩუმად თუ ხმამაღლა საუბრობენ, სხვა პოლიტიკოსით აპირებენ).

ერთ რამეში ნამდვილად გეთანხმებით: "უსულო" კანონის უზენაესობა ყველაზე დიდი ბოროტებაა" და ეს ბოროტება უკვე ოცდაორი წელიწადია გრძელდება საქართველოში. თუმცა სასოებას მოვისხამ და ანდაზურად ვიტყვი: - როცა ჭილ-ყვავები ჩხავილს მორჩებიან, გედები მერე ამღერდებიან! ხოლო თუ იტყვიან, რომ ეს გედის უკანასკნელი სიმღერა იქნება, ვუპასუხებთ: გედის ერთადერთი სიმღერა სჯობს სიკვდილის წინ, ყვავის ამაზრზენ გაუთავებელ ყრანტალს.

გედის უკანასკნელი სიმღერა იყო მერაბისა და ზვიადის თაოსნობით დაწყებული ეროვნული მოძრაობა. აკი, მამა ბუშის შეფასებით, ზვიადი და მაშასადამე ეროვნული მოძრაობა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა იყო, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის (რელიგიაში ეკუმენიზმის) კონტექსტიდან ამოვარდნილი; რომელმაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა მოიტანოს დედამიწაზე.

"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი"! - მდაბიურად რომ ვთქვა: - ფუი, ასეთ სიცოცხლეს!
და ნაზრახი სიცოცხლეა ქართველობის საგრძნობი ნაწილის სიცოცხლე, ძაღლუმადური, და ეს მოუტანა მას თქვენეულმა "შოკურმა თერაპიამ" და ყოველივე მიმყოლმა! და განა ცინიზმი არაა ამის შემდეგ განაცხადოთ, რომ თქვენ "შექმნით ისეთ სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს ეროვნულ იდენტობას და პიროვნების თავისუფლებას", ანუ თარგმანში: - ეროვნულ გადაგვარება-გაქრობასა და დეგრადირებული არსებების აღვირახსნილობას. უახლეს მაგალითად მოვიყვანდი თუნდაც ყირიმული კაძანტიპის სოდომური "ქვაბის ფსკერის" ანაკლიაში გადმოტანის ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას, რაზედაც ოფიციალურად განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ (იხ. "საპატრიარქოს უწებანი" #19/719). "კაძანტიპი" არის არაგლამურული გარყვნილების ბუდე, ჰომოსექსუალების გართობის ადგილი, სადაც ყვავის ნარკომანია და ჩრდილოვანი ეკონომიკა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებასთანაცაა კავშირში პარლამენტის მიერ ნაჩქარევად მიღებული ე.წ. "ანტიდისკრიმინაციული კანონი". რას დაამსგავსეთ ღვთისმშობლის წალკოტი, მისი წილხვედრი საქართველო. ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო საცნაურდება რისთვის გჭირდებოდათ ე.წ. "ლაზიკას" აშენება - გარყვნილების ინდუსტრიით ხომ ფანტასტიკურ შემოსავალს მიიღებთ. ამ ე.წ. "კაძანტიპის რესპუბლიკის" ვითომცდა პრეზიდენტი ნიკიტა I მხოლოდ ერთ სეზონურ თვეში 10 მილიონს იღებს შემოსავალში, სულ რაღაც 10 ჰექტარ ზღვისპირა მიწაზე.
სინამდვილეში სწორედ ესაა თქვენეული, "დასავლური" დემოკრატია და ლიბერალიზმის ნამდვილი სახე. რაც შეეხება ჩრდილოეთსა და დასავლეთს, ესენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბოროტების ორი ნაირსახეობაა - "ალია და ჩალია, ორივე თათარია". "წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი". რა ბედენაა, - "მგელი შეგვჭამს, თუ მგლის ფერი"!

