ავტორი რობერტ კოლსონი
28.05.2014
29 მაისს რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მათი საბაჟო კავშირი რამდენიმე თვეში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად გარდაიქმნება. ამავე დროს, კიდევ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სომხეთი და ყირგიზეთი, ამზადებს გეგმებს ევრაზიულ ჯგუფში გასაერთიანებლად. თუმცა უკრაინის კრიზისი ბევრს აძლევს ასეთი ნაბიჯის მართებულობაში დაეჭვების საფუძველს - მით უმეტეს, რომ სტატისტიკა არ ადასტურებს ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც თითქოს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას უნდა უკავშირდებოდეს.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომლის შექმნასაც ემსახურება 29 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხელმოსაწერი ხელშეკრულება, რუსეთში მოფიქრებული პროექტია - მიჩნეულია კრემლის ძალისხმევად, აღიდგინოს პოსტსაბჭოთა სივრცეში დომინანტური ძალის პოზიცია.
„ეს არის აშკარად პოლიტიკური პროექტი, ეკონომიკა ერთობ ბუნდოვანია. თუ შევხედავთ საბაჟო კავშირის წევრებს შორის ვაჭრობის დინამიკას, ვნახავთ, რომ შარშან 7%-ით შემცირდა რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს შორის ვაჭრობა. რუსეთში ყაზახეთიდან ექსპორტი, სულ ცოტა, ორი წელია ეცემა. ამავე დროს, შარშან 2,5%-ით გაიზარდა ევროკავშირთან საბაჟო კავშირის სამი წევრის ვაჭრობა. ასე რომ, ბევრი თვალსაზრისით, რუსეთის ან ყაზახეთის ევროკავშირთან ვაჭრობა უფრო ჯანსაღია, ვიდრე მათი ერთმანეთთან ვაჭრობა“, - ამბობს ევროკავშირის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ნიკუ პოპესკუ. ცხადია, რუსეთს გაუხარდება, თუ ევრაზიული კავშირი ეკონომიკურად წარმატებული იქნება, დასძენს ექსპერტი, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, პოპესკუს აზრით, მოსკოვისთვის სტრატეგიული და პოლიტიკური მიზნები გადასწონის ეკონომიკურ მხარეს.
ბელორუსია და ყაზახეთი, რა ხანია, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთს სრულად არ გაუხსნია თავისი ბაზარი მინსკისა და ასტანისთვის, ანუ უკვე არსებული საბაჟო კავშირის წევრებისთვის. 2013 წლის მიწურულს ბელორუსიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ სემაშკომ განაცხადა, რომ რუსეთმა შეზღუდა ბელორუსიის სოფლის მეურნეობის ნაწარმის იმპორტი, რასაც ბელორუსიაში პროდუქციის 2%-ით შემცირება მოჰყვა. სემაშკოს დასკვნა ასეთი იყო: ბელორუსია მეტისმეტად მჭიდროდ არის დაკავშირებული საბაჟო კავშირთან და საჭიროა სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებაო.
რუსეთთან ვაჭრობის სფეროში ურთიერთობით უკმაყოფილო არიან ყაზახეთშიც. ამის შესახებ ბიზნესმენმა ალტაი სანდიბაევმა უთხრა ჩვენს რადიოს:
„ბევრი ბიზნესმენი ჩივის, რომ შეზღუდულია ექსპორტი, მაგალითად, რუსეთში, მიუხედავად საბაჟო კავშირისა. ეს ეხება, კერძოდ, ალკოჰოლის ექსპორტს. ამის გამო ყველგან გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მაგრამ არაფერი იცვლება. ანუ, ყაზახეთმა მთლიანად გაუხსნა თავისი ბაზარი რუსეთისა და ბელორუსიის პროდუქტებს, ისინი კი არ ჩქარობენ ამის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბაზარი ისეთი დიდი არ არის, როგორიც, დავუშვათ, რუსეთის. ჩვენი მეწარმეები რუსეთის დიდ ბაზარზე გასვლას მოელოდნენ, მაგრამ საქმე დეკლარაციებს არ გასცდენია“.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ გლობალურ საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით რუსეთმა გაზარდა პროტექციონისტული ტარიფები და საბაჟო კავშირის სხვა წევრებიც აიძულა ეს გაეკეთებინათ. შედეგად ყაზახეთში „სავაჭრო დივერსიაზე“ ალაპარაკდნენ: საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტი, რახან მასზე უფრო მაღალი საბაჟო გადასახადია დაწესებული, განდევნა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულმა უფრო იაფმა, მაგრამ დაბალხარისხიანმა პროდუქციამ.