თქვენ აგრძელებთ: "არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით ნაცვლად კონსტიტუციისა". ვერც აქ დაგეთანხმებით. მოვიგონებდი, თუ როგორ მართავდა უფალი საბაოთი ბიბლიით მსაჯულთა მიერ თავის რჩეულ ერს. ესაა თქვენეული ცილისწამება თავად ღმერთზე! რა თქმა უნდა დასავლურ-ლიბერალურ-დემოკრატიული მსოფლმხედველობა შეუთავსებელია ბიბლიურ სწავლებასთან, რადგან იგი არსით ათეისტურია, ამიტომ რიღასთვის ამბობთ ამავე სიტყვაში, რომ "ქრისტიანობისგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებაზე დაფუძნებული ფასეულობათა სისტემა (ფაქტია, დღემდე ვერსად ვერ შეიქმნა), რაც, თავის მხრივ აუცილებელია თავისუფლებაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად". ეს, რბილად რომ ვთქვათ, თვალთმაქცობაა, ფარისევლობაა. და ბოლოს: თუკი, თქვენის აზრით, "ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით", და, თუ თქვენეული (ლიბერალურ-დემოკრატიული) "სახელმწიფოს ამოცანა არ არის ადამიანის მიყვანა სასუფევლამდე, ეს არ არის სახელმწიფოს საქმე", მაშინ ბუნებრივად მებადება ქრისტიანს კითხვა: რაში მარგია ოცსაუკუნოვან მართლმადიდებლურ საქართველოში ასეთი სახელმწიფო, ამგვარი ხელისუფლება (არსებითად უღმერთო, ხშირად თავის გამოვლინებაში ღვთისმბრძოლიც); რა განსხვავებაა თქვენსა და ბოლშევიკებს შორის. მაშ გაუმარჯოს მირონცხებულ მართლმადიდებელ მეფეს, ეკლესიის გარე ეპისკოპოსს, რომელიც ეკლესიასთან ერთად მოამზადებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ზეციური მოქალაქობისთვის, მარადიული სიცოცხლისთვის!

ეს ასეც იქნება. თავის დრო-ჟამს ("ჟამი" ძველქართულად "კეთილ დროს" ნიშნავს), აღდგება ჩვენთან მირონცხებული მეფობა, როგორც ნაწინასწარმეტყველებია ესაია წინასწარმეტყველთან, და როგორც განმარტავს ამას ბერძენი მამა კირილე ლავრიოტისი, რომელმაც თავისი სიცოცხლის სამი მეოთხედი ეგზეგეტიკურ-საწინასწარმეტყველო ლიტერატურის შესწავლას მოანდომა, და როგორც წინასწარმეტყველებდა ჩვენი დროის უდიდესი მამა გაბრიელ სალოსი და აღმსარებელი, მაგრამ მანამდე ლაზარე-საქართველო უნდა მომკვდარიყო, სიმყრალე უნდა დასდებოდა (სწორედ ამას განვიცდით ამჟამად), ხოლო მირონცხებული მეფის გამოჩენა მისი აღდგომის დასაწყისი იქნება, როცა მეფე და პატრიარქი სიმფონიურად დაჰმწყსიან ჩვენს მართლმადიდებელ ერს...

მანამდე კი მძიმე გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ იმ დროებაში შევდივართ, როცა წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველის წინასწარმეტყველებისაებრ (შეიძლება, რუსი წმინდანებიდან ციტირება, ამასაც ტაბუ ხომ არ ადევს?) ყველა ეშმაკი ჯოჯოხეთიდან დედამიწაზე ამოვა ადამიანთა საცთუნებლად და ამ დროის ადამიანები თავიანთი გაბოროტებით თვით ეშმაკსაც კი გადააჭარბებენ. მაგრამ არ გაგვწირავს უფალი მისთა მსასოებელთა, მან წინასწარ გვამცნო მოსალოდნელი განსაცდელებისა და კატაკლიზმების შესახებ და გზაც დაგვისახა მათგან თავდახსნისა. მარტივად რომ ვთქვათ: თავად იგია გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. იგია კარი სამოთხისა _ სამოთხეს, უბრალოდ, სხვა კარი არ აქვს. შეიცანით, საყვარელნო, ჭეშმარიტება (ხორცშესხმული ჭეშმარიტება - ქრისტე) და იგი გაგათავისუფლებთ მონობისაგან! სოლომონისეულად რომ ვთქვათ: ლიბერალები სხვას აღუთქვამენ თავისუფლებას (ყოველგვარს, მათ შორის სინდისისაგან განთავისუფლებას) და თავად რჩებიან ცოდვის მონებად. ბრმა ბრმას მხოლოდ მთხრებლში შთააგდებს!
ბ-ნო დავით, თქვენ გვთავაზობთ სამღვდელოებას "ჩავატაროთ სიმპოზიუმი 21-ე საუკუნეში ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ (შეცდომაა. უნდა იყოს "საქართველოს") მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის საფუძველზე და პერსპექტივებზე. მერწმუნეთ, ამით მრავალი ტიპის ფობიას დავძლევთ (რუსოფობიასაც? - დ.ა.მ.) ყველანი და უამრავ დროს და ენერგიას გამოვათავისუფლებთ ქვეყნის შენებისთვის".