და თუ უკრაინის კრიზისის გამო დასავლეთი მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, სანქციები საბაჟო კავშირის სხვა წევრებსაც დააზარალებს...
უკრაინის კრიზისმა, ბელორუსი ანალიტიკოსის იური ჩაუსოვის აზრით, მკაფიო გახადა ძალთა თანაფარდობა ევრაზიულ ბლოკში: „უკრაინის კრიზისამდე შეგვეძლო იმაზე საუბარი, რომ ევრაზიის კავშირში ძალთა თანაფარდობა ევროკავშირის მოდელით აიგებოდა: ეს იქნებოდა ცალკეულ საკითხებზე ინტერესების მიხედვით მოქმედი ბლოკი და სახელმწიფოებს შეეძლებოდათ ბლოკში შესვლა თავიანთი მიზნების მისაღწევად. ახლა ყველას შესანიშნავად ესმის, რომ მრგვალ მაგიდასთან, სადაც სამი წარმომადგენელი ზის, სინამდვილეში ზის ორი ქვეშევრდომი და ერთი ხელმძღვანელი“.
საეჭვო პერსპექტივის მიუხედავად, სომხეთი და ყირგიზეთი განაგრძობენ მზადებას ევრაზიულ ბლოკში გასაწევრიანებლად. არადა, მაგალითად, ყირგიზეთში არაერთი ბიზნესმენი ხედავს შეშფოთების საფუძველს. მათ შორის არის ფარხად ტოლოგონოვი, მსუბუქი მრეწველობის ასოციაციის პრეზიდენტი:
„იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები, - ჩინეთზე, თურქეთსა და სხვებზე, - ჩვენს შიდა ვაჭრობაში მოდის 60%. ანუ დღესდღეობით საბაჟო კავშირის წევრები ვერ გვთავაზობენ საქონელს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მოიხმარს. დღესდღეობით ყირგიზეთი არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენი იმპორტი ორჯერ აღემატება ექსპორტს“.
იმ შემთხვევაში, თუ ყირგიზეთი საბაჟო კავშირში შევა, სულ ცოტა, გაორმაგდება საბაჟო გადასახადი იმპორტზე, რომელიც ამ ქვეყანაში, მაგალითად, ზემოხსენებული ჩინეთიდან და თურქეთიდან შედის.
მაგრამ ყირგიზეთში აცნობიერებენ, რომ ქვეყანას დიდი არჩევანი არა აქვს. სამიტზე, რომელსაც შარშან დეკემბერში უმასპინძლა მოსკოვმა, ყირგიზეთის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს, ეთნუზიაზმი არ ეტყობოდა საბაჟო კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას: „უნდა გვესმოდეს ისიც, რომ, სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. უკრაინას შეუძლია აირჩიოს - ევროკავშირთან ასოცირება თუ საბაჟო კავშირი. ჩვენ დიდი არჩევანი არა გვაქვს..."
29 მაისს ყაზახეთში, ასტანაში, ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც 2010 წელს შექმნილი საბაჟო კავშირი მომავალი წლის იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად გარდაიქმნება.
http://www.radiotavisupleba.ge/content/მზადება-ევრაზიის-ეკონომიკური-კავშირისთვის/25402114.html
Комментариев нет:
Отправить комментарий