სიამოვნებით. ოღონდ ამასაც დავსძენ: ჩვენ საკმარისზე კარგად შევისწავლეთ აწინდელი "ქართული სახელმწიფოს", ხელისუფლების წარმომავლობა და მართალია თქვენ ამბობთ, რომ "საქართველოში, ერშიც და ბერშიც, განათლებისა და კვალიფიკაციის უდიდესი დეფიციტია" და თურმე, როგორც თქვენ იტყვით "ქრისტეს არაფერი უთქვამს სახელმწიფოზე, კულტურაზე, საზოგადოებაზე, ერზე, ისტორიაზე, უფლებებზე", მაგრამ მინდა აქაც დავძინო, რომ ერშიც და ბერშიც საკმაოდ არიან განათლებულებიც, სულიერებიც და კვალიფიცირებულნიც და სწორედ ამიტომ გვსურს შექსპირის, დანტეს, სერვანტესის და ა.შ. ევროპასთან ერთობა და არა ჯოჯოხეთის ფსკერზე დაშვებულ სოდომიტებთან და მათ ბოსებთან და ა.შ.

გულისხმიერად შეისწავლეთ "ბიბლია" (როგორც ახალი, ასევე ძველი აღთქმის წიგნები), სასურველია წმინდა მამათა გამოთარგმანებით, და თქვენ დარწმუნდებით, რომ ღმერთს, ამ საღვთო გამოცხადების წიგნებში, ბევრი და არსებითი რამ აქვს ნათქვამი უშუალოდ, თუ თავის რჩეულთა მიერ (როგორებიც არიან მოსე, თექვსმეტი წინასწარმეტყველი, მოციქულნი) "სახელმწიფოზე, კულტურაზე, საზოგადოებაზე, ერზე, ისტორიაზე, უფლებებზე" და კიდევ უამრავ რამეზე. აი, მაშინ კი შეიძლება "ჩავატაროთ სიმპოზიუმი 21-ე საუკუნეში ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის საფუძვლებზე".

სანამ ღვთისმშობელი გვესტუმრებოდეს...
სამი რამ არის აუცილებელი, როგორც მსოფლიო მამა და მასწავლებელი, კაბადუკიელი ქართველი, გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რათა ადამიანი ცხონდეს:
1) ჰქონდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელსაც ცრუმოძღვრებათაგან განსასხვავებლად წმინდა მამებმა, მართლმადიდებლობა უწოდეს, ე.ი. მართალი სარწმუნოება;
2) მხოლოდ გულში არ დავიმარხოთ ეს რწმენა, როგორც ღვთივდიდებული პავლეც გვასწავლის, არამედ ვიყვნეთ მისი აღმსარებელნი ვიდრე თუნდაც მოწამეობამდე, ვიდრე სიკვდილამდე, როგორადაც ცხოვრობდნენ ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრები, ეძებდნენ რა ქრისტესთვის სიკვდილს დიდი ვახტანგ გორგასალის ანდერძისამებრ;

3) მივსდევდეთ წმინდა და უბიწო ცხოვრებას, რომელსაც დიდმა იოანე ოქროპირმა ერთადერთი ჭეშმარიტი სიბრძნისმეტყველება, ანუ ფილოსოფოსობა უწოდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილთ, მის შვილობილებს, არ გვეკადრება ამ სიცრუის, ღალატის, ანგარების, გარყვნილების და სხვ. წუმპეში გდება. ჩვენთვის მაგალითი არ უნდა იყოს, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დღეს სწორედ ამგვარ წუმპეშია. მიხედეთ ბიბლიურ - მართალ ნოეს, რომელიც ერთი მხოლოდ გადაურჩა წარღვნის მრისხანე წყლებს; ყველა სინდისის საწინააღმდეგო გზას ადგა, ის კი - ერთადერთი, მიაბიჯებდა სიმართლის გზით, და არაფრად აგდებდა სხვებისგან არც დაცინვას, არც დამცირებას, არც მუქარას და არც რაიმე სხვას, რასაც ცოდვილი ადამიანები აქცევენ ხოლმე ყურადღებას. "ნოემ გარყვნილთა ეგეოდენ სიმრავლეში ადამიანის ხატი შეინარჩუნა, იმიტომ რომ ადამიანი ისაა, ვინც სათნოებაში იღწვის. არათუ ის, რომ ჩვენ ადამიანური იერი გვაქვს - თვალებიც, ცხვირიც, ბაგეებიც, ყვრიმალებიც, და სხვა ასონი. რამეთუ ეს განასხვავებს ადამიანს: ესენი ხორციელი ასონი არიან. ადამიანს ჩვენ მას ვუწოდებთ, ვინც ადამიანის ხატს ინარჩუნებს. ადამიანის ხატი კი რაში მდგომარეობს? იმაში, რომ გონიერნი ვიყვნეთ. განა, იტყვიან, ისინი გონიერნი არ იყვნენ? მაგრამ ესეც ცოტაა: რათა ადამიანი იყო, ჯერ-არს ასევე სათნოებათა მქონე იყო, მანკიერებებს გაურბოდე, არაწმინდა ვნებებს ამარცხებდე, და უფლის მცნებებს აღასრულებდე" (იოანე ოქროპირი).
ამიტომაც იყო, რომ ერთი ნოე გადარჩა, ხოლო ყველა დაიღუპა წარღვნის წყლებში.

მოგაგონებთ, საყვარელნო, რომ ღვთის დიდი სიბრძნითა და განგებულებით საქართველოშია წარმოვლენილი ილია თეზბიტელის ხალენი და კვართი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პირველი - სახეა საღვთო მოშურნეობისა და მეორე - ქრისტეს ეკლესიის ერთიანობისა და დაურღვევლობისა. აქაა ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება: დავრჩეთ ერთგულნი დედა ეკლესიისა, მართლმადიდებლობისა, რომელზეც დღეს "ჯოჯოხეთის ბჭენი" (ოქროპირის განმარტებით ყველა ბოროტი ძალები) აღმდგარან და საღვთო მოშურნეობით შევხვდეთ ჩვენი უფლის დიდებით დაბრუნებას, მეორედ მოსვლას, რომლის მოახლოებას აწ უკვე ახდენილი ნიშნებიც, გვამცნობს: რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირის) დაშლა, თავად რუს მამათა წინასწარმეტყველებათა მიხედვით (სერაფიმ საროველისა, თეოფანე პოლტაველისა, ლავრენტი ჩერნიგოველისა და სხვ.), ევროკავშირის შექმნა ხუთი სხვადასხვა მართლმადიდებელი მამის წინასწარმეტყველებათა მიხედვით (ნილოს მირონმდინარისა, კალინიკე რუმინელისა, კოზმა ეტალოსისა, ნეოფიტე კონსტანტინეპოლელისა, კალიმნოსისა), ინტეგრაცია-გლობალიზაციის პროცესები, რომლის შედეგადაც შეიქმნება ახალი მონდეალური სახელმწიფო, ახალი მსოფლიო სახლი, დედაქალაქით იერუსალემში - ანტიქრისტეს სამეფო, მისი წყეული ბეჭდით დაბეჭდილი მოქალაქეებით, რომელნიც ადამიანის ხატს დაკარგავენ მადლისაგან განშორებულნი.

ხოლო მანამდის კი კომუნიზმს გვაშენებინებდა ჩრდილოეთი ("კომუნიზმი, როგორც ამბობს ბ-ნი პარლამენტის თავმჯდომარე - ზრუნვა ყველას ბედნიერებისთვის და ამით თითოეულის გაუბედურება) აწ ლიბერალურ დემოკრატიას გვთავაზობს დასავლეთი - ვირტუალურ "ქართულ სახელმწიფოს", მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ: ერთიც და მეორეც მხოლოდ ბოროტის (ეშმას) აგიტპუნქტია, ეშმასი, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს "ამ სოფლის თავადი" და ორივე ანტიქრისტეს, ეშმას რჩეულის, სამეფოში, ანუ ახალ მსოფლიო სახლში ერეკება, სადაც ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება, რომლის საბრალო მოქალაქეებზე, ჯერ კიდევ ეფრემ ასური წინასწარმეტყველებდა თექვსმეტი საუკუნის წინათ: "დაღამდება? ინატრებენ და იტყვიან: როდის გაღამითენდება? გათენდება და ინატრებენ და იტყვიან: როდის დაღამითენდება? და ვერ ჰპოვენ ნუგეშს ვერც დღისით და ვერც ღამით", რადგან ნუგეშინისმცემელი სულიწმინდა მათ უკვე განიშორეს ანტიქრისტეს წყეული ბეჭდის მიღებით, ანუ სიცოცხლეშივე უკვე ჯოჯოხეთის წინაგემოსხილვა ექნებათ.

რაკი ჩვენთან დღემუდამ ევროპასა და ევროპულ გზაზეა საუბარი, მოვიგონებდი დასასრულ, ძველ ევროპელ ქრისტიან სწავლულებსაც და მათგან შედგენილ მსოფლიო რუკას (ე.წ. ებსტორფის რუკა: 1260წ) ყველაზე უფრო ძველ ევროპულ რუკას, რომელმაც დღემდის მოაღწია. ამ რუკაზე, რომელზეც გარდა გეოგრაფიული რეალიებისა, დატანილია უძველესი გარდამოცემანი, მითები, ლეგენდები, წინასწარმეტყველებანი, რუსეთზე, (სკვითების ქვეყანაზე) წარწერაა: ანტიქრისტეს სამშობლო (ამასვე ამბობს დიდი რუსი წინაწარმეტყველი სერაფიმ საროველიც, ბერძენი ათონელი მამა ნილოს მირონმდინარე და სხვ.), ხოლო კავკასიონის სამხრეთით გამოხატული ქართველთა ქვეყანა, ზედწარწერით "ანტიქრისტეს ჩამკეტნი". წინასწარმეტყველებათა მიხედვით ანტიქრისტე დაიბადება რუსეთში, ხელოვნური განაყოფიერების გზით, ებრაელთა დაწყევლილი დანის ტომიდან იქნება მისი დედა, უგახრწნილესი ქალი, რომელიც პლასტიკური ოპერაციით აღიდგენს ქალწულობას (რათა ხმა გაავრცელონ, რომ ანტიქრისტეც ქრისტეს მსგავსად, თითქოს, ქალწულისგან იშვა), სპერმა კი რუსი მამაკაცისა იქნება. გაჩნდება მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის, რის გამოც ეს მხარე დაიწყევლება, - დაიტბორება (რეალურად გლობალური დათბობის შემდეგ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აისბერგები დადნება (პროცესი უკვე დაწყებულია), რაც ჩრდილო რუსეთს დატბორავს), ურალს იქით ციმბირი ჩინელებს დარჩებათ უომრად, ყოფილი კავშირის რესპუბლიკები უკვე დაკარგა რუსეთმა; რუსებს საბოლოოდ მხოლოდ ცენტრალური რუსეთიღა შემორჩებათ... თორმეტი წლის ასაკში ანტე დედასთან ერთად დასავლეთში გადასახლდება, იქ მიიღებს დასავლურ განათლებასა და მსოფლმხედველობას, ასევე სრულყოფილად დაეუფლება მაგიას. წმინდა მამებმა მისი გარეგნობაც კი აღგვიწერეს, მანერები და სხვ. მის გამო დასავლეთიც დაიწყევლება, სწორედ დასავლეთიდან მოევლინება ეს მტარვალი მთელს ქვეყნიერებას. დასავლეთის კონტინენტს (ანტიქრისტეს მეორე სამშობლოს) ოკეანის წყლები გადარეცხავს, მაცხოვრის წინასწარმეტყველებათა მიხედვით, რომელიც მისივე სისხლითაა ჯვარდასმული (თუ ვინმემ რაიმე იცით ანტიქრისტეზე, ერთმანეთს გადაეცით, - ამბობს წმინდა კირილე იერუსალიმელი).

მაშ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ჩვენ, ქართველნი, კვართის მფლობელი და ანტიქრისტეს ჩამკეტი ერი ვართ, როგორც ჩრდილოეთით, ასევე დასავლეთით. ვისაც ყურნი ასხენ, ისმინენ! კიდევ მრავალი საიდუმლოება გამჟღავნდება, რომელიც ვატიკანის წიგნთსაცავებშია ჯერჯერობით დავანებული, მრავალი წინასწარმეტყველება ჩვენს ერსა და ქვეყანაზე თავის ჟამს ელოდება.

მაშ, წამოდექით, ქართველნო, ცოდვისა და სიკვდილის აჩრდილებიდან, თქვენ პირველები უნდა მიეგებოთ ქრისტეს დიდებით დაბრუნებას, როგორც ღვთისმშობლის შვილობილები, რომელიც "მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა". ამენ.
ხოლო "სანამ ღვთისმშობელი გვესტუმრებოდეს" დე შეწყვიტოს სიახლემ გალაშქრება სიძველეზე (პაპი ცელესტინი + 423)!

ქართველს ვერავინ დაამარცხებს, თუ თავად არ დაიმარცხა თავი!

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
მოწყალე სამარიტელის კვირიაკე.
17(4)ვარდობისთვისა, 2014 წელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